თუშური თვითიზოლაცია
კორონავირუსი უკან იხევს, მარცხდება, დღეს-ხვალ თბილისიც გაიხსნება და საქმეები ისევ იმდენი გაჩნდება, კალმისთვის ვეღარ მოვიცლი. ამიტომაც, მოვასწრებ და ერთ ამბავსაც მოგიყვებით, რაც ამ ჟამიანობამ ამოქექა მოგონებათა სკივრიდან, ბოლო დროს, ასე ხშირად რომ ვხდი ხოლმე თავს... *** ბოლო წლებში, მთლად შეიცვალა და გალამაზდა ჩვენი მთა. საქართველო თანდათან საოცნებო ქვეყნის სახელს იმკვიდრებს. გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდანაც, ვიდრე ქვეყანა აირეოდა, ბევრი ინტერესდებოდა ჩვენი მთა-ბარით, თუმცა, თუშეთში, ქვეყნის ამ განაპირა და მიუდგომელ მხარეში, ძირითადად, მხოლოდ ჩვენი გაბედული ახალგაზრდები ჩადიოდნენ და აღტაცებას ვერ მალავდნენ მისით მოხიბლულები. გზა ამ კუთხის დიდი პრობლემა იყო, ოდითგან. მართალია, ოთხმოციან წლებში, დიდი ძალისხმევით, გაკეთდა თუშეთის გზა, მაგრამ ეს სიტყვები, მაინც პირობითია, რადგან ზვავები და მეწყერები ყოველწლიურად აზიანებს რიგ მონაკვეთებს და აქ მგზავრობა მუდამ დიდ რისკთან არის დაკავშირებული. არათუ მგზავრი, ბევრი გზის მშენებელი შეიწირა ამ გზამ, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, მაისში იხსნებოდა და ნოემბერში იკეტებოდა.. გზის გასწვრივ დარჭმული ჯვრები უკვდავყოფს მათ ხსოვნას და თუში ისე არ აივლ-ჩაივლის, შესანდობარი არ დალიოს, ზვავ-წყალ დანალევისა. მოზამთრე თუშებთან რომ ჩასულიყავი, ვერტმფრენს უნდა გაყოლოდი, თუ ასეთი რეისი დაინიშნებოდა და ამინდიც ხელს შეუწყობდა. თუ არადა, ავტობუსით უნდა ჩასულიყავი მახაჩკალაში, იქიდან აგვალში და ვიწრო და ხიფათიანი, თოვლიანი ბილიკებით, კეხვის გავლით, შემოსულიყავი დიკლოში. დიახ, ბევრი თუშისთვის ამ ძნელი გზის გავლა აუცილებელი გამხდარა, ავადმყოფობის თუ სხვა მიზეზთა გამო. მე ამ ბილიკების გავლაც მომიწია, მოგვიანებით, მაგრამ ამ ამბავამდე, თუშეთში, საერთოდ არ ვიყავი ნამყოფი. წასვლა ძალიან მოულოდნელად გადავწყვიტეთ. მე, ჩემი უფროსი მეგობარი ლადო და მისი საცოლე, ნინო, სოფელში დავადექით თავს მამაჩემს, რომელიც იმ იმედით მელოდა, ვენახს მომიწამლისო. -ვენახი მოიცდის, თუშეთში უნდა წავიდეთ, და წამოდი. - შევთავაზე მამას, რომელსაც, რაც „ნივა“ ვიყიდეთ, უკვე მოვატარე სვანეთი და ხევსურეთი, სამცხე-ჯავახეთი და აჭარის მთიანეთი. მივიკერე ვაზის მოღალატის იარლიყი, ხვალ კაცსაც რომ ვუღალატებ, და, ასე იყო თუ ისე, დავადექით მძიმე გზას, ადვილად რომ უმკლავდებოდა ‘ნივა“ და ვიდრე დაღამდებოდა, ომალომდე ასვლა მოვახერხეთ. ომალოს სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე დიდებული ვაჟკაცი, ტელმან იჭირაული იყო. მასთან მერეც ხშირად მომიწია შეხვედრა. თუშის თაობაზე, მაღალი იყო, მუდამ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი. კოხტა ულვაში ჰქონდა, უკან გადავარცხნილი შავი თმა. ამას დაუმატეთ სწორი ცხვირი და ოდნავ შუაგაპობილი, ნიკაპი და, თითქმის ჰამლეტ გონაშვილს მიიღებდით, კაცს, რომლის მგვანებას ყველა ქართველი ისურვებდა. ტელმანი მთელ თუშეთს აკონტროლებდა და, მაშინდელი კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის პირობებში, ეს ადვილი არ იყო. ზედმიწევნით იცოდა, რომელ სოფელში ვინ ცხოვრობდა, რომელ ხეობაში ვისი ცხვარი იდგა, ვისი საქონელი სად ბალახობდა და სად იალაღობდნენ ზემო და ქვემო ალვნების (ასე ეძახდნენ). განთქმული თუშური ცხენები. იცოდა, რომელი სტუმარი საით და ვისთან წავიდოდა. (მაშინ ტურისტს სტუმარს ეძახდნენ და მისი მასპინძლობა ყველას ვალი იყო). თუ სადმე გაავდრდებოდა, ან მეწყერი ჩაკეტავდა გზას, ან ზვავი მოწყდებოდა, მაშინვე გააგზავნიდა ვინმეს, ნახე, არაფერი გაუჭირდეს სტუმარსო. ტელმანმა ჩვენც კარგად მიგვიღო. ცნობილ და თუშეთში ერთადერთ სასადილოში გვავახშმა და კოტეჯში დაგვაბინავა. მეორე დილით, დართლოს მიმართულებით გეზი მოგვცა და გვითხრა, დართლოში ერთი კაციღა ცხოვრობს, უთუოდ მოგიწევთ იმასთან შეხვედრა და მოერიდეთ, ჭლექი აქვს და არ გადაგედოთო. *** კარგა ხანს მოვუნდით გზას. ამას დაუმატეთ განუმეორებელი ემოცია, რასაც თუშეთის სილამაზე იწვევს ადამიანში და მიხვდებით, როგორი დაღლილები ვიყავით, ალაზანს რომ მივადექით. მდინარე ისე მოდიდებული და მღვრიე დაგვხვდა, აშკარა იყო, მთაში წვიმდა და მასში გასვლას ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ ვერც ნინო და ვერც მამაჩემი, რომელსაც ფეხი დაზიანებული ჰქონდა. ბედად, საიდანღაც „გაზ 66“ მოგვადგა და მის ძარაზე ავძვერით. გავედით თუ არა გაღმა, ისეთმა წვიმამ დასცხო, კოკისპირულს რომ იტყვიან. ჩამობნელდა, ჩამოშვავდა ირგვლივ შავი ღრუბელი და წვიმის სვეტებმა, ხოშკაკალაც რომ ერია, აახმაურა და ააზანზარა მიდამო..ბედად, ძარის წინა მხარეს, ერთი ნაწილი ბრეზენტით იყო გადახურული და ასე თუ ისე წვიმისგან გვიფარავდა. საშიში ის იყო, რომ მღვრიე ნაკადულები ისე უცებ მოდიდდა, ცოტა რომ დაგვეგვიანა, შეიძლება ვერც მიგვეღწია სოფლამდე. მანქანა ჭერმორღვეულ ეკლესიასთან გაჩერდა, ჩამოსვლა გვაცალა და ყოჩაღად გააგრძელა გზა. მოგვცილდა მანქანა და გამოჩნდა ჯანღში ჩაკარგული დართლო, მართალია, მისი მხოლოდ ქვედა ნაწილი მოჩანდა, მაგრამ საოცრებაში რომ მოვხვდით, აშკარა იყო. როგორც მოულოდნელად გაწვიმდა, ასევე შეწყდა და გამოიდარა. ნისლები ფერდებს აღმა აჰყვნენ და აეხადა ჯადოსნური ფარდა დართლოს, მართლაც საოცარ სოფელს. წავიხემსეთ, გული ვიჯერეთ ხეტიალით, ავედით კვავლოში. ამინდი კი, ისევ ფუჭდება, ცრის. არადა, ჩვენი გეგმით, ომალოში უნდა დავბრუნდეთ. ალაზანში გასასვლელები რომ ვართ, გულში ყველას ეს გვაშინებს, მაგრამ ერთმანეთს არ ვუტყდებით. არც არავინ ჩანს, რჩევა რომ ვკითხოთ. ისევ დართლოში ჩამოვედით. წვიმა დადინჯდა, გადაღებას აღარ აპირებს და ჩვენც სახლებს ვათვალიერებთ, სადმე თავი რომ შევაფაროთ. მოულოდნელად, სახლებშუა, დაბილიკებულზე, ხმელ-ხმელი, ჭაღარაშერთული, წვერგაუპარსავი, ბოხოხიანი კაცი გამოჩნდა, თავისზე გრძელ, სანთლისფერ ჯოხს რომ მოაკაკუნებდა. როცა დაგვინახა, შეჩერდა, უემოციოდ შეგვათვალიერა და თავის ოდნავი დაკვრით, მოგვესალმა. ჩვენც, ასევე უნდილად და გაუბედავად გამოგვივიდა მისალმება, რადგან მაშინვე გაგვახსენდა ტელმანის ნათქვამი, ერთი კაციღა ცხოვრობს, ჭლექი აქვს და, მოერიდეთო. ლადო უფრო ყოჩაღად მოიქცა, რაღაცეები ჰკითხა სოფელზე და ბოლოს, ფონი სად არის, მიგვანიშნე, ალაზანში უსაფრთხოდ რომ მოვახერხოთ გასვლაო. წასვლას დღეს არ გირჩევთ, ამინდი უფრო გაფუჭდება, თანაც დაგიღამდებათ. ხვალ მწყემსები ჩამოივლიან, ყველი მოაქვთ და, ცხენებიც უნდა ჩამორეკონ, იმათ გაჰყევითო. გამართული ქართულით საუბრობდა, დინჯად და გარკვევით, უაღრესად კეთილგანწყობილი ჩანდა, როგორებიც, ზოგადად, არიან ჩვენი საყვარელი თუშები. ბოლოს შინაც მიგვიპატიჟა, თუმცა გაგვაფრთხილა, დახორკლილი ვარ, ტუპერკულოზი მქონდა, აბასთუმანში ვერ გავჩერდი, აქ გადმოვიხვეწე, წინაპართ კარზე და მარტო ვცხოვრობო. ბინად, მეზობელ სახლში მიგვიჩინა მიწური ოთახი. სიპითნაგებ კედლებს, ჭრელი მუთაქებით დამშვენებული, მოფარდაგებული „კუშეტკები“ ჰქონდა ჩაყოლებული. მაგიდაზე ლამპა, ხის დიდი სამარილე და პირქვედამხობილი ჯამ-ჭურჭელი ეწყო. ფარღალალა ჭერში, მართალია , ალაგ-ალაგ, ზეცა მოჩანდა, მაგრამ, რაღაც ეშმაკებით, წვიმა არ ჩამოდიოდა. ( თუ წამოუქროლებდა, მაშინ ყრიდა ცვარს.) კოჭებზე ეკიდა გამხმარი ბალახების კონები. ზოგი, ველური პიტნა, ქონდარი, შავთავა და მკვლიავი ვიცანი კიდეც. დანარჩენის სახელებიც გვითხრა ნოდარმა, მაგითა ვმკურნალობო.. წამლებსაცა ვსვამ, ალვანიდან მიგზავნიან, მაგრამ მაგ ბალახებმა უფრო მიშველა, რა ხანია, არც წამომიხველებიაო. ახლა რომ ვხვდები, ნოდარი დისტანციურად ურთიერთობდა ჩვენთან და საუბრისას, სომბრეროს ტიპის ნაჭრის ქუდსაც პირზე იფარებდა. ოთახში არც შემოსულა, კარში იდგა და ისე გვიხსნიდა, სად რა იყო. არჩევანი დიდი არა, მაგრამ არც მცირე გვქონდა: საგზლიდან მორჩენილი ცოტა ძეხვი, რაღაც კონსერვი და, რაც მთავარია, დეკის, ან ასკილის ჩაი. ვისაც უნახავს თუშური, ლამის კაკლისსიმსხო ასკილი, უთუოდ მოუნდება მისი დაგემოვნება, თუმცა, დეკას მეტი „შარმი“ აქვს და ის ვარჩიეთ. ავაგუგუნეთ ღუმელი და გავაწყეტ სუფრა. -შემოდი, ნოდარ, არ გვეშინია შენი ხორკლის.- მოიპატიჟა ლადომ, მაგრამ ნოდარმა იუარა. ვიცი, საშიში აღარა ვარ, მაგრამ უნდა ვიფრთხილოო. თავისი სახლიდან, რომელსაც ეს ოთახი ეკრა, საკუთარი „კრუშკა“ და კოვზი გამოიტანა და ჩაი ჩვენთან დალია, ოღონდ, დისტანციურად. - ჩემი ოთახი მზისგულზეა, ნათელი, აქაური ჰაერი კი ჭლექს ანადგურებს. - გაგვიშინაურდა ნოდარი. - სულ რომ მოვრჩები გადავალ ამ მთას, ჩავალ მაესტში და ჩემს ძმობილთან, შამილთან დავდგები მწყემსად. ცხვარი ბლომად ჰყავთ, მაგრამ ჩვენნაირად ვერც უვლიან და ვერც ყველი ამოჰყავთ... -ალვანში არ დაბრუნდები? - თანაგრძნობით ჰკითხა ნინომ, რომელიც მეტად სათუთი გრძნობით განეწყო მასპინძლისადმი. - არა, დაო, იქნებ ოდესმე კიდეც დავბრუნდე, მაგრამ ახლა არა და არა!. - თქვა მტკიცედ, ერთგვარი გულდაწყვეტით , დაგვემშვიდობა და დაგვტოვა. დიახ, თუშეთში, მას შემდეგ მრავალჯერ ვარ ნამყოფი, ნოდარის ამბებიც ბევრჯერ მიკითხავს, მაგრამ ზუსტი პასუხი არ მიმიღია. *** კარგა ხნის შემდეგ, ჩეჩნეთში მოგზაურობისას, მაესტის მთებში, ბილიკის პირას დასმულ რკინისგან შეკრულ ჯვარს რომ ჩავუარეთ, ვკითხე ჩემს მეგობარ ქისტს, რამზანს, ვის ეკუთვნის, თუ იცი, ეს ჯვარი- მეთქი. ვიღაც თუშს, ბიძაჩემთან მდგარა მწყემსად და უამინდობაში, ცხვრის დევნაში, ხევში გადაჩეხილა. ჩემი ძალოც ხომ თუშია, მარგო, ეს ჯვარი იმან დაადგმევინა შამილს... ეჰ, თუშის გზა-ბილიკი ცხვარს მიჰყვება, ოდითგან და ხშირად, სწორედ ამ ბილიკიდან ადგებიან უკვდავების გზას ჩვენი მამაცი და ერთგული თუშები... 2020, 7 მაისი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი