მგზავრი


ძუძუთი აწოვებს მგელს ამატერასუ
რძე მითიურად ტკბილია , ბროლის
მე კი ვიგონებ შორეულ წარსულს
სად სიმღერებში არ მყავდა ტოლი

გავიდა ხანი , მოკვდავი სული
გაყინა ღმერთთა შურისხიებამ
და გოლიათის ფრთები დასვრილი
თავის ბავშვობას სანთლად მიეკრა

ჩამოდგა ღამის ბნელი  სიზმარი
არგუსუმა ყველა თვალი დახუჭა
დამონებული იობის ტყავი
სატანამ, ღმერთმა ერთად გაქურდა

მგზავრი ვარ მგზავრი, გამიღეთ კარი
უცხო ვარ უცხო ვით თოვლი ზამთარს
გამიღეთ კარი, გთხოვთ შემიბრალეთ
ქვეყნის გაჩენის სიმღერა დამაქვს 

თვალი ქვითინებს ლოცვად ქცეული
თანამგზავრი ვარ დაჭრილი მთვარის
სადმე მიმიღეთ სული წყეული
გამიღეთ კარი ! გამიღეთ კარი !

ტანჯვავ პასუხი არ ისმის არსად
შრება მელანი, სისხლივით შრება
არ მიცხოვრია არავის მსგავსად
შენ თეთრო ღამევ მომეცი შვება

ღამევ გიშრის ფრთა რომ მოგიბავს
ჩემი სისხლივით წმინდაა მთვარეც
რამდენი ტვირთი ქვეყნისა ვზიდე
როგორც იობი მეც შემიფარე !

ნაღველი სერავს თვალებს მტაცებელს
გაძღა თეთრი რძით მშიერი მგელი
ქარი იუდას მსგავსად გამცემი
წყეული ქარი მაწვალებს, მდევნის

ნაწამებს დამაქვს მგლური იერი
ჩემით გაოგნდა ამატერასუ
დიდება, ვნება და სიძლიერე
გაშლილ მკერდიდან წვიმად შემასხა !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი