ერვანდა ფოსტალიონი


ერვანდა ფოსტალიონი
   უკვე  ისე რომ  წამოვიჩიტეთ, მე და თამაზი, გარეთ გასაშვებად ვივარგებდით, ბებიაჩემი და ქეთო ძალო, ხან წყალზე გვგზავნიდნენ ოთხ-ოთხ კოკააკიდებული ვირებით, დვრინსა თუ ავაზანზე, ხან ტყეში, ფიჩხზე, ხანაც კიდევ შალიკო ნოქარის მაღაზიაში.
   შალიკო ნოქარის, ოთხკუთხა თავი მაშინდელ ფირსაკრავიან დიდ რადიოს მაგონებდა და რომ არ გამცინებოდა, მუდამ თვალს ვარიდებდი ხოლმე. არადა, სად რადიო და სად კოხტაულვაშიანი, მუდამ სუფთად გაპარსული და მართლაცდა, რადიოზე დავარცხნილი, ლაპლაპა თმიანი შალიკო ნოქარი?
    იტყვით, საწყალო, დედა არ გყავდა, სულ ბებია რომ გაკერია პირზეო. მყავდა, როგორ არ მყავდა, მაგრამ ის პედაგოგი იყო და მხოლოდ ერთ თვეს ახერხებდა სოფელში ჩამოსვლას, თანაც სოფლის საქმეებში და ჩემი და ბებიას ურთიერთობაში  არასოდეს ერეოდა. ასე იყო მამაც, რომელიც შაბათ-კვირას თუ ჩამოვიდოდა. ბებიას იმხელა ავტოტიტეტი ჰქონდა,   არათუ მისი სამი შვილი და, შესაბამისად, სიძე- რძლები, მთელი სოფელი დიდ პატივს სცემდა მის ნათქვამს თუ ნაბიჯს და მე, მის ზურგს ამოფარებულს ვინ გამიბედავდა რეჟიმის შეცვლას, რომელიც ბებიასა და ქეთო ძალოს უსიტყვო შეთანხმებით იყო შედგენილი.
      საითაც უნდა წასულიყავი, სადმე, ზოგჯერ სულ უადგილო ადგილას,  ფოსტალიონ ერვანდას აუცილებლად  გადააწყდებოდი.
     ამაყად იჯდა თეთრ ცხენზე, კარგა გადაზრდილი პრინცივით და ამაყად ათვალიერებდა მიდამოს. რაც თავი მახსოვს, სულ ერთნაირად ემოსა, ანდა ისე ეცვა, მე რომ ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებდი. ერთი კია,  ორი დიდი გულისჯიბე და ორი, უფრო გიგი ჯიბე მუდამ ამშვენებდა მის არცთუ სუფთა სამოსს. 
   ზოგჯერ უსახელო ტყაპუჭსაც შემოიცმევდა ხოლმე, თუ არა და თან მაინც მუდამ დაჰქონდა.
   ხელში ხმარებისგან გალეულ-გაქუცული მათრახი  კი ეჭირა და ხშირადაც იქნევდა, მაგრამ მისი „თეთრონი“ ფეხს მაინც არ აუჩქარებდა, მაშინ, კუბასთან მობილიზებული საბჭოთა და ა. შ. შ.-ს ბირთვული პოტენციალი მთლიანად მისკენ რომ მიემართათ.
    ცხენიც, პატრონისა არ იყოს კარგა გადაზრდილი ჩანდა, დაბრძენებული და ვნებადამცხრალი, და ისე, როგორც ყოველდღიური გზა-სავალი, მსოფლიოს ამბებიც კარგად იცოდა, რადგან მისი საბჭოთა ვერსიების ტირაჟის ერთი ნაწილი, ორი დიდი, ყვითელი ტყავის ჩანთაში ჩატენილი, დღენიადაგ ზურგით დაჯქონდა.
დიახ, ერვანდა ფოსტალიონი იყო და ეს ორი სიტყვა, ისე მიება ოდესღაც ერთმანეთს, რომ სოფლის ყველა მცხოვრებისთვის სრულიად გადაგები და ამომწურავი იყო.
     ყველამ იცოდა, რომ, რაც არ უნდა მომხდარიყო, ვერ შეაყოვნებდი და საქმეს ვერ ჩამოარჩენდი, ვერასოდეს შეიტანდი მის სიტყვაში ეჭვს და სრულად ენდობოდი.  არსოდეს არავინ გაიგებდა შენს დაბარებულ სიტყვას ნებისმიერ ადრესატთან, სადაც კი ერვანდა ფოსტალიონის იურისდიქცია ვრცელდებოდა.
    ზეპირად იცოდა სოფლის ამბები, შეეძლო  მისი სრული კომლობრივი  აღწერა, არასოდეს იგონებდა და ავრცელებდა ჭორს, (თავად პრესას თუ არ ჩავთვლით). პირად ინზორმაციას, მოქალაქის ფინანსურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, გარდა იმ შემთხვევისა,  თუ ეს ფსიქოლოგიური ან ფინანსური მდგომარეობა, მის ფსიქიკაზე თუ ფინანსებზე  მოახდენდა გავლენას.
   ერვანდა ფოსტალიონი ძალიან კოჭლობდა.  ისე ძალიან, როგორც კინოკადრები ჩვენი სოფლის კლუბში, ვიდრე  გალაქტო მექანიკოსი ფირს არ გამართავდა და გაასწორებდა.
   არადა, ერთი ფეხი სრულიად ჯანსაღი ჰქონია, მეორე კი უკიდურესად მოკლე, რაღაცა მიზეზით, თუმცა ამ ნაკლს ცხენი მშვენივრად ასწორებდა, ხოლო გრძელი და ღონიერი ხელები კი ყველგან ახერხებდნენ წვდომას და ერვანდაც პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას პარტიისა და მთავრობის წინაშე.
   მე და თამაზიმ მისი ტრავმა ხან ომს დავაბრალეთ, ხან რევოლუციას, მაგრამ ის ფაქტი, რომ არანაირ მედალს არ ატარებდა, ძირშივე ამხელდა ამ ვერსიების უსუსურობას. ერვანდა ჩვენი უბნიდან შორს ცხოვრობდა და ამიტომაც  გვქონდა მასზე ასეთი მწირი ინფორმაცია.
     თავისთავად, სახელი ერვანდა, მიანიშნებდა, რომ სოფელში, უკვე მაშინ, ფარულად მუშაობდა იდეოლოგიური ჯაშუშური ქსელი, ვინაიდან ტრადიციულ სახელებთან ერთად, წააწყდებოდით უცხო ქვეყნების, მათ შორის კაპიტალისტური სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელ სახელებს, მართალია ჩვენებური ვერსიით, მაგრამ მაინც. მაგალითად: ლობერტა, ზარეტა, გერონტა, არლონდა, მარსელა, ჩეზარი, გარსო, ელენორა...
    რაც საბჭოს თავმჯდომარე შეიცვალა, სოფელმა  მკაცრად მოჰკიდა ხელი მეტრიკული დივერსიის აღკვეთას. ახალ თავმჯდომარეს, „პაწკოს, (ნამდვილი სახელი არავინ იცოდა).  ვერაფერს გამოაპარებდით. სახელი უნდა იყოს მკაფიო და ნათელი, ისევე, როგორც ჩვენი დიადი ქვეყნის მომავალი, ეტყოდა გაჯიუტებულ მოქალაქეს და შვილის სახელის შერჩევაში ეხმარებოდა. მერაბი არ გინდა და ოთარი დაარქვი, ან დიმიტრი. თუ არადა, მოიცადე, ფეხს აიდგამს, ორღობეში გავა და რასაც იმსახურებს, იმას დაარქმევს ხალხი...
   უნდა გითხრათ, რომ ძირითადად ასეც იყო და მეტრიკის სახელი, ხშირად, საფლავის ქვაზეც კი ვერ ხვდებოდა.
    -ერვანდ, ერვანდ! - მისდევდა უკვე დაძრულ ფოსტალიონს გამარჯობაანთ თამარა.- „კომუნისტი“ კიდევ დამაკელი, კაცო?
   - კი არ დაგაკელი, სამაგიეროდ, ორი „სოფლის ცხოვრება“ დაგიტოვე. კარგადა ნახე, ორი „სოფლის ცხოვრება“,  ზუსტად „კომუნისტის“ ტოლია. „კომუნისტი“ გიგუშას მივეცი, სტუმარი კაცია, წელიწადში ერთხელ ძლივს ჩამოდის და უგაზეთოდ ვერ სძლებს. რაშიც შენ იყენებ, ეგეც კარგად დამოგადგება. -უპასუხა ერვანდამ არხეინად და რაც შეეძლო, ცხენი ნალის კაკუნს მოახშირებინა.
    დიახ, მოსახლეობის იდეოლოგიური მომზადებისა და შემდგომი განვითარების გარდა, გაზეთს უდიდესი ჰიგიენური ფუნქციაც ჰქონდა, რაც, ახლა რომ ვხვდები, ძირშივე  ანადგურებდა პირველს.
    ვერაფერს იზამდი. თუ ხალხი გაზეთს კითხულობდა, სწორედაც რომ იმ უაღრესად საჭირო ოთახში და იმ მნიშვნელოვან წუთებში. თავისუფალ საბჭოთა ადამიანს, ვერვინ უბრძანებდა, გაზეთის რომელი ნახევი რაში გამოეყენებინა.
    რაც გამიგია და ათასგზის მისწავლია, დიდი სამამულო ომი, საბჭოთა ვერსიით, 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო, ( ანუ,როცა ამ სტრიქონებს ვაწყობ, ზუსტად  79 წლის წინ).  მაგრამ კაკაბეთში, 70 -იან წლებში იგი  განმეორდა, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
    მოგეხსენებათ, ყოველ სოფელს ჰყავს, შედარებით ჭკუამხიარული ადამიანი, ჩვენს სოფელს კი ღმერთმა ორი მოუვლინა, ძმები, კეთილი და მშრომელი  ლავრო და დომენტი.
    ბიჭები თანასოფლელებს ეხმარებოდნენ სხვადასხვა სამუშაოებში და ალალი ლუკმა დაუყვედრებლად ჰქონდათ.  
    „უნდა ითქვას, რომ პარტიისა და მთავრობის ლოზუნგების და საქმის შემდეგ,  მათი ნათქვამი თუ გაკეთებული იყო სოფლის მსჯელობის საგანი და ზოგჯერ ეს უკანასკნელი უფრო გონივრულად ეჩვენებოდა სოფელს. მაგას ლავროც არ იტყოდაო, -ჩაილაპარაკებდა ვიღაცა, როცა ხრუშჩოვი ამბობდა, ვაზის ნაცვლად, სიმინდი გავაშენოთო.
    ერთხელ, ბიწები, პაპაჩემმა დააყენა საქმეზე, ბოსტნის დაბარვა დაავალათ და თავად ისევ საყვარელ საქმეს,ნარდს აუბრუნდა.
   დიდი ხანი არ იყო გასული, რომ უბანი  შესძრა დომენტის განწირულმა კივილმა, ალე პაპავ, გვიშველე, ომი დაიწყო, ფაშისტურმა გერმანიამ ვერაგულად გადმოლახა საზღვრებიო. დომენტის ლავრენტი აჰყვა და მირბიან ქუჩაში ძმები, გაზეთის ფრიალითა და ყვირილით, ხალხო, თავს უშველეთ, ომი დაიწყოო.
     მეც შევცბუნდი, ნარდის რიგში მდგარ ხუთიოდ სერიოზულ კაცთან ერთად, პაპასთან სათამაშოდ კახეთის სხვადასხვა სოფლიდან რომ იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ  პაპა გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩურა, ისე, სხვებსაც რომ გაეგოთ, ტუალეტში ძველ გაზეთს წაიკითხავდნენო და ატყდა სიცილი.
-„კომუნისტი“ იმიტომ სჯობია სხვა გაზეთებს, რომ ყოველდღიურია, - მოძღვრავდა დაუნახავ ხალხს ერვანდა. დაუნახაობა იყო,  აბა, რა, როცა გაზეთს თავად სახელმწიფო გიწერდა, უფასოდ მოჰქონდა და შენ კიდევ თითებს ფარჩხავდი,ეს არა, ის მინდაო. - მართალია, ორშაბათს არ გამოდის, მაგრამ მაინც ყოველდღიურია.  აბა, ორშაბათსაც რომ გამოდიოდეს, ფოსტალიონებს რა გვეშველებოდა? ორშაბათს ჩვენ უბდა დავისვენოთ, ვენახს მოვუაროთ, წისქვილში წავიდეთ, ტყეში. ორშაბათსაც თუ ვიმუშავე, ნალოს ვინ ჩამამიტანს? ცხენზე ფიჩხი ვის გაუგია და ნალო უნდა დავამზადო, დავუბა ცხენს და მოვათრიო სახლამდე.
     იმ დღეს იმხელა თართივით ნალო  დავუბი, გაოცებული დარჩა ხალხი, ან როგო მოსჭერი, ან ცხენმა როგო ზიდაო, მაშა!
    ერვანდამ რაღაცნაირი, მადიანი ლაპარაკი იცოდა. უსაშველოდ დიდ პირს რომ მოაღებდა თვალს ვერ ვუსწორებდი, მეშინოდა, არ ჩავეყლაპე, თუმცაღა მის კეთილგანწყობას მუდამ ვგრძნობდი და ახალჩასულს უთუოდ რაიმე კეთილ სიტყვას მეტყოდა, ან, გაზრდილხარო, ანდა, უბრალოდ, ჩამოხველ, კაცოო.
   კიდევ კარგი, მაშინ კორონავირუსი არ იყო, თორემ რა პირბადე დაიჭერდა მის ვულკანივით პირს, ანდა, რომელი ორი მეტრი ეყოფოდა დისტანციის დაცვას, როცა ცხენზე მჯდარი ფოსტალიონი საწამლი აპარატივით აფრქვევდა დორბლს.
       როცა მარტო პრესა იყო დასარიგებელი, მის მოსვლას ვერც გაიგებდი. სადმე, გარკვეულ ადგილას გაჩრიდა გაზეთებს. მხედრის სიმაღლის გათვალისწინებით, ეს ადგილი ფეხოსნისთვის, ხშირად მაღალი იყო და ყველა ვერ მისწვდებოდა და ან ბავშვები ავძვრებოდით, რამენაირად, ან კიბეს მოიშველიებდნენ ხოლმე.
    აი, როცა პენსია ჰქონდა დასარიგებელი, მაშინ მოთაფლავდა ენას და ისეთებს ჰყვებოდა, თქვენი მოწონებული.
    მეო, დროულად რომ ვარიგებ გაზეთებსა და პენსიას, სხვები ასე კი არ არიანო, ზოგი ორი- სამი დღის გაზეთებს არიგებს ერთბაშად, ზოგი კიდევ შუა ღამემდე უნდება საქმესო.
    ათზე რომ მოდის გაზეთები, თერთმეტამდე ვარჩევ და ვალაგებ, ვისი რა არის და ექვსზე, „ვსიო“, დარიგება დამთავრებულია.
   იმ დღეს, „პაწკოს“ უთქვამს კრებაზე,ერთი-ორი ერვანდა კიდევ რომ მყავდეს, ჩემ ბედს ძაღლი არ დაყეფდაო,  მაშ!
    ამასობაში პენსიონერი იპოვიდა ერვანდას საღ ფეხზე გადაშლილ ჟურნალში თავის გვარს და ერვანდასავე ფანქრით მოაწერდა ხელს, თუ წერა უჭირდა, ჯვარს დასვამდა. როგორც მახსოვს, ძირითადად, სწორედ ჯვრებით იყო ეს დავთარი გადაჭრელებული და ჯვრებიც ისე ჰგავდა ერთმანეთს, თითქოს გადაუწერიათო.
   ხურდიდან, ზოგი შაურს უტოვებდა, ზოგი ორ შაურს, ზოგიც - აბაზს. მაშინ ხურდასაც ფული ერქვა და ეს ადამიანები ხელგაშლილებადაც ითვლებოდნენ, რადგან პენსია სულ 12 მანეთს შეადგენდა.
   ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ალე პაპა, თავისი მაღალი პენსიიდან მანეთს ჩუქნიდა უშურველად, აიღე სომხების მეფეო, ანა ბებო არაფერსაც არ აძლევდა, ხოლო ქეთო ბებო, ხურდას მთლიანად უტოვებდა.
       ამასობაში, ერვანდას ცხენი ჩათვლემასაც ახერხებდა, თუ ახლო-მახლოს ბალახი ან თივა არ იყო. ბევრი ღვთისნიერი, პენსიის მოლოდინში, ბღუჯა თივას უყრიდა ერვანდას ცხენს. ის კი არადა, ბებია ფუთიან ვედროში ზოგჯერ ქერსაც უყრიდა და უდგამდა ხოლმე, ცოდოა, საწყალი.  ჯერ ამხელა ჩანთები ათრიე და მერე კიდევ ერვანდაო, რომლისთვისაც ასევე გამოჰქონდა ახლადგამომცხვარი პური,  ან ნაზუქი, ანაც, ქალაქური ტკბილეული.
     შენნაირი სათნო ქალი სოფელს არა ჰყავს, ქეთოო, ეტყოდა ხოლმე რაღაცნაირი მოკრძალებით ერვანდა და სხვებს რომ ყვირილით ელაპარაკებოდა აქ ხმას უწევდა და თავშეკავებული ხდებოდა.
   ვიდრე ცხენი წაიხემსებდა, დარო ბებო და ფირო პაპაც ახერხებდნენ პენსიის აღებას. მერე კი, ვედრო რომ ამოცარიელდებოდა, აჩუ, ცხენოო, შესძახებდა ერვანდა და მეზობელი უბანი უკვე იგებდა მის მოსვლას და დასახვედრად ემზადებოდა.
                                                                       ***
      მზის ამოსვლას ნახევარი საათით მაინც ასწრებდა პაწკო. საშინაოდ ჩაიცმევდა,  სუფთად და აკურატულად,  და აუყვებოდა გორას.
    მისი ცინკით დახურული სახლი, ამ ფერდობზე ბოლო იყოა ამიტომაც აქაურობა ემშობლიურებოდა და თავისად მიაჩნდ. ანკი, სულაც აქ არ აიდგა ფეხი?
      თუმცა მეტად მოკრძალებული აღნაგობის გახლდათ, მაგრამ ისეთი სიტყვა-პასუხი ჰქონდა, ისეთი განათლებული იყო,მასთან პაექრობაში არავინ ებმებოდა.  მის სიტყვას, სწორედაც რომ ძალა ჰქონდა, თამადობაც კარგი იცოდა, მაგრამ დიდ სუფრებს მაინც არიდებდნენ, ათასი ვინმე მოვა და რაიმე შარი არ მოხდესო.
      ავიდოდა გორაზე, გაივაკებდა და გადმოხედავდა ვრცლად გაშლილ სოფელს, თვალს რომ ვერ გაუწვდენდი.
        მზერით ჩასცდებოდა შარას, მერე რკინიგზას, მერე ფშასა და იორს, . ლამაზად რომ ალაპლაპებდა ამომავალი მზის სხივები. კაკაბეთის სანახები კი დაუსრულებლად გრძელდებოდა, თათრებს ქვემოთაც და იქითაც, მანავის ბოლომდე რომ უწევდა.  
   პაწკოს სამართავი იყო ეს ამხელა სოფელი ისიც პირნათლად ასრულებდა მოვალეობას.  აბა, სადმე ცეცხლი ხომ არ გაჩნდა, აბა, წუხელ, ქარმა ხომ არაფერი გააფუჭა, ხომ ისევ დგას ძველი სახლები...
       სოფლის აღმშენებლობის წლები სწორედ პაწკოს მმართველობას დაემთხვა. რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან, სადაც კაკაბელი მძღოლებიც მრავლად მუშაობდნენ,  მოდიოდა და მოდიოდა რკინითა და ცემენტით დატვირთული „ზილები“, რიყეები სავსე იყო ქვა-ქვიშითა და ლამით.
    ჩვენი ივრის ლამი არ ვარგა, მიწა ურევიაო და ჩაილურის ხევიდან, ანდა სულაც ალაზნიდან ეზიდებოდნენ...
      შენდებოდა სოფელი და კმაყოფილი იყო პაწკოც.
     ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ ფხიზლად, რათა არ შემოგვეპაროს  იმპერიალისტური აზრები, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა ისიც, რომ დავხუჭოთ თვალი, როცა კარგი საქმე კეთდება ხალხისათვის.  ამბობდა პაწკო და ასრულებდა კიდეც.
      8 საათზე სახლიდან გამოვიდოდა, უკვე კოსტუმითა და ჰალსტუხით, გადმოივლიდა ხევზე გადებულ ხის  საცალფეხო ხიდს, რომლის ქვეშაც გვიწევდა ხოლმე გავლა ტყეში მიმავალ ბიჭებს, მიესალმებოდა წყაროზე თავშეყრილ ქალებს, რიგის დაცვას რომ სთხოვდნენ ერთმანეთს და მოკლე ორღობით სოფლის ცენტრში გადიოდა.
    აქ უკვე თავი მოეყარათ უბნის კაცებს, მათ შორის პაპაჩემს და დღეს გეგმავდნენ.
   პაწკო ყველას მიესალმებოდა, ხელს კი მხოლოდ პაპაჩემს ჩამოართმევდა. რაღაცას წაუჩურჩურებდნენ ერთმანეთს, აქაოდა, მარტო მე და შენ ვიციტო და გასწევდა კანტორისკენ.
   ათამდე,  ნუნუ მდივანი ქაღალდებს აცნობდა და ხელს აწერინებდა. ათზე ფოსტა მოდიოდა და გაზეთების გარჩევა-განაწილება იწყებოდა. ქართული გაზეთების გარდა, პაწკო და პაპაჩემი რუსულ გაზეთებსაც ღებულობდნენ.
    პაწკო, ზერგზე ხელებშემოწყობილი გაჰყურებდა ფანჯრიდან ქუჩას და თვალით აცილებდა ფოსტალიონებს, მის საბრძანებელს რომ უნდა მოსდებოდნენ წუთი-წუთზე.
     იმ დღეს კი რაღაც ისე არ მოხდა.
    ერვანდამ დაიგვიანა, რაც აქამდე არავის ახსოვდა.
    ცოტა ხანში ერვანდას შეუკაზმავი ცხენი მოვიდა უწადინოდ და დენის ბოძთან მორჩილად გაჩერდა, აქ მიბმას მიჩვეული.
    -რაღაცა ხდება ერვანდას თავს, გააგზავნეთ ვინმე!- აწრიალდა პაწკო.
    ერვანდა მშვიდად მწოლიარე დახვედრიათ, სამუდამოდ დაძინებული.
                                               ***
       ცხენი კარგა ხანს მდგარა კანტორის წინ. მერე დინჯად დაძრულა, ჩვეული მარშრუტით მოუვლია სოფელი, ჩვენთანაც მოსულა და ბებიასაც უჭმევია ქერი.
     ასე უვლია ორ დღეს, მერე კი არ გამოჩენილა.
     დღეს ხომ ორშაბათია და ალბათ ნალოზე წავიდოდაო ტყეში, უთქვამს ვიღაცას და ასეც ყოფილა.
    მას შემდეგ ცხენი აღარავის უნახავს.
       ახლაც, როცა ვიღაცა ძალიან დაიგვიანებს, ასე ეტყვიან, ჩვენში, შენ რა, ერვანდას ცხენივით ნალოზე ხომ არ იყავ წასულიო...
                                                                                           2020, 20-22 ივნისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი