ლურჯი აჩრდილები და ზიგბელტის ზღაპარი
გახუნებულ შავ სვეტებთან ლურჯი ჩრდილი ისევ დგება და მოისმის შორეულში ძაღლთა ყეფა, ძაღლთა ყეფა — თითქოს მუნჯი... და გედები ქანაობენ შადრევნებში გაბრუებით, სისხლის ბნელი ახურებით, ფანტაზიით. ქარი სტყორცნის ალვებს ვნებას. გახუნებულ შავ სვეტებთან ლურჯი ჩრდილი ისევ დგება, სპირიტუალურ ტრანსში მყოფი ვამპირების ცეკვა წყდება. გამურული, გაცვეთილი, მიუსაფარ სვეტის ძირას ხავსიანი ლოდებია, ღამის სუსხი მწარედ ტირის. იქვე ირემს მშვიდად სძინავს გაყვითლებულ თივის ზვინში. ო, ქარები როგორ გმინავს, ო, ქარები როგორ გმინავს! ის განიცდის მარად შიმშილს — სიცოცხლის და ნეტარების, და მთვარიდან ეშვებიან ეშვიანი კენტავრები. მდელოზე კი პირიმზემ რომ ჭკნობით თავი დახარა, უზარმაზარ თეთრმა მთვარემ ზეცა შუქით დაფარა. ვამპირების ძარღვებში დუღს თეთრი ბლის და მთვარის სისხლი, მათ როკვაში იკარგება ცივი ღამის ბნელი ნისლი. მთვარე ისე გადაყვითლდა, თითქოს იყოს საჰარა, და ლეღვებმა თეთრ ძუძუდან რძე მდინარედ დაღვარა. დავიწყების ტრანსში მყოფებს გაეპარათ ზიგბელტ ბავშვი, დაეშვა და ჩაიკარგა ზღვის ფერადი ტალღის ქაფში. უხმო ქვითინს შეერია ოკეანის მლაშე სუნთქვა, ცისფერ მთებმა შეიშრეს და შეინახეს ცრემლის სუნთქვა. მას ენატრება ტაძრები და ძველი ბეჭდის ცივი ლითონი, მარტოობის, ცივი წვიმის უსასრულო მონოტონი, სადაც შავი სვეტების ქვეშ ლურჯი აჩრდილები როკავს, იქ, გამურულ სიბნელეში, სული სიმარტოვეს მოკლავს. ო, ნელ-ნელა ნაკადული, ნაკადული ნელად ოხრავს, გაიპარა, ო, ზიგბელტი — ვამპირთაგან ურჩი ბავშვი! და თოლიებს წყალი სტყორცნის, როგორც თოვლის სქელ გუნდას, და ზიგბელტმა ამ თოლიებს თავის სევდა ზღაპრად უთხრა. დამჭკნარ პირიმზის ფურცელზე თეთრმა მთვარემ სხივი თესა, ხავსიანი ლოდებიდან ისმის ღამის ჩუმი კვნესა. შორს ძაღლები ყეფენ, ყეფენ, ქარმა ველი დაგესლა, თეთრი ბლის და მთვარის წვენი ვამპირების ბაგეს წვავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი