*** (მდინარის პირას ყვავის კრაზანა)


მდინარის პირას ჰყვავის კრაზანა,
თავშავა, ძირა, ძირწითელანი...
ივლისის გვირგვინს გაქცეულები
ნაგუბარს წვანან პირტიტველანი,

არ უგემიათ რომელთაც ტანჯვა,
არ დადაგულან ტრფიალის ალში,
ჯერ მათ თვალებში ბავშვობის მზე დგას
და დამაჭრული სილაღე ხმაში...

იმათ სველ სხეულს ქარი ათრთოლებს,
უცხოა მათთვის თრთოლვა მიჯნურის,
იმ ქვეყნიური როგორც სამოთხე
ან ჯოჯოხეთი ამ ქვეყნიური.

ლაღ-კისკისობენ, ხან-ხან გინებით
ერთურთს ებრძვიან ბავშვური ჟივით...
და მახსენდება ჩემი წარსული,
მინავლებული გაზაფხულივით.

გიორგი ზუბიტაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი