პოჩო


პოჩო

    დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის განთქმულ 15 ნომერში, პირველი სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე ბინაში, დაასრულა სიცოცხლე ჩვენმა სახელგანთქმულმა საოპერო მომღერალმა, განუმეორებელმა ბანმა, თამაზ ლაფერაშვილმა, იგივე პოჩომ.
   ყველგან, მსოფლიოში, სადარბაზოები ქუჩის მხრიდან არის დანომრილი, ჩვენი, ცხრასართულიანი და ოთხსადარბაზოიანი, კორპუსის გარდა. როგორ მოხდა ეს, არ ვიცი, ის კი ფაქტია, რომ 90 - იანი წლების ბოლოს დასრულებულ კორპუსში, როცა სადარბაზოების რიგითობის აბრები გააკრეს, უკვე შესახლებული მეზობლები დიდხანს არკვევდნენ, ვისი ბინა სად იყო.  ამ ხმაურიანმა გადაბარგებებმა, არათუ ჩხუბი და აყალმაყალი, მეზობლების დაახლოვება გამოიწვია. მალე, იმდენად კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, რომ მეზობელი კორპუსებიდან ბევრი ჩვენთან პოულობდა თავშესაფარს და ჩვენს სათამაშო და სალხინო ფანჩატურში, მალევე რომ მოვაწყვეთ, ისე მტკიცედ დაიდეს ბინა, ზოგჯერ იქ, ჩვენი ადგილი არც იყო.
     სამსახურიდან დაბრუნებულები აქ ვერთობოდით, ზოგჯერ ვილხენდით, ვამხნევებდით ერთმანეთს, იმ უშუქობასა და უარარაობაში.
    პოჩო ცოტა მოგვიანებით მოვიდა. ჩვენი ყურადღება მაშინვე მიიქცია ორმოცდაათ წელს გადაცილებულმა, მუდამ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილმა, სუფთადგაპარსულმა, მხარბეჭიანმა და ლამაზმა ვაჟკაცმა,  როხროხით რომ შესძახებდა რაღაცას მეუღლეს, სამსახურის გზაზე დამდგარი.
    კარგახანს  ყურადღებას არც გვაქცევდა, თუნდაც  იმიტომ, რომ ფანჩატურის კარი მხოლოდ ჩვენი სადარბაზოს გამოსავალზე გამოდიოდა, ამიტომაც, დაუპატიჟებლად მოსვლა მუდამ მოერიდება სხვა სადარბაზოში მცხოვრებს.
    ასეა, ჩვეულებრივ შემთხვევაში, მაგრამ თუ ნასვამი ხარ და თანაც კარგ ხასიათზე, მაშინ ეს ბუნებრივი კანონი ძალას კარგავს და არც  ამ ორიოდ ნაბიჯის გადადგმას უდგას წინ არაფერი. 
ერთხელაც, სწორედ ასეთი პოჩო „გაიჩითა“ ჩვენთან.
    გაგვეცნო, მოგვეფერა, გვერდით მოგვიჯდა და იმ დღიდან, დომინოს ოპერის სკოლა ჩაერთო ჩვენს ხანგრძლივ ტურნირებში.
      მაშინვე გვითხრა, პოჩო დამიძახეთ, არ მეწყინებაო და, ვინმე უცხო თუ არ იყო, ჩვენც ასე ვეძახდით.
        დიახ, ყველა ჩვენგანი დომინოს  რომელიღაც სკოლას წარმოვადგენდით, დღეს რომ იტყვიან, - „“კლასტერს“. ეს უკანასკნელი უფრო შესაფერისად ჟღერს, რადგან დომინო ბაცილასთან და  ვირუსთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე სპორტთან და, მითუფრო,  მეცნიერებასთან.
    მე, მაგალითად, ისევე, როგორც დომინოს ჩემზე გაცილებით აღიარებული ოსტატები: ვახტანგ სამადაძე, ზეზვა ზვიადაური, თემურ აბულაშვილი და სხვები, სახელმწიფო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის კლასტერს ვეკუთვნოდი. დიდ დომინოში ყოფნა, ამ ორგანიზაციის სახანძრო დაცვის სამსახურში მუშაობამ განაპირობა, რაც, თავის მხრივ,  უნივერსიტეტში ჩემი ჯგუფელისა და უახლოესი მეგობრის, ნანა ზარდიაშვილის დიდებული მამის,  წლების მანძილზე საკონცერტო დარბაზის დირექტორის მოადგილის, კარლო ხანიაშვილის დამსახურება იყო.
    პოჩო, როგორც მალევე გაირკვა, ოპერის „კლასტერს“  წარმოადგენდა. ეს თამაშზეც აშკარად ემჩნეოდა. მისი სვლები იყო რომანტიული და ჰაეროვანი (ბალეტის გავლენით, ალბად.) ამავე დროს იგრძნობოდა პლეხანოვური თავდადება და ბოლომდე ბრძოლის ჟინი...
  მოკლედ, მოვიდა პოჩო და გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა, გადაეწყო გუნდები,ლიგას დაემატა ახალი წყვილიც, დალაგდა უფრო თანამედროვე ტაქტიკა და დადგინდა განრიგი.  ამიერიდან, „ბ“ ლიგა საღამოს ექვსი საათის შემდეგ, ასპარეზობას წყვეტდა, უსიტყვოდ და ულაპარაკოდ!
     შესაბამისად, შეიცვალა მოლხენის სცენარი და რეჟისურაც. საღამოს მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესო, ეფექტური და, ამდენად, მასშტაბური გახდა.
   პოჩოს „ღვინოვ კახურო,, , „ოჩი ჩორნიე“, სხვა უამრავი ქართული თუ რუსული რომანსები  და არიები, გვხიბლავდა და გვატყვევებდა არა მხოლოდ ჩვენ და ჩვენს სადარბაზოს, არამედ, მთელ კორპუსს და, ჩვენს მოჭიკჭიკე  დედაკაცებს თუ დავუჯერებთ, ნახევარ დიდ დიღომს მაინც...
    განა არ გვყავდა სუფრაზე სხვა დიდი მომღერლები? ენატკბილი იგორ სორდია, ანსამბლ „თბილისის“ განუყრელი წევრი, კოკობაულვაშა და საროსტანა, კარგი მომლხენი და მომფერებელი, ანდა, ქართლ-კახური ფოლკლორის უბადლო წარმომადგენელი,  თემურ სირბილაშვილი, რომლის დიდმა ნიჭმა მის ვაჟში, გიორგიში დაიდო ბინა და დღეს იგი მსოფლიოში აღიარებული  პიანისტია,  თუნდაც, ბატონი ნოდარი, დამენია, ჩვენი სადარბაზოს კანონიერად არჩეული  პრეზიდენტი, რომელიც ამ ტიტულს სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ატარებდა, არც მიტინგი მოუწყვია მისთვის ვინმეს და გაბრაზებულსაც კი, არავის წამოსცდენია, „გადადექიო“...
      იმჟამად, პოჩო, ოპერის თეატრის დირექტორის მოადგილე იყო და როგორც კი გვარ-სახელით გავეცანი, მაშინვე გამიხსენა,. თურმე, „მოამბეში“ მუშაობისას, ოპერის თეატრის  სპექტაკლების სარეკლამო განცხადებებზე საფასური გამიუქმებია, რაც მათთვის დიდი შეღავათი ყოფილა.
      თეატრებში ბავშვობიდანვე სისტემატურად დავდიოდი, რადგან მოსწავლეებს აბონიმენტებს გვირიგებდნენ და  ლამის ყველა მათგანის რეპერტუარი ზეპირად ვიცოდი, თუმცა ოპერა მაინც განსაკუთრებით მიყვარდა.
      საკონცერტო დარბაზში მეხანძრედ მუშაობამ, დომინოს სწავლის გარდა, ჩვენი და უცხოური ანსამბლებიც საფუძვლიანად გამაცნო და საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დიდი რეპერტუარიც. მარტო ბატონი ჯანსუღ კახიძის რეპეტიციებზე შეიძლება  ნიჭიერმა კაცმა,  რომანი დაწეროს, ანდა ფილმი გადაიღოს... თუმცა, როგორც ვთქვი,  ოპერას არაფერი მერჩივნა, ამიტომ პოჩოს გაცნობა, რომელმაც თავის მხრივ, მალე სახელოვანი მალხაზი, -თენგიზ ზაალიშვილი მოგვიყვანა და დაგვამეგობრა, ჩემთვის დიდი სიხარული იყო.
    კალამი რომ არ გამექცეს და თავი არ მოგაბეზროთ, ამ თანმხლებ ამბებზე მერე გესაუბრებით, ახლა კი გეტყვით, რომ  პოჩომ, როცა გაიგო, კაკაბეთიდან ვიყავი, აღტაცება ვერ დამალა. მასაც, თურმე, კაკაბეთში გაუტარებია ბავშვობა და ის შთაბეჭდილება ისე ჩარჩენოდა გონებაში, როცა შეზარხოშდებოდა, ლამის მუდამ ამაზე საუბრობდა.
    იხსენებდა გოგია პაპასთან გატარებულ დროს. სამების გორასთან ახლოს უცხოვრია და სულ ზეპირად იცოდა იმ უბნის ამბები. გვიყვებოდა, როგორ დადიოდა, თანატოლებთან ერთად,  ვირით ტყეში თუ წყალზე, როგორ ჭიდაობდნენ სამების  გორაზე თუ კავთაში, როგორ მღეროდნენ კაკაბელი მომღერლები.  რომ არა ისინი,  მომღერალი კი არა, ხულიგანი გამოვიდოდიო.
   ჩვენ არანაკლებ გვაინტერესებდა მისი „ქუჩური“ ბიოგრაფიაც, თუ როგორ შემოელახა ბიჭობაში ევგენი პრიმაკოვი,  შემდგომში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინ იყვნენ ჰასანა და ლადო ქოქიაშვილი, ლიმონა, როგორ ჩხუბობდა დოდო აბაშიზე.
   პოჩო არც ამეებს გვზარდებოდა, მაგრამ კაკაბეთი ამოუწურავი თემა იყო.
    ბოლოს, როცა შინ წასვლას დააპირებდა, მემუდარებოდა, ისე არ მომკლა, კაკაბეთში არ წამიყვანოო.
     თითქმის  ყველა ჩემი მეგობარი მყოლია კაკაბეთში და ეს მასპინძლობა მუდამ მეტად სასიამოვნო იყო ჩემთვის. წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებოდა მამასაც მისი სტუმრობა.  აკი, მამაჩემის თხოვნით, პოჩო და ბატონი თენგიზი,  დიდი დიღმის სახლში მივიწვიეტ და კარგადაც მოვილხინეთ, არიებიც ბევრი იმღერეს,  „ოროველაც“ და „ურმულიც“.
    მაგრამ, კაკაბეთი სულ სხვა იქნებოდა...
   მაგრამ, სამჭუხაროდ, ასე არ მოხდა.
     უვარგისი კაცი  ყველაფერს სხვას აბრალებს და მეც თავს იმით ვიმართლებ ხოლმე გულში, რომ  „ნაცმოძრაობამ“, მოსვლისთანავე გააუქმა საქართველოს ტელევიზია და მეც და ჩემი ვაჟიც უმუშევრები დავრჩით, მთელი დიდი ოჯახი კი - უსახსროდ..
   არათუ ბენზინის, პურის ფულიც არ გვქონდა და მარტო ჩვენ არ ვიყავით ამ დღეში.
   უმუშევარი დარჩა პოჩოც, , თუმცა მას „ქართუს“ სტიპენდია ჰქონდა დანიშნული და ამით ირჩენდა თავს, არჩენდა ოჯახს და ზოგჯერ ჩვენც გვაჭმევდა პურს.
    ნელ-ნელა მისი ცხოვრების წარსული ტკივილიცა და სიხარულიც, ჩვენთვის ახლობელი გახდა, აწმყოს კი, თავად ვხედავდით.  ანდრიას მძიმე სენით გატანჯული ცოლქმრის ცხოვრება , ნაბოლარა ლადომ გამოაცოცხლა და პოჩოს მასზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ჰყავდა კიდევ ორი სახელოვანი ქალ-ვაჟი, რომლებსაც საკუთარი ოჯახები ჰქონდათ. ისინიც ძალიან უყვარდა და ამ დიდ სიყვარულს სადღეგრძელოში  გამოხატავდა.
    პოჩო გმირული მოთმინებით უვლიდა  ოჯახს და ოჯახიც, მისი დიდებული მეუღლის სახით, ასევე გმირულად - პოჩოს.
   ხშირად უთქვამს ჩვენთვის, ბიჭებო, მოგება, ასე რომ გიხარიათ, წაგების ვაჟკაცური გადატანაც უნდა ისწავლოთო და ეს სიტყვები ჩემი ცხოვრების წესად ვაქციე. სხვებისთვისაც გამიზიარებია. ისე, რომ პოჩოს საავტოტო უფლებები არ შემილახავს, ოდესმე გურამ გორელიშვილი რომ არ მომედავოს...
    ჩვენი კორპუსის დომინოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, ასევე, მისი ნათქვამი: „ მე, მუხათგვერდის სასაფლაოზე ვიწვები, თქვენ კი, თამაშს მაინც ვერ ისწავლით“-ო.
    მერე, ავადმყოფობა რომ მოერია, შინიდან გამოსვლას მოუკლო.  თუ საქმე ჰქონდა ქალაქში, ჩვენი მეზობელი, მეგობარი და თანამეინახე, ვაჟა გოჩაშვილი ეგზავნებოდა, დაუზარლად, უშურველად და უანგაროდ, ისე, როგორც ბუნებით არის ქართველი მესხეთელი კაცი. მერეც, როცა პოჩოს გადაადგილება უფრო გაუჭირდა, ვაჟა იყო მისი პატრონი, რადგან ძვალმსხვილი და მძიმე პოჩოს დაძვრას, ოჯახის წევრები ძნელად ახერხებდნენ. ვაჟა თარგმნიდა და ჩემი რედაქტორობით გამომავალ გაზეთ“ რაეოში“ ვბეჭდავდი უცხოურ პრესაში გამოქვეყვებულ წერილებსა და რეცენზიებს მის შემოქმედებაზე, რაც ძლიერ ახარებდა პოჩოს.
 როცა მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა, მეც მომიწია მასთან სტუმრობა. დიდი სიყვარულით მაჩუქა თავისი კომპაქტდისკი, მეგობრებმა რომ გამოუცეს და გულდაწყვეტით მითხრა: -ეჰ, გია, მგონი კაკაბეთში წასვლა ნატვრადღა დამრჩა, თუმცა, ყოველღამე მაინც უკვე იქა ვარ...
     ცრემლი შევიკავე და გაკვეთილზე გამუდმებით დამგვიანებელი ბავშვივით, რაღაც ჩავილუღლუღე.
   ალბათ, ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებდი პოჩოს დიდი სურვილის ვერშესრულებას, რომ არა უხეირო თავისმართლება: დაე, დარჩეს მის ხსოვნაში ისეთი კაკაბეთი, როგორიც ახსოვდა.
    მაპატიე, პოჩო, შენს უმცროს მეგობარს. იქნებ ის დროც მოვიდეს, კაკაბეთს ერთად გადავუფრინოთ...


                                                                                 2020, 10 მაისი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი