არტალის ძვალი
ადრეულული ბავშვობა ღრმაღელეში გავატარე, ბოგვისა და ზიგზაგის ქუჩებზე, სადაც, ისე,როგორც განთქმულ "ნახალოვკაში" დიდი თვითნებობით შენდებოდა ჩვენი ტკბილი თბილისი. ზიგზაგის ქუჩა, სადაც ჩემი უსაყვარლესი ვალიკო ძია და შურა ბიცოლა ცხოვრობდა, სამ შვილთან ერთად, სწორედ რომ ღელის ფსკერზე იყო გაშენებული და ზუსტად იმეორებდა კალაპოტს, ამიტომაც შერჩა ეს რომანტიული სახელი და, დღემდე დიდი შიში მაქვს, არავის მოუვიდეს თავში მისი შეცვლა. რაც შეეხება ბოგვის ქუჩას, ეჭვი მაქვს რომ იგი დაგეგმვას, გარკვეულწილად, ექვემდებარებოდა, რადგან ამ ხევის მარჯვენა ნაპირს სწორხაზოვნად მიუყვება. იგი ორმოცდაათამდე მეტრის სიმაღლიდან ამაყად დაჰყურებს ზიგზაგის ქუჩას და ჩარგლის ქუჩამდე ჩადის, საიდანაც უკვე ნამდვილი ქალაქი იწყებოდა. სახლებიც, ბოგვის ქუჩაზე, დიდებულებით გამოირჩეოდა. აგურით ნაგები დიდი, ორსართულიანი შენობები დღესაც იწონებენ თავს და დედაქალაქის ნებისმიერი ქუჩის თანამოძმეებს არ უდებენ ტოლს. მე და ჩემს ბიძაშვილს, ლექსოს, ამ ორ ქუჩაზე მოძრაობის სრული უფლება გვქონდა, რადგან იმხელები უკვე ვიყავით, რომ ციცაბო და სახიფათო ბილიკს, რომელიც დედმამისშვილების სახლებს აკავშირებდა, უკვე იოლად ვძლევდით. უფროსი ბიძაშვილები, ავთო და ნაილი, მეთოთხმეტე სკოლაში სწავლობდნენ, ხოლო მამიდაშვილები, ნანო და ნელი, - მეთხუთმეტეში. ამის მიზეზი იქნებ სწორედაც ეს ხევი იყო, ანდა, ბიძაჩემის და მამიდას სამსახურები, რადგან განათლების ამ კერებს, სწორედაც რომ ემთხვეოდა მათი სამსახურების მდებარეობა. ჩემს დაბადებამდე, მამიდაჩემის ქმარს, სულხანს, ღრმაღელეში, აგურის განთქმულ ქარხანაში უმუშავია, საიდანაც ,თურმე, როგორც წესი, არავინ გიშლიდა, ხელს გამოგეყოლებინა იმდენი აგური, რასაც დაძრავდი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიძაჩემი შესვენებაზეც ამოდიოდა სახლში და, ამავე დროს, ფიზიკური ძალით კულა გლდანელსაც არ დაუდებდა ტოლს, მიხვდებით, რატომ გამოირჩეოდა მისი სახლი ასეთი გრანდიოზულობით... ძალიან რომ არ გავერთო, იმასაც გეტყვით, რომ, როცა სახლი ააშენა, ბიძაჩემმა აგურის ქარხანას თავი დაანება და ერთხანს, ოქტომბრის ქუჩაზე, ზედ გზაჯვარედინთან, საიდანაც მისი სახლისკენ ადიოდა გზა, ახლადგახსნილ გასტრონომში ხორცის სექციაში დაიწყო მუშაობა. იმ დღიდანვე, მე და ლექსოს, რომლებიც უკვე ექვსი-შვიდი წლისები უნდა ვყოფილიყავით, მოძრაობის არეალი გაგვიფართოვდა და პურზეც გვგზავნიდნენ იმ მაღაზიაში, სადაც ბიძაჩემი მუშაობდა, თუმცა, ლოკაციას ხშირად ვიცვლიდით და მთელ უბანს ვედებოდით. პურის მოტანა დიდად სარფიანი საქმე იყო, ვინაიდან დიდძალ ხურდას გვიტოვებდა, ზოგჯერ 50 კაპიკსაც, და ეს, კაპიკები, ფულის რეფორმის პირველ წლებში, უზარმაზარი თანხად ითვლებოდა. ორი სოსისი პურიან-გარციციანად და ორი ბოთლი ლიმონათი, „პლატონას დუქანში“, ჩვენს მოთხოვნას სრულიად აკმაყოფილებდა. აი,ცოტა მოგვიანებით, როცა ხორცის ყიდვასაც გვანდობდნენ, უკვე მანეთსაც „ვტეხავდით“. ამ ფულით, კინოთეატრ "საქართველოს" დღის სეანსებს არ ვტოვებდით და ბუტერბროდებითაც ვიტკბარუნებდით პირს. მაშინ, ხორცზე უკვე რიგები იდგა და ჩვენც მორჩილად ვდგებოდით ამ რიგში. ბიძაჩემი თითქოს ვერც გვამჩნევდა, მაგრამ ჩვენი რიგი რომ მოვიდოდა, ღიმილით გვკითხავდა, რას მიბრძანებთო? -ერთი კილო ხორცი მინდა. - ეტყოდა ლექსო. -სამი კილო მე მინდა. - ჩავილაპარაკებდი მეც . ხორცის რაოდენობაში ამხელა განსხვავება იმას უკავშირდებოდა, რომ მამიდაჩემი, ოდითგან, დედა ტერეზას სინდრომით იყო დაავადებული და ყველა გაჭირვებულსა და უპოვარს კვებავდა, რომელთა დიდი ნაწილი, მათი უზარმაზარი სახლის პირველ სართულზე დაბინავებულიყო და სამ ათეულს მაინც, თამამად ითვლიდნენ. ისმაილა და სარა თუ უშვილო ოჯახი უყო, ოფიკას და სანველას, სამი "კნუტი" ჰყავდათ, როგორც მამიდა მათ ეძახდა, ორი ჟორიკას და ლოლას. ეს სახლის წინა შესასვლელიდან ვინც სარგებლობდნენ. უკანა მხრიდან კიდევ სამ ოთახში იყვნენ განაწილებულები, რომელთაგან ზოგს სახეზეც ვერც ვცნობდი. ისინი მომცრო უკანა ეზოთი სარგებლობდნენ და მათთა გაცნობობის სურვილი არც მქონია. საერთოდ, ბოგვის ქუჩაზე ჭრელი მოსახლეობა იყო. ნახევარი თუ ქართველები ვიყავით, ნაახევარი - აზერბაიჯანელები, ბერძნები და სხვა, ჩემთვის მაშინ უცნობი ტომის ხალხი ბინადრობდა. ახლა მხოლოდ მაშინდელი თანატოლები, აზერბაიჯანელი საბირა და მოლდოველი გოგონა ზარეტა მახსენდება, რომელიც ჩვენი სახლის გადაღმა ცხოვრობდნენ და ერთი-ორჯერ, მათ ეზოშიც ვარ ნამყოფი. მოგვიანებით, როცა უკვე სკოლაში დავდიოდი, მთელი ქუჩა გავიცანი, მაგრამ ჩემი მთავარი ქუჩა მაინც ზიგზაგი იყო, სადაც მთელ დღეს ვატარებდი და ცნობითაც ყველას ვიცნობდი. მოკლედ ამას იმიტომ გიყვებით, რომ მამიდაჩემი არა მხოლოდ ჩემი და ჩემი ბიძაშვილების, ყველას მამიდა იყო და,როგორც ვთქვი, ყველა გზასაცდენილი თუ დედის დაწყევლილი მისი საპატრონო იყო. ნატო მამიდა საბავშვო ბაღის ექიმი გახლდათ, მეტად წარმოსადეგი ქალი. ცოტა შავგვრემანი, მაგრამ ტანიანი და ეშხიანი. როგორც მამაჩემი ამბობდა, ძალიან უყვარდა ქრთამის მიცემა, ამიტომაც იცნობდა თანამდებობის პირებს და ამიტომაც გვქონდა მთელს ქუჩაზე მხოლოდ ჩვენ ტელეფონი. დედაქალაქის ექიმთა ფართო წრესთან მეგობრობდა და, შესაბამისად, ავადმყოფთა დიდ გაერთიანებას ზედამხედველობდა და იფარავდა. ბიძაჩემი შინ რომ ბრუნდებოდა და ახალ-ახალი ხალხი ხვდებოდა თავის სიმწრით აშენებულ სახლში, იმასღა თუ იკითხავდა, ის ვიღან არის, ტყუპები რომ ეჭირაო და მამიდა ისეთ ისტორიას მოუყვებოდა, მხოლოდ "სარკეში" თუ წაიკითხავდა კაცი, ან სერიალში ნახავდა. მოგეხსენებათ, მაშინ, არც "სარკე" გამოდიოდა და ტელევიზორშიც, მთელ ქუჩაზე, ასევე, მარტო ჩვენ რომ გვქონდა, ორ საათიან პროგრამაში, სერიალების ადგილი ჯერაც არ იყო, ამიტომაც, ბიძაჩემს მალევე მოულბებოდა გული და მზად იყო კიდევ ერთი გზააბნეულისთვის გაემართა ხელი. დიახ, ჩვენი უდიდეს ქვაბში მოხარშული ბორშჩი, მომცრო ქვაბებსა და ჯამებში ნაწილდებოდა და პროლეტარიატის გარკვეულ ფენას, მდგმურებად რომ იყო ცნობილი, კვებავდა. ჩვენი სახლი, ქუჩის თითქმის ბოლოში იდგა და 35 ნომერი ამშვენებდა. ჩვენს ზევით მხოლოდ ხუთიოდე სახლიღა იყო. ქუჩას ამთავრებდა მეტად საშიში, ჩქარი არხი, რომელსაც ნაკეთები გზა მიუყვებოდა და ღრმაღელის ყველა ქუჩის ბოლოს ერთმანეთთან აკავშირებდა. თუ არხზე გადებულ საშიშ ბოგირს გადაივლიდი და საკმაოდ ციცაბო ფერდობს აუყვებოდი, რომელიც ცხვარ-ძროხით იყო სავსე, გორის თავში სასაფლაოზე ახვიდოდი, იქიდან კი თბილისის ზღვამდე, კილომეტრიღა იყო დარჩენილი. სასაფლაოებზე ხეტიალი მუდამ მიყვარდა, მაგრამ ეს სასაფლაო არავითარ ფილოსოფიურ აზრს არ მიჩენდა, ვინაიდან, ძირითადად, არაქართველებს მოეყარათ თავი და ასობით გზააბნეული ადამიანის სამუდამო განსასვენებლის ერთად ხილვა, ბავშვში შესაფერის ემოციას ჯერაც არ იწვევდა. ისე, განსვენებულთა გვარები ახლაც მახსოვს: ლაშინი, უტკინი, ფეოდოროვი, არეშინი... ნახირს, ორი-სამი, ბიძაჩემის ფური ერია და მათი რძით, მამიდაჩები კარგა ბლომად მაწონს ადედებდა, ეზოში მდგარ მოზრდილ „სარაიაში“. ამ მაწვნით კი, არა მხოლოდ ბიძაშვილ-მამიდაშვილები, მთელი ეს ქარახინა ხალხი იკვებებოდა და, ზოგჯერ გაურეცხავ ქილებსაც კი არ აბრუნებდნენ უკან. მგონია, თხრობა ისევ გამექცა, თანაც ვიცი, რომ ინტერნეტმკითხველს არ უყვარს ზედმეტი ლაი-ლაი, ამიტომაც ისევ ხორცის ამბებს დავუბრუნდები. მოვათრევდი თუ არა, დიდი წვალებით, ბადურაში ჩადებულ, სქელ ქაღალდში გახვეულ ხორცს, მამიდაჩემი მაშინვე იწყებდა სადილის მომზადებას. ქაღალდის გახსნას მოჰყვებოდა ჩემი საყვარელი ბიძისა და მისი ჯიშ -ჯილაგის წყევლა, მიწაში ჩადებით. არ ინდობდა საკუთარ თავსაც, „შენ რომ გამოგყევიო“, შვილებს,- „შენზე უკეთესები რად დაიზრდებიან“-ო. ეს ჩემთვის იავნანასავით იყო და სულაც არ მადარდებდა, რადგან მამიდაჩემს ყველა ათასგზის ჰყავდა შავ მიწაში ჩადებული. მხოლოდ მე, ავთოს და ლექსოს გვაკმარებდა, „შე, შავი ძარლისა“-ო. ნაილიზე კი, რომელიც მართლაც ანგელოზი იყო და მთელ ამ დიდ უბანს ანათებდა და აკეთილშობილებდა, ძვირს როგორ დააცდენდი. წყევლის მიზეზი, ამჯერად, ის გახლდათ, რომ მშვენიერი, ვარდივით ხორცის ქვეშ, როგორც ბიძაჩემი აფასებდა ხორცის ხარისხს, არტალის ძვალი იყო ამოდებული. -გაგიხმეს ხელები! ამ თოთო ბავშვს ამხელა გზაზე იმიტომ ვაგზავნი, რომ ეს ძვალი ათრიოს? იმეორებდა დაუსრულებლად და ერთხელაც, როცა მთელი დღის ნაჯაფი ბიძაჩემი, საშუალოზე მაღალი, ჩადგმული და მეტად ძლიერი აღნაგობის ვაჟკაცი, სტალინს რომ ძმასავით დაემგვანებოდა, ცოტა მეტად თუ მოუშვებდა ულვაშს, იღლიაში რომ გასარეცხი თეთრი ხალათი ამოეჩარა და დინჯად მოუყვებოდა მეორე სართულზე ამომავალ მარმარილოს კიბეებს და თანაც შეფარვით და შიშით ათვალიერებდა ეზოს, უცხო ხომ არ შემოემატა ვინმეო, სწორედ ამ სიტყვებით გამოუხტა მამიდა. მეგონა ბიძაჩემი გაბრაზდებოდა. მან კი გამიღიმა და თვალი მიყო კიბის თავზე მდგარს. დინჯად გამოიცვალა ფეხსაცმელი და უკვე სამზარეულოში შემალული მამიდის გასაგებად თქვა: - აბა, რა ვქნა, ვის გავატანო ეს ძვლები? ხარისხი გააუქმეს და ყველა ნაჭერს ერთი ფასი აქვს. ნახევარ კილოს რომ ყიდულობს კვირაში ერთხელ ადამიანი, იმას გავატანო, თუ იმას, ცოტა ცხიმი ამიწონე სუპი რომ მოვუხარშო ავადმყოფ ბავშვსო? შენ ორ დღეში ერთხელ სამ კილო ხორცსა ყიდულობ და ძვალი შენისთანებს უნდა შევაპარო, თანაც, შენი გულისთვის, ამხელა კაცი ხელს არ გავიფუჭებ. სიმართლე თუ გინდა, მე კი არ ვდებ იმ ძვალს, ჩემი ხელი დებს! როგორც იქნა გაბედა მამიდამ და ჩემოუტრიალდა ქმარს, ლამაზი და გაბადრული, -ჰო, კარგი, იმათ ამოუწყდა ოჯახი ვინც ეგ ხარისხი გააუქმა! - გადაამისამართა წყევლა და სუფრის გაშლას შეუდგა. მართალია, ყველა ამბობდა, მამიდა მოიტაცესო, მაგრამ მამიდაჩემის ხშირად ნათქვამი საყვედური, „შენ რომ გამოგყევი“-ო, ახლაც ეჭვს მიჩენს მოტაცების ვერსიაში. მითუფრო, ერთხელ, აკი წამოაძახა კიდეც ბიძაჩემმა, შენ წინ-წინ გარბოდიო... მოვიდა დრო და წინ-წინ წავიდა ამ ქვეყნიდან მამიდა, ოთხმოცს გადაცდენილი, ბიძაჩემმა გაცილებით დიდხანს იცოცხლა. *** იქნებ წერტილი უკვე დასასმელია, მაგრამ ნებისყოფიან მკითხველს მაინც მინდა ერთი მოკლე ამბავი მოვუყვე. მაშინ უკვე დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვიყავი და ამ სახლში მარტო მიწევდა ყოფნა. მამიდაშვილები თავიანთ ოჯახებში იყვნენ, მამიდაჩემი და ბიძაჩემი კი სოფელში, სადაც სახლი აიშენეს და მეურნეობას მიჰყვეს ხელი. პირველი სართული ისევ სრულად იყო დატვირთული, მაგრამ ეს სულაც არ მიშლიდა ხელს, რადგან ვრცელ მეორე სარტულზე, მათ არსებობას ვერც გრძნობდი. აღდგომაა და ამ დღეს ჩვენი ქუჩა მუდამ ივსებოდა ხალხით. ზოგი ტაქსით ამოდიოდა ქუჩის ბოლომდე და მერე მიუყვებოდა სასაფლაოს ფერდობს, ზოგიც ტრამვაით, ანდა ავტობუსით მოდიოდა და უკვე ოქტომბრის ქუჩიდან ადგებოდა გრძელ გზას. ვიჯექი ფანჯარასთან და გავყურებდი ჭრელ ხალხს, ვინ იცის, ბოლოს როდის რომ მოაკითხეს თავიანთ მიცვალებულებს. იმ დღეს შინ ვიყავი, რაც უიშვიათესი გამონაკლისია ჩემი ახალგაზრდული ცხოვრებისა და ამ მისვლა-მოსვლას პერიოდულად ვადევნებდი თვალყურს, თანაც რათაც წიგნს ვკითხულობდი. ნოულოდნელად შევანჩნიე სამი-ოთხი ადამიანი, დაჟინებით რომ იცქერდნენ ჩემი ფანჯრისკენ და ერთი ქალბატონი ღიმილით, მგონი, ხელსაც მიქნევდა. ფანჯრის გაღება დავაპირე, მაგრამ ისინი ჭისკრისაკენ დაიძრნენ და იძულებული გავხდი შევგებებოდი. ქალბატონი გულში ჩამეკრა, გია არა ხარო? -მეკითხებოდა და თან ამაყად იწონებდა თავს დანარჩენებთან. როცა შინ შევიყვანე მოულოდნელი სტუმრები და მაგიდას შემოვუსხედით, მაშინღა გამახსენდა ეს ქალბატონი, მაშინ ალბათ 17-18 წლის გოგონა, ზოია, დედასთან ერთად რომ ცხოვრობდა ჩვენი სახლის პირველ სართულზე. იცი, მე ნადია დეიდამ შემთხვევით მნახა ქუჩაში, მენჯებიდან ამონარდნილი ვიყავი და ვერ დავდიოდი. დედას წაართვა ჩემი თავი, საავადმყოფოში დამაწვინა და ოპერაცია გამიკეთეს. მერე თაბაშიშსიც ვიჯექი. ნადია დეიდამ ამ სახლში გადმოგვიყვანა მე და დედა, რადგან სოროში ვცხოვრობდით და ბავშვი დაავადდებაო. მერე, ჩვენ, როსტოვში დავბრუნდით, პაპის ბინაში, რომელიც მემკვიდრეობით მივიღეთ. მამა იმ სოროში დარჩა და, ჩვენს აქ ყოფნაშივე გარდაიცვალა, ახლა მის საფლავზე ვიყავით. ნადია დეიდა აუცილებლად უნდა მენახა... სამწუხაროდ, ნადია დეიდა და სულხანი ძია, სოფეშში არიან, ალბათ ისინიც წინაპართა საფლავებზე - მეთქი. ქალბატონმა ჩანთიდან ფული ამოიღო და მითხრა; -ქალბატონ ნადიას, რაც აქ ვცხოვრობდით, კაპიკი არ გამოურთმევია. თვეში ათი მანეთიც რომ ვიანგარისოთ, დიდი თანხა გამოდის და ამდენი ვერ შევძელი. იქნებ, ოდესმე კიდეც მოვაგროვო... აქ 150 მანეთია, გადაეცი ნადია დეიდას, მე ძალიან გამეხარდება. -რას ამბობთ,ქალბატონო, თქვენ რომ ფული გამოგართვათ, ხომ მომკლა მამიდამ? - ამიტყდა სიცილი. -არ იცით მისი ხასიათი? -მაშინ თქვენ დაიტოვეთ, მას სულაც ნუ ეტყვით ამ ფულზე! -იპოვა გამოსავალი. -ჰოოო, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მამიდას რომ არსოდეს არაფერს ვუმალავდი? არა, მე იქნებ არც კი გამიბრაზდეს, ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ საკუთარ თავს რომ ვერ ვაპატიებ? მოკლედ დიდი ვაჭრობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ამ ფულით, თავის ვაჟს ველოსიპედ „ლასტოჩკას“ უყიდიდა მამიდაჩემის სამახსოვროდ. მაშინ მართალია, ველოსიპედები უკვე გაძვირებული იყო, მაგრამ ეს ფული „ლასტოჩკას“ თავისუფლად გასწდებოდა. 29-30 ივლისი, 2020.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი