აფხაზეთი
ქარებს უთხარი, მოეშვან ტვინის ბურღვას და თარეშებს... მინდა, მოება იმედებს ძალდატანების გარეშე, წერტილს შენ არ სვამ, არც ბრჭყალებს და იკარგები მძიმეში... დაბორიალობს გონება უკიდეგანო სივრცეში... ტირის ჩონგური, ბრალია ჩამოწყვეტილი სიმების; მზესთან ჩამიწყვე, მომინდა გადმობირება სხივების... როდემდე უნდა ტიროდე, კვდებოდე, გულ - ღვიძლს იძრობდე... მზე დამახვედრე კარებთან, შემოვევლები, იცოდე... არ დაიღალე მითხარი, წერილთა გამოგზავნებით?! ადექი, გესმის? - იმედად, ბიჭვინთის რეკენ ზარები. საშველს არ მოგცემ, ფიქრებში, სიზმრებში შემოგეჭრები... ადექი - მეთქი, იმედად, ჩამომსხვრეულან ეჭვები... ამ საზღვრებს კაცი, თუ მკითხავ, დაშლიდა, გადააწყობდა; ადექი - მეთქი, ადექი, დაიხელმკლავე განწყობა... წამო, წავიდეთ მდინარის პირას რომ ძველი სახლია, მშვიდობა შენს მთებს, შენს ველებს, - პირჯვარი გადასახვიათ... მშვიდობა იმ კაცს, იმ მხარეს, ვინც ძველ საფლავებს უვლიდა, მშვიდობა შენს ზღვას, შენს ქუჩებს, მოუწყვეტელო გულიდან... ლურჯი ცის ოქროს საკინძევ, გრძნობის წიგნაკო უბისა, წყალობით სავსე ტაკუკო, ხელშევლებულო უფლისგან... ხელო, უშრეტი სიკეთის, ყურო, ფიქრების სურისა; შენი მზე მომნატრებია, ნავსაყუდელო სულისა... არ ენდო ჩემზე, თუ გითხრეს - სათქმელი გამოლიაო; თოვლის საბანქვეშ, უსიტყვოდ, ამოხეთქილო იაო.. კიდევ ბევრს გეტყვი, ადექი... არას გახდები თვლემითა; ჩემი ოცნების გვირგვინო, შემოჭედილო თვლებითა! უშენობაა მიზეზი გულში ისრებად მოხვედრის, საქართველოსგან უწყვეტო, სულისშეძვრაო კოლხეთის! ენგურს გაღმა და გამოღმა ცა ჩემთვის ორთავ ერთია! არ გავჩერდები, ვიდრემდე უგუმბათოა ბედია! მე ამბებს შენი მთებისა სხვებისგან უნდა ვიგებდე?! არ გავჩერდები, არათქო, არ დავბრუნდები ვიდრემდე! ნუ გეშინია, იმედი გამოვიყვანე ნისლიდან; ნაწილო გულთქმის არსისა, ამოხეთქილო სისხლიდან... ადექი, გემუდარები, მოდი, დავიწყოთ ახლიდან; ფუძეზე ახალს დავადგამ, თუ არც რამ დარჩა სახლიდან... ღმერთმა დალოცა ყოველი, არსი გაიგო ვინც ლოცვის, მას შევავედრებ შენს ზეცას, ამონარიდო სიცოცხლის... ქარებს უთხარი, მოეშვან ტვინის ბურღვას და თარეშებს... მინდა, მოება იმედებს ძალდატანების გარეშე. გ.ო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი