ფრეგატის ფერფლი და პრაქსიტელეს ჩრდილი


ამაოდ იწვის ზღვაში ფრეგატი
და გაუგებრად კვნესის დაირა.
ოჰ, სილამაზევ, როგორ შეგნატრი,
მე შენით ვსუნთქავ სულ სხვანაირად!

ისეთი ძალით, ისეთი ალით,
რომ პრაქსიტელეც არის ზღაპარი,
ჩემში არსებობს ფრეგატის ჯვარიც
და სამყაროს ხმა, მიუსაფარი.

ყოველი ქარი, განვლილი წამი
ჩემს ხორცში არის სტიგმად ქცეული,
ზამთრის ქარია, დღე — მომაკვდავი,
დღე, სევდის ზარით გაქვავებული.

მეც მოვიწყინე და ვაწყობ ნოტებს,
რომ სილამაზე ლექსში გაცოცხლდეს,
და დემონური სიზმარით გოდებს
მიტოვებული ზურმუხტის კონცხი.

მინახავს ბევრი უცხო პლანეტა,
ჯადოსნური ხილვა, მთვარე გაბადრული,
მაინც სიკვდილის მდევნის კარეტა,
თითქოს ჩირქი სდის წმინდა ნაკადულს.

და მიტოვებული კასანდრას მსგავსად,
პირამიდაში ვამწყვდევ სიმართლეს,
და სიმართლისთვის დღეს ჩემი დასჯა
უფრო მეტია, ვიდრე სინათლე.

ასე ფრეგატი ამაოდ იწვის,
ზღვა ცეცხლად იქცა, ტალღამქროლავი,
და ვმღერი ისევ, ვით ზღაპრის ბიჭი,
უცნობ ზმანებით ნაამბორალი.

მესიზმრებიან გონჯი მოგვები,
პილიგრიმები, მოხეტიალე,
ვამპირნი მტერთა სისხლის ლოკვებით
და სისხლით სავსე დიტეს მდინარე.

ცოფიან თვალებს ნაჭუჭში ვამსხვრევ
და დოსტოევსკის გოლგოთა მდევნის.
ეჰ, სილამაზევ, შენ შემიფარე,
სხვა დანარჩენი ცრემლია, ცრემლი!

ჯერ სიკვდილამდე შორია, შორი,
და Non eternal ჩემი სისხლია,
თითქოს დამისვეს ასი ბებუთი,
არ აქვს სასრული ჩემს ფანტაზიას.

მკვდრეთით აღმდგარი დემონი ნეტარა,
გულში მესროლეთ თუნდაც ბრმა ტყვია!
გზა ეკლიანი იქცა შედევრად,
ბუნებას ჩემი კვალი ატყვია.

ბორგავს და ბორგავს ზღვაში ფრეგატი,
ცეცხლის წვიმებით ამოკვნესილი,
სიკვდილის წყევლის ზარებს ვრეკავდი,
სიზმრისეული ბიჭი, შეშლილი.

ისეთი ალით, ისეთი ძალით,
რომ პრაქსიტელეც არის ზღაპარი,
მე სილამაზე ვაკურთხე მჭკნარი,
როგორც ფოთოლი მიუსაფარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი