ჰიპოკრატეს ფიცი


ჰიპოკრატეს ფიცი         

                                     ვუძღვნი ჩვენს მაგარ ექიმებს, რომელთა წინაშეც, თქვენთან ერთად ვიხრი
                                  ქედს.

        პაპაჩემმა, დედის მამამ, ალექსანდრე მირველაშვილმა, სამამულო ომი კაპიტნის ჩინით დაამთავრა. როგორც სამხედრო ექიმმა საქმიანობა მერეც დიდხანს გააგრძელა, შემდეგ კი,  თბილისში ცხოვრება აღარ ისურვა და მშობლიურ კაკაბეთში, მიტოვებულ კარ-მიდამოში, სოფლის ცენტრში რომ ჰქონდა, სამსართულიანი სახლი ააშენა.
       სართულიანობა უცხოდ არ მოგეჩვენოთ, ვინაიდან, სახლი ისეთ ციცაბო კლდეზე იდგა, რომ ჩრდილოეთის მხრიდან, სადაც სოფლის მთავარი გზა გადიოდა, მხოლოდ მესამე სართული ჩანდა. აქ იყო ქუჩაში გამოსასვლელი მასიური, მუხის ორფრთიანი კარი, პომპეზური სახელურებით დამშვენებული, პატრონის მიმარ
 ერთგვარ რიდს რომ აღძრავდა. იგი გამოდიოდა დიდ ვერანდაზე, სადაც დღე და ღამ ნარდის თამაში იყო გაჩაღებული.
         მეორე სართული, რომელსაც ქუჩის მხრიდან, ბეტონის დამცავი სქელი კედლიდან, ორიოდე მეტრის სიგანის ბნელი დარანი ჰყოფდა, რის გამოც ზაფხულში გრილი, ხოლო ზამთარში თბილი იყო,  მომცრო ეზოში გადიოდა. აქედან, ალაყაფის კარით, პირდაპირ მთავარ გზაზე მოხვდებოდი, მაგრამ თუ კოხტა, მარმარილოს კიბეებს ჩაუყვებოდი, პირველ სართულზე ჩახვიდოდი, ბნელ მარანში, რომლის მხოლოდ შესასვლელში აღწევდა დღის შუქი. დანარჩენი კი, სიბნელეში ჩაძირული და იმდენად იდუმალი იყო, ორ- სამჯერ თუ გამიბედია, პაპასთან ერთად, იქ ჩასვლა და მხოლოდ დიდი მუხის კასრები მახსოვს.  ბილიკი კი გრძელდებოდა და მომცრო ქვედა ეზოდან, დიდ ბოსტანში ჩადიოდა, რომელსაც  ბებო მოვლას არ აკლებდა და ხილით სავსე იყო : ბალი და ალუბალი, ვაშლი და მსხალი, ატამი, ალუჩა და, რაც მთავარია, მარწყვი, ჩემი ბებო, ანიკო ტაბახმელაშვილი, ვედრობით რომ კრეფდა, შაქრავდა და მაცივრებს ავსებდა.
    მესამე სართულის აღმოსავლეთის აივანი მწვანეში ჩაფლულ  სოფელს გადაჰყურებდა. ტყის მხრიდან, რომელიც ზედ ეკვროდა სოფელს, ისეთი ნიავი უბერავდა,  აქ ყოფნას არაფერი სჯობდა. ეს სართული, სოფლის თაობაზე საკმაოდ მდიდრულად გაწყობილი, სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი.
 სადარბაზო ოთახში მუდამ სუფრა იყო გაშლილი. საუზმეს გაზეთები, „კომუნისტი“ და „პრავდა“ ეფარა.  იყო ღვინოც, არაყიც, ცივი საუზმე, მწვანილეული და, თუ საჭირო გახდებოდა,რაც ლამის ყოველდრე ხდებოდა,  მაცივარ „ზილ-მასკვადან“ უხვად ემატებოდა ათასნაირი ძეხვეული თუ თევზეული, ასე რომ არ მიყვარდა და ასე რომ ვნატრობ დღეს.
     შიდა ოთახები ჩვენთვის იყო განკუთვნილი, დიდი დარბაზი და ორი საძინებელი, სადაც უცხო ცხვირს ვერ შემოყოფდა. აქ ვიყავით, ძირითადად, მე და ჩემი უფროსი დაიკო, ბიძაშვილებთან ერთად. სტატუსით სწორედ საპატიო სტუმრებად ვითვლებოდით, ვინაიდან ზაფხულში, ჩვენი ძირითადი სამყოფელი მამაჩემის სახლ-კარი იყო, სადაც ქეთო ბებო გვეგულებოდა, რომელიც სიცოცხლეს გვერჩია.
    ექიმობა რომ გადაწყვიტა, პაპა, ოცდაათ წელს გადაცილებული ყოფილა. უარი თქვა მამა-პაპისეულ ხელობაზე, მეთუნეობაზე და თბილისს მიაშურა.  ასაკი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების ბოლო შანსს აძლევდა, ამიტომაც, ეტყობა, ზედმეტად კარგად მოემზადა და როდესაც ქართულში სამი თემა შესთავაზეს, ამოსარჩევად, სამივე დაუწერია.
   როცა უთქვამთ, ნაშრომი მოგვეცი, დრო იწურებაო, გაჰკვირვებია, ყველამ როგორ მაჯობა, ასე სწრაფად ვწერდიო.
     ჩაუბარებია გინეკოლოგიურზე,, იქ გაუცვნია ბებია და ოჯახიც შეუქმნიათ. მერე პაპას გინეკოლოგობა ბებოსთვის გადაუბარებია, თავად ქირურგად გადამზადებულა და სამხედრო ექიმი გამხდარა. ამიტომ იყო, რომ  სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში მოუწია ყოფნა, ოჯახთან ერთად  და დედაჩემს, მერის და მის უმცროს ძმას, ლევანს, რუსულ სკოლებში მოუწიათ სწავლა.
      ომის დაწყების დღიდან ფრონტზე იყო და მატარებელზე, მოძრავ ჰოსპიტალში მკურნალობდა ჯარისკაცებს.  დაჭრილებს, ხშირად უანესთეზიოდ ვუკეთებდით ოპერაციებსო, გახურებულ დაბომბვაში, მიყვებოდა, პატარა რომ ვიყავი.
 თუ კვდებოდნენ ჯარისკაცები - მეთქი, მიკითხია.  კი, ბევრი იღუპებოდა, მაგრამ ჩემი მიზეზით არცერთიო, მპასუხობდა ერთგვარი თავმომწონებით.
      მერე მთავარი ექიმიც ყოფილა, ამ ეშელონებზე,  ჰოსპიტალებშიც უმუშავია, სხვადასხვა ქალაქებში და მაღალი პენსიაც დაუმსახურებია. როცა ოდენობას ვეკითხებოდი, მპასუხობდა, რაიკომის მდივნის ხელფასზე მეტიო, ანდა, იმდენი,ერვანდა ფოსტალიონი ადვილად ძრავს, რომ მომიტანოსო.
      პენსია ბებოსაც მაღალი ჰქონდა, რადგან ისიც, შესაბამისად, დიდხანს მსახურობდა სამხედრო ხაზით ოღონდ არა ფრონტზე.
        ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ნახევარსარდაფში, ოჯახი აღარ გაჩერებულა და, როგორც ვთქვი, კაკაბეთში დასახლდნენ და სოფლის სამსახურს შეუდგნენ.
         სწორედ მაშინ დაოჯახებულან ჩემი მშობლები...
                                                                        ***
       მალე , პაპამ და ბებომ ისე გაითქვეს სახელი, რომ მთელი გარე კახეთი აქეთ მოტრიალდა. ბებია გინეკოლოგად მუშაობდა, ამბულატორიაში, პაპა კი ყველაფრის ექიმი იყო. ალექსანდრე ექიმი დღესაც ახსოვს სოფელს...
    იქნებ, ოდესმე   მოვიცალო, პაპას სახალისო  ამბებისთვის, მაგრამ ამ გაჭირვების დღეებში, სწორედ ექიმების პასხისმგებლობაზე მინდა, მოგითხროთ.
    პაპა ყველანაირ პაციენტს ღებულობდა და უმეტესობას მოკლე გასაუბრებით ისტუმრებდა. თუ საჭირო იყო, წამალსაც თავად აძლევდა,სრულიად უფასოდ, თუ არა ჰქონდა, აფთიაქში აგზავნიდა,  გარსოსთან:  მიდი, ალექსანდრემ გამომაგზავნა - თქო,  ჩემს ანგარიშზე ჩაწეროსო... საკვებს ურჩევდა. ანდა, სულაც ეტყოდა, თავბრუ შიმშილისგან გეხვევა, შედი ოთახში, კარგად იქეიფე და თუ კიდევ გეტკიება, მერე გაგსინჯავო.  დიახ, შიმშილი სწორედაც ბევრისთვის იყო თავის ტკივილის მიზეზი.  თავად ნარდს თამაშობდა, თუ საჭირო იყო, პაციენტს  ანიკოსთან აგზავნიდა, ჩადი, უთხარ თავის ტკივილის წამალი დაგალევინოს...
   -კაცო, ამ  ვენებგადაჭრილ კაცს რომ მიგზავნი, თავის ტკივილის წამალი დაალევინეო, ჭკუა სულ დაკარგე? - ამოვარდა ერთხელ გამწარებული ბებო.
  -ჰო, ჰო, გაამზადე საოპერაციოდ და მოვდივარ.- უპასუხა მშვიდად.- ისე, თავი რომ არ სტკიებოდა, ვენებს გადაიჭრიდა?
    დიახ, მსუბუქი პაციენრები სახლში აკითხავდნენ, მაგრამ ბევრთან მისვლა თავად უწევდა. მოდიოდნენ მანქანით, მოტოციკლით, ცხენით და მიჰყავდათ. მანქანა იშვიათობა იყო, არც გზა მიდიოდა ყველგან. კარგად მახსოვს, შეკაზმულ ცხენს რომ ჩამოუყენებდნენ ხოლმე და პაპაც მარჯვედ გადაევლებოდა უნაგირზე.
       საშუალო ტანის იყო პაპა, მოკლედშეჭრილი ჭაღარა თმით დამშვენებული. 

 ჭრორა თვალები, სულ უცინოდა. განუწყვეტლივ ხუმრობდა, სერიოზულად ნათქვამს მისგან ვერ გაიგებდით. მწარე- მწარე სიმართლესაც ისე ეუბნებოდა ზოგს, საწყენად რომ ვერ იღებდნენ. მისგან არც არავის არაფერი სწყინდა, რადგან ალექსანდრე ექიმი სრულიად უანგაროდ იყო მათზე გადამკვდარი და მათი ტკივილის ერთადერთი მესალბუნე გახლდათ.
    მე მუდამ სერიოზულად მესაუბრებოდა. ხშირად ისეთ თემებზე,, რაც ბავშვისთვის ადრე უნდა ყოფილიყო. მეჭიდავებოდა კიდეც, მოდი, დამეჭიდე, შენ ხომ ჯეილი ხარ და მე ბებერი, ვნახოთ, თუ მაჯობებო.
       ჩადგმული იყო, ღონიერი. მისნაირად გირებს ვერავინ სწევდა. არც იყო გასაკვირი. მისი ძმა, გიგუცა, ომს რომ შესწირა სიცოცხლე, ქართული ტანვარჯიშის კორიფეების გიორგი ეგნატაშვილის და გიორგი ბაბილოძის მეგობარი იყო და მათთან ერთად იღწვოდა სპორტის ამ სახეობაში. თავად პაპას ჭოკით ხტომაში უვარჯიშია და ამიერკავკასიის ჩემპიონიც ყოფილა პროფკავშირების, „დოსააფის“ თუ რაღაცის ხაზით.
      ბებო ამბულატორიაში მუშაობდა, ქალებს ამშობიარებდა და ისე იყო დაოსტატებული, რომ წლების მანძილზე, არც ბავშვს, არც დედას გასჭირვებია რამე. მასთან, კონსულტაციაზე, გურჯაანიდან, თელავიდან სიღნაღიდან ჩამოდიოდნენ. ბევრი ჩვენი დედაქალაქში გადასული თანასოფლელი მასთან არჩევდა მშობიარობას. მეც, ჩემი დები და სხვა ახლობლებიც ყველა ბებიას აყვანილები ვიყავით, როგორც მაშინ იტყოდნენ...
     ამ წარმატებაში, რა თქმა უნდა ლომის წილი მაინც პაპას ეკუთვნოდა, რადგან, როგორც კი მშობიარობა დამძიმდებოდა, მაშინვე გამოუძახებდა ქმარს.
     პაპა ბუზღუნით მიატოვებდა ნარდის თამაშს, მოაჯდებოდა ცხენს, ან ჩაჯდებოდა მანქანასა თუ მოტოციკლში და გაეშურებოდა დასახმარებლად. ეს სახლშიც ხშირად მომხდარა, როცა მშობიარობა ღამით დაწყებულა და მეც შევსწრებივარ. ამ დროს პაპაჩემი ისე დასერიოზულდებოდა, სუნთქვას ვერ გაბედავდი. ზურგზე ხელებშემოწყობილი  ყურადღებით უსმენდა ბებოს ვითარების მოკლედ რომ უხსნიდა. მერე დინჯად აძლევდა მითითებებს, რა უნდა მოემოქმედა.
    მისი რჩევა იმდენად ავტორიტეტული იყო, რობ ბებო უსიტყვოდ იზიარებდა და არც დამარცხებულა არასოდეს.
                                                            ***
         7 წლის ვიყავი, როცა 1962 წლის პირველ შუაღამეს, პაპას  მემკვიდრე და და მისი მოსახელე მოევლინა ქვეყანას. პატარა ალექსანდრე, საკუთარ სახლში დაიბადა, როცა მთელი სანათესაო სუფრას ვუსხედით და ვხვდებოდით ახალ წელს.
     სიხარული გაათმაგდა,  სასმისები გაიზარდა, საუკეთესოდ, საგანგებოდ პაპასთვის დაყენებული წკრიალა რქაწითელი უკვე ყანწებით ისმევა.
    პაპას დიდი მომლხენისა და მსმელის სახელი ჰქონდა და არც სიმღერაში ჩამორჩებოდა არავის. ოხუნჯობაში ხომ ბადალი არ ჰყავდა, მთელ სუფრას ახარხარებდა.
      ასეთ დღეში ვართ, ბებია რომ წაიყვანეს, მშობიარეა კაჭრეთიდანო.
    პაპა შეცბა, . აბა, შენ იცი, ტყუილად არ გამომიძახოო, მიაძახა.
      ნახევარი საათიც არ გასულა,  რომ მოვიდა ამბულატორიიდან გამოგზავნილი კაცი, ანიკომ, ალექსანდრე წამოვიდეს სასწრაფოდო.
    პაპა მორიგ სადღეგრძელოს ამბობდა, ეს რომ უჩურჩურეს.
-	კარგით, რა, დამაცადეთ ცოტა, სადღეგრძელო მაინც ჩამათავებინეთ. - ჩაიბუზრუნა უკმაყოფილოდ და სიტყვა გააგრძელა, იხუმრაკიდეც, სიმღერაც წამოიწყო, ვიდრე მოვალ იმღერეთო და წავიდა.
იმ დღიდან 14 წელი კიდევ იცოცხლა პაპამ. თითქოს არაფერი, მაგრამ, როცა შეთვრებოდა,  ხშირად აწუხებდა ბებოს, ჰა, ანიკო, სიმართლე მითხარი, რომ არ დამეგვიანა, იცოცხლებდა ის ბავშვი?
    -არა მგონია, -უპასუხებდა ბებო.- ძალა არ ჰქონდა, უდღეური იყო...
                                                                          ***
     1976 წლის გაზაფხულია, პაპა ბოლო დღეებს ითვლის და შინაურები იქ ვტრიალებთ. ჩემტვის ხშირად უთქვამს, 75 წლის უნდა მოვკვდე ფილტვის კიბოთიო და ერთი წელი გადააჭარბა. დიაგნოზი კი ზუსტი გამოდგა.
   საავადმყოფოში არ დაწოლილა, მხოლოდ მეგობარი ექიმები მოინახულა ქალაქში, მათ გაესაუბრა დაბრუნდა სოფელში და ბებოს წამლები მისცა, ტკივილებს თუ ვერ გავუძელი, ეს გამიკეთეო.
    გამაყუჩებლებით იყო გაბრუებული, ერთ საღამოსაც ბებოს რომ უხმო. მცირე ხანს ისაუბრეს. ჩემი ძალიან ძლიერი და მკაცრი ბებო ცრემლს ვერ მალავდა...
იმ ბავშვის სული დამტრიალებს თავსო, სადღეგრძელო რომ შემეწყვიტა და მაშინვე წამოვსულიყავი, ნამდვილად გადავარჩენდიო...
          ღმერთო, შეუნდე ჩვენს პაპა- ბებოებს შეცოდებები...
           გავუფრთხილდეთ ექიმებს. მათ მძიმე ცხოვრება აქვთ და ყოველი შეცდომა და დაუდევრობა კი ძალიან ძვირად უჯდებათ. 
           ჰიპოკრატეს ფიცის დაცვა, ძალიან, ძალიან ძნელია...

                                                             2020 26-27 აპრილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი