სახრჩობელას თოკივით


სახრჩობელას თოკივით,
ჩემი სულის მარწუხი.
მოეჭირა ტკივილებს,
არ თენდება უშენოდ, 
და არც სამჯერ მამალი,
ვატყობ აღარ იყივლებს.

უკვე აღარც წამალი,
არ აყუჩებს ტკივილებს,
სადღაც შორს კი ქარები,
ქვრივ ქალივით იკივლებს.
სულში ისევ ტკივილი,
ისადგურებს მუდმივად,
და მე ვგრძნობ, რომ სნეული
უფალსაც არ უნდივარ.

გოლგოთისკენ სავალი
აღმართი ჩანს მაღალი,
და მე რაღაც სისუსტემ,
უფრო მჩატედ მაქცია.
მუხლი მომიკვეთა და 
ასვლამდე წამაქცია.

წამოდგომას ვცდილობ და 
ისევ წავიფორხილებ,
ვატყობ ვეღარ ვიშორებ, 
შენგან შებმულ ბორკილებს.

ტვირთად ვზიდე სიმძიმე,
მაგრამ ვატყობ მჩატეა,
სული მიქრის შორეთში
ხორცი რჩება საჯიჯგნად.
ერთდროს გადარეული,
რაღაცამ დამადინჯა.

ვხედავ უკვე გავთავდი,
სხეულს უცქერ ზემოდან,
ალბათ იმ სამყაროშიც,
უშენობა მელოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი