სიმშვიდის მოდერატორი


მიყვარს თბილისი, ვეტრფი ქუთაისს, 
კიდევ ერთ ქალაქს ვენაცვალები... 
ცაო! თავი გაქვს ახლა თუ რამის...
იხსენ! სამყოფად ვერ მაქვს ძალები... 
ფრენა ვასწავლე სულის ნიამორს,
გულში ანთია სულ ჩირაღდნები; 
ნეტავ, სოხუმის სიომ მიამბოს
მე ნინოშვილის ქუჩის ამბები... 
სახლი დავიდგი მე იქ, წლების წინ, 
თეთრი, ქათქათა, თოლიასავით, 
ლექსი მგზნებარე გულზე შევიწვი
და გავალურჯე თოვლი, ზღვასავით...
სახლი კი არა, ვნების სასახლე,
სახლი კი არა,  ფიქრთა სავანე,
ოღონდ დაბრუნდეს, ხელსაც არ ვახლებ, 
ჩემს გაზაფხულებს იას ვავალებ... 
ახლაც ვაოკებ ცხენებს, რიწის ფერს,
ნაცვლად გიჟების,  ვკურნავ პალატებს!
უნაგირივით ვაბამ ლუციფერს
ჩემი რითმების კურაპალატებს...
იმათ არ შერჩეთ ცოდვა მისხალიც, 
(სევდა ალაგებს მოსდევს დატბორილს...)
მინდა სოხუმი, მინდა ის სახლიც... 
ქუჩა - "სიმშვიდის მოდერატორის". 








გალაკტიონის სახლი სოხუმში🌿💖
ეს ერთადერთი სახლია, რომელიც გალაკტიონ ტაბიძემ ააშენა საკუთარი პროექტით. 
გალაკტიონი ამ სახლს 1949- 1958 წლებში აშენებდა, ნინოშვილის ქუჩაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი