სათოვლია - უცუნა


სათოვლია - უცუნა

მთიდან ბარში ჩამოდის ნაბდიანი მეცხვარე, 
მთაში აყვავებულა სათოვლია - უცუნა...   
მოდის თეთრი ნაგაზი, გზიდან ჩამოეცალეთ, 
მგლებს თავდასმის იმედი უკვე გადაუწურა...
მზე ღრულბლებში შევიდა, ზეცას შუბლზე აკოცა, 
შემოდგომის ხალისი, თითქოს, უცებ გათავდა, 
დაათოვა გორაკებს, დაათოვა საოცრად...
ვერ გაარჩევ ფიფქია თუ ცხვარია ქათქათა...
მოდის მომცრო ნაბიჯით შორი გზიდან ზამთარი, 
ბარში ჯერ არ იგრძნობა, მთაში უკვე აცივდა...
ფიქრობს მწყემსი - სხვა მხარე ამისთანა სად არის?
და ფიქრები მამულზე  მხრებზე შემოაცვივდა. 
სათოვლიას ამბავი იქნებ სულაც მითია?!
ახლა  სუსხი იმარჯვებს, ჰგავს დრო- ჟამის ხელმწიფეს;
თუმცა, ჩამოზამთრება მაინც დროებითია, 
გაზაფხულზე საფიქრალს ვინ მოუშლის ხმელ წიფელს...
მთიდან ბარში ჩამოდის ნაბდიანი მეცხვარე, 
მთაში აყვავებულა  სათოვლია - უცუნა... 
მოდის თეთრი ნაგაზი, გზიდან ჩამოეცალეთ, 
მგლებს თავდასმის იმედი უკვე გადაუწურა.

*სათოვლია, უცუნა — როდესაც სათოვლია ყვავილობს ე. ი . მალე თოვლი მოვა და მთის იალაღებიდან ბარში ჩამოდიან მესაქონლეები. სერიიდან  - ავტობუსი № 292.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი