კაკო დაბრუნდაშვილი
მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოგონებად, დღემდე, ბურთულიანი კალამი მიმაჩნია. მართალია, უნგრელმა ჟურნალისტმა, დასცლო ბირომ, თავის ქიმიკოსი ძმის დახმარებით, რომელმაც მელანი გაასქელა, 1938 წელს , კალამი უკვე შექმნა, მაგრამ დაბეჯითებით ვიცი, რომ 1963 წლის 22 ნოემბერს, როცა ოსვალდმა კენედი მოკლა, დაბა სამგორის საშუალო სკოლაში, ამ გამოგონების შესახებ, ჯერაც არავინ არაფერი იცოდა. მოსწავლეები, ჩვეულებისამებრ, მშვიდად მივუყვებოდით ფართო პროსპექტს, დიდებულად ნაგები ახალი, ოთხსართულიანი სკოლისაკენ. შორიდან, ეს იდილიური სურათი, სწორედაც აღფრთოვანებას იმსახურებს, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებოდით, თვით მოწესრიგებულ გოგონებსაც კი, ჩანთების ძირები, სხვადასხვა დონეზე, მაინც მელნებით ჰქონდათ დასვრილი. მართალია, ბევრმა, ფაიფურის კოხტა კონუსურ სამელნეს ჭრელი ბაწრით შვენიერი ბუდე შემოუქსოვა და სამელნემ მოსწავლის მეორე ხელში გადაინაცვლა, მაგრამ ამით მელნის ლაქების რიცხვიც გაიზარდა და გავრცელების არეალიც, რადგან გოგონები, სამელნეს, ხშირად თავდაცვის მიზნითაც იყენებდნენ. ბიჭები, სამელნეების ტარებით დიდად არ ვიწუხებდით თავს და თანამერხელი გოგონების იმედად ვიყავით, მაგრამ თუ მოხდებოდა და ამ თანამერხელს რაიმეს ვაწყენინებდით, წამსვე გვაჯახებდა, არ ჩაგაწობინებო! და იწყებოდა პრობლემები... არ ვიცი, რა მანქანებით, მაგრამ კაკო დაბრუნდაშვილს სამელნეც სულ დაჰქონდა და არც ჩანთა ესვრებოდა. იგი, რამდენიმე თანაკლასელთან ერთად, ორხევში, სკოლიდან ჩემზე გაცილებით შორს ცხოვრობდა და, როგორც მახსოვს, მუდამ ეულად დადიოდა. იქნებ ამიტომაც იყო, რომ სხვის იმედზე ყოფნა არ უყვარდა. ხუჭუჭა და ძალიან ლამაზი იყო, ოდნავ ჭორფლიანი, თვალები სულ უღიმოდა. საეშმაკოდ მუდამ მზად, იყო, ოღონდ არავის არაფერს აწყენინებდა. ფიზიკურად ძლიერს, კლასის თუ სკოლის ყოჩები თავს არიდებდნენ და მასთან მშვიდობიან ურთიერთობას არჩევდნენ. კაკო კარგად სწავლობდა. განსაკუთრებით მათემატიკა და შემდეგ, ფიზიკა შეიყვარა, თუმცა არ აქტიურობდა, მაგრამ ცოდნაც მუდამ ამჟღავნებდა. მე რამდენიმე ახლო მეგობარი მყავდა, ვისთანაც მისვლა-მოსვლაც მქონდა და ოჯახებიც კი, ერთმანეთს იცნობდნენ. მამაჩემს ხშირად უთქვამს, ნეტავ, ბეჟანიც და დათოც ჩემი შვილები იყვნენო. რაც შეეხება კაკოს, იგი განსაკუთრებით არავისთან მეგობრობდა. ასე მახსოვს, თუმცა ყველას კი ძალიან უყვარდა. ერთხელაც სახლამდე დამემგზავრა და ის იყო უნდა გავყრილიყავით, რომ მითხრა, ჩემთან წამოდი, რაღაცა უნდა გაჩვენოო. შევაგდე სახლში ჩანთა და გავყევი კაკოს. ბეჟან გოგოჭურის სახლს, სადაც ხშირად ვსტუმრობდი, კარგა შორს გავცით, გავიარეთ ბარაკები, სადაც მანამდე არასოდეს ვყოფილვარ და კაკოს ეზოს კუტიკარს მივადექით. მომცრო ეზო იყო, რამოდენიმე, ჭერმის, ქლიავის და თუთის კარგა მოზრდილი ხე ეზოს აჩრდილებდა. სახლი ძალიან პატარა და მოუწყობელი ჩანდა. მე მაინც მომეწონა აქაურობა, განსაკუთრებით ეზოში გამართული, სახურავქვეშ მოქცეული მოზრდილი მაგიდა, ხელსაწყოებითა და სხვადასხვა ხარა-ხურით რომ იყო სავსე. კაკომ ჯამით ხილი და ჭიქებით მაწონი გამოიტანა და მერე, დიდის ამბით, თუნუქის ყუთს, ოდესღაც, ალბათ, სიგარისთვის რომ იყო განკუთვნილი, თავი ახადა. ყუთში თვითნაკეთი რევოლვერი იდო. ერთობ გამიკვირდა და ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, როცა კარგად დათვალიერებისას ამ საავტორო იარაღში მრავალი საყოფაცხოვრებო ნივთი ვიცანი. მათ შორის ფანჯრის ანჯამა, საკეტზე გადაცმული რეზინით რომ მოდიოდა მოქმედებაში და მისი ქლიბით გაწვეტებული პირი ეცემოდა გილზის "ფისტონს", რაც შემდგომ მოვლენებს იწვევდა, უბრალო ენაზე, გასროლას რომ ვეძახით. ლულაც და გილზიც მეუცნაურა. უნდა გითხრათ, რომ ბეჟანის მამა, დავითი ძია, მილიციაში მუშაობდა და "დიადი საბჭოთა ქვეყნის" მთავარ იარაღს, "მაკაროვს" უკვე კარგად ვიცნობდი, სასხლეტზე თითი მქონდა გამოკრული პაპას ფრონტიდან ჩამოტანილ უზარმაზარ გერმანულ "მაუზერზეც " და, დანამდვილებით გეტყვით, რომ კაკოს ფირმის იარაღი, მათთან შედარებით, რაღაც უცხო და მეტად სახიფათო კონსტრუქციის მეჩვენა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია კაკოსათვის, მარჯვე გასროლით ხიდან ვაშლი გაექრო. კაკომ სხვა იარაღიც მაჩვენა, ჯერაც ასაწყობი, გაუმჯობესებული მოდელი, რომელიც, თურმე გასროლილ გილზსაც გამოაგდებდა, რაღაც ნაწილი რომ ეშოვა და მეორე გილზსაც ჩატენიდა. ჩემი დიდი თხოვნა გაითვალისწინა და მისი გამოცდა გადადო, თუმცა, შემპირდა, როცა დავასრულებ, აუცილებლად გაჩვენებო. საუბრის თემა რომ შემეცვალა, ვაშლის წვენის ქილაზე მივუთითე, რა ასხია - მეთქი. მელანიაო, უნდა გავასქელოო, აიღო ხელში ქილა თავი მოხადა და ბლანტი სითხე მაჩვენა. მზეზე დიდხანს თუ დადებ, სქელდება. ჩავასხამ შემდეგ მილში, თავს გავუკეთებ, ბურთულა დატრიალდება და წერე, რამდენიც გინდა... *** მეცხრე კლასის მეორე მეოთხედიდან, რადგან ბებომ უარი თქვა ქალაქში წამოსვლაზე, მე კვლავ კაკაბეთის საშუალო სკოლას და მშობლიურ კლასს დავუბრუნდი, რომელთანაც ერთად ვისწავლე პირველ კლასში. ერთხელაც სკოლიდან რომ მოვედი ქალაქელი თანაკლასელების დეპეშა დამხვდა, კაკო გარდაიცვალაო. მაშინ პირველად ჩავხედე სიკვდილს თვალებში. ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ კაკოს რაღაც აუფეთქდა ან დენმა დაარტყა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მენინგიტმა იმსხვერპლა მართლაც ანგელოზი ვაჟი . დღესაც მჯერა, კაკოს რომ ეცოცხლა, ხალხს არა მხოლოდ უკეთესი საბრძოლო იარაღი ექნებოდა, არამედ უკეთესი სასწავლო ინვენტარი და, საერთოდ, უკეთესი ცხოვრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი