ჭ ო რ ე ბ ი


ისევ ჭორი, ჭორი, ჭორი... 
ზის სიჩუმე, ისიც ჭორავს;
ვწმენდ ფიქრების ღუმლის კიდეს
ისევ შავი კვამლი ჭოლავს...
აქეთ ზეცა გამოჭორეს,
იქით ლურჯ მთებს მისწვდა ჭორი
და ურემი დროის გახდა
სათრევი და მისაწოლი... 
ზედ შეაბეს მოთმინება, 
ცხვირით მიწა ათხრევინეს; 
სამშობლოსთვის,  მაცოდინა,
ნეტავ, ღამეს ათევს ვინმე?!
შევცოტავდით, ვის ადარდებს?! - 
ვილებს დგამენ სათიბეზე;
ჭორიაო კი ამბობენ, - 
ქართველს ისევ სანთლით ვეძებ..
მთვარე მზეზე დაუნიშნავთ, 
რა ადარდებთ, გარდა მზითვის...
დგას მანქანა სულის კართან, 
ვით ჭორების გადამზიდი...
სადღაც ღვინოს წყალი შეყვა
და გამსკდარა სადღაც ჭური;
სიმართლეს კი ხელთ შეაბეს
ჭორასხმული სამაჯური... 
იქნებ ჭორში ნახა შვება, - 
თავად იყო კაცის ნება
და დაიწყო სიყვარულმა 
დაწვრილება, გადინება...
რომ უსმინო, გაგიჟდები, 
ციდან მთვარეს მოქაჩავენ;
ტვინიანებს ჭორს უგდებენ,
უტვინონი კოხტად ჭამენ..  
ყველგან აღწევს, ყველგან მიდის - 
ეკლესიის კართან  გდია...
ნაყოფსაც კი ისხამს თურმე, 
ერიც, ბერიც გადარია... 
ისევ ჭორი, ჭორი, ჭორი... 
ზის სიჩუმე, ისიც ჭორავს;
ვწმენდ ფიქრების ღუმლის კიდეს,
ისევ შავი კვამლი ჭოლავს...

გ.ო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი