ატმისფერი მთვარე


თითქოს ბაღლინჯო შესევია ატმისფერ მთვარეს
ლპება ატამიც ბაღს ბოტიჩელის
გლოვა სიზმარის marche funebre
და მთვარე, მთვარე ატამისფერი

თითქოსდა ქვრივი ქალი გოდებდეს
ისე გაისმის ღამით შოპენი
მუსიკა წყნარი შუაღამეა
და სიცოცხლესთან შეუწყობელი

წვიმს, კლავიშებზე ატმად ადნება
როიალს მთვარე ატამისფერი
ჩამოშვებული სდუმან ფარდები
სულში ჩაგროვდა ვარსკვლავთა მტვერი

არ ტოვებს ზეცას ღამე ჯიუტად
დაბერდა მთვარეც შუქსხივოსანი
საფლავში გრანელს ძლიერ სციოდა
და ცოდვიანი იდგა დრო - ჟამი

მე კი ვგოდებდი უზენაეს ძალათა ნებით
და ჯოჯოხეთის მეპყრა კლიტენი
კვიპაროსები იწვებოდნენ ვით კელაპტრები
და მეც ვიწვოდი მარტოსული ჩემივ დიდებით 

სრულიად ნორჩი ფრინველივით ტყე შევიყვარე
სადაც ხეები კუდიანთა ფრჩხილებს წააგავს
და ატმისფეერი დნებოდა მთვარე
პიეტას სევდით ტყეს რომ დააკვდა

ტყეს შეეთვისა marche funebre
ვით მგლოვიარე პიეტას ცრემლი
ანა სადა ხარ ? ანა სადა ხარ ?
რა მარტოობით განვლიე დღენი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი