მიწის დევნილნი


მიწისგან დევნილნი , სულნი საბრალონი
მუზების რჩეულნი ხალხია მარადისი
ვარ უკაცრიელი მკრთალი ვარსკვლავი
ცხრათვალა მზისთვის ვწვალობ და ვიწვი

ჩუმი შუაღამე მეწვევა ზამთარის
ბუნებით ბოროტი და ბიწიერი
ხორცს იალდაბუთის ცელი ატყავებს
და ტკივილები უფრთო და მიწიერი

გზადაკარგული მივყვები ზღვის ბორგვას
მშიერი მეცხრე ტალღა აივაზოვსკის
მისი ზურმუხტი ტილოდან ოხრავს
ჰაერი ცახცახებს, ედება ცოფი

ცთომილის სხივები ბადებენ შიშის ზარს
ჩემი ნატერფალი, კვალი გოდების
მთები დამნათიან თვალშეუდგამი
დრო დგება სიმღერით ცეცხლის მოდების

ჟამგამოშვებით ცის ლოცვად ვიქცევი
და ნათლის სვეტის გოდოლი მიცქერის
მძლე ილიონი იწვება მზის გველით
მე კი ვარ მარტოდენ საკუთარ ტყის მცველი

წითური ნადირი ღამეთა , მთოვარე
ღრუბლებს გააპობს , ჩემ მცველად ამოვა
ღამეში მცველი მყავს, აღარ ვარ მგლოვარი
ცის ანგელოზი მიწაზე ჩამოვა

დამქანცველ დღეთა განსასვენებლად
ამოდის მთვარე, ბინდდება მწუხრში
გენუკვი მუზავ, კვლავ გამიხსენე
ვაცოცხლო ქვეყანა ჩამკვდარი წუხილში ▪︎

გარდმოევლინა ცის მადლი ჩემით
ოქროსფერ ჭალებს შვებას ვანიჭებ
სიმღერად იღვრება პოეტის ცრემლი 
მძლავრი პოეზია, ციური  კარიბჭე

ცად აღმიტაცებს სევდა მიჯნური
ცეცხლი მიკიდია, გიტარა ტირის
ჩემი ყოფაა უსასრულო, ვრცელი, მისნური
იმღერე მუზავ მე აღარ ვჩივი !

ლერწამმა იცნობს  სულის კვნესებას
ის მეცხრე ტალღის ზმანებით კვდება
სიგიჟის სენი ღამეს ესევა
თავს საოცარი ღამე მატყდება ▪︎

ქარების გმინვა, ტირილი მწარე
არის ვარსკვლავთა ამოღამება
ღამის წიაღში დავხუჭავ თვალებს
სიმღერა ტკბილი შეცვლის წვალებას ▪︎

ჩემს პოეზიას, სისხლის ნაკადულს
სურს დააძინოს სამუდამოდ ამაოება
და  ცად შეერწყას მთვარეს გაბადრულს
სიკვდილსაც ჩრდილავს ჩემი პოემა

ეს სილამაზე ტანჯულ ქვეყანას
ზეგარდმო შუქით გაასხივოსნებს
შამანო გული არ დაგეღალა
ქარებმა ტყენი ელვით მიროზგეს ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი