ხმა ლირიკული
აღარაფერი, გარდა ლექსის არ დამრჩენია, ვერ მაოცებენ „მეოცნებე ნიამორები“... ეს ყველაფერი ალბათ ღმერთის განაჩენია, განაჩენია, რომ შენც ვეღარ გეამბორები! აღარაფერი აღარ არის, ვით იყო მაშინ, წაყვა დროებას სილამაზე ხმელი ფოთლების და ახლა მხოლოდ ქუჩა-ქუჩა დავდივარ ხალხში, სად გზად მომყვება შეჯახება ღვინის ბოთლების! სხვასა ჰგონია, რომ ლაღი ვარ, დარდი მაქვს არც რა, იმ სხვას რა ესმის სიმწუხარის ელეთ-მელეთის, იმ სხვამ რა იცის, ჩემ გულში რა იმედი ჩაქრა, ვით მზე - მნათობი ამოდენი ზღვის და ხმელეთის! სხვას არას ვიტყვი, ან სათქმელი განა-ღა რაა? დავდივარ ასე, დარდის დიდი სამოსახლოთი, სად ქალი იტყვის: მის ცხოვრებას ფასი არა აქვს, ან შეშლილია, ან პოეტი, ან კიდევ ლოთი! თუმც ერთს-ღა ვიტყვი, თუ შემხვდები სადმე, ოდესმე, თვალთ ნუ მაჩვენებ, სადაც ჩაქრა ბავშვის ოცნება, თორემ იცოდე, ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასო, ეგ თეთრი ბაგე ჯავრით მწარედ დამეკოცნება! გიორგი ზუბიტაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი