ესმა


ესმა
    რომ არა ჩემი ფეისბუქმეგობარი,  ციური მარგია, რომელმაც მოულოდნელად სახალხოდ მისაყვედურა, რატომ შეწყვიტე წერაო და არც მოძალებული საქმეები გამოდგა მისთვის მიზეზად, ეს სტრიქონები ნამდვილად აღარ დაიწერებოდა.
    კორონავირუსის კარანტინმა, ჩემს საყვარელ სოფელზე კიდევ რამდენიმე მოთხრობა დამაწერინა. გულდაწყვეტილი ვიყავი, რადგან ამ ციკლს ქალ-ვაჟის სიყვარულო აკლდა. უამისოდ კი, მსოფლიო მწერლობის ისტორიაში,  არც მდარე ნაწარმოები არსებობს და არც შედევრი. იქნებ ამიტომაც, 26 მაისის ამ მზიან დილას, გადაბმულ წვიმებს რომ მოჰყვა, უარი ვთქვი სხვა საქმეებზე და საწერ მაგიდას მივუჯექი.
     სოფელ-ქვეყანაზე ლამაზი თუ მწარე სიყვარულის ამბებს რა დალევს და არ ვიცი, რომელი ერთი ამოგირჩიოთ, მოგონებების უძირო ზღვიდან. იქნებ თავად გამონაპირდეს, თავად წარმოჩინდეს და თავად იკუთვნოს პირველობა, რომელიმე ამბავმა და მეც მეყოს ოსტატობა თქვენამდე მის მოსატანად, გაუფერმკრთალებლად და შეუბღალავად.
      უკვე გითხარით, რომ კაკაბეთი სიმღერითა და ჭიდაობით იყო განთქმული.  თუმცა, საავტომობილო მაგისტრალი და, მითუფრო რკინიგზა,  საკმაოდ შორს გადიოდა, სოფელს მიმსვლელ-მომსვლელი არასოდეს ეკლდა. 
     ვერავინ ვერავისზე იტყოდა, ამისგან დიდი მოჭიდავე დადგებაო, კაკაბეთში თუ არ იყო ნაჭიდავები და არც მომღერალს იტყოდნენ ვინმეზე, კაკაბელ მომღერლებთან თუ არ ემღერა.
     განა ამის დასტურად არ კმარა სიმღერა, „შაშვი კაკაბი შეიბნენ“-ო, რომელშიც შავშელი და კაკაბელი მომღერლების განთქმული შეჯიბრია ასახული, რომელიც თურმე სამ დღე-ღამეს გაგრძელებულა.  ანდა, ის, რომ, როცა მთლად ყმაწვილმა ლევან თედიაშვილმა კაკაბეთში გამოიჩინა თავი, მხოლოდ მაშინ დაინტერესდა მისით, ჩვენი სახელგანთქმული ვახტანგ ბალავაძე.
    დიახ, სოფელს, თავისი აღიარებული ჭიდაობების გამოისობით, რომელიც, გაზაფხულიდან მოყოლებული, რელიგიური დღესასწაულების თანმიმდევრობით, შემოდგომამდე გრძელდებოდა და სტუმარი მუდამ მრავლად ჰყავდა.
      არ დაგავიწყდეთ, გასული საუკუნის სამოციან წლებამდე, ეს ასპარეზობები, სწორედ გამოჩენილი კაკაბელი მომღერლების სიმღერის ფონზე მიმდინარეობდა. საგანგებოდ ამისთვის შეიქმნა, საკუთრად ჩვენი სოფლის მომღერლებისგან, განთქმული სიმღერა „გარეკახური საჭიდაო“, რომელიც თანასწორად დგას ნებისმიერ ქართულ სასიმღერო შედევრთან.
     თუ სიმღერას გაიხსენებთ, („ღვინის ქურდების“ წყალობით, ყველას გულსი რომ აქვს ჩარჩენილი). დასაწყისშივე ქალებისკენ არის ყურადღება მიმართული, „გოგოებო, ქალებოო“ და, სწორედაც, რომ ზუსტად ასახავს ჭიდაობის არსს. სწორედ ქალების თავმოსაწონად ჭიდაობდნენ ვაჟები და მთელს დანარჩენ დროს ხვეწდნენ საჭიდაო ხელოვნებას, რომ გულისსწორებისთვის მოეწონებინათ თავი.
       ნახერხმოყრილ არენაზე, (უწინ ბზემოყრილ კალოზე). პირველ  რიგს ჭყინტი გოგო-ბიჭები იკავებდნენ და მათ ამას არავინ უშლიდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი  მომავალი მოასპარეზეები იყვნენ, მომავალი დედები და სწორედ მათ უნდა ჰქონოდათ ჭიდაობის ინტერესი და სიყვარული. ამის გარდა, კეჭნაობისა არ იყოს, მოჭიდავე ისე არ უნდა გაცხარებულიყო, რომ ვერ მოეზომა და არენას გასცდენოდა. თუმცა, განსაზღვრულ მანძილებზე , ჩამუხლილები იყვნენ ძველი მოჭიდავეები, რომ ასეთ შემთხვევაში დაეცვათ ბავშვები.
      წვრილფეხობის მერე მოდიოდა სწორედ უკვე ფეხზე მდგომი გოგოებისა და ქალების რიგი. სწორედ მათი სილამაზე და კდემა  ანთებდა ცეცხლს და აქ ავარდნილი ნაპერწკალი აგიზგიზებდა სიყვარულს, ქმნიდა ოჯახებს... 
      არა მხოლოდ გამარჯვებული ფალავანი ფასობდა,  ღირსეულად დამარცხებულსაც უჩნდებოდა ღირსეული მეწყვილე.
     თუ, ასპარეზობის შემდეგ, მოჭიდავე თავს შეიკავებდა და არ გადაკოცნიდა მეტოქეს, ის კარგავდა ხალხის პატივისცემასა და სიყვარულს.
      გოგოებისა და ქალების რიგს ასაკოვანი მოჭიდავეები მოსდევდნენ, დღევანდელ ენაზე „ექსპერტები“, რომლებიც აფსებდნენ მოჭიდავეთა შესაძლებლობებს, აძლევდნენ რჩევებს,  ხელს უწყობდნენ, რათა დიდ სპორტში ეცადათ ბედი, შემდეგ კი დანარჩენები ყელყელაობდნენ.
    ერთი მსაჯი რომ არენაზე სჯიდა, რამდენიმე ძველი მოჭიდავე სკამზე იჯდა და სადავო საკითხებს წყვეტდა.
    გამარჯვებულს რიხით არ აცხადებდნენ. უბრალოდ, იტყოდნენ,  გაიმაჯვა გოგლა ნანუაშვილმაო.  მცირე უპირატესობა არ ითვლებოდა, - ორთავენი კაი ბიჭები არიანო...
    მახსოვს, ერთხელ,  ერთ კაკაბელ  სახელგანთქმულ მოჭიდავეს, რუსი მეგობარი, ასევე საქვეყნოდ ცნობილი მოჭიდავე ჰყავდა სტუმრად და ამ სტუმარმამოულოდნელად ჭიდაობა მოინდომა. (მაშინ სწორედ პირველ რიგში ვიჯექი).
    კი ურჩია თურმე, ჩვენებურმა, არ გინდა, ესენი გიჟები არიან და მეც ვერიდები აქ ჭიდაობასო, მაგრამ არ დაიშალა ბიჭმა. ეტყობა, დილით გადაკრულმა არაყმა აუდუღა სისხლი.
   მაშინ გამოაცხადეს სტუმრის ტიტულები,  წონა და, ვისაც სურვილი აქვს, ეჭიდოსო.
    ერთი ლამაზი, ქერა ბიჭი იყო, ნიკო,  არცთუ ბეჭდაუდებელი, მაგრამ მოულოდნელი ილეთებით ცნობილი. თასმასავით მოქნილიაო, მაგისი წაგება უფრო ლამაზია, ვიდრე ზოგიერთის მოგებაო, აქებდნენ ხოლმე.  ბოროტი ენები კი იმასაც ამბობდნენ, თმას ცხელი ლურსმნით იხუჭუჭებს, ნინუცას რომ მოაწონოს თავიო. 
   მე ვეჭიდები, მაგის დედაც ვატირეო, სწორედ ამ ნიკომ გამოთქვა სურვილი, მცირე პაუზის შემდეგ.
     ხალხმა ნინუცას დაუწყო ძებნა, თეთრკოპლიანი წითელი კაბა რომ ემოსა და მორცხვად მალავდა ჭრელ თავსაბურში სახეს. რახან იპოვეს, იმედიც მოეცათ, ნიკო უბრალოდ არ დანებდებაო.
      მაშინ მომღერლები უკვე „მუსიკოსებით“ იყო ჩანაცვლებული დასცხო ზურნამ.
      ჩამოართვეს ხელი და იმ წამიდან დაუწყო დევნა რუსმა მოჭიდავემ ჩვენებურს. ვერა და ვერ მოიხელთა, რამენაირად, რომ სწვდომოდა. ახორხოცდა ხალხი, ახმაურდა. ზოგი ბრაზობს, ზოგი იცინის. ახარხარდნენ გოგონებიც, აენთოთ ლამაზი თვალები, აუფაკლდათ ლოყები. ნიკო, ალბათ, იმას ფიქრობდა,  რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო არენაზე და ეს დევნა გრძელდებოდა. ის იყო, მსაჯმა შენიშვნა დააპირა და რუსმაც მოადუნა ყურადღება, რომ ეცა კაკაბელი და ელვისებური შუაკაურით  ბეჭებზე დასცა მეტოქე.
    სტუმარი დაბნეული წამოდგა. ხალხმა თავიდან კი დასცხო ტაში, მაგრამ უცებ, თანაგრძნობით დაცხრა და დადუმდა. თავჩაქინდრული სტუმარი მივდა მასპინძელთან და თურმე შეევედრა, უთხარი, კიდევ მეჭიდოსო, მაგრამ პასუხად მიუღია, ეგ მერე, გაისად რომ ჩამოხვალო.
    დიახ, ამ დროისათვის მომღერლები უკვე დაფა-ზურნამ ჩაანაცვლა, შემდეგ კი დოლ-გარმონმა, მაგრამ მოჭიდავის სახელი კვლავაც შეუვალი იყო., კვლავ რიდით და იმედით უყურებდა სოფელი თავის ფალავნებს და კვლავ სასურველ სასიძოებად ითვლებოდნენ. თუმცა, მალევე, ავტომობილები მომრავლდა  და„შოფრის“ ავტორიტეტიც   თვალსაჩინო გახდა, მერე, ტრაქტორისტები და კომბაინერები აყელყელავდნენ, მომრავლდნენ მსუბუქი ავტომობილებიც, გაჩნდა ფული და ვიღას უნდოდა შენი მოჭიდავე...
      სოფელმა იერი იცვალა, აშენდა დიდ-დიდი სახლები, შემოევლო ქვითკირის  გალავნები, მოასფალტდა მთავარი ქუჩა და სიყვარულმაც შეიცვალა ფორმა და მისამართი.
    დაგისიგნალებდა ერთი-ორჯერ ვინმე სახლთან და უნდა მიმხვდარიყავი, რომ შენი ქალიშვილი ვიღაცას გულში ჩაუვარდა.
    რა დამავიწყებს, ერთხელ, ბებიაჩემმა ანიკომ რომ მოიხელთა პაპა და  ვითომ უჩურჩურა, - კაცო, უთხარი რამე, იმ ბიჭს, ნოდარაა თუ შავი ქვა, გავლა-გამოვლისას რომ ასიგნალებს,  დაანებოს ჩვენ გოგოს თავი, მთელი სოფელი ამაზე ლაპარაკობს.
     -მერე, რა ვუთხრა, ჩემი გოგო რად გიყვარს - მეთქი? - გაიკვირვა პაპამ.. -უყვარს, ხომ არ ეჯავრება? აი, რომ ეჯავრებოდეს, მე ვიცი, რასაც ვეტყოდი, მაგრამ თუ უყვარს... - უპასუხა პაპამ , თვალი ჩამიკრა და  თითებით მანიშნა, ვერ არის კარგად, ბებოო.
    ტრანსპორტმა მეზობელი სოფლებიდან ამბების მიტან-მოტანაც გააიოლა.
      ყანდაურაში ისეთი გოგო ჰყოლია დოდაანთ გიგუცას, თურმე მზესავით ანათებს, ჩურჩურებენ მოზრდილი ბიჭები. 
      ვითომ ნუნუს აჯობებს,  ან ლილის? ისეთი თვალები აქვს, გული წაგივა. იმ დღეს მაღაზიაში შემოვიდა და ხალხი როგორც იყო, ისე გაქვავდა.  საწყალ გოგოს, არ იცოდა, რა ექნა.  პური მინდაო, ნოქარს ეუბნება და ის კიდევ პირღია შეჰყურებს, ჰო, შვილო, ახლა არა მაქვს, კვირის ბოლოს მივიღებო... გატრიალდა და წავიდა.
   -ჰო, მაგრამ, ამბობენ, ანას ბადალი არავინ არისო.
    ანა ფეხმძიმე მიუტოვებია შეყვარებულს. შაბი დაულევია, მუცელს მოვიშლიო, მაგრამ თავადაც მომკვდარა...
    პირღია ვუსმენდი დიდ ბიჭებს და ვხედავდი მათში რაღაც ღვთაებრივს, ალბათ, უფრო ადამიანურს. არადა,  სწორედ ისინი იყვნენ, მთელ სოფელს რომ იკლებდნენ თავიანთი ხმაურიანი თავგადასავლებით და იმ გოგონებსაც, ვითომ არად აგდებდნენ.
  მოვიდა დრო და სოფელშიც მხოლოდ ზაფხულობითღა მიწევდა ჩასვლა, არდადეგებზე, თუმცა, ჩემს თვალს და ყურს მაინც არაფერი გამორჩენია.
    მერე იყო და ესმამ აალაპარაკა ხალხი, მეტყევის, ანუ, როგორც მაშინ იტყოდნენ, „აბეშიკის“ 
გოგომ, სოფლის ბოლოს, ტყის პირას რომ ედგათ სახლი.
    მამამისი კარგად მახსოვს, დიმიტრი ერქვა, ერთთავად ცხენით დადიოდა. მუდამ გაუპარსავი იყო, თუმცა, შავი, მოკლე წვერი კიდეც შვენოდა მის წვრილ ულვაშს, სწორ ცხვირს და, რაღაცნაირ, ჭროღა თვალებს, უნდოდ და ეჭვით რომ უცქერდა ყველას და ყველაფერს.
     ხმელი კაცი იყო, ალბათ საშუალოზე მაღალი, მაგრამ ვის გაუზომია მისი სიმაღლე, როცა ცხენიდან ჩამოსული არავის უნახავს.
   ერთთავად შავი პერანგი ეცვა, გულზე მიმაგრებული შავარშიანი, პატარა ფოტოთი. ხაკისფერი გალიფე, ჩექმებში ჰქონდა ჩატანებული, ჩექმები კი მუდამ გაპრიალებული, თითქოს წვიმა და ტალახი მისთვის უცხო ყოფილიყოს.
      ხურჯინში ჰქონდა საგზალიცა და ღამისსათევიც. მათარას, ცხენიდან გადმოუსვლელად ავსებდა. ის რომ გამოჩნდებოდა, ყველა ერთბაშად შეკრთებოდა და გაისუსებოდა. რიგი იყო,  უთმობნენა, თითქოს, მოითავე საქმე და დროზე წადიო.  თუ რაიმეს იკითხავდა, ყველა ახმაურდებოდა და მოინდომებდა პასუხის გაცემას, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა.
      ბავშვებს უფრო შეგვეხმიანებოდა ხოლმე. თითქოს თავს იმოწმებდა, იერსახით გვიცნობდა თუ არა.  იტას შვილი არა ხარ, ანდა, მასურაანთ გოგიასი იქნებიო და, რომ გამოიცნობდა, კმაყოფილი ჩაღიმებით გადაჰკრავდა ლამაზად დაწნულ მათრახს თავის შავ ბედაურს და აწკაპუნდებოდა ნალი ასფალტზე...
   მუდამ თოფს ატარებდა, მოკლე, ორლულიან თოფს. ქვევითა ლულა 20 კალიბრია, ზევიდან,-„გეკო“-ო, ამბობდნენ ბიჭები.ერთი ეგ მამცა და, მთელი სოფლის თოფები შენი იყოსო, ნატრობდნენ და მეც, მათთან ერთად, მათივე წაბაძვით.
    იმასაც ამბობდნენ, გალიფეს დიდ ჯიბეში, ტყვიით გაძეძგილი, თეთრი ლაპლაპა იარაღი უდევსო, თუმცა ამის მნახველი არავინ ვიყავით.
    ამა, ზაფხულობით ტყეში ფიჩხზე სიარულის მეტი რა გვიკეთებია? ორ-სამჯერ მაინც შევკაზმავდით ვირებს ( ჩვენ არ გვყავდა და ფირო ძიას, სიმშვიდითა და ღონით განთქმულ სახედარს ვთხოულობდით ხოლმე). დილის ექვს საათზე უკვე გზაში ვიყავით. ავუყვებოდით სოფლის შარას, რომელიც უკვე სავსე იყო ჭალისაკენ დაძრული ნახირით. დილით გადარეული ფურები, ცალკე შიმშილისგან და ცალკეც იმიტომ, საყვარელ ხბოს რომ მოაშორეს, გვიან ბრუნდებოდნენ შინ, ცურსავსე, თავდაჯერებულები, რაღაცნაირი ამაყები, რომ მალე, მათი რძით,  დანაყრდებოდნენ და დაოკდებოდნენ ხბორები, თუნდაც მათი ოჯახის ბალღები, რომლებიც უკვე თავად წველიდნენ და ჯიქნის დაცლით შვებას აძლევდნენ პირუტყვს. 
    კვირაში ერთხელ, მეც მივყვებოდი ხოლმე ჯერში თამაზს, ჩემს ბიძაშვილს, რომელიც, მართალია ჩემზე სულ რვა თვით უფროსი იყო, მაგრამ გაცილებით დიდი , ძლიერ და ასეთ ამბებში გამოცდილ-გამობრძმედილი.
    ახლაც ჩვენს ქარავანს, რომელმაც მთავარი გზიდან ხევსი ჩაინაცვლა და ეკალ-ბარდიან ბილიკს მიუყვება, სწორედ თამაზი ხელმძღვანელობს. გზადაგზა მაყვალს ვკრეფთ და ბუჭა-მუჭა ვიყრით პირში. ნელ-ნელა ბარდებს შინდი და თხილი ერევა, მერე წიფლისა და რცხილის წვრილიანები, უფრო ზევით კი, კოხტა შიმელები, ქალწულებისა და ჭაბუკების მზგავსად რომ აუყრიათ ტანი და ერთი სული აქვთ ნიავმა დაუბეროს, რომ ჩაეკონნენ ერთმანეთს. მერე , კავთის სალოცავ ნიშთან, გზა ცოტა ხნით ივაკებდა და ტყესაც ტყეობა ერქვა, მაგრამ აქ სასტიკად იყო აკრძალული ხის მოჭრა და ცალკე მეტყევისა და უფრო ღვთის შიშით, წკირსაც აქედან არავინ წაიღებდა, ასე, რომ ვიდრე ერთ დიდ აღმართს კიდევ არ გადავიფერდებდით, ფიჩხის იმედი არ გვქონდა.
   გზაზე ისე ვერ გავივლიდით, სადმე დიმიტრის რომ არ გადავყროდით. რომც არ შეგვხვედროდა, მის გამჭოლ მზერას მუდამ ვგრძნობდით და შეხვედრა გვერჩია, ის მაინც გვეცოდინებოდა, სად იყო და საით წავიდა. ვინაიდან აქ უკვე მართლა გვეშინოდა მისი.  წალდებს, ზურგის მხრიდან, ქამარში გავირჭობდით, ვითომდა, თვალში არ მოხვდესო და აჩუ-აჩუს  ძახილით ვიცავდით თავს  ჯერაც უხილავი მეტყევისგან, რომელიც საიდანღაც მაინც გამოჩნდებოდა და უბრად, თვალით გაგვაცილებდა.
     მუდამ ასე არც იყო. თუ ვინმე ახალი გვახლდა, უთუოდ გამოეცნაურებოდა. ისიც ხშირად უთქვამს, ვითომდა სხვათაშორის, ბიჭებო, ჩვენებური არც მუხა და არც წიფელი მასალად არ ვარგა. მუხას გული ულპება, წიფელი კიდევ, კოჟრიანია.  ბოძად და სარადაც კი არ ვარგა და ტყუილად  არ გააფუჭოთ ხე, თორემ აღარც ჩახრიალა გვექნება, აღარც პანტისწყარო, აღარც საბასწყარი და ზმარტყლისწყარო. სოფელს დვრინისა და მლაშეს დალევა მოუწევს და ხალხი დაავადდებაო. ისიც ხშირად უთქვამს, აქა და აქ,  დიდი წიფელი მოიჭრა და იქით წადით, ბლომად ფიჩხი დაყარაო. აქ კი გავიხარებდით, რადგან ფიჩხსაც იოლად მოვაგროვებდით და იმ დღეს მისგან თავისუფლებიც ვიყავით.
       როგორც გითხარით, დიდი ბიჭები, ესმაზე, უკვე მაშინ საუბრობდნენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვანაღვლებდა. თუმცა, ჩემი თანატოლები იცნობდნენ კიდეც, რადგან ესენი თუ მესამე-მეოთხე კლასში სწავლობდნენ, ის უკვე მერვე-მეცხრე კლასში იყო, მაგრამ მის სილამაზეს ვერ გრძნობდნენ და არიქვამდნენ.
      ფრიადებზე უსწავლია, დიდად ნაკითხი და განათლებული ყოფილა მეტყევის სახლში გაზრდილი გოგონა. წკრიალა, ზარივით ხმა ჰქონია და, თურმე, კარგადაც მღეროდა.
    -ეგენი ჭერმიდან არიანო გადმოსულები,- მითხრა ბებომ, ცოტა რომ წამოვიზარდე და ვკითხე დიმიტრიზე, რომელსაც ჩემდამი რაღაც კეთილგანწყობას ვატყობდი. -ცოლი გულის მანკით მოუკვდა, მთლად ახალგაზრდა, ზინა ერქვა. ის ქალი ჯარიდან ჩამოუყვანია დიმიტრის და არავინ იცოდა, ვინ იყო და სადაური, რადგან არც ხალხში ერეოდა და არც სტუმარი აწუხებდა, მაინცადამაინც, წამლის სათხოვნელად თუ მივიდოდა ვინმე.
     ზემოუბნელები ამბობდნენ, დილაუთენია, ტყისპირებზე აგროვებდა ბალახსო.  ჩვენებიც იყვნენ, ბალა ხისგან წამლების კეთება რომ იცოდნენ, მაგრამ იმასთან ვეტ მოვიდოდნენ. ფულსაც არ იღებდა, რად მინდა, რაში დავხარჯოო...
   თეთრი პირისახე და წაბლისფერი თმა ჰქონია, მადრამ რუსი არ იყოო, დანამდვილებით ამბობდნენ. ზოგი, - ჩეჩენი იყოო, ინგუშიაო, ზოგი - ჩერქეზი თუ ყაბარდოელიო. იმასაც ამტკიცებდა, ზოგი,  ძირად ქართველი იყოო, რადგან ქართულად გამართულად საუბრობდა და   ვაჟა ფშაველა და ყაზბეგი ზეპირად იცოდაო.
   ზინა რომ გარდაცვლილა, ესმა უკვე ცხრა წლისა ყოფილა. დიმიტრის  დედაც თავისთან გადმოუყვანია ჭერმიდან, ბავშვს ყურადღება და ზრუნვა არ მოაკლდესო. მართალია, ბებიას რძალზე მაინცა და მაინც არ ჰქონია გული შევარდნილი, მაგრამ შვილიშვილს თავს ევლებოდა და მეტად ანებივრებდაო.
     დიმიტრის კიდევ უფრო შეჰყვარებია დაობლებული ესმა. ზოგჯერ, თურმე შემოისვამდა ცხენზე და ტყეშიც დაჰყავდა, თოფის სროლასაც ასწავლიდა და იარაღის ხმარებასაც. მოგვიანებით, თურმე, ცხენსაც ანდობდა და კარგადაც ჯირითობდა წამოჩიტული გოგოო.
    თანაკლასელებში თავიდანვე გამორჩეული ყოფილა. ცალკე ის იყო და ცალკე დანარჩენი გოგონები. განსაკუთრებით არავისთან მეგობრობდა, უფრო კი, ბიჭებთან თამაშს არჩევდა და ბევრ რამეში კიდეც სჯობდათო.
   მალე, სკოლა, მის სახელთან გაიგივევდა.ვისზედაც და რაზედაც გინდა დაგეწყოთ საუბარი, უთუოდ ესმასა და მის ნათქვამ-გაკეთებულზე დამთავრდებოდა. ეს ამბები კი იმდენად მრავალფეროვანი იყო, ზოგი თუ ღიმილსა და აღტაცებას მოგგვრიდათ, ზოგი - გულისწყრომასა და წუხილს.
    ახლა უკვე ყველას, დიდსა და პატარას, ჰქონდა უფლება ჰყვარებოდა თუ სძულებოდა ესმა, ეთქვა რაც სურდა და შეეთხზა მასზე ამბავი, რასაც კი მისი ფანტაზია შესწვდებოდა.
    ასე, რომ სულაც არ მყავდა ნანახი ესმა, მასზე ბევრი რამ რომ ვიცოდი. ვნატრობდი მასთან შეხვედრას, მაგრამ ყოველ მომდევნო ზაფხულს უფრო და უფრო ცუდ ამბებს ვიგებდი უკვე ქალაქში წასულ გოგონაზე. ხელიდან ხელში გადადისო, საყვარლებს ხელთათმანივით იცვლისო, ფულს ყაჩაღობით შოულობს და ციხესაც ძლივს გადაურჩაო, ჩვენებურ ბიჭს უნახავს საროსკიპოში და თვალი აურიდებიაო.   
 მერე და მერე, იმასაც ამტკიცებდნენ, ვენერიული სენით დაავადდა და საავადმყოფოში მკურნალობსო.
ესმა ამ დროს უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა, მგონი ფრანგული ენის განხრით და სოფელში ზალზე იშვიათად ჩამოდიოდა.  ავადმყოფობის გამო, წელიც გაუცდაო. ქალაქ ში ნათესავთან უცხოვრია და ისიც ემუდარება დიმიტრის, ეს გოგო მომაშორე, ცოდვაში ნუ გამხვევო.
   უკვე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მე და ჩემი  ბიძაშვილი, ანა,
, ოპერის თეატრის გადმოსწვრივ, ჯგუფად მომავალ გოგონებს გადავაწყდით. უკიდურესად მოკლე კაბა ახალი შემოსული იყო და მათგან ერთი-ორს ემოსა. ერთ ამბავში იყვნენ, მოჰქონდათ .ქუჩა...
   - შეხე, ესმა! -შეჩერდა ანა, რომელიც კარგად იცნობდა გოგოს და მუდამ მის დაცვაში იყო. ანამ ისიც იცოდა, ესმას გაცნობა ასე რომ მინდოდა, შედგა და  თვალი გაუშტერა გოგონათა გუნდს.
   მაშინვე ვიცანი, თუმცა, არასოდეს მენახა. მართლაც ყველაზე ლამაზი იყო, ყველაზე მხიარული. თეთრი, თანაბარ კბილები შორიდან ანათებდა,წითელი , საცხმიუკარებელი ბაგეები, სწორი ცხვირი და ოდნავგამოკვეთილი ნიკაპი ზოგჯერ ახლაც თვალწინ დამიდგება ხოლმე. თმა თავთუხისფერი ჰქონდა, ეშმაკებით სავსე თვალები კი ცისფერ შუქს ღვრიდნენ. მოკლე კაბა უნაკლო ფეხებს მთლიანად აჩენდა და თვალი უთუოდ გაგექცეოდა.
    ყველა ჭორი და ეჭვი უცებ მოისპო და განადგურდა. იმ წუთში, ესმაზე ლამაზი და წმინდა, თავს დავდებ და, არავინ იქნებოდა სამყაროში.
   ესმამ მალევე დაიჭირა ანს მზერა,გაიხარა, გამოეყო მეგობრებს და სიყვარულით გადაეხვია. მოიკითხა, მერე, მოულოდნელად მომიბრუნდა და, გიცნობო, მითხრა. ქვედა ტუჩზე საჩვენებელი თითი დამადო, თითქოს მეუბნებოდა, ყბა ნუ ჩამოგივარდა, მეც ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარო.
    ძალიან, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩვენი სოფელი. ჩვენებურს ზურგიდანაც კი ვცნობო, ხმაც რომ არ ამოიღოს, არ შევცდებიო.
   მერე დაგვემშვიდობა და აედევნა მეგობრებს...
    დიდხანს არ ვაკარებდი ტუჩებს ერთმანეთს, მისი ნათითარი რომ არ წაშლილიყო. ახლაც, ზოგჯერ მგონია,, ისევ ახსოვს ჩემს ბაგეს ეს ნათითარი, თუმცა მას შემდეგ მთელი ცხოვრება გავიდა.
     არ ვიცი, კარგი იყო თუ ცუდი, მაგრამ ღმერთმა ინება და ესმას მერეც შევხვდი, კარგა ხნის მერე, როცა უკვე ჟურნალისტი ვიყავი და და ესმას აღარავინ ახსენებდა.
   ის უკვე გადაცილებულიყო ყვავილობის ჟამს, თუმცა მის თვალებში მაინც დახტოდნენ რაღაცნაირი ჭინკები, მაინც გიზიდავდა და თავი უნდა შეგებოჭა, რომ არ მოხვეოდი. ის ხომ არავისი იყო და რიდიც არავისი გქონდა.
   -ყველა მიყვარდა, მთელი სოფელი, შენც მიყვარდი. ყველა მამაკაცი მამაკაცურად მიყვარდა და ვაღმერთებდი, ყველა გოგონა და ქალი მიყვარდა, თავიანთი ტკივილითა და სიხარულით. მათი მოგონილი ჭორიც მიყვარდა და ვითავისებდი. არც არავისგან მწყენია რაიმე.
   ყველაზე ძალიან მამა მიყვარდა და მიყვარს, იმიტომ, რომ მან ერთმა არაფერი  დაიჯერა, რაც ჩემზე უთქვამთ.
   არ მქონდა უფლება ერთი მყვარებოდა. იქნრბ, მიყვარდა კიდეც, მაგრამ თავს ვერ მივცემდი უფლებას, გამეუბედურებინა ჩემი მოყვარული. - ერტი ამოსუნთქვით, აღსარებასავით მითხრა ესმამ და გამომშვიდობებისას ისე ჩამეკრა გულში, თითქოს სამუდამოდ გამოეთხოვა სოფელ-ქვეყანას.
                                                                               ***
      ამ ამბიდან წელიწადიც არ იყო გასული, ესმა რომ გარდაიცვალა, დედისგან მემკვიდრეობით მიღებული სენით. მე ეს ამბავი არ გამიგია, ის კი ვიცი, რომ  თეთრ კუბოს მთელი სოფელი მიაცილებდა, სულ ბოლოს კი ,პროცესიას, მამამისი, ვახტანგი მისდევდა შეკაზმული ცხენით და გულზე უკვე ორი შავარშიანი ფოტოთი..
   სოფევს  ელვასავით გადაუარა ახალმა ამბავმა, ესმა უბიწოდ ჩაბარებია უფალსო.
   ქელეხი სოფლის ყველა უბანმა გადაიხადა, ყველგან დაიკლა მოზვერი თუ დეკეული.
    დიმიტრის კი, სასაფლაოდან გზა გაუგრძელებია და აღარ დაბრუნებია სოფელს...
                                                                               2020, 25 მაისი,  19 ივნისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი