ერთი საინტერესო ამბავი (ლეგენდისეული)


დიახ, უმეტეს შემთხვევაში, რაიმე მოვლენას, საგანს, ადგილს... მისი მთავარი ნიშან - თვისებების, გამოვლინებების გამო ეწოდა კონკრეტული სახელი. 

დიდი ხნის წინ, როცა ყველას და ყველაფერს ჯერ კიდევ არ ერქვა თავისი სახელი, ერთ ლამაზ მხარეში ცხოვრობდა ფიქრების მწყემსი. ცხოვრობდა თავისთვის მშვიდად და ფიქრების მოვლა - პატრონობით იყო დაკავებული. ერთ მშვენიერ დღეს, მას მოსვენება დაუკარგა ზეცამ, რომელმაც ჰკითხა: 
-	კეთილო მწყემსო, რა ჰქვია ადგილს, სადაც შენ ცხოვრობ და შრომობ?. 
მწყემსი საგონებელში ჩავარდა, მას ხომ ამ საკითხზე არასდროს უფიქრია.
-	ალბათ, სახლი - მოკლედ მიუგო მან და ფიქრებს გადახედა, იმის იმედით, რომ ისინი გაუადვილებდნენ პასუხს. 
-	უბრალოდ სახლი? - გაიკვირვა ცამ.
-	მოდი, ასე მოვიქცეთ, შემოიარე შენი ლამაზი მხარე და ვინც გზაზე შეგხვდეს, გაგაოცოს ან სიკეთე გიყოს, დააკვირდი, ჰკითხე სახელი და მათ სახელებში ეძებე შენი სახლის სახელწოდებაც - დაარიგა ცამ. 
მწყემსი ასეც მოიქცა და ჯერ კიდევ გაუკვალავ, მწვანე გზებს გაუყვა. პირველი ვინც შეხვდა, არც კაცი იყო და არც კაცის მსგავსი. ვერც სულიერს უწოდებდა ადამიანი და ვერც - უსულოს. 
-	მიამბე შენზე, მითხარი რა გქვია?" - შეევედრა მწყემსი. 
-	მე ის ვარ, ვისაც მთელი სამყაროს დატევა შეუძლია, ვინც ზოგჯერ, სიყვარულით არის სავსე, ზოგჯერ კი - სიძულვილით, ვინც უტყვია და ამასთან ერთან - მრავლისმთქმელიც, მე გული ვარ, კეთილო მწყემსო, და თუ კეთილი ადამიანის საგულეში დავიდებ ბინას, მაშინ ბედნიერი ვიქნები - გაისმა ჩარაზული კარიდან. 
-	გული?" - გაიკვირვა მწყემსმა. "მაშ, რატომ ცხოვრობ ამ სახლში მარტო, ან ამ სიბნელეში, ჩაკეტილი როგორღა ძლებ? 
-	აი, ხედავ ამ მთას. მთის გადაღმა ათინათი ცხოვრობს, ის რომ მოდიოდეს ჩემთან სტუმრად, ჩემი დაკეტილი კარის ჭუჭრუტანაში რომ იმედის პატარა სხივად შემოდიოდეს, შევამტვრევდი ამ კარს, გარეთ გავიდოდი და დავიწყებდი ძებნას იმ კეთილი, სიყვარულით სავსე ადამიანისა, ვის საგულეშიც ავძგერდებოდი. მე ვერ გავდივარ, კარი ჩარაზულია, ის კი ვერ მოდის, სიბნელეში გზას ვერ იკვლევს და თან თავისი ნათების სიმცირის ეშინია.
-	იქნებ, ერთად გეცხოვრათ, არ გიფიქრიათ ამაზე? - იკითხა მწყემსმა.
-	არ ვიცი, კეთილო, ეს ჯერ მას უნდა ჰკითხო - უპასუხა გულმა და ათინათის სახლისკენ მიმავალ მწყემსს თავისი გულისცემა გამოაყოლა. 
-	შენ ხარ ათინათი?- ჰკითხა მწყემსმა პატარა სინათლის სხივს. 
-	მე გახლავარ, ვიცი, რისთვისაც მოხვედი, სიამოვნებით ვესტუმრებოდი გულს, შევიპარებოდი ჩაკეტილი კარის ჭუჭრუტანაში, გავათბობდი, მცირედ გავუნათებდი სახლს, მაგრამ მერე რა ვქნა? კარს რომ დიდი ბოქლომი ადევს. მეშინია, რომ სამუდამოდ ჩავრჩე კარს მიღმა. რაღაც უნდა მოვუხერხოთ ამ უზარმაზარ ბოქლომს.
-	და როგორ? - მასწავლე - აფორიაქდა მწყემსი.
-	აი, იმ მწვანე ქედს, ზღვაში რომ შეჭრილა, აბა, გაუსწორე თვალი, ხედავ?" - დაიწყო ათინათმა.
-	კი, ვხედავ - დაუდასტურა მწყემსმა.
-	სადღაც იქ უნდა ცხოვრობდეს გრდემლი - გააგრძელა პატარა სხივმა.
-	გრდემლი ვინაა, ან რაღაა? - ჩაეკითხა მწყემსი.
-	ქართველი ხალხის წარმოდგენაში გრდემლი წმინდა საგნად ითვლება და მას მჭედლები ყოველ შაბათს სანთელს უნთებენ. ძველად სცოდნიათ დამნაშავის გრდემლისთვის "გადაცემა" დასასჯელად და მისი "ახსნაც" (ცოდვის მიტევება). გრდემლი ლითონის საკვერავი დაზგაა. თუ მოინდომებ, იქ გამოჭედავ იარაღს, ოღონდ, თუ ღმერთი გწამს, საბრძოლველად - არა. აი, სწორედ იმ ბოქლომის გასატეხად, გულის კარს რომ დაადო ვიღაცამ - დაარიგა ათინათმა და გზა უჩვენა გრდემლისკენ. თან გააფრთხილა, რომ ამ უღრან ტყეში და იმის იქეთ სრული სიბნელეა და რომ სჯობს, ღამის გასათევად, ფიქრები აქ დატოვოს. 
-	არა, ჩემს ფიქრებს ვერსად დავტოვებ, ყველგან, თუნდაც სიბნელეში, თან უნდა ვახლდე" - მტკიცედ გადაწყვიტა მწყემსმა და იკითხა: "თუ წასვლას ვამჯობინებ, სხვა რა გზა არსებობს, გრდემლის სახლამდე რომ დროულად მივიდე?
-	კარგი, რახან არ იშლი, ზღვას ხომ ხედავ, ახლა ამრა (აფხაზურად - მზე) ამ ზღვაშია ჩასული, სძინავს. სთხოვე დროზე ადრე ამოსვლა. ტყეში და ტყის მიღმა ის გაგინათებს გზას - ასწავლა ათინათმა. მწყემსი ნაპირთან მივიდა, მძინარე მზე გამოაფხიზლა და სთხოვა დახმარება. 
მზემ შესჩივლა: "რატომ უნდა გავისარჯო ან რისთვის? აი, მესმის ახლა გულს ვათბობდე, კეთილ, მშრომელ ადამიანს ვასაზრდოებდე, პატარა ათინათს ვზრდიდე და ვპატრონობდე, მაშინ დღენიადაგ გადმოვაფრქვევდი სხივებს. ო, რა რუდუნებით გავაკეთებდი ამას".
- ბრუდუნებით ? - ეს რაღაა -  იკითხა მწყემსმა. 
 - რუდუნება ყველაფერს სჭირდება: სიყვარულს, მეგობრობას, შრომას..."
 - რუდუნება სად ვიპოვო - დამწუხრებული ხმით უთხრა დაღლილმა მწყემსმა.
 - ის შენშია, ეძებე შენში - დაამშვიდა მზემ.
მწყემსი დაპირდა მზეს, რომ თუკი ახლა დაეხმარებოდა, სანაცვლოდ, გულთან და ათინათთან ახლოს დაასახლებდა. მზემ გაანათა გზა. მწყემსმა გრდემლის სახლს მიაგნო. იქ ბოქლომის გასატეხად იარაღი გამოჭედა. მზესთან და გრემლთან ერთად დაბრუნდა ათინათთან. ეს უკანასკნელი მზემ ბედნიერების შუქურად გადააქცია და ნავსადგურთან მიუჩინა ბინა. გატეხეს ბოქლომი, გამოუშვეს გული და ერთად დაიწყეს ძებნა იმ კეთილი და მშრომელი ადამიანისა, რომელიც ახალ დასახლებას წალკოდად გადააქცევდა.
გ-ული,
ა-თინათი,
გ-რდემლი,
რ-უდუნება,
ა-მრა - 
მწყემსის მიერ აშენებულ ერთ კოხტა სახლში დასახლდნენ და უწოდა კეთილმა მწყემსმა ამ ადგილს გ ა გ რ ა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი