სიყვარულის ნაღმს ფეხი დავადგი


სიყვარულის, ნაღმს ფეხი დავადგი და 
ცაში დავინახე გულის ნაფლეთები.
შენი ხასიათი სახეს რომ იცვლიდა.
მარტის ამინდივით აფეთქდები.

ირგვლივ ყველაფერი სულ სხვანაირია.
თითქოს მარტოობა სულის სამოსია.
წყნარი ამინდები ისევ აირია.
და გულის სიღრმეში ისევ ქაოსია.

სახეს გადაკვრია მუქი ფერი.
ჩემთვის უკან ბრუნავს დედამიწა.
თითქოს გაჩერდაო ყველაფერი.
უფალს ჩემი ლოცვაც ვეღარ მიწვდა.

ხშირად გაურკვეველ აზრებს ვემონები.
სიმართლე თვალების ნაცარია.
ჩრდილს ამოფარებული დემონები.
ესეც ჩემეული ცანცარია.

ჩემით დაგიმძიმდა დედამიწა.
უაზრო ბრუნვითაც დაიღალა.
ფიქრობ შეერთდაო ცა და მიწა.
წვიმები ცრემლებად დაიღვარა.

სხეული ვეღარსად დავატიე.
სიზმრად მოვედი და ჩაგეხუტე.
ათას ერთი ღამე გავათიე.
მარტო საკუთარ თავს გავებუტე.

აღარც გასაყოფი დარჩა სარეცელი.
გავხდი სნეული და მწოლიარე.
ჰოდა სანამ სულით დავეცემი.
მოდი ნუ დამტოვებ მომიარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი