სიყვარული პოეზიისა


პოეტურ ჰანგებს ალმასებად მივიბჯენ მკერდზე,
		და გამალებით გადავიფრენ ოცნების ხედზე.

		გზას სიყვარულით გამიკაფავს ლექსის ლანქერი
		და გავანათებ ვით კანდელი აღარ ჩავქრები.

		მე პოეზიას მივუძღვენი ცხოვრება მთელი,
		ეს ნოტებია, რაც მამხნევებს და უმალ ვთვრები,

		გრძნობის ტაფობზე გადაღლილი ვეშვები მთვრალი,
		კვლავ ძალას ვიკრებ და დავიწყებ ლოცვას ამ კალმით,

		რა მადიდგულებს - უსაზღვროა პოეტის გული,
		იქ სიცოცხლისა ნერგებია მწკრივად დარგული.
		
		ტერენტი გრანელს გავამხნევებ მდუმარ წერისას
		და გალაკტიონს გავაღმერთებ ამ სიმღერისას.

		ამ ჰანგებს შემდეგ ბარათაშვილს გავუზიარებ
		და რუსთაველსა გავუმრთელებ დაჭრილ იარებს,

		აქაა ვაჟა! მთის არწივიც - ერის ყაზბეგი,
		აკაკი ! თანაც ცისფერყანწთა მთელი რაზმები.

		თერგდალეულებს ფიალითა მივესალმები,
		ჭავჭავაძეებს ტრფიალითა შევედარები,

		ბესიკ გაბაშვილს ტრფობის ალში შევეცილები,
		ორბელიანის მეომარ გულს ჩავაცივდები.

		ასათიანის პატრიოტიზმს ვენაცვალები,
		მირზა გელოვანს ბრძოლის ალში შევეჩეხები,

		ლეონიძისა პოეტურ ჰანგს განვადიდებ და
		ნიშნიანიძის პოეზია მაიმედებდა.

		
მე გრიშაშვილის ქალის ტრფობა ახლაც კი მხიბლავს
და ლებანიძის ხატოვანი ლექსები მიტანს,

გამსახურდიას „ზღვისფერ თვალებს“ ვეალერსები
და ნონეშვილის პოეტის გულს ვეღარ ვეშვები.

მაჭავარიანს დავულოცავ ქართულსა სულსა,
კალანდაძისა მოვიგონებ ხმას მზით გასულსა,

ოთარ ჭილაძეს ვეთხოვები მისივე ლექსით,
ხარხელაურის პოეზიას ვკითხულობ ვნებით,

ჭანტურიას კი ცისფერ ღრუბლებს მე ისევ ვუქებ,
გომელაურის ჩუმ ტირიფებს რიდითა ვუმზერ.

ჰე, საქართველოვ! პოეზია უკიდეგანოდ,
გადაეცემა თაობებსა იმედთა საზრდოდ.

მარად ვადიდებ ჩვენს პოეტებს გულით რწფელითა,
ჩვენ ერთად ისევ ვღაღადებთ და ჟინით ვმღერითა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი