იისფერი აჩრდილი ნისლის დიუნებში
დიუნების ქარში ფართხალებენ სისხლის მტევნები და ნისლში ქრება მთვარის ნატეხი. სანთელი დნება, სანთელი დნება და ჩატეხილ ხიდს მთვარე ადნება, მთვარის ნატეხი და დიუნები ფართხალებენ — ო, ტყიურები! იისფერ დემონს ცეცხლოვანი ბურთი უჭირავს და ყაყაჩოებს ეხება ბაგით. ურჩხულის ფიქრში ოკეანის ბნელი ღრმულები ფართოდ იხსნება. ცხელბეწვა შავი ვერძივით ებრძვის სიცარიელეს და თეთრ მდინარეს გამეტებით სვამს. იისფერ დემონს, სახელად გალემონს, უყვარს ამბოხი და ავი ბუნტი. სადღაც დაფრინავს შავთვალი შურთხი, ძღება ზაფხულის წამიერი ბანგით. ცხელბეწვა ვერძი, ცხელბეწვა ვერძი კლდეებზე დახტის, გალემონს ართობს, და მაინც სევდა წააგავს სვავს — არსად არ ტოვებს იგი გალემონს, იისფერ დემონს... ხრავს. ქარი კვლავ ფართხალებს დიუნებში, აგურისფერ კრამიტებს ეხეთქება ცივი წვიმის წვეთები. სევდის მეწყერი იბრძვის და ჯაჭვაწყვეტილ ხომალდს ემსგავსება. ხელისგულებზე იჭყლიტებიან ფერადი პეპლები. სულშია ზამთარი, ეჰ, ქარი ფართხალებს. არავინ დამინდობს მოლუსკი კრამილტების რასების გარდა — არავინ სავსებით, არავინ სავსებით, და მთვარესავით ყველაფერს ვეხლები. იჭყლიტებიან ფერადი პეპლები. ვარ არსთა ბრუნვის უძღები შვილი, დემონ გალემონს ვგავარ იერით. ო, არ გაბედო, თავი მოიკლა, მოსპო გველური სიმშვენიერე. იაკობი კი ღმერთს კბენს ეგზისტენციალური კრიზისის დამჭკნარ ლეღვის მკერდზე. ანდროგენული სიჩუმე წვეთავს ლალისფერი ღრუბლიდან. სტოუნჰენჯის ლოდები მძიმედ სდუმან, ფიქრობენ ბედზე, და გულს მიხეთქავს ცრემლი უპიდან, სამყაროს აღქმით გადმომდინარი, როგორც მდინარე. არა, სინდისი სულაც არ მქენჯნის — იგი ბოდვაა, და არც სიკვდილის შიში მტანჯავს, ეჭვებით მხურვალს. სდუმან და სდუმან, სტოუნჰენჯის ლოდები სდუმან. ეს უძველესი მეგალითები ყრიან ბორცვებზე როგორც ჩიტები და ვარსკვლავების საკენკით ჩიჩახვს ხავსიან ცივ ქვებს ათმობენ მარად. და ვით მენავე დავეძებ ნიჩაბს, და ყველაფერი მაფრთხობს და მზარავს. ტალღების ფრქვევა და კოსმიურ ფიქრთა მხედრიონი თავაწყვეტით მოჰქრის. ბასრი სიკრატკა მახვილით გლეჯს საკუთარი მაიმუნის ბალნიდან ამაოების ცივ მეტასტაზებს. ყვითელი ბასრი ნახევარმთვარე ანათებს. ჭმუჭნის სიკრატკა მეტალის ვაზებს ბინძური ხელებით, როგორც ბარათებს, და ფანტასტიკური გოლიათი გედელიონის თბილ ნერწყვს ლოღნის. გამწარებული ბალნით მაიმუნის ამაოებით ცხოვრება მოხრის! თეთრი ელვები ნელა ცეკვავენ კუპრუსფერ კუბოში, რასაც ეს პლანეტა ჰქვია. დემონ სიკრატკას ბრმა საშვილოსნოდან იღვრება წყვდიადი. მაგიდაზე დგას ღვინის ჭიქა, სისხლით სავსე, სქელი წიგნები და თავის ქალები. რუხი როიალიდან კი ბახის არაბავშური, ამაზრზენი შხამი იღვრება. სამკაპიანი ჩხრიალა გველების აორღანება არღვევს სიჩუმეს. ნუშის ფოთლებში ამოღამდა მძინარე სული და იისფერი გლიცინიის შუშის თვალებში ხრიალებს ქარი, იღლება, იღლება! ო, უსასრულო, მდუმარე სიცარიელეს, სადაც აღარც ქარი ფართხალებს, აღარც წვიმა ეცემა კრამიტს, აღარც ღმერთი სუნთქავს, აღარც ურჩხული ებრძვის ოკეანეს, მხოლოდ იისფერი აჩრდილი დგას ნისლში, ხელში ჩამქრალი მზით, ბაგეზე ყაყაჩოს მტვრით და ელოდება, როდის დაიწყება ყველაფერი თავიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი