გასაღები
ვინ მოთვლის, რამდენი კარის გაღება ან ჩარაზვა მომიწია ცხოვრების გზაზე. ზოგიერთის გაღება იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ბევრი წელი და უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა. რთული იყო ზოგიერთის სამუდამოდ გამოხურვაც. ყველაზე რთული კი ის არის, როცა მოგეპოვება გასაღები, იცი, რომელ კარს მოარგო, მაგრამ ამ უკანასკნელს ვერაფრით უახლოვდები, მასთან ახლოს არავინ გიშვებს. მეც მაქვს ასეთი გასაღები. ვგულისხმობ გაგრის სახლის კარის გასაღებს, რომელიც, მატერიალური სახით, ძველი წლებიდან შემოგვრჩა. ის სახლი ახლა აღარ დგას. ალბათ, ის კარიც წარსულმა ჩაიბარა, ზუსტად ისე, როგორც „მეოცნებე ნიამორები“. თუმცა, გასაღებს მაინც საგულდაგულოდ ვინახავ. ის ხომ ჩემს ბავშვურ სამყაროში ცისფერ გასასვლელს უკავშირდება. რამდენი რამ მახსოვს იმ სამყაროდან... საოცრად მორთული ნაძვის ხეები, ბაბუას ნაჩუქარი ფირსაკრავი, თავისი ვინილებით, ქართული მწერლობის უნიკალური გამოცემა, ჩემი ძველი ფიტოაპარატი, დურბინდი, ტელევიზორის ბარსადგამი, სადაც მამა გამორჩეულ სასმელებსა და ყანწებს ინახავდა. ახლა უცებ სასტუმრო ოთახში მდგარი კარადაც გამახსენდა, რომლის თაროებზეც დედა ძვირფას ჭურჭელს ინახავდა. ისიც გასაღებით იკეტებოდა. გავაღე, ლურჯი, ბროლის ზარი გადმოვიღე და გამიტყდა. ამის გამო, როგორც ბებია იტყოდა, გემრიელად დამსაჯეს. დევნილობის პირველ წლებში (მაშინ, როცა ალუმინის კოვზი და დანა, პლასტმასის თეფშები სანატრელი გვქონდა), დედას რამდენჯერ უთქვამს - ნეტავ, ხშირად გამოგვეტანა ის ჭურჭელი და ბედნიერად მოგვეხმარა, მაინც იმ ყაჩაღებს დარჩათო. გამახსენდა სკოლის ჩანთაც, რომელსაც სპეციალური ჩამკეტი და პატარა გასაღები მოჰყვებოდა (განსხვავებული ჩანთები ყოველთვის მომწონდა); რაც შეეხება უშუალოდ ამ ჩანთას, ის ბებიამ ადლერში, პოლონელი გადამყიდველებისგან შეიძინა. პოლონეთზე გამახსებდა, ამასწინათ ვროცლავში გახლდით. მოვიხიბლე ქალაქის იერითა და ღირშესანიშნაობებით. ერთხელ, როცა ვროცლავის ოპერის შენობიდან გამოვდიოდი, ქუჩაში ვიპოვე საფულე, რომელზეც რამდენიმე გასაღების ასხმა იყო გამობმული. საფულეში სავიზიტო ბარათიც იდო. ბარათზე მითითებულ ნომერზე დავრეკე. სავარაუდოდ, დაკარგული ნივთის მეპატრონემ მიპასუხა. მერე დავრწმუნდი, რომ მართლაც ის იყო. შევხვდით დათქმულ ადგილზე. როცა ყველაფერი გადავეცი, პატარა ბავშვივით დაიწყო ხტუნვა. განსაკუთრებით გაახარა ერთი გასაღების პოვნამ. ეს იმ სათავსოს გასაღები იყო, სადაც გარდაცვლილი დედის ფერფლს სპეციალურ ურნაში ინახავდა. აი, ასეც ხდება, ვისთვის რა დატვირთვა აქვს გასაღებს. რამდენიმე თვის წინ მამამ თავისი სამუშაო კაბინეტის კარის გასაღები გადმომცა. მამა ნევროლოგია, ის ამ სივრცეში აფხაზეთიდან დევნილ (და არამარტო) უამრავ პაციენტს დახმარებია. ახლა კი თავად შეერყა ჯანმრთელობა და იძულებული გახდა უარი ეთქვა პაციენტთა მიღებაზე. ძლივს შეეგუა ამ მდგომარეობას, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიჭირდა იმ გასაღების გადმობარება. ახლა სტამბოლში ვარ. აქ სულ სხვა გასაღებს ვეძებ. ღვთისმშობლის სახელობის, ე.წ. გასაღების ეკლესიასთან ვდგავარ (ბერძნები პატრონობენ) და ჩემს გასაღებს ველოდები. აბა, ვნახოთ, რომელ კარს გააღებს და როგორ? მომწყურდა. წყაროც აქვეა, თან, წმინდა წყარო. დავეწაფე. მარმარილოს თეთრ კიბეზე ერთი ქართული ოჯახი ჩამოდის. სავარაუდოდ, მამა, დედა და შვილი. თვალებით ვანიშნეთ ერთმანეთს, რომ საერთო სამშობლოდან ვართ. თავშეხვეული პატარა ბიჭუნა უახლოვდება სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატს, პატარა თითებში მოქცეულ ოქროსფერ გასაღებს ფრთხილად ადებს სიწმინდეს, თანაც, სხვადასხვა ადგილზე (თითქოს, არაერთ უხილავ კარს აღებდეს) და ჩურჩულებს: "მე გაგიღე ჩემი გულის კარი, შენც გამიღე შენი გულის კარი, მიყვარხარ!". ბიჭუნას ქურთუკის საყელოზე ჩამოკიდებული აქვს ე.წ. ბეიჯი, რომელზეც თურქულად აწერია: „Acıbadem Sağlık Grubu“. როგორც ჩანს, ამ კლინიკაში მკურნალობს. ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს. ღიმილიანი, მადლიერი და რწმენით სავსე ვტოვებ საოცარ ადგილს... ეზოში მდგარი ზეთისხილის ხე მეუბნება - წელს ისევ დაბრუნდები, ნატვრახდენილი, გასაღების დასაბრუნებლადო. ახლომდებარე მეჩეთებიდან მოლათა მიერ შესრულებული ალაჰის სადიდებელი ერთხმად შემოდის ყურში, მაგრამ ჩემს გონებაში სტამბოლისთვის ჩვეულ, ამ ძალზედ ბუნებრივ ხმებს მაინც ფარავს ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი, შუა საუკუნეების ქართული იამბიკო და გალობა - "შენ ხარ ვენახი". ჩვენ - ყველანი, რწმენის ვენახში ჩარგული ვაზის ძირები ვართ. რაც უფრო მეტია რწმენა, მით უფრო ღრმად გვაქვს გადგმული ფესვები. რწმენით მოწეული ნაყოფი კი ყველაზე ტკბილი და მადლიანია. ვბრუნდები სამშობლოში, საოცარი შეგრძნება მაქვს. თითქოს, ისეთი გასაღები მომქონდეს, დედამიწაზე ყველა სასურველ კარს რომ გამაღებინებს. დაე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი