წერილი ჟიურის წევრებს!


ერთ გვერდზე დაატიე შენი სათქმელიო (შრიფტი-Sylfaen, ზომა11, ინტერვალი1/5), ქართულად დაწერეო. ჰო, სხვა პირობებიც იყო; მგონი, ყველა დავაკმაყოფილე. კიდევ კარგი, რომ ასაკი შეზღუდული არ არის, ვინაიდან, არავინ დამიჯერებდა, რომ ..... წლის ვარ. 												                                                                                                                          ჩუმად გწერთ წერილს და მაგნოლიის სურნელებით გაჯერებულ სიოს ვატან.  გწერთ საოცარი ადგილიდან. მართალია, ესენი იბრალებენ, აქაურ სოფელს ჩვენ დავარქვით ეს სახელიო,  თუმცა,  კარგად იციან, რომ ლიხნი მეგრული წარმოშობის სიტყვაა და  „ვაზის მაღლარს“ ნიშნავს. დღეს წვიამიანი ამინდია. წვიმა ყოველთვის მიყვარდა, მაგარამ ბოლო რამდენიმე წელია, შიშით შევყურებ ღრუბლიან ზეცას. წყალმა შეიძლება დიდ საიდუმლოს ახადოს ფარდა.  							                                                                                              მე არ გახლავართ კონკურსანტი. კონვერტს შეგნებულად დავაწერე სხვისი სახელი და გვარი, სხვა მისამართი და ა.შ. რა იცი, სიოს ვინ დახვდება გზად?!  მინდოდა ჩემი ტკივილი და თხოვნა თქვენთვის გამეზიარებინა. 							                                                                    მე ვარ გულისთქმა თქვენი წინაპრებისა. ქართველ წმინდანთა გულმხურვალე ამოძაღილი. მე ვარ სინატიფეც, სიმტკიცეც და აკვანი ჭეშმარიტებისა.  მე ვარ სულიერების კვალი - ჯერ კიდევ წაუშლელი... 									                                                                         მოხუცი ბერი, რომელიც აქ ომის დროს მსახურობდა, ჩემი გადამრჩენელია, ერთ - ერთი ფრესკის ქვეშ საგულდაგულოდ დამმალა. წმინდანს კაბა დაუგრძელა, ისე, რომ თავად ფრესკისთვის არ ევნო, თვითნებურად მიახატა ცალკეული დეტალები და მეც დროებით გავუჩინარდი. ხელი უკანკალებდა ღვთის მსახურს, როცა ამას ჩადიოდა, გული ეწვოდა, მაგრამ რწმენამ უკარნახა, რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. მე ალბათ, გადავრჩი, ჯერჯერობით ვსუნთქავ, ვარსებობ. ნელ - ნელა ირეცხება კედლები, და თუ  ვინმე გულდასმით მომაპყრობს მზერას, აღმომაჩენს და უსათუოდ დამაზარალებს. ვინ მოთვლის, ჩემი „გვარისა“ რამდენი შელახეს ან საერთოდ გააქრეს! მე ვარ დასტური აფხაზეთის საქართველოსგან განუყოფლობისა. მიზეზი გარდაუვალი, უპირობო დაბრუნებისა. ჰო, თითქმის გაშიშვლებული და დაუცველი, მაგრამ მაინც იმედით სავსე და   ქართველთა სულიერი აღდგომის მომლოდინე. მე ვარ კედელზე აღბეჭდილი სიმტკიცე ქართველ მეფეთა, მშვენება ქართული ხუროთმოძღვრებისა, მე ვარ ქართული წარწერა, ლიხნის ტაძარზე: „მეფობასა ბაგრატ გიორგის ძისასა ინდიქტიონსა ლჱ (38)“.                                 

გ ა დ ა მ ა რ ჩ ი ნ ე თ! მე ვიცი, სად მარხია ის დახვრეტილი ბერი, მაშინ რომ დამმალა.	ღმერთო, ისევ წვიმა წამოვიდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი