ხე - მარადისობის


იდგა ხე მარადისობის, იდგა კი არა, მადლს ფენდა... 
ნაცვლად ფოთლების  მოესხა წმინდანი - ასი ათასი... 
იყო ერთგვარი სიჩუმე და სინანული "მაკბეტთა", 
თან, მორჯულება-მოთოკვა უსახო "ასინათა" - სი...  

ცეცხლსმიცემული, დამსკდარი დარდი,  ვით ჯაჭვი, დნებოდა...
სადღაც მახლობლად მჭექარედ მღეროდა თავად რიონი... 
ფესვებს ძლიერად, მდუმარედ რუსთველი ჩაჭიდებოდა,
ყვავილის ნაცვლად ტოტებზე ჰვაოდა გალაკტიონი... 

შორით ისმოდა სიმღერა, სხვაგვარი შემოღამების... 
ამოსულიყო ფშაველა გზადადაგზა, ვერხვებსქვემოდან... 
ტოტიდან ტოტზე დახტოდა ჩიტი ღაბუა, გრანელის
და გაზაფხული დარაბებს ქარივით ეხეთქებოდა...

ჩანგური თვითონ მღეროდა, გვხიბლავდა ტკბილხმოვანებით... 
დრო აღარ იყო სიზმრების, არც კვდომის, აღარც მისნობის... 
შიშების დასატყვევებლად, იმედმა იხმო ქარები... 
როგორც სიმბოლო სიცოცხლის, იდგა ხე მარადისობის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი