ილიას შეგონება
გველნი დაძრწიან უმისამართოდ, წიწილებს ჩეკენ... ჩემო სამშობლოვ, რით დაგეხმარო, შეგცივდა ხომ არ... რას დამაკლებდა ის ერთი ტყვია, ნასროლი ჩემკენ?! რომ არა... მერე თავზე დამტყდარი ტყვიების ხროვა... ახლა ფიქრები სერს მიჰყვებიან, სოხუმის პირას, დაცლილ სახლებში შემოპარულა სხვა ტომის შვილი, ქარნი დაქრიან, დევნილებივით, იცვლიან ბინას... სევდა გამხდარა იმ ქუჩებისა სტუმარი ხშირი. დამსგავსებია თეთრი ღრუბელი ანგელოზს უფრთოს, ჯვართან ბიჭვინთის დავანებულა, მოთქვამს და ტირის... სახეშეცვლილი ტაძრის კედლები გულს მტკენენ უფრო და საფლავები, მიტოვებული, მმატებენ ტკივილს; სადღაც აჩრდილი ჯარისკაცისა უსიტყვოდ დადის, და „ის ხმა ტკბილი“ დადუმებულა, არ მიკვირს, არა! ო, ღმერთო ჩემო, მარტო ის ზეცა, ის მთები რად ღირს, რომ ჩემს მოლოდინს ისევ შევჩივლო - დამეხსენ, კმარა! ისევ ყიდიან ჩემს საქართველოს, „დასეტყვილს“, დაშლილს, ისევ მიხსნიან გულზე ჭრილობას, ვერაფრით ვრჩები... მეც უგზოუკვლოდ, სადღაც მიმაფრენს შავთვალა რაში და არც კი ვიცი, ვისღა შევჩივლო სისუსტე ჩემი. შორს ეს ტყვიები, ცეცხლისმფრქვეველი, მდგენელი საზღვრის! მზეო, იმ ქარებს გადაეღობე, შეჩერდნენ, უთხარ... კიდევ მესროლეთ, ტყვიებს ავიტან, მომკალით სამგზის, ოღონდ აფხაზეთს უსაქართველოდ ნუ ჰგუობთ, ნუღარ... გველნი დაძრწიან უმისამართოდ, წიწილებს ჩეკენ... ჩემო სამშობლოვ, რით დაგეხმარო, შეგცივდა ხომ არ... რას დამაკლებდა ის ერთი ტყვია, ნასროლი ჩემკენ?! რომ არა... მერე თავზე დამტყდარი ტყვიების ხროვა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი