ე.წ. გაგრის ზღვის "ბუიოკები"
სულ ბოლოში, კიდემდე მიმიყვანა მამაჩემმა, გადაიხედე, რა ლამაზი თევზი მოცურავსო, ჰოპ... და ამოვყავი თავი ზღვაში, მაშინ ცურვა არ ვიცოდი და საშინელმა შიშმა შემიპყრო... მაშინ პირველად გავუნაწყენდი გაგრას, რომ, მართალია პატარა ტალღებთან, მაგრამ მაინც მარტო დამტოვა. ყლუუპ, ყლუუპ, გავიძახი, ვაფართხალებ ხელებს და არავინ მშველის... "იცურავე, იმოძრავე, იცურავეეე" - ყვირის მამაჩემი, სხვაგვარად ვერ ისწავლი, სხვაგვარად სულ დაგჩაგრავს ზღვა... ვიბრძოლე, ვისწავლე, გამოვცურე და მას შემდეგ სულ მოვცურავ, ზოგჯერ - დინების მიმართულებით, ზოგჯერ - საპირისპიროდაც. მამაჩემმა მასწავლა ბრძოლა და ცხოვრების გზებზე რთული, მტკიცე ნაბიჯების გადადგმა. (ახლა, უცებ გამახსენდა. წლების წინ ნამდვილ დათვს რომ შეხვდი და გულუბრყვილოდ დავიჯერე, რომ ეს უბრალოდ დიდი ძაღლი იყო. ალბათ, იმ დროსაც მამამ გამათამამა). მაშ შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. რა არ გამომივლია. ვიცი, მჯერა, ჩემს მთავარ გზას გაგრამდე მივყავარ. ამიტომაც დავარქვი ამ გზას: „გაგრიდან - გაგრამდე“. ჩავალ და კიდევ გავაგრძელებ სვლას... უკვე მშობლიურ მხარეში და ნაცნობი ბილიკებით. მივალ ბიჭვინთის ტაძარში, მივალ წინაპართა საფლავებთაბთან, მივალ მშობლიურ სახლთან, მივალ გაგრიფშთან, მივალ ბებიას გადამწვარ სახლ-კართან, მივალ საყვარელ ნავსადგურთან, მივალ....მივალ...მივალ... მერე აქაც მივალ, გაგრის ზღვის "ბუიოკთან", ჰოოპ, ისევ გადავეშვები ზღვაში, და სამუდამოდ ჩამოვირეცხავ გაგრასთან განშორებით გამოწვეულ სევდას. ჰო, მივალ ამაყად, უპირობოდ დავბრუნდები და დავმშვიდდები. - მე მოვესწრები დაბრუნებას? - მკითხა ამასწინად მამაჩემმა. - აბა რა, მამა, ყველა ერთად დავბრუნდებით, უფრო დიდი ოჯახით. გ.ო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი