გალაადის მალამოს ძიებაში
ო, წვიმებმა ძლიერმა მშრალი ველი დანამონ, გავცდე ერთხელ ოდესმე ველებს მოჯადოებულს, მაპოვნინეთ წყვდიადში გალაადის მალამო, გაუტეხავ მარტოობის წყევლას უდაბურს, ზვიადი ქარი უხერხული სიჩუმით ამბობს! და ურჩხულები ლეთარგიულ ძილში მგუდავენ. განა რამდენი უნდა გავძლო ჩემს ამ ტკივილში?! ფენიქსის ტრიუმფს მოსაწყენი არფა ამთქნარებს, ზაფხულის სიო, მოყვითალო ატმით დამტკბარი, შორს, ზმანებაში განდევნილი სუნთქვაა ყორნის, გადაკარგული სადღაც სულის უხმო ჩივილში, ქარით შემკრთალი მისტერია სულს სწეწავს გლოვის. ფრთები შეახმა ჩემს ზურგს, როგორც ტალახი მიწას, კურნება სულის მარადიულ ვედრების საგნად გადმექცა ფიქრში, სადაც მართლაც არავინ მიცავს, სად მარტოობა ააჟღერებს გოდების საკრავს. და ლეთარგიულ ძილში როცა მგუდავს ურჩხული, მკაცრი ჩურჩულით გალაადის მალამოს ვეძებ, თითქოს ქარბუქის იმედი მაქვს, რომ ეს ჩურჩული მას შეესმება და იქნება ის ჩემი შემწე. ვეძებ და ვეძებ, ვევედრები მზესა და მთვარეს, ცახცახით ჩრდილებს თოვლში დავსდევ გაფითრებული, ვეძებ და ვეძებ, ჩავჩურჩულებ ღამეულ ქარებს, თუმცა ყოველი ირგვლივ არის დაბინდებული. და ელეგია ჩემი, როგორც ძვირფასი მკვდარი, ღამის კუბოში წმინდა ცრემლით ჩასვენებული, ო, უნუგეშო, წმინდა ცრემლით ჩასველებული, თავად ურჩხულად გადაიქცეს უფსკრულის ლამის. საგალობელი ჩემი ვნების და შავი ღამის ჯადოსნურ წრეში გარდაიქცეს სულის ნუგეშად, მხოლოდ ცრემლები, სხვა არარა მახარობელი, არ მოეჩვენოს ჯოჯოხეთში არვის უხეშად. ვიპოვი ერთხელ გალაადის მალამოს, ერთხელ, და გაირღვევა წრე ჯადოსნური. ო, ცხელ უდაბნოს ზარები რეკენ! ანგელოზებმა, ცით ჩამოსულმა, შეისისხლხორცონ თავის წიაღში, გამიადვილდეს მარტოობა, აჩრდილო ერკენ! სწრაფად გარეკეთ ეს ცხენები, ვარსკვლავთ ციალში მარადისობის დაიწყოს ცეკვა, გაღვიძებაზე მარად ორსული, ზარები რეკენ, რეკენ და რეკენ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი