სიზმრის ახსნა (ამბავი ერთ ჩემს მეგობარზე, მის მონათხრობზე დაყრდნობით)


„როცა შესაძლო ვარიანტებს თითებზე ითვლი, არასოდეს გამორიცხო სასწაული“
ჯემალ ქარჩხაძე

სიზმრის ახსნა

(ამბავი ერთ ჩემს მეგობარზე, მის მონათხრობზე დაყრდნობით) 

მიყვარს ჩემი წალენჯიხა, აქ დაირწა ჩემი აკვანი, აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების გზა.  გზა -  უდავოდ რთული, მაგრამ ამასთან, საინტერესო და უცნაური თავგადასავლებით სავსე. დიახ, წალენჯიხა, სვადასხვა ნიშნით გამორჩეული, მშვენიერი ადგილია ჩვენი ფესვმაგარი სამეგრელოსი. ის ხომ დადიანების რეზიდენციაც გახლდათ. აქ ჰქონდათ მათ საგვარეულო სასახლე, საჭურჭლე (საგანძური) და საგვარეულო ძვალთშესალაგი. აქ იყო ოდიშის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოც. წალენჯიხაში მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი - წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარი.  წალენჯიხის ტერიტორიაზე გამოვლენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და უძველესი ნამოსახლარები. გამორჩეულია ჩემი მშობლიური კუთხე შუა საუკუნეების ეკლესიებითა და ციხე-სიმაგრეებით, ალპური ტბებით, ჩანჩქერებით, ხეობებითა თუ მთებით. 
ამიტომ მიყვარს ის გამორჩრულად. თუმცა, ეს იყო დასაწყისი გზისა, რომელიც შემდგომ გაგრძელდა საქართველოს სხვადასხვა კუთხესა თუ ქალაქში. იყო ბევრი გამოწვევა, შეჯიბრი საკუთარ თავთან... დაუოკებელი სწრაფვა და ბრძოლა სხვადასხვა მიზნამდე მისასვლელად. 
...და იყო სიზმარი,  რომელიც ღრმა ბავშვობიდან მოვიდა და დღესაც ჩემი გატეხილი ღამეების განუყოფელი ნაწილია. ხშირად მესიზმრება საოცარი მხარე, ზღაპრული ბუნებით: ლურჯი მთებით, მორაკრაკე ცისფერი წყაროებით, ფართოდ გაშლილი ზურმუხტისფერი მდელოებით. ვიცი, იქ შორი-ახლოს ზღვაც არის, რომელსაც სულ სხვა ფერი და სურნელი აქვს. იქ სულ სხვა სიო დანარნარებს. სხვა გემო და სითბო აქვს წვიმის წვეთებსაც. სულ სხვაგვარად ყვავილობენ მიმოზა, მაგნოლია, ჰორტენზია. ვმუნჯდები ფეიხოს საოცარი ყვავილების ხილვის დროს. ცა? -  ღმერთო ჩემო, ასეთი ღრმა,  ასეთი ბრწყინვალე თავსაბურავი დედა-მიწისა სხვაგან არსად მინახავს. 
დიდხანს ვეძებე ეს კუთხე,  მაგრამ ცხადში ვერსად ვიპოვე. ამასთან, მუდმივად მდევდა განცდა იმისა, რომ ეს დიდებულება, რაღაც ფორმით,  ჩემს ბავშვობას ნამდვილად უკავშირდებოდა. ყველაზე საინტერესო კი ამ სიზმარში ის გახლავთ, რომ ყოველ ჯერზე გავდივარ ტრიალ მინდორზე, სადაც დაბრძანებულია წმ. გიორგის კარედი ხატი. ერთ ხელში ხის გაბზარული ჯვარი მიჭირავს, მეორეში - ვერცხლის ბარძიმი, გზის ბოლოს თავით ვეშვები წყლით სავსე ოქროს ავზში და იქიდან ფრთებშესხმული და სულ სხვა ადამიანი გამოვდივარ. ბოლოს კი მონაწილე ვხდები საოცარი თავყრილობისა და ნადიმისა. 
დიდხანს, დიდხანს არ ვიცოდი და ვერც ვხვდებოდი,  რას ნიშნავდა ეს სიზმარი ან რა კავშირში უნდა ყოფილიყო ის ჩემს ბავშვობასთან. 
ამასწინათ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლზე წავიკითხე სტატია. ავტორი იუწყებოდა,  რომ ეს არის მე  - 11 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუში. ის აგებულია სოფელ ილორის შუაგულში და შუა საუკუნეებში საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა.  2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მას თურმე ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებია. 
სტატიის ბოლოს ეწერა, რომ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ტაძარი სრულიად გადაკეთდა.  აღინიშნება კედლების გადათეთრება და რუსული საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალები. შესაბამისად ტაძრის პირვანდელი არქიტექტურული იერი სრულიად წაშლილია. წაშლილია ქართული წარწერებიც. 
ტერმინმა "ოკუპაცია" გამომაფხიზლა და მივხვდი, რომ საუბარი იყო აფხაზეთზე, კერძოდ ოჩამჩირეზე, სადაც მდებარეობს სოფელი ილორი და რომლის შუაგულშიც დგას წმ. გიორგის ეკლესია. ამჟამად სრულიად სახეშეცვლილი. მერე უცებ ერთი ძველი ფოტო გამახსენდა, ასევე ძველი ფოტოალბომიდან; ძლივს მივაგენი, აქ 3 - 4 წლის უნდა ვიყო. ფოტოზე კარგად ჩანს წარწერა: "ილორი - ნათლობა". რაღაც კადრები ამოტივტივდა გონებიდან და დავიწყე უხილავი ძაფების გაბმა ჩემს სიზმართან.
დახმარებისთვის მშობლებსაც მივმართე და სიზმრადქცეულ რეალობას ფარდა ავხადე. 
სწორედ ამ ასაკში გადაწყვეტილა  ჩემი მონათვლა. ნათლიას ქრისტიანული საიდუმლოს აღსასრულებლად წმ. გიორგის ეკლესია აურჩევია და მთელი ოჯახი, თანმხლებ პირებთან ერთად, აფხაზეთს გავეშურეთ. აი, თურმე საიდან ის საოცარი ფერები და სურნელება - ჩემი სიზმრიდან გამომკრთალი. 
მაგრამ გაბზარული ხის ჯვარი რას უნდა ნიშნავდეს? მოგეხსენაბათ, ნათლობის დროს ხშირად იყენებენ როგორც ხის, ისე ოქროს ჯვარს (ეს უკანასკნელი აუცილებელ ატრიბუტად ნამდვილად არ არის მიჩნეული). სწორედ ის ხის ჯვარი აკურთხა ილორის ეკლესიის მოძღვარმა,  ჩემი ნათლობის ნიშნად და გულზე დამკიდა. დროთა განმავლობაში,  ხე გაცვდა და ჯვარს მცირე კუთხე ჩამოტყდა. ხის ჯვრის ამბავიც ასე გავარკვიე. 
რაც შეეხება ვერცხლის ბარძიმს ჩემი სიზმრიდან. ის ბედიის ოქროს ბარძიმის მსგავსი ყოფილა და მის შესახებ ცნობები მე - 19 საუკუნიდან მოგვეპოვება. ილორის ბარძიმის თასის პირს მიუყვება ქართული ასომთავრული ერთსტრიქონიანი სავედრებელი წარწერა.
ოქროს ავზი? ამაზეც მოგახსენებთ... პატარა ბავშვმა  ემბაზი სავარაუდოდ ასეთად აღვიქვი და ჩემს მეხსიერებაში მსგავსი დატვირთვა მივეცი. 
შეგახსებებთ, ემბმაზი ეწოდება ჭურჭელს, რომელშიც ბავშვს ნათლავენ. იგი ძველი ქართული სიტყვაა და სანათლავს ნიშნავს, ხოლო როგორც სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში განმარტავს, საბანელს, განსაწმენდელს აღნიშნავს.
ჩემს სიზმარში არც წმ. გიორგის კარედი ხატის ამბავი იყო შემთხვევითი. ის ილორის საგანძურია და წარმოადგენს ვერცხლის დასაკეც, სამფრთიან, ძეწკვით შემკობილ ხატს, რომლის წინა ნაწილზე გამოსახულია წმ. თევდორე და წმ. დიმიტრი განმარტებითი წარწერებითურთ. ხატი ქართული სინამდვილიდან არის გადმოტანილი და უკავშირდება საკულტო ცერემონიალს, რომელიც გიორგობა დღეს ილორში იმართებოდა. ხატი დაცულია ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
რას უნდა მივაწერო ის დიდი თავყრილობა და ე წ. ნადიმი? ახლა ამაზეც მაქვს პასუხი. ყოველი წლის 10 ნოემბერს (ახ. სტ. 23 ნოემბერი) ილორში იმართებოდა "ილორობა" – ყველაზე დიდი დღესასწაული დასავლეთ საქართველოში. დღესასწაულზე უამრავი მლოცველი იყრიდა თავს დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხიდან – მეგრელები, აფხაზები, სვანები, იმერლები, გურულები, – უამრავი შესაწირით. 
და ბოლოს... რა თქმა უნდა, მკითხველისთვის არახალია, რომ ნათლობა ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური საიდუმლოა. ამ ღვთისმსახურებითი წესის აღსრულების შემდეგ ადამიანზე გარდამოდის სულიწმინდის მადლი, რომელიც უხილავად ცვლის მას. ეს უხილავი შეცვლა კი ცალსახად შეეხება ადამიანის ბუნებას,  მის არსებას: სხვადასხვა ფსიქიკურ პროცესს, სხვადასხვა ცხოვრებისეული მოვლენის თანმხლებ განცდებს. დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა  აქვს თავად ნათლობის ადგილს. ეს არის ადამიანის სულიერი სამყაროს ნავსაყუდელი... მინდა ვისურვო, რომ არამარტო ჩემი,  ალბათ, ბევრი ქართველის სულიერი საზრდო - ილორის წმ. გიორგის სამლოცველო, გახდეს ის პატარა ნავსაყუდელი, სადაც მადლიერების ნიშნად აღევლინება სამადლობელი ლოცვა ერთიან საზღვრებში დაბრუნებული, გაბრწყინებული საქართველოისა. 
ალბათ, ხვალაც ვიხილავ იგივე სიზმარს... მისი ახსნა უკვე მაქვს... 
თუმცა, ცხადში - აფხაზეთში მშვიდობიანად, ღირსეულად დაბრუნების გზებს კვლავ ვეძებ და ვიცი,  რომ ვიპოვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი