ციმბირული კატა


ციმბირული კატა
                      „წიწილას თუ გაიჩენ, წკეპლა იქონიეო“ - ახალდიღმური ანდაზა.

     ორი კვირის წინ, მთავრობამ,  ორდღიანი ამნისტია რომ გამოაცხადა, ეს ფუფუნება ხელიდან არ გავუშვი და საგურამოსკენ გავეშურე, არაშენდაში, სადაც, სოფლის ბოლოში, შემაღლებაზე, ჩვენი ლამაზი ოდა-სახლი იწონებს თავს.
    ცოტა სახლსაც შევავლე ხელი და უკანასკნელად შეძენილი პროფესია, „მალიარობა“ კიდევ უფრო დავხვეწე.  საგულდაგულოდ  „დავშპაკლე“ ფოიე  და უკვე „დაშპაკლულ“ სამზარეულოს „შკურკა“ გადავატარე და დავგრუნტე. მერე საპამიდვრე მიწაც მოვამზადე, მორიგი ამნისტიისთვის,  ჩითილების ჩასარგავად და სახლისაკენ გამოვეშურე.
    ზედ სოფლის ცენტრში, გზაშესაყარზე სატვირთო „ფორდით“, გორელ ცოლ-ქმარს,  წიწილები მოეყვანათ გასაყიდად, იქ მყიდველი ვერ ჩამოდის, ბაზრები დაკეტილია და იქნებ რაიმე გავყიდოთ,  ამ ორ დღეში, ცოტა ხელი რომ მოვინაცვლოთო.
       ასეთი ვაჭრობა ძალიან მიტაცებს, ეს პატიოსანი ხალხიც შემებრალა და, კარგი მუშტარივით მეც შევუერთდი დისტანციურ რიგს.
        ვიყიდი ათიოდეს, (ზუსტად ამდენი ფული მქონდა.)  გავახარებ ჩემს საყვარელ შვილიშვილებს, კორონამ შინ რომ გამომიკეტა, წიწილებსაც ახლოს გავაცნობ, რომ ჰგონიათ, კვერცხს და ხორცს „კარფური“ იძლევა.
      თუმცა, თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ჩემი ბებოები, წიწილებისა და ჭუკების მოვლის ხელოვნებას ზედმიწევნით დიდებულად ფლობდნენ, მე, დაკვლისა და ჭამის მეტი, არაფერი ვიცი. ჰო, როგორ არა, მათი  გაყიდვაც მემარჯვება.
     ერთხელ, ბებო, ისე არ გამოგვყვა საზამთროდ ქალაქში, თუ ლობიოსა და ინდაურებს ბაზარში არ გამატანინებთო. 
     ბებოს როგორ ვაწყენინებდი, ჩავაწყვე ორი ტომარა ჭრელი ლობიო და თხუთმეტი საგულდაგულოდ დასუფთავებული ინდაური  ჩემი ნოლერთის საბარგულში და, ასაკის გამო, თუმც მართვის მოწმობა არ მქონდა, ნავთლუღის ბაზარს მივაშურე.
     ისეთი ფასი დავადე, რიგი დამიდგა. ბებია ღიმილით სემომცქეროდა. განსაკუთრებიტ გაიხარა, სვილებით დახუნძლულ ერთ ქალბატონს, კილოგრამი ლობიოს ფასად, ორი კილო რომ გავატანე და ზედ ინდაურიც მივაყოლე.
        ნავაჭრი, ბებიამ, მთლიანად დამიტოვა და მითხრა, შენგან ვაჭარი არა, მაგრამ კაცი უთუოდ გამოვა, საკუთარ ნაშრომსაც ასე გულუხვად თუ შეელევიო.
       ამაზე მეტად, არც მანამდე და არც მას შემდეგ, მგონი არავის შევუქივარ და ეს სიტყვები ,დღესაც ისევე ფასობს და ვუფრთხილდები.
   მოკლედ, მოვიყვანე წიწილები, გავახარე არა მხოლოდ ჩემი, უბნის გოგო-ბიჭები და საქათმის შეკოწიწებას შევუდექი.
     წიწილები ისეთი საყვარლები გამოდგნენ, ლამის თან გადავყვე.  ვიცი, რომ ახლა,   დედოფალადან დაწყებული კატამდე და ძაღლამდე დამთავრებული, ყველა მათი მტერია და ბადურას საგულდაგულოდ ვამოწმებ, დაცულები რომ იყვნენ. აკი, ჩემმა „გორდონმა“ ისე იეჭვიანა, ხმასაც აღარ მცემს და აღარც  იმ კატას უღრენს, ღობის თავზე  რომ დასეირნობს და  საეჭვოდ ილოკავს ტუჩებს.
     და,რა ხანი, დავიწყებული რომ მქონდა,  ჩვენი კატა გამახსენდა, სახელი რომ ვერ შევურჩიეთ და ამ საგვარეულო ტიტულით  ვუხმობდით.
    კატა ციმბირული იყო, როგორც მის მჩუქელებს, ქალაქელ დაქალებს უთქვამთ ანა ბებოსთვის. ჯიშიანი, დიდი კი არა, უზარმაზარი ხვადი, ნაცრისფერი და ფუმფულა. მწვანე თვალები, ოდნავმიჭეჭყილი ცხვირ-პირი და ძალიან გრძელი, თეთრი ულვაშები ჰქონდა, ტუჩები კი ისეთი წითელი,  გოგონები პომადით პირველად რომ მოითხაპნებიან ხოლმე.
      მოკლედ, აღფრთოვანება რომ შეგვატყო მე და ჩემს დებს, ანა ბებომ , თუ ასე მოგწონთ, გაჩუქებთო.
      აბა, გაჩუქებთო და, ისე გაგვიხარდა, ცას ვეწიეთ. საღამომდე რომ ვაპირებდით იქ დარჩენას, მაშინვე ჩავსვით ტომარაში და, აქაოდა, არ გადაიფიქროსო, ჰერი, შინისკენ.
        ქეთო ბებო ღიმილით შეხვდა მოყვრის საჩუქარს. ჰო, ეგღა გვაკლდაო, ამ სიტყვებით მოიწონა კატა, რომლის სახეობა, ჩემს ხსოვნაში, არასოდეს გვყოლია მანამდე.
       დედაჩემმა, რომელიც შინაურ ცხოველებს და, საერთოდ, სოფლის მეურნეობას სათანადოდ არ აფასებდა, ნეიტრალიტეტი არჩია. ესეც იმიტომ,  დედის ნაჩუქარს კბილი რომ არ გაესინჯებოდა. მამამ კიდევ,  ვნახოთ, თაგვს როგორ დაიჭერს, თორემ მაგის ციმბირულობა, კაკაბეთში, დიდად არ ფასობსო.
     გამოჩნდა ლამაზი კატა და მაშინვე გაჩნდა დიდი ოპოზიციური გაერთიანებაც ჩემი საყვარელი ახლო და შორეული ბიცოლების ძალოების თუ ბებოების სახით. ზოგმა, ეგ რასა ჰგავს, კატაა თუ ფაშაო, მეორემ, ეგ თაგვის დამჭერია, წესიერად ვერც დადისო, მესამემ, მაგას საპნით თუ არ დაბანე ხელ-პირი, „კალბასსაც“ არ შეჭამსო.
        მოკლედ, დარტყმის პირველმა ტალღამ მაინც გადაიარა და ყველაფერი თითქმის ჩაწყნარდა.  ჩვენი ციმბირული კატა, ადგილობრივ  თანამოძმეებში არ გაერია და საკუთარ, ვრცელ კარ-მიდამოს დასჯერდა. დიდად არც ჩვენ, ბავშვებს არ გვიყადრიდა თავს, რადგან მასთან, შაბათ-კვირას თუ ვახერხებდით ყოფნას და უყურადღებობას გულგრილობა დაუპირისპირა.
      მალე, მეზობლებმა, კვერცხების მონაკლისება დაიწყეს, ზოგმა წიწილაც კი ახსენა. ჩვენს კატას პირდაპირ ვერ ადებდნენ ხელს, ირიბი და ზოგადი სამხილები კი ბლომად ჰქონდათ.
     -შვიდი კვერცხი რომ უნდა ამეღო, ხუთი ძლივს მოვაგროვე.  ქსოვა შეწყვიტა და ხელისგული დაგვანახავარო ძალომ. - არადა, საბუდარს თითქოს  ვერ უნდა მიუდგეს, ზემოდან თუ არ ჩახტა...
    -რას ამბობ, ჩემო რძალო, - გაეპასუხა ფეფო ბიცოლა, -კატას ან დედოფალას შენ გააჩერებ? საცა არა გგონია, იქ შეძვრებიან, შენს საბუდარში კი არა, ნემსის ყუნწში გაძვრებიან, თუ მოინდომეს...
   წარმოვიდგინე, როგორ მონდომებით ძვრებოდა ჩვენი კატა ნემსის ყუნწში, მახათის ყუნწშიც ვაცდენინე გაძრომა, მაგრამ სულ ფუჭად. ეს ვერსია მე არ დავიჯერე, მაგრამ, ფაქტია, რომ ერთი-ორჯერ, კატა რაღაცას განსაკუთრებული სიამოვნებით მიირთმევდა, როცა თაგვს პირსაც არ აკარებდა.
     მისი თაგვებთან ურთიერთობა მხოლოდ ნადირობით შემოიფარგლებოდა და დაჭერით მთავრდებოდა. დათეთქვილ თაგვს დემოსტრატიულად გაუშვებდა მყარი პირობით, რომ ის აღარასოდეს გაბედავდა სახლში შესვლას. უფრო მსხვილ ნადავლს, ვირთაგვას, კატო ბებოს მიტოვებულ სახლში რომ ბინადრობდნენ, წელში გადატეხავდა და ისე უშვებდა მეზობლის კატების საკბილოდ.
   -იმ ერთი ანდაზისა არ იყოს, ვერ უნდა გავიგოთ, ვინა გვჭამს და ვინ გვაქცევს?! - დასვა ერთხელაც რიტოტიკული შეკითხვა დარო ბებომ, მატყლს რომ წეწდა უბნის ბირჟაზე. - აგე, ჩემთანაც აკლია კვერცხი, წიწილაც დაგლეჯილია, ძლივს დადის...
    სანამ დრო იყო, ვერ ვკითხე, დარო ბებოს, კუნელაანთ ქალს რომ ეძახდნენ, კონკრეტულად რომელ ანდაზას გულისხმობდა. ახლაც, ჩემთვის უცნობ ანდაზას რომ გავიგონებ, მაშინვე ამ სიტუაციას მინდა ხოლმე მოვარგო, მაგრამ ამაოდ...
   ბებიაჩემმა კი, ეტყობა, იცოდა,  ამიტომაც, შინ რომ შევიბუდეთ, მამაჩემის გასაგონად თქვა, იქნებ, კატა წავიყვანოთ ვინმესთან, ცოტა მოშორებით, თორემ ხალხი შეწუხდაო.
   -არა, ბებო, იტყუებიან, იგონებენ რაღაცას! - ავწიწინდით მე და ჩემი დები.
   -აბა, შვილო, ასეთ რამეს ვინ მოიგონებს. დაროს რაში ადარდებს ჩვენი კატა, თუ არაფერს უშლის? წავიყვანოთ, აჯობებს, არადა, სულ ეს ექნებათ სალაპარაკო. 
    მამამაც დაგვამშვიდა,  ქალაქში წავიყვანოთ, ეს უფრო ქალაქელ კატას ჰგავსო და დაგვითანხმა. 
     მართლაც, როცა თბილისში წავედით, მე და მამა, ჩავსვით კატა მანქანის საბარგულში და მამაჩემის თხოვნით და ჩემი თანხმობით ალინჯაში გავუშვით.
     ალინჯა კაკაბეთიდან ათ -თორმეტ კილომეტრშია, საგარეჯომდე კი, აქედან, სამი- ოთხი კილომეტრი იქნება. მაშინ იქ რუსული სამხედრო ბაზა იდგა, როგორც მერე გაირკვა, ფრიად მნიშვნელოვანი და  რუსი ოფიცრები რამდენიმე,  ოთხ-ხუთსართულიან, უფერულ კორპუსში ცხოვრობდნენ.
აქ, რუსის ქალები არაფერს გაუჭირვებენ, შენს კატასო, დამაიმედა მამამ, სახლში ეყოლებათ და არც ჩიტის რძეს მოაკლებენ და არც ხორცს, თუ მოინდომაო.
   ასე იყო თუ ისე, ვიდრე კატა ტომრიდან ამოძვრებოდა, უსვინდისოდ მივატოვეთ და გზა მდუმარედ განვაგრძეთ.
                                                                            ***
   ერთ კვირაში მოვბრუნდით. არდადეგები დაიწყო და საჭირო ნივთებითა და ქალაქური სურსათით ვიყავით დატვირთულები.
    ალინჯაში კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ კატების ბედნიერ ცხოვრებაზე , რუსი ოფიცრების ცოლების ხელში, გავიხსენეთ დეკაბრისტების ცოლების ერთგულების ეპიზოდები და ამით საბოლოოდ დავიმსვიდეტ თავი.
    მეზობლები, დიდიან-პატარიანად, რაღაც დამნაშავესავით იქცეოდნენ, ხელისგულზე გვატარებდნენ მე და ჩემს დებს. ეს, თითქოს მუდამ ასე იყო, მაგრამ ახლა  განსაკუთრებულად ვიგრძენი მათგან მოწიწება.
     ზაფხულის ბედნიერმა დღეებმა ყველაფერი დამავიწყა, მაგრამ, ერთხელაც, ჩემმა კბილა ბიძაშვილმა, თამაზმა, მორიდებით მითხრა; - იცი, თქვენს კატას სულ ტყუილად დააბრალეს კვერცხების ჭამა. ჩვენს დედალს თვითონ დაუმალია კვერცხები, სხვაგან დაუწყია დება, დარო ბებოს კიდევ, კვერნამ შეუჭამა კვერცხიც და ორი წიწილაც, რაც თქვენ კატა ქალაქში წაიყვანეთ.
   მეწყინა, გული ყელში მომებჯინა, მაგრამ რაღაცნაირად გამიხარდა კიდეც, ჩვენი კატის  პატიოსნების საყოველთაო -სახალხო აღიარება. შინ არაფერი მითქვამს, რადგან ამ თემაზე აღარ ვსაუბრობდით...
                                                                           ***
     გავიდა კიდევ ერთი კვირა და, რაოდენ გაკვირვებულები დავრჩით, როცა მოულოდნელად, ჩვენი ციმბირული კატა გამოჩნდა.
     საკმაოდ შელახული და შეშინებული იყო. ემჩნეოდა, მძიმე დღეები რომ ჰქონდა გადატანილი. ოფიცრების ცოლებთან ნამყოფს და მათგან განებივრებულს სულაც არ ჰგავდა.
    როცა მისმა გამოჩენამ ყველა აღაფრთოვანა, მაშინღა მოითქვა სული, ორიოდ დღეში კი  ძველ, დიდებულ ცხოვრებას დაუბრუნდა.
ამოისუნთქა უბანმა. ყველა ეპატიჟებოდა და მოსაკითხიც კი მოჰქონდათ ძალოებს. 
       მათ  თვალზე გაბრწყინებული ცრემლიც მახსოვას, სინანულისა თუ სიხარულის.
-	ქა, ძაღლის ერთგულება გამიგია, მაგრამ კატას თუ ეს შეეძლო, ვერ დავიჯერებდი. - იკვირვებდნენ ძალოები და ათასგვარი დითირამბებით ამკობდნენ ჩვენს ციმბირულ კატას.
ახლა რომ ვუკვირდები, არცთუ ძაან, ძაან ციმბირულს...
                                                                                 2020 2 მაისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი