სამი საუნჯე
მენატრება ჩემი სახლი, კოხტა ეზო - უთბილესი, ზოგჯერ გულით ვამბობ სათქმელს, ზოგჯერ გულთქმას უდრის ლექსი... მენანება საფლავები, დარჩენილი უპატრონოდ, სევდა ლამის მივახრჩე და ხმას ვეღარ მცემს, უბატონოდ... მომენატრა რწმენის კერა და სამრეკლო ბიჭვინთისა, ლურჯი მთები, ზღვა მიცნია ეკლიან გზებს ვინც ჭრის, მისად; ჰო, ლურჯი ზღვაც მომენატრა თეთრი გემი, შორს წასული და ქართულის გაკვეთილი - „ილიათი“ ხორცშესხმული... დამაქვს გაგრის სიყვარული, დამაქვს „მგზავრის წერილები“ და თავადაც, როგორც მგზავრი, დაბრუნებას წლები ველი... მენატრება გაგრის სიო, სველ ფოთლებს რომ ჭადარს აცლის და ეულად დარჩენილი ტომეული ჭავჭავაძის... ამიტომაც დავბრუნდები, ქარი ეჭვებს ძირავს - ფანტავს, დავბრუნდები, ვერ გავწირავ სამ საუნჯეს წინაპართა! ძალა რწმენის, ერთობისა... უცილობლად მტერს შერისხავს და ილიას შთაგონება ფსოუს წყალთან ფრთებს შეისხამს... გ.ო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი