ვლიან ჟამნი - ექვსაიები - 1-150


1.

გულს  რომ  ცვარად  მეცხებიან
საქართველოს  მერცხლებია!
ჩამოფრენის  სიხარულს  ხომ
ყველა  გაუცეცხლებია –

მიმოჰქრიან  თავგანწირვით...
არა,  მაინც  ვერ  ძღებიან!

2.

ვერ  უძლებს  შუბლი,  არ  ქაჩავს  კეფა!
რაღაც  ყოველთვის  დაგავიწყდება...
ეხ,  დამავიწყდა  ერთხელ,  რომ  მზე  ვარ,
ჩამძინებია  თურმე  ღრმად...   ვწევარ.

მოვარდა  ყურშა  და  დამიყეფა:
– ადექი,  ჩქარა...   სამყარო  კვდება!


3.

რადგან  ოცნება  ფრთისებრია,  აფრასებრია
და  მის  ქროლაში  კარი  არსად  ჩამრაზებია -
ვჭვრეტ  სასახლეებს,  შაჰთა  დიად  დარბაზებიანს,
აფრიკულ  ტყე-ველს,  მაღლა  ორბ  და  დაბლა  ზებრიანს,

ვუმზერ  კორეას,  ანტარქტიდას,  ლამაზ  სერბიას...
ჩემს  ეზოს,  ყურშას,  მრავალჯერ  რომ  გამბრაზებია!..

4.

მიუშვერიათ  ქარისთვის  შუბლი,
გაუწევიათ  საითკენ  ღრუბლებს?
ხელებს  უქნევენ  ბავშვები  უბნის
და  შტო-ფოთლები  გარგარის  თუ  ბლის...

დაუმალიათ  ხალთაში  შუბნი,
ბრძანებისაებრ  მიჰქრიან  უფლის!

5.

ჭირთა  შინა  და  ურვათა,
იწროებათა  შინა,
ცოდვილი  გული  და  გვამი
და  გონებაი  ქშინავს...

თქვენ  გძინავთ,  ჯიმაიებო?
ყოჩაღ!...   მე  ვერა  მძინავს.

6.

ესიზმრება   ორბს  მეტეხთან,  ხშირად  მტკვარი  მეწამული!
ხანაც  სისხლის  წვეთნი  ველზე,  დათხეულნი,  წიწამურის...
ხან  ჩაესმის  ვაი-ვიში  მარაბდული  და  კრწანული,
გააჟრჟოლებს  გმირთა  სასო,  მოკლული  და  მოწამლული,

გაფრენილი  გამარჯვება  წუთ-წუთური,  წამ-წამური...
როგორც  სტვენა  უდაბნოში,  ქარიშხალის,  ლერწამური.

7.

სიმართლე  საპყრობილეში  ზის  და  არარა  ესმის!
მშვენიერება  ხაროში  გდია,  დაუჭკნა  ფესვი.
გამქრალა  სასოებაც...   ხმა  მოკვდა  მისი  ხმლის  ლესვის,
დაბნელებულა,  მზე  არ  ჩანს,   ბრმას  დაჰკარგვია  გეზი...

სამაგიეროდ  მოსცვივა   ტყუილ - სიცრუის  გესლი...
რისი  ცხოვრება?  აუგეს  სიცოცხლესაც  კი  წესი!

8.

საღამოა   მობნელლურჯო...   დღე  ცოტათი  კიდევ   ურჩობს,
რა   საოცრად  მახალისებ  ფეხქვეშ  თოვლის   კრაჭა-კრუჭო...
დავალ   გორზე   და   მომესმის,
ჰოი   გორთა   დრეკის  ჩქამი...

საღამოა   მობნელლურჯო,
ნიავები   ჰქრიან  ჩქარნი.

9.

მიდიან,  მოდიან...  მოდიან,  მიდიან
სურვილთა  ჯარები,  დღეა  თუ  ბინდია...
გულიდან  სიცოცხლის  ნამცეცებს  ჰყიდიან,
მართლებს  და  თავმდაბლებს,  მორცხვსა  და  რიდიანს...

და  რაღას  სტოვებენ?  ჭუჭყიანს...  წიდიანს...
რომელსაც  ნათელი  სძულს  ყველა  იდეა!

10.

ძაღლი  და  კაცი  ნაგვის  ურნასთან  ერთიმეორეს  ექიშპებიან:
– არა,  მე  შენზე  მოვედი  ადრე!..  – არა,  შენ  ჩემზე  მოხვედი  გვიან!..
– კაცო,  შენ  როგორ  მეთამამები, მე  თვით  ბულდოგის  ჯიშისა  მქვია!
– ძაღლო, არც მე ვარ შენზე  ნაკლები,  აზნაური  ვარ  ტახტისა,  დიახ!

აქ ძაღლი ეცა კაცს და დაჰკბინა...   ჰკრა  წიხლი  იქვე  აღჩენილ  ნიავს...
მერე შესანსლა სიმდიდრე ურნის...  კაცი, მკვნესარე  ურნასთან  გდია.

11.

სულ  რომ    იწვიმოს  და   ველ-გორები   იქცნენ   წვიმათა  აბანოებად,
შენ  ვეღარ  მეტყვი,  რა  ფერი  აქვს  და  როგორი  გემო  ამაოებას!
შენ  ვეღარ  მკითხავ,  გახარებულმა  მტრედს  რა  შესძახა , აბა,  ნოემა?
რადგან სამოსით ვეღარ  შეიცნობ,  ვერც  თვალის  ჭრილით,  ამაოებას!

ჰა  და  ჰა,  გვიან  თუ  გაიხსენებ, ოდესღაც  რომ  თქვეს  მამაოებმა -
ღვთის  სასოების  გარდა  ყოველი  არის,  კეთილო,  ამაოება!

12.

კამეჩს  რომ  წააქცევს,  იგეთი  ქარია!
უკარვოდ  დასტოვებს  მეცხვარეს  კარვიანს,
უშარვლოდ  დასტოვებს  მამრს  და  მდედრს,  შარვლიანს,
უგვაროდ  დასტოვებს  კაცს,  ნაყიდგვარიანს,

პანჩურსაც  ამოჰკრავს  ვინც  ზეობს  ძალიან...
იმედებს  გაგიჩენს,  იგეთი  ქარია!

13.

სცენაზე  ბალერინა  დახტის  ბოლოქანქარა,
ხან  ფოთლად  იკეცება,  აიჭრება  ხან ქარად...
მელოდიის  ცეცხლს  ისვრის  ცად  ორკესტრის  მანქანა, -
ხან  წინ  ჰქრის  ,,დო მაჟორი",  ხან  ცანცარებს  განგანა,

ხან  ქუხილად  მილეწავს  სივრცეს,  გვაფრთხობს  ამგვარად,
ხან  სულ  დაიწრიტება...  მოწანწკარებს  ანკარა.

14.

მინდორში  მუხა  დამდგარა
ვით  დირიჟორი  ოპერის,
აიქნ_დაიქნევს  რტოებს  და
ქარს  მიაქვს  ჩია  სოფელი,

ცაში  მიფრენენ  სახლები,
მიწად  ძვრებიან  ღობენი...

15.

ჩვენი  წარსული,  ლომივით  წყნარი,
სინამდვილეში  არის  მრისხანე!
მტერს  აწმყო  ჩვენი  ჰგონია  მკვდარი,
გარედან  რომ  ჰგავს  ხის  და  ქვის  ხანებს...

ჩვენი  მერმისი,  ლომებრ  მბრდღვინარი, _
არვინ  იცის,  რას  იზამს  ის  ხვალე!


16.

ორლარიანი  რომ  ჩავუდე  გამოწვდილ  ხელში,
მივხვდი,  იგრძნო,  რომ  არაფერი  მრჩებოდა  თავად,
მე  კი  განვაგრძე  ჩემს  ბილიკზე  სვლა  ოხვრა-ხვნეშით...
მომეჩვენა,  რომ  მათხოვარი...  მაცხოვარს  ჰგავდა.

ოდეს  შევდექ  და  გულმა  მიყო  როდესაც  რეჩხი,
გამოვიხედე...  კაციშვილი  აღარსად  სჩანდა!..


17.

ბრძოლა  ყოველდღიური  და  წუთ-წამშიც  -  ომი!
უხილავი,  უგრძნო...  რო  ვერ  სწვდება  გონი...
მტერი  არ  ჩანს,  ვერ  ვჭვრეტ,  ტურაა  თუ  ლომი,
მაგრამ  უწყი,  არ  ჩანს  ჭიანჭველის  ზომის...

თან  არ  იცი,  იგი,  ერთია  თუ  ორი...
მასთან  ჯახში  გამქრალან,  დრონი,  დრონი,  დრონი!


18.

უახლოვდება  კადნიერად  მსოფლიო  ფინიშს!
მზაკვარი  კეთილს  მუშტს  უღერებს  და  ჰკითხავს:  -ვინ  ვის?
აშინებს  ერებს  მიწისძვრებით,  ომებით,  გრგვინვით
და  ლამის  არის  გააცალოს  სიხარულს  ღდინი...

მსოფლიოს  ხსნაზე  არაერთი,  ოფლსა  ღვრის,  ტვინი...
საქართველოდან  ძველებურად  ხმა  ისმის  ხვრინვის.


19.

მჯოხავ,  მგვემ  და  მიწყივ  მწერტავ,  სალმობათ  ვერ  ვთქუამ  ენით!
ცრემლთა  ჩემთა  ნაკადულის  უკან  დამდევს  მლაშე  წვენი...
იქეთ  წავალ,  სარმას  მიდებ,  სიმწრისაგან  ვგმინავ,  ტკენის,
აქეთ  მოვალ,  მამათრახებ,  ვძრწი,  ვით  მორბელაძის  ცხენი...

თუ  დამბადე,  გამახარე,  ერთხელ  მოველ...  რაღას მდევნი,
თუ  არადა  რას  გიშავებ,  საწუთროო,  ამიხსენი!


20.

საქართველოს  სამრეკლოსი  უძინარი  არის  მნათე,
მისი  პირით  სულიწმიდა  გზას  გვითითებს  მიწყივ  ნათელს,
ჩვენთვის,  განბნეულ  ცხვართათვის,  ლოცულობს,  ღამეებს  ათევს,
შეავედროს  ჭირვეულნი  სულნი ციერ  მოსამართლეს,

ცხებულია,  მაგრამ  კაცთა  უგონობა  ძალას  ართმევს _
ვისაც მხარზე პატრიარქის უმძიმესი ჯვარი ადევს!


21.

ხვედრის   საძებნად
საით  აღარ  გადახვეწილან  -
გუგუტა,  ჯვებე,  ჩაჩა,  ქეცილა...
უკეთესები  ჩემზე  ბევრწილად.

გამოკეტილა  მათი  სახლები...
ფარდებიც  საწყლად  ჩამოფხრეწილა.


22.

წეღან  გადარბოდნენ  გორებზე  ელვანი,
დაბნელდა...  ცის  მწერალს  დაექცა  მელანი?!
კოკისპირულია...  ჩამოდის  ცა  ფეხით!
ურტყამს,  უბაგუნებს  გურიას  ქარმეხი...

თუმც  რაღა  უჭირს  მურიკო  თავდიშვილს _
შეშა  აქვს,  შაშხი  აქვს,  თევზი  ჰყავს  ბადეში.


23.

წისქვილში  მიდის  ბაბუა  ბახარ
და  შვილიშვილი  პატარა  ახლავს...
ბილიკი  მიდის  დაღმა  და  დაღმა,
დაუფჩენიათ  უფსკრულებს  ხახა...

თავს  დასწრიპინებთ  შავშური  ღალღა...
ერთ  რამედა  ღირს  იმისი  ნახვა!


24.

ზაფხულის  ულტიმატუმი _
ზღვის  წყალი...  მხოლოდ  ბათუმის!
დაგვხვდნენ  და  გაგვიმასპინძლდნენ,
მწვადი  გვაჭამეს  თლათ  უმი...

_ სხვა  რამე  გინდათ?  ასობით
პლაჟზეა  მუქი  ხათუნი!..


25.

ასულო  წეროსფეხებავ,  ღამისფერწამწამიანო,
შენი  დანახვა  გვწყურია  და  უფრო  მეტად _ გვშიანო!..
დაშრიტა  თვალის  ჩინები  შენი  ეზოსკენ  ცქერამა,
სულ  ძელ-ბუჩქ-ღრუბელ  იმალვი,  არ  ჩანხარ  და  არ  ხმიანობ...

ან  დედა  არ  გეცოდება...  რიდი  გაგიქრა  მამისა?!
ერთხელაც  ხელის  მთხოვნელნი  წავალთ  და  აღარ  ინანო!


26.

აქ   აღარ   დაედგომებათ {გამრავლდნენ უცხო  ჩრჩილები!},
გარბიან  საქართველოდან  მისი  ერთგული  შვილები...
დასტოვეს  კომლი,  დედ-მამა...  და  იმედები  მშივრები,
მამულის  სიყვარული  კი  გაჰყვათ,  მტრის  შესაშინები!..

და  ვიღა  დარჩა?  ვიღა  და  გულ-მუცელ-სულ  შეშლილები,
ოცდაათ  ვერცხლის  საშოვნად  აფთრისებრ  დაგეშილები.

27.

პენსილვანიის  შტატის  ცაზე  ფრენს  აპარატი!
მიიწევს  თეთრი,  საოცნებო  ვითარც  ბარათი...
არ  სწადს  საბაჟო...  არ  გაივლის  არც  ერთ  კარანტინს,
საქართველოსკენ  მიაქვს  თითქოს  დარდის  კალათი,

ფოთელი   დედის,  სკრელი  ბებოს...  და  ამანათი
არის  ლოცვების,  ჩუმი  ცრემლის,  ცხელის  მარადის!.


28.

გადიარეს  ბრინჯაოს  და  ქვის  ხანებმა,
ღამეებმა,  და  დილებმა  სისხამებმა...
ცოხნეს  ჟამი  ზევით  ცამ  და  ძირს  ყანებმა,
ძველ-ახალი,  კაცი,  არ  განისხვავება...

თუმც  მაცილი  ძველებურად  იშხამება,
ახლო  არის,  ო ,  მაცხოვრის  მრისხანებაც!


29.

ნუ  შემომხედავ, ჯიმა, მრისხანედ,ნუ მითვალთვალებ, ძმაო, ირიბად!
ამ  ხანობაში  არ  მოგიკითხე?  ყველას  ჩვენ-ჩვენი  გვაქვს  გაჭირვება...
ისეთი  დროა,  არავის  უღირს  ვინმე  ჩირად  და,  გინდა,  ჩირებად,
ვერ  შეგისრულე  დანაპირები  იქნებ?   შემინდე  ეს  დაპირება,

ზამთარია  და,  მოგეხსენება,  ჟანგიანი  აქვს  ამ  დროს   პირი  ბარს...
თოვს  ჩვენს  გულებში  და  ნისლებია...  ნუ  შემომხედავ,   ძმაო,  ირიბად!


30.

მთვარე  არ  ამოდის, ძალიან  გვიანობს,
ღამის  წყვდიადშია  საბარათიანო!
რა  არის  ქვეყანა  უადამიანოდ?..
დარჩა  ველ-მინდორი  კურდღელს  და  ნიამორს...

ჰეი,  შენ,  გზაურო,  ხომ  არ  შეგხვედრია
საციციანო  ან  საორბელიანო?


31.

ნუთუ  გადაშენდნენ  მონადირეები?
დრო  ააწიოკეს  ორფეხა  კურდღლებმა...
ქორი  ტყეს  აბეზღებს,  კლდე  მინდორს  ქვას  ესვრის,
ზღვას  აღარ  ბეზრდება  ხველა  და  ფურთხება...

და  მეც,  ლამის  არის  ჩემს  ლანდს  დავეჯახო...
უფალო,  მომეცი  სიმშვიდის  კურთხევა


32.

ჰოი,  რა ტურფა  დედაკაცია
მასწავლებელი  მათემატიკის!
ვისაც  იგრეკის  ზღვაში  მიმოჰყავს
ჩემი  შვილი  და  იქსის  ნავტიკი...

რა  მშვენიერი  სიარული  აქვს...
თმაც,  განასკვული  თეთრი  ბანტიკით!


33.

საპყრობილეში  უნდა  ისხდნენ ახლა  რომლებიც,
ვითომ  მსჯელობენ გადაჭრაზე  ქვეყნის პრობლემის...
თვალთმაქცობათა  მათისაგან  ქვებს  სდით  ოფლები,
იღრინებიან  მურიები  ქალაქ-სოფლების...

და  თუ  ტყუილებს  ცად  ისვრიან  ვაშა-ჰოპლებით,
სიმართლეების,  უკანასვლით,  მიჰქრის ბორბლები.


34.

სული მცვივა _ დაგინახო, საქართველოვ, სვიანი!
შუბლზე, მკერდზე...  ლოცვაშიაც _ ქრისტეს ნათელჯვრიანი...
თანაც ისე, მტრის ურემი თავქვე ჰქროდეს ჭრიალით,
უფსკრულისკენ მიფრინავდეს ბზრიალ-ბზრიალ-ბზრიალით...

სუყველანი გავხდეთ, ძველებრ, ტკბილნი, თავაზიანნი...
ალავერდს  გადავდიოდეთ ერთმანეთთან ფიალით!


35.

ნიავები  ურცხვები  აწუხებენ  იალქანს,
როგორც  შვილი  უძღები  მთვარე   ამოკიაფდა.
გესიტყვები:  - სუსხები  დაგვცეცხლავენ  გვიანთქვა...
შენ   მაინც  იბუსხები,  მიხვალ  მეზობლიანთა.

მე  კი  დავიწუწკები  -  ვრჩები  ღვინო - თრიაქთან.
ნიავები  ურცხვები  ფხრეწენ,  ნთქავენ  იალქანს.


36.

„ზოგი  კაცია,  ძამიკო,  ზოგს  ქუდი  ჰხურავს  კაცის...“
მეორჩხომლეთა  სიმღერა  შემოგახტება  კარწინ.
ხან  უკან-უკან  ვარდება,  ხან  წინ  გაუდის  ლაწი...
და,  თითქოს  იმეორებსო,  სირი  ჟივჟივებს  ანცი  -

„ცოტა -  კაცია,  ძამიკო,
ურიცხვი  -  არაკაცი!“


37.

მხოლოდ  შაშვის  ვიოლინოს  მოჰყავს,  ჯიმა,  გაზაფხული!
მისი  მელოდიის  ცეცხლი  ხიდან  მოწანწკარებს  ხურმის...
ხანაც  მანდარინის  შტოდან,  სად  ხოჭონი  სხედან  ყრუნი,
მელოდიების  ფიფქები  ციმციმებენ  ფრთაშესხმულნი,

ამ  ჩემს  სოფელს  კი  არადა,  რომ  დაუგდო  ფხიზლად  ყური,
საქართველოს  კი  არადა,  კოსმოსს  ჟრუანტელი  უვლის.


38.

ო,  როგორ  შვენის  ცისა  და  ქვეყნიერების  დედოფალს
ყრმა  იეშუა  გულთან  და  ზღვა  სიხარული - დედობა!
ისე,  ვით  კლდიდან  ნაკადულს  ჩხრიალი...  ზვირთთა  თეთრობა,
ვითარც  გაზაფხულს  სიმწვანე,  ჟივილ - ხივილი  ერდო - ბანს,

ვით  ცის  სილურჯეს  სხივების  ონავრობა  და  ცეტობა...
დედოფლის  ნაწყალობევი  ჩვენ - ღმერთთან  ლოცვით   ერთობა!

39.

გაღატაკდა საქართველო, გაძვალტყავდა საქართველო, საქართველო  -  მართალი
გათავხედდა  საქართველო,  გამძვინვარდა  საქართველო,  საქართველო  -   აფთარი!
თუკი  ერთი  საქართველო  ყანაში  თოხს  უბაყუნებს,  წყალს  ძლივსღა  სვამს  მათარით
ღიპიანი  საქართველო  სისხლს  წოვს  გამხდარს  დაჟინებით...  რისი  თურქი, თათარი

ზნეობა  წიგნის  სოროში  იმალება  განაბული,   მკვდარია  სამართალი...
ყველგან  გაზაფხული  ფეთქავს,  ხანძარია  ყვავილების...  ჩვენთან  დარჩა ზამთარი!


40.

ისე,  როგორც  ორ  თვალს  შორის
კედელი  ვალს  ძვალ - ხორცის,
უკეთო  და  კეთილს _ ორის
შუა  მიდის  ხმა  ლოცვის...

ვიღა  დათვლის  ცხელ  და მდორე
ცრემლებს, ღაწვზე დახოცილთ?!


41.

შრომამ კი სრულქმნა, მაგრამა შრომამვე მოჰკლა კაცი!
მოსავლით რომ გაახარა, თან გაუწყვიტა ქანცი...
ცოლ-შვილში აკადნიერა, ლხინში ჩამორჩა არც ვის,
ღვინომაც სარმა გამოსდო, გაადენინა ლაწი!..

ვეღარ წამოდგა... გათხარეს სასაფლაოზე ხნარცვი...
ანგელოსმაც ყურს ჩასძახა: - მშვიდად იძინე აწი!


42.

ოდეს ჰყუჩან მამლები, ხმიანობენ შაშვები...
რომელთაც სამოთხეში არ სჭირდებათ საშვები!
მხვდება ძველი ნაცნობი: -- რავა ხარ, ჭო, რას შვრები?
კვლავაც გიტევს დარია?.. თუ გოუშვი ნაშები?..

- ჩუმად, ჯიმა, შაშვებს ვუსმენ... სტვენენ მათი ბავშვები,
ახალგამოჩეკილები, თოთოები სავსებით!


43.

სამიზნეა  ყველა  ქაჯის,  გული  ითხოვს,  ჯიმა,  ვარჯიშს!
ჩვენს  ქართულ  გულს,  მითხარ  რა  რჯის?  მოსურნეა  ველად  გაჭრის...
მას  არა  წვავს  ცეცხლი  ვაჭრის  არც  ოქროზე  ჯავრი  რაჯის,
არც  დაგება  მახე - ხვანჯის,  ცქერა  სხვისი  გვემა - ტანჯვის...

მას  უხდება  ჩაცმა  აბჯრის,  მსახურება  ღმრთისა  და  ჯვრის,
ო,  ქართულ  გულს  აფრთოვანებს  წამი  სიყვარულის  ხარჯვის!


44.

ჰე,  მზეო,  თავი  დაანებე  სხივებით  ფათურს!
ხომ  ხედავ,  სძინავთ - ცხუმს,  ფოთსა  და,  ეგერ  იქ,  ბათუმს...
ხოლო  შენს  სხივებს,  სიცოცხლით  და  ცელქობით  გართულს,
ვთხოვ,  არ  შეეხონ  მაგათ  ხვრინვას,  ფშვინვას,  მაგათ  რულს...

ცოტა  აცალე  საქართველოს,  ჯერ  კვლავ  წარმართულს,
წმიდა  ანდრიას,  მატათას  და  ღმრთისმშობლის  ნათლულს!..


45.

იმდენი  მაქვს  მე  ვალები,  მევალეებს  ვემალები!
სანამ უნდა  დავემალო...   სულ  წამგვარეს  მძევალები...
რისხვით  მიმელოდებიან  იანვარ - თებერვალები,
მიღობავენ  გზა- ბილიკებს  ჟანდარმები  ცხენმალები,

მილიცია  დამდევს,  ტუფლზე  შერჩენია  ვერ  ნალები...
ღამე,  ჩრდილი და ძელ-ბუჩქი   -   ჩემი  გადამრჩენალები.


46.

ტალიაშვილო  დავითო,  შენთან  მწადია  დავითრო!
ღვინო  გაქვს  კარგი,  ცოცხალი  არ  მოგეშვები  თავითო...
შენი  მწვადების  სურნელი,  საარაკოა,  სამითო,
პურები  შენი  თონისა  ენაზე  წამლად  დავიდო,

შენი  განთქმული  სიმღერა  ქუხს  კენტად,  გინდა  ბანითო...
არსად  წავალ  და  საბძელი  საწოლად  უნდა  დამითმო!


47.

ნუ გამიწითლებ მზეს, სისხლო, ნუ დამიწუნწკლავ გზას, ოფლო!
ერთი მყავს დედა საწყალი, ერთი მაქვს, იცი, სამშობლო...
რომ მიცავს რკინის ჩაჩქანი, მცხეთური, სათავ-საშუბლო,
მტერი მეხვევა გარშემო... უნდა დავლახვრო, დავშუბო,

სამშობლოვ, ჩინო თვალისა, მაშ, სტირიხარ, და, მაშ, ობლობ?
მთავარსარდალი, რომ გიძღვის, ეგეთი, სხვა დროს, არ შობო!


48.

ვიცი  რა  არი  საწუთრო?  ვფიცავ:   - ამოუხსნელია!
ხან  მამულისთვის  თავს  სწირავ,  ხან  ქურდობის  არ  გრცხვენია...
წითლდები  სირცხვილისგან...  ხან  თვალები  წუმპის  მღვრელია,
მზად  ხარ  მსოფლიო  გასწირო,  ხან  კრავს  მოსწმინდო  ცრემლია...

მაინც  მიყოლა  სჯობია,  ლოცვანი  და  სიმხნენია!..
ზოგჯერ  სიკვდილი  ადვილობს...   ზოგჯერ  სიცოცხლეც  ძნელია.


49.

სოფელში  ხარ  თუ  აულში,  გულს  ყველას  ნუღარ  გაუშლი,
ქაჯი  მზად  არის, ხმაურში,  გაგყიდოს  სულ  ერთ  შაურში,
ოცნებავ,  ფრთები  დაუშვი,  და  ამირანი  გაუშვი,
და  მისი  ჯაჭვი  შავ-ლურჯი,  მღელვარე  ზღვაში  ჩაუშვი...

რომ  ჩემს  ბღავილში  ხარულში,  მიწყივ  ისმოდეს  ხმა  ურჩი,
ხაროში  ისხდნენ:  ჯაშუში,  მზირი,  გზირი  და  ჩაუში.


50.

ვარ  დარჩენილი  ეულად,  ვით  ყანაში  ჭიგო!
მაინცდამაინც  გაფრენილ  წლებს  მწარედ  არ  ვიგლოვ...
ვიღაცის  გამო,  დავუშვათ  და,  ნოხი დამიგონ,
რაღაცის  გამო,  ერთიც  ვნახოთ,  ძეგლი ამიგონ...

ე,  მაშინ,  ალბათ,  მიმეტებენ  ყმას  სატარიგოდ -
ძეო  ღმრთისაო,  შემიწყალე  გლახაკი  გრიგოლ.


51.

მწარე  სიმართლე  ტკბილ  ტყუილს,  ჯიმა,  ყოველთვის  სჯობია!
ფინჩხას  მიირთმევ  გადაყრილს  თუ  ერბოიან  ლობიანს,
კაცი  მძლავრია  მართალი,  თუნდ  საპყრობილეს  მყოფია,
თუ  ერთისათვის  მინდორი,  მეორისათვის  ღობეა,

ესე  ქვეყანა  თეთრ - შავი  მეგობართათვის  გობია,
მაინც  სთქვი...  სთქვი,  თუ  კაცი  ხარ,  რავარი  დასათმობია?!


52.

ჰე,  გულო  ჩემო  ყმობილო,  ანუ  ხშირ - ხშირად  ძმობილო,
გიცქერ  და  ვერ  გამიგია,  რადა  ხარ  უკმაყოფილო!
რაც  შენი  წილი  გებოძა,  ასე  თუ  ისე  მყოფინობ,
მეტს  არვინ  მოგცემს,  დადექ  და  თავი  სხვას  არ  ამჯობინო...

ნუ  თვალთმაქცობ  და  ბღავიხარ,  ამაოდ  ძრწი  და  ფოფინობ,
რაცა  ხარ,  იყავ  და  ყულფში  თავი  არ  გამაყოფინო!



53.

დავგლახაკენით...ჩვენს თავზე ბრუნავს ხან ქვის დოლაბი,მძიმე ხან  კევრი,
მამულს  გვართმევენ  ძველი  ხიზნები,  რომელთანი  ვართ  აწ  მოხარკენი...
მაცხოვრისადმი  სიძულვილის  და  ლაქლაქის   მეტი,  მითხარ,  რა  ვქენით?
ხომ  ვემსახურეთ  წითელ  გველეშაპს?  შედეგად  რაი?  - დავგლახაკენით.

ვეღარ  გაიგებს  ჩვენს  სიდუხჭირეს  მაღლა  ღმერთი  და  დაბლა  ხაკერი!..
დავგლახაკენით,  ეჰ,  საბოლოოდ,  დავგლახაკენით,  დავგლახაკენით!


54.

წვეთხასხასა, წვრილმანნი
გვასველებენ წვიმანი...
მიჰგალობენ ღრუბელნი
უკანანი, წინანი...

ხომ უჭკუო ვიყავი?
მაინც აღარ ვინანი.

55.

„მოვხუც  –  მოვფამფალებულვარ,   მე   კი  ვერც  გამიგია!
იშვიათად,  ჩემს  თავს   ვხედავ  სიზმარში  ყრმას,  ცინგლიანს,
თივაზე  მიკოტრიალეს,  ხან  დიდ  თოვლში  ციგიანს...
ხელებს  მიქნეს  ყმაწვილობა,  აქეთ -  ვარდი,  იქ – ია,

და,  ო,  ყრმობის  ძმაკაცები:  ბოცო,    უჩა ,  გიგია!...
რას  ნიშნავს  ეს  მოხუცობა...  სასჯელია?  ხრიკია?“


56.

გასრულდა  ბაირამობა  ყვავ - ყორნების  და  ძერების,
უხსენებლების,  ხვლიკების,  მაიმუნების,  მღრღნელების,
არაკაცების,  ჯუჯების,  გიჟების,  არასმქნელების,
სნეული  დინოზავრების,  ქართველთყლაპია  მწერების,

მკვლელების,  მრუშ - მეძავების,  ყანწებით  სისხლისმსმელების...
დიდება  შენდა,   უფალო,  შენ  დაგვრჩი  მოსაფერები!


57.

ადამიანს ცამეტს და, ხდება ხანაც, ოცს ნებავს
გულის გახსნა, ლხინი და ვარხალალო დელია...
თითქოს თითოეულის იქ აფრებს შლის ოცნება,
ჟინი ქროლის, როგორც რო ქარი არბევს ლელიანს...

თქვენმა მასპინძლობამ და თქვენმა ხვევნა-კოცნებმა
მიხსნეს დაღუპვისაგან, ვით გაქცევამ ელია.


58.

იმ  სახლში, სადაც არა სჩანს დედა, ეზოში, სადაც  არ  დარბის  ბავშვი,
სად ჟრიამული არ დგას სირების,  მითხარ,  სიცოცხლე  სადღაა  მაშინ?
სახელმწიფოში, სადაც რომ მტერი მასპინძელივით მიდის და მოდის,
რად გიკვირს, ოდეს ნიბლიის ნაცვლად ყელყელაობენ ყვავი და ჭოტი?

და მსოფლიოსაც, სადაც ღვთის ნაცვლად ჭკუას არიგებს ზღაპრების  ჭინკა,
ნუ ადღეგრძელებ ჯიმა თქო, რადგან შემოგემსხვრევა თითებში ჭიქა.


59.

ზოგს  რა  ჭკვიანი  მზერა  აქვს...  უმრავლესს - თევზის  თვალები!
მტრის  თვალი  ისვრის  ქვა  და  კოხს,  მოყვრისას - შეებრალები,
ფუსფუსითაა  აღსავსე,  მეუღლის,  ნაფერმკრთალები,
ზოგიდან  შიშის  სიო  ჰქრის,  სხვათაგან - ვნების ქარები...

ზოგის - ტურისებრ  ჭიატებს,  მისი  გაქვს  თითქოს  ვალები...
თვალები  გასაღებია  ჩვენი  სულების  კარების!


60.

დაჰბერა  სიომ  ახალმა  (ქაჯმა  ქვას  თავი  ახალა)
და  ცოდვილ  დედამიწელებს  ღმრთის  მობრძანება  ახარა!
ცის  პირველივე  ნათელმა  მაცილნი  აჰყარ-დაჰყარა
და  უშავბნელეს  წკვარამის  ხახაში  გადაახალა...

მაინც  საიდან  მოშავდა  ყვავის  ამდენი  ბახალა?
რომელთაც  ჯოჯოხეთიც  კი,  ვაი,  მიიღებს  აღარა!


61.

ჟამის  ქარმა  ნაცოფარმა  ძალზე  აგვაფორიაქა!
ჯერ  ღრუბლები  მოჰყარა  და  ცა  გააშავ-მიმოლაქა,
ნადირი  ააბღავლა  და  ფრთოსნები  ააწიაქა,
ხარ - ფურს  შინისკენ  გასდია,  წაუქცია  მურას  წაქა,

მერე  გლეხი  ფესვს  მოსწყვიტა,  სამშობლოდან  გადაჰკარგა...
და,  რა  დარჩა?  რა  დარჩა  და:  - ჭირი  იქა,  ლხინი  აქა!


62.

კი  ველოდებით  მე  და  შენ,  მაგრამ  ცხოვრება  აღარ  შემოტრიალდა!
არ  ჩაუტარდა  ამ წუთისოფელს  ევროპიული  რემონტი,  არა!..
გახსოვს,შევტრფოდით პონტოს..წარსული დავკარგეთ,ჯიმა, ეჰ, პონტიანად,
ქართლსა და კოლხეთს მტერი ჯიჯგნიდა, დაგვსაჯეს-დღემდე  გვევლო მტრიანად

ჩვენ ღვთისანი ვართ..აღარ ვისურვეთ უღმერთობათა გემო, ტიალთა,
- გავძლებთ! - მროველმა ბრძანა ლეონტიმ, და უნდა გავძლოთ  ლეონტიანად!


63.

მაშინ,  შენ  რომ  გიხილე,  ჭავჭავაძის  გამზირზე,
ო,  კინაღამ  გრძნობების  ბრმა  ჯოგებმა  გამსრისეს...
დაეჯახნენ  გულის  ძეგლს,  სადღაც  გადააგორეს,
სადღაც  გადაალეწეს  იმ  მთებსა  და  ამ  გორებს...

იმ  წამიდან,  ასულო,  აღარ სჩანხარ,  აღარა!
ხდება,  გამახსენდები,  მიმუქდება  ჭაღარა.


64.

წმიდა  ვაჟა - ფშაველას  სავანეში  ვიყავი,
სამოთხეში  მოვედი  რადა  მეთქი,  ვთქვი,  ყვავი?!
ვინ  გამაგდო  ბარიდან?  გორზე  გამომრიყა  ვინ?
ვით  გავბედო  შევეხო  აქ  ცვარსა  და  იქ ყვავილს?

უტიფრობა  ეგეთი  ვიღას  ვუთხრა  ბრიყვმა  ვის?
ნისლი  ძოვდა  სოვთა  გორს,  მზესთან  ნაარშიყალი.


65.

გახსოვს  კაფე  ,,ნიბლია",  შენ  და  მე  რომ  ვისხედით?
არა,  არ  ჩატეხილა  ჩვენი  გრძნობის  ის  ხიდი!
მახსოვს  თითთა  სიგრძენი,  ფრჩხილთა  ფერადოვნება,
წამწამების  ბადენი  და  გულის  შეღონება...

გვთრავს  სიცოცხლის  ნექტარი  ახლაც,  არ გვმტრობს  ზიზღით  ის!
ცხელი  პლაჟი.  ურეკი.  ჩამავალი  მზის  ხედი.


66.

გულისხმანი მამულზე ვეღარ მოვიშორევი!
სადაც წაველ-წამოველ წინ მიმიძღვის ქორივით...
საწუთროს ზღვა გურგურებს, ღრმაა მისი მორევი...
ვეღარაფერს დააკლებ ჭიდაობა-მორევით!..

ვიყო ვახტანგ ან დავით!...  ანდა ერთად ორივე!..
გულისხმანი მამულზე ვეღარ მოვიშორევი.


67.

მოუკლიხარ რა ბომბებს და რა ცოცხებს...
ენა ჰკლავს და, ჯიმა, ენა აცოცხლებს!
დარდისაგან, თუნდა სიხარულისგან
რქაწითელს და, ზოგიერთი, მაწონს ხვრეპს...

სიხარულის დიდის ანუ დარდმდენი
ცრემლი მცვივა... ცრემლი მცვივა რამდენი!


68.

თიხისა  აქვთ  ფეხები,
თიხისა  აქვთ ცერები,
,,გავიმარჯვეთ!” _ ბღავიან
ქვეყნის დამაქცევრები.

ამოსვლიათ წვერები
და... არ სჩანან მწერლები.


69.

იქნებ სულ არ ეპიტნავოს, არ ეფონოს ჩემი ხმა ყურს,
ჩემი სიტყვა ქარისაგან იქნებ ჰგავდეს კარის რახუნს,_
ტარიელმა ხმაყოჩაღად ბაშიაჩუკს გადასძახოს,
გინდა პლატონ სამანიშვილს, დამპატიჟეს, ქოსა გახუს...

ძველთაგანვე თქმული სიტყვა გაიგონო, დაინახო _
მათხოვრისთვის დაგდებული ფული მეტობს ღვთის სამსახურს.


70.

ჯერ კიდევ თუმცა მართვეებს,
მერმისში იქნებ არწივებს,
ყურფართოებს და ყბაწვრილებს _
ჩასძინებიათ ყმაწვილებს.

ჯერ კიდევ თუმცა მართვეებს,
ნუ ეხუმრებით ქართველებს!


71.

ვერ უძლებს მდედრში შეპარულ ეშმას,
თუმცა უძლებენ ტყვიებს და ავდრებს...
შველა არ ძალუძს ჰაქიმს და ფერშალს...
გადაყოლილნი ხშირ-ხშირ სადარდელს,

გულით ჩვილები... ვითომ მკაცრები,
ადრე კვდებიან მამაკაცები.


72.

თავის ჯარით, მხედართმთავარ-მეფეთი _
ცაში წყდება საქართველოს სვე-ბედი!
ჯიმა, ამის თქმა რომ მაინც შევბედე,
გესმის ჯახი? ქუხილ-გრგვინვა? სერბეთის

თუ კორეის, ოტავის თუ დერბენტის,
დედამიწის... ცაში წყდება სვე-ბედი!


73.

იქ  რომ  ტყეა  აჯამეთის,  ხშირი  ტყეა  აჯამეთის,
სვირს  ზემოთით,  ჩიტაღელე  სად  ყვირილას  ნაწნავს  ერთვის,
სადაც  დილით  შაშვის  ყელის  სიხარული  ცისკარს   ეტრფის,
ავთანდილი  მოიმღერის  თუ  მანანა  ცვივა  ღმერთის?

იქ  ია  კრთის  მინდორში  თუ  თინათინის  ცრემლის  წვეთი?
თოვლი  დევს  თუ  თამარ  მეფის  ცხვირსახოცი  გდია  თეთრი?


74.

ძაღლს  რომ  გარეთ  არ  გააგდებ,  იგეთი  ქარცოფია!
ალიონზე  მთაში  მავალს  კაცს  ვერ  ნახავ  თოფიანს...
ცად  საწყლად  იგრაგნებიან  ნისლ-ღრუბლები  ფოფინა,
ფესვიანად  თხმელა  მიჰქრის,  თელა  აქეთ  მოფრინავს,

ისე  დაჰქრის  კრამიტი,  ვით  გვრიტი  ან  ოფოფია...
რეკს  აქ - სვეტიცხოველი  და  იქ - აიასოფია!


75.

გალაკტიონი აკერებს წინდას... უბედურია ის ცხოვრებაში!
ყოვნდება, ჰანგი წამოუქროლებს -- ,,ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი..."
განაგრძობს საქმეს... გარეთ მავთულთა ბადე უმწეოდ სისინებს ქარში...
,,რა კაი რამე იქნება ერთი სირჩა არაყი და ცხელი ხაში!"

მთელდება წინდა! ნაძვში იღვიძებს და ვიოლინოს ასწორებს შაშვი...
,,რა ბედნიერი არის ის ქალი, ვინც დასტრიალებს ამ დილით ქმარ-შვილს!"


76.

რაც  არ  უნდა  ვიყოყოჩოთ,  ყმაწვილებო,  მიწანი  ვართ!
გვათამაშებს  ჟამი  და  ჩვენც  მივყვებით,  ვით  რიწა  ნიავს...
ღმრთისმშობლის  გორისანი  ვართ... დრონი  მოვლენ  და  წარვლიან,
ჩვენი  ძალა,  როგორც  მუდამ  -  ლოცვა,  თოხი,  ფიწალია...

თუმცა  ძალიან  ცდილობენ,  სულებს  ვერ  მოგვიწამლიან...
თავმდაბლობა,  სიყვარული  მაცხოვრისგან  გვისწავლია.


77.

ახ,  ცრემლი  აღსარების!  ახ,  სიცოცხლე!  ახ,  ფული!
რა  მიდექ-მოდექობა,  რა  წვალება-ფაფხური...
ნაკადულის  წანწკარით  უხვად  გადანაპკური
ევკალიპტი  ნალიის,  დაფნა  ქოხის,  ბზა ხულის...

საძულველი  ზამთარი,  ხრჩობით  გადალახული...
გულში  გადანახული  საყვარელი  ზაფხული.


78.

ჰოი,  გახსოვს,  რამდენჯერ,  ცოლიკოურ - ციცქანი
როცა  გვისვამს,  ჯიმა,  და  თავს  დაგვადგა  ცისკარი?
თუმცა  მალ - მალ  ხსოვნის  კვალს  დავიწყების  ჰგვის  ქარი,
ათასი  ხმა  ხალისობს  ყურში,  ვით  ხმა  წიწკანის,

სიბრიყვენიც  გვაწითლებს  ნაქნარ - განარისკალი,
და,  რამდენი,  ხსოვნაში,  არსად  მიდის,  ზის  ქალი


79.

ვათვალიერებთ მარტში ერთმანეთს, ვინ გადავურჩით ზამთარს  კაცები?
იძულებულნი,  ნაპატიმრალნი,  ცივ  ოთახებში  ნაბარბაცევნი,
ჩურჩხელებივით გამხდარ-წვრილები და ძაღლებივით ნაგვემ - ნაცემნი...
მწუხარებაა გრძელი ზამთარი და გამოითქმის იგი არც ენით.

-ო,  ცოცხალი  ხარ,  ძუკუ,  შენ  კიდევ?..  გაგშავებია,  ქიტეს,  ღაწვები!..
ეჰ,  ისე  ვჩანვართ  მოხუცნი,  ჯიმა,  ვით  ჩაძირული  გემის  ანძები!..


80.

ყველაფერი  ღვთის  ნებაა,  ყველაფერი  ღვთის  ხელშია!
ერთი  ვინმე  მაძღარია,  დანარჩენებს,  ვაი,  ჰშიათ...
ერთი  თუკი  ფანდურს  უკრავს,  სხვანი  ამაოდ  ხვნეშიან,
ერთი  თუ  მწვად-ნეკნებსა   ღრღნის,  ენატრებათ,  ო,  სხვებს შვრია...

პატიოსან  ქვებს  ერთი  ფლობს,  სხვისთვის  სიმდიდრე  ხრეშია...
უთქვამთ;  - ცაში  ხარობს,  ვისზეც,  ცხოვრებას  უუხეშია!

81.

კვერცხის  გულის  ფერს  რომ  ჰგავდა  წეღან,  წვება  დაისი  სპილენძისფერი!
გამოდის  ჟამი  ღამურის  ჯარის  იქეთ  და  აქეთ  ცოფური ფრენის...
-რას ეძებ, ბახვა, ამ სიბნელეში? თხა არ მევიდა სახლში, ჩანს,  შენი!
-თხა კი მევიდა, გოგო არა ჩანს, გოგო, გაზრდილი ფერებით,  ფრფენით!

-ოჰ!..  შეიძლება  უკვე შინაა!..  ჩემი  ძეც  არ  ჩანს,  ვიღა  მიშველის?..
ზღვის პირას, ნორჩი ვაჟის და ქალის თრთის გული..გულთა ცად  ქრიან ფრთენი.

82.

ალვების  მწვანე  ჩანჩქერები  მაისის  ქარში,
ზემშვენიერი  ქუხილები  გაზაფხულისა,
ანდა  წვიმები,  მორბენალნი  ზეციდან  მარშით
ანდა  შემკრთალნი  ელვებისგან  ჩვენი  გულის  ცა...

გოჯ  და  გოჯ  მსრბოლი  სეტყვის  ტყვია,  არშინ  და  არშინ...
გახსოვს,  დარიავ?  გამქრალა  ის  ჟრიამული  სად?!


83.

ვუწყი,  რომ  კეთილი  ხარ  სული,
სიკეთით  რომ  ჰბაძავ  მაცხოვარს...
ხვდები,  რომ  არა  ვარ  წარსული,
ცხადია,  რომ  აღარც  აწმყო  ვარ...

მძარცველი?  არა  ვარ  ძარცვულიც!
,,არა"  რომ  არა  ვარ...  არც  „ხო"  ვარ.


84.

გალობისას  უცხოა  შვილებისთვის,  ცოლისთვის,
გასტროლზე  ჩამოსული  ციდან  შაშვი,  სოლისტი!
სანამ  ცვარი-საყურე  ვარდს  შვენის,  მთებს  ბოლი სდის,
ის - ერთია!  ადგილი  აღარ  რჩება  ორისთვის!

სანამ  მზეს  ამოიყვანს,  მისი  ხმა  არ  მოიცდის...
შაშვი - რომანტიკოსი!   ცოტათი - სიმბოლისტი.


85.

ქრისტე  აღდგა!  და  ხელს  იწევს  მოსალოცად  მეფე  ვახტანგ!
და  მეტეხის  გუმბათიდან  ორბი  ჰყივის:   - ქრისტე  აღდგა!
საქართველო  გადაურჩა  ყველა  ყეენს,  ყველა  ხვანთქარს...
შინა  მტრებსაც  მოინელებს  და  იგრგვინებს:  - ქრისტე  აღდგა!

ჯოჯოხეთის  ხახა  ელის  ყველა  ცვედანს,  ყველა  ხვადაგს!..
აღდგომაა!  გაიხარეთ  ქართველებო:  - ქრისტე  აღდგა!


86.

აწყურის ღმრთისმშობელო,  ღმრთისმშობელო აწყურის -
ლოცვა  შეუწყვეტელი  შენდამი  მოგვაწყურე!
ხატო  უწინარესო  სამყაროის დედისა,
სარკეო  მზეთამზისა,  სასოთ  ოქრომკედისა...

აღბეჭდულო  ფიცარზე  ხელთუქმნელო  საუნჯევ,
მზევ,  აღმობრწყინვებულო  ბეთლემ - კაპერნაუმზე...


87.

დაცარიელდა ჩვენი ეზო და გულიც თითქოსდა დაცარიელდა...
მხრებზე შედგმული ჩასასვენებლით გამოვაბრძანეთ ეზოდან დედა!..
გეზი აიღო სასაფლაოსკენ მისმა სხეულმა მრავალგვემულმა...
ის მიცურავდა ჰაერ და ჰაერ დაუბრკოლებლივ,ზღვისებრ, გემურად...

მერცხლების რაზმი ჩვენს პროცესიას წრიულად ანუ ცა და ცა სდევდა,
დაცარიელდა ჩვენი სოფელი... მთელი სამყაროც დაცარიელდა!..


88.

ცრემლია, ჯიმა, სამკაული უძვირფასესი!
პატიოსნების კართანა დგას ის მეციხოვნედ...
ჩვენს ურიცხვ ცოდვას დამაშვრალი ძლივს იგერიებს...
რა მარგალიტი, რის ალმასი ან ბრილიანტი...

ცრემლი უსწორო საუნჯეა ხელუხლებელი,
ცრემლი ღმრთისაგან მოვლენილი ანგელოსია!


89.

ქედკისერხატულა იხვები, ღერღეტთა თავნება წალიკი,
ცქვიტ ვარიათა კოჰორტა, ქოთ-ქოთი ბრძენ ინდაურების,
ბოჩოლების სვლა კოპწია, კვიცების ფაფართა ქროლება,
ღრუტუნების და გოჭების მაღლააცქვეტილი ყურები.

დილა-საღამოთა ჩრდილებით მძიმედ დატვირთული ურმები,_
ამ ჩვენი ორღობის ქარავნის მგზავრები მთლად არასრულები!..


90.

ზღვისპირეთი... მკლავჭიდი წყლის და მიწის უდრეკი...
ზამთარში ყრუ, ზაფხულში მოტკარცალე ურეკი!
ქირად: _ ცხენი, ქოლგები, გასაბერი ნავები...
_ ,,ცივი, ცივი ნაყინი!..” ,,ცხელ-ცხელი ჩიბურეკი!”

_ ,,თხილი!.. თხილი!..” _რაკუნებს პლაჟზე კბილი თუ რიკი...
_ ,,მოხარშული სიმინდი!” _ წივის ღერძი ურიკის.


91.

,,რა ხანია მამლაყინწამ იყივლა და გაათენა!”
დღის მნათობმა გადაფხრიწა ღრუბლის ბადე ფენა-ფენა...
მთის ასულმა ნაკადულმა ამოიდგა ტკბილი ენა,
ცელქმა სიომ ასკინკილით ჩაირბინა სოფლისკენა...

ფურს გასძახის გზაზე ბებო: _ სა გარბიხარ ასე, ნენა?!
ვერ გეწევა შენი ხბოი და ცრემლებად სცვივა წყენა!..


92.

წარწყმდიან სულნი ბნელანი ძირფესვიანად ყველანი,
შავარდენი თუ მერანი... ვერ დაუსხლტება ვერავინ,
ვერც ჟამი თვალგამჭრიახი, ვერც ბედისწერა ელამი,
ვერც ნახევარი სიმართლე და ვერც სიცრუე ვერანი...

ნაბიჯის ხმაა... ღრუბლიდან ჩამოდის ბედის მწერალი?
ზარი რეკს, ყვირის საყვირი... გახშირდა გულთა ძგერანი.


93.

რაღაც უნდა ვიღონო, რაღაც უნდა ვიშანსო,
არ დავრჩე მე საწყალი სუმთლად უდილიჟანსოდ!..
არ ჩამოვრჩე ცხოვრების ჯახებს და ბატალიებს...
არვინ მითხრას _ ჩაგასხამ ყურში, თუ არ დალიე!

ეჰ, გალოთდა მსოფლიო ათას უკეთურებით...
შენ კი მეტყვი: _ ჯიმა, არ ჩამოჰყარო ყურები!


94.

_საჭმელს რას სჭამთ ამ ზამთარში? _ბეღურებს ვეკითხები.
_ნამცეც-ნუმცეცს, ფინჩხა-ფუნჩხას!.. _ მესმის ჟღურტულ-სიტყვები.
_ღამეს სადღა ათევთ, ჯიმა? _ არ ვეშვები ბეღურებს,
_შენს სახლთან რომ ნაძვია... ვარსკვლავებს იქ შევყურებთ!

_პოლიტიკა რა გაქვთ და მხარს უჭერთ რომელ პარტიას?
_ბარტყობიდან ხელმწიფობა...  და მეფე გვინატრია

95.

წევს ზვიადი ნაწამები,
სველები აქვს წამწამები...
სულ ერთი წლით აღიმართა
საქართველო!.. და წვალებით

გამოგვტაცა ეშმამ მაინც
რა დღეები!.. რა წამები!..


96.

წითელი  შეეპარა  ფოთლებს,  ყვითელი  მოერია  ხეხილს...
ტყეში  წიფობისთვე  მოდის,  როგორც ბენგალიის  ვეფხვი.
შამბში  გაშლიგინდა  ხარირემი,  „ ჰაი,  დედასაო“,  მეტყევემაც,
დაუსრულებელმა  სიცხეებმა  ღელეებს  წაართვა  მეტყველება...

ბილიკს  თავდახრილი მივყავარ,  მეღა  შევრჩენივარ  ხელში...
თმა-წვერს,  გლახ,  ჭაღარა  სწვევია,  ვითარც  მოხუცობის  ელჩი.


97.

ჰე, უფალო, რა უეცრად შენს ბაკში შემომიშვი,
რა გულღიად შემეგებე, როგორც მეფე ლომი შვილს...
რა ორბივით ამაფოფრე, უსასოოდ მჯდომი შინ.
რა უმწიკვლოდ დამიფარე სულ და გვამის ომებში,

გამახარე ვეფხვის სიმხნით, სევდით დამაღონე შვლის,
და, სიცოცხლე შემაყვარე, ვით უყვარდა ნონეშვილს.


98.

კოღოც არ ვარ, გეფიცები, აქ მე,
თუმც, ჩანს, კოღო აზანზარებს ბორანს...
ჯიმა, მართლა გლახათაა საქმე,
მეძავები გვიკითხავენ მორალს!

ეჰ, მზე მაინც ვერ ამოსცდა გორას,
საქართველო სიცივისგან გორავს.

99.

როგორ  არ  უნდა  ავჯანყდე,  ვით  კოლხეთში  ანიკეტი?!
არ  ვიქნიო  ხმალი,  შუბი...  ანდა  მუშტი...  ანდა კეტი?
არ  ვიყვედრო,  არ  ვიგინო,  არ  დავასხა  შიშებს  რეტი?
მამაცობის  სადიდებლად  დავისერო  გმირმა  მკერდი!

ჰეი,  ვაჟნო  გულკირკაჟნო,  სიტყვას  გეტყვით  აღმდგარს  მკვდრეთით:
არა  კალმით,  ისტორიას  ქართველები  ხმლებით  ვწერდით!


100.

სიბნელეში  ვისწრაფოდი,  რომ  ვეხილე,  მწადდა,  არვის!
მარჯვნივ  ქარი  მმწეობდა  და  მამაგრებდა  მარცხნივ  ქარი...
ცრემლები  პირს  მისველებდა  და  სწყდებოდა  ნიკაპს  ღვარი,
ო,  ძვირფასო  შენი  სახე  მედგა  წინ...  შორს,  ვით  ლამპარი...

ვრბოდი  შეუსვენებელი  სრბოლით,  ძრწოდა  დარი  და  ავდარი,
ზღვის  თუ  კლდის...  ჩემს  დანახვაზე  იხსნებოდა  ყველა  კარი.

101.

ეჰ,  ჯიმა,  თავი  კი  არა,  ჩემი  სამშობლო  მეწყალის!
მისი  გორები,  ველები,  მისი  ცა,  მისი  მერცხალი...
ყრმობისას  დედის  ძახილი  და  სალამური  მეცხვარის,
ყმუილი  ტურა - მგლებისა  შიმშილისაგან  შემწყრალი,

ზე - სხივთა   ბურბუშელების  გაშლანი  ლაღნი,  ქვე -  წყალნი,
დილა - საღამოს  ფერების  განცალკევება - შერწყმანი.


102.

„ეს  შენი  გული,  ტურფავ,  ვიცი  რა  კეთილია!
მაგრამ,  ეჰ  ჩემთვის  სამუდამოდ  დაკეტილია...
ეჰ,  არასოდეს  არ  მექნება  აქ  იდილია,
ჩემი  გრძნობებიც,  არ სურთ  წასვლა,  აქვე  ტირიან...

ჩემზე  თქუამენ:  - დონ  კიხოტი  და  კრეტინია!
ეჰ,  სიმწრისაგან  ყველა  ფრჩხილი  დაკვნეტილია.“

103.

ნეტავი  რამ  განარისხა  წიფობისთვის  ქარები?
ღამით  მაინც  მოთოკავდნენ  ღონეს  ცხენებრ - ხარებრივს...
ჯაჯგურია  ძელებთან  და  კვნესენ  ცათა  ბზარები,
ყალყზე  დგანან  ზღვის  ზვირთები,  საშიშნი - უკარებნი...

ჩემი  ქოხიც  დაქანაობს,  ქართან  ერთად  მარები,
და  მურიაც  მეხუტება  შიშიანი  თვალებით.


104.

რითმათა  ჩუქურთმების  ლექსს  ღებავენ  ცეცხლები!
მძმობენ  და,  ამის  გამო,  ვუწყი,  აღარ  შევრცხვები...
ზოგჯერ  მეკარგებიან,  ვერ  ვბრაზობ  და  ვერ  ვწყრები,
კვირეობით  არ  სჩანან,  ურვისგან  ვიმეწყრები.

მგვემენ  და  მაწვალებენ,  ვითომ  ნაფიცვერცხლევნი...
ზოგჯერ...  ჩამოსხდებიან,  ვით  მავთულზე  მერცხლები!


105.

უკმაყოფილო  არ  ვარ  საწუთროს,  ოხერ - ტიალის!
ნაფოტი  ვიყავ;  მიწევდა  მის  ზღვა - მორევზე  ტრიალი...
სვე - ბედი  არ  მახარებდა,  სიმაღლე  ვიყავ  ხვიარის
ბურუს - ნისლები  მეხვია,  დღე  აღარ  მახსოვს  მზიანი...

სულ  მიწა - მიწა  ვიხოხე,  ათასში  ერთხელ - ვიარი!
რისთვის  ღა  გავჩნდი,  არ  ვიცი,  რად  მქვია  ადამიანი?!


106.

ელიას  გორს,  დიდ  საყდარში,  ანუ  ახალ  სამებაში,
ვით  მტრედები  ფრთაფარფატა,  მიდიოდა  სამი  ბავშვი,
მიჰგალობდნენ,  ღუღუნებდნენ,   გაზაფხული  ენთოთ  ხმაში,
- ტარიელი?  ავთანდილი?  ფრიდონი?  - ვთქვი  გულში  მაშინ...

იყო  წირვა - ლოცვა  ერის,  აღარ  ეტეოდნენ  კარში -
კოლხ - ჯავახი,  კახ - კარდუხი,  აბასხი  და  ჭანიხ - შავში.


107.

მყის  განცვიფრდები,  კავკასიონს  ზე  რომ  აჰხედო, -
არ  ეზარება  სხივთა  ჯარს  ცის  კარის  შეღებვა!
მთხოვენ  თვალები,  სივრცეები  მაბალახეთო,
და  ფრთა  სულისა  მევედრება:  - მწადს  ცის  შეხება!

ჩემი  ბრალია,  რომ  მახვილი  სიტყვის  თავხედობს?
რომ  უკვდავებას  ჩემმა  ლექსმა  ურცხვად  შეჰყეფა?!


108.

კვლავ  წიკწიკებს  მაჯის  დრონი...  შორს  გარბიან  წამები,
ფრთებს  შლიან  ბალახები,  თავს  ხრიან  ლერწამები,
ჩანს  მუქი  მოხუცობა,  ჩვენგან  სიყრმე  მწვანე  რბის,
მიაქვს  ჩვენი  სიცოცხლე  წუთისოფელს  მწვალებელს...

ხდება - გვეფერებიან,  უფრო  კი - გვაწამებენ,
ციმციმებენ,  ცანცარებენ,  წიკწიკებენ  წამები.


109.

ასეა  თუ  ისეა,  ისეა  თუ ასეა -
სააკაძეს  ფეხთაქვეშ   ეგო   მთელი  აზია!
გიორგის  ხმლის  შიშისგან  ძილი  ჰქონდა   არც  ირანს,
არც  ოსმალოს,  არც  არაბს... ძრწოდნენ:  - ცოფი კაცია!

ბრძოლის  ველზე  გარბოდნენ  მისგან:  - სააკაძეა!
თითქმის  წელი  ორმოცი  ჰქონდათ  გაწა - მაწია.


110.

ჰე,  იბერიავ,  ღმრთისმშობლის  ლანდი  თავს  გაფარია,  როგორც  ოლარი!
თუმც  მზემაც  ვეღარ  გაჰფანტა  დარდი  შენი  ცის  ჭერზე  დღემდე  რომ  არის...
სწეწენ  ვნებათა,  შვილთა  შენთათა,  ჟამნი  ახლონი,  ჟამნი  შორანი,
დღეაქამომდე,  ვითარც  ამირანს,  გულს  გიკორტნიან  ცოდვა - ყორანნი.

და  ეს  იმისთვის,  გწადდეს  აღარა  იქ  მისასვლელად  ტივი - ბორანი,
სად  საყდარია  და  გალობაა  და  ცრემლებს  ღვრიან  მხევალ - მონანი.


111.

იღებება  ჩემი  გული  ხან  ჭმუნვით,  ხან  სიხარულით!
სისხლიც  ნელობს,  ანდა  ჩქარობს - წუთში  ათასი  აქვს ბრუნი...
ხან,  ძარღვების  თოკ - ბაწრები  დუნდებიან,  ხან მავთულის
მსგავსად  იჭიმ - გრძელდებიან,  უცხო  ჟრუანტელი  უვლით...

წუხილ - აღტაცება  დაგვსდევს  საწუთროში,  სანამ ურვილთ
ანგელოსი  წაგვიყვანდეს  ფრენით,  განა  სიარულით.


112.

დიდ  წყენას,  ჯიმა,  სიხარული  დიდი  მოჰყვება!
ძნელ  ზამთარს  რავარც  გაზაფხული  მწვანენოხება...
არვის  ხედავს  და,  ძაღლი,  ხდება,  მიჰყეფ - მოჰყეფავს,
საკუთარ  შიშებს  გასრესს  და  რიხს  მიღებ - მოღებავს!

ჩვენც    არასოდეს  მიგვატოვებს  ომ-ამბოხება,
ქართველებად  და,  ქვეყნად,  რადგან  გავჩნდით  კოლხებად.


113.

ჩაგუ  ბაბუ  მოყვითანო  ულვაშებში  იღიმოდა!
ჩხაპურა  თხამ  თიკანი  შვა,  თეთრზე  თეთრი...  იწვა,  თრთოდა...
მცხრალი  მზერით  გვიცქეროდა, “ ვინ  არიან“?  გულში  ძრწოდა,
დედა  თავ-შუბლს  ულოკავდა,  შვილის  გულისნადებს  გრძნობდა!..

შვილიშვილებს  ბებიისგან  წყალი,  მარილი  მოგვქონდა...
იზრდებოდა  ჩვენი  ეზო,  დიდდებოდა  ჩვენი  ოდა


114.

ჩამოიფრენს  მიმინო,  ჩვენი  სოფლის  რეკეტი!
ემუქრება  ბებია  წყევლითა  და  ხელკეტით...
ჰშია,  ჰშია  მტაცებელს,  კუჭის  წვა  აქვს  ეგეთი,
ლამის  არის  ახალოს  ქვას  თავ-პირი  კერკეტი...

„ორღობეში  წიწილა  ჩანს,  თითქოსდა  შეკვეთით,
ღმერთს  ჩემთვის  მოუცია,    აღარ  არის   სეკრეტი.


115.

უხვია  ზეცა  ვარსკვლავებით...  ამ სიუხვეში
ერთი  ცანცარა  ღრუბელია  თითქოს  უხეში,
სიმყუდროვეა,  სადღაც  ხევში  ქარი  თუ  ხვნეშის,
თორემ  ოქროს  თოვს  მთვარე...  სოფლის  გზა  ჩანს  უხრეში,

ამ  გზაზე  მიხვალ,  ორღობიდან  გადაუხვევ  შინ,
და  პაპა - ბებოს  გააღვიძებ,  მათი ნუგეში.


116.

გმირები  ცხადის,  განა  სიზმარის  -  ბიძინა,  შალვა  და  ელიზბარი!
სახელგანთქმულნი  ამერ - იმერით,  ძენი  ნათლისა,  ქრისტესმიერნი,
სულნი,  რომელნიც ვერ  გაგვიბზარეს - ბიძინა,  შალვა  და  ელიზბარი!
გაცხადებულნი,  არა  მალულნი  სიამაყენი  ჩვენი  მამულის!

მტრისთვის  ლახვარი,  ჩვენთვის  ღვთის  ფარი -
ბიძინა, შალვა  და  ელიზბარი.


117.

დილის ნაყრი რომ პატარძლისას სჯობია მზითევს,
ქართველებმა თქვეს, არ უთქვიათ, ცხადია, სკვითებს...
მიმინო ბები რომ ამზადებს ელარჯს და საცივს,
ვთქუამ პირველად, და ღიმილით: _ ჩაიკვნეტ თითებს!

და ჩაგუ ბაბუ რომ მოჰყვება რუსეთ-თურქეთის,
ისე ვერავინ ვერ მომითხრობს, ჯახ-მაგალითებს...


118.

კეცზე იბრაწება მჭადი...
ივლისშია წელიწადი.
სარი უნდა ნორჩ ლობიოს...
ცირუ ბებო ითხოვს: _ წადი!

ლუკა ბაბუც ტყეში მიდის...
გაურჭვია წელზე წალდი.


119.

დაიბუბუნა...  რკინიგზის  სადგურს  მოადგა  ჩვენი  მატარებელი!
ჩამოვედი  და   სოფლიდან  მომყვა  ცნობისწადილი  და  კოღო  ბევრი...
პირველად  ტელეანძა  ვიხილე, გაზეთებიდან  ნაცნობი  ძველი,
სირაქლემასებრ  თავშეყოფილი  ღრუბელ-ბუჩქებში  შიშისგან  ელვის...

-ჰეი,  მარჯი  შენ,  თბილის  ქალაქო!  მწირი  მგზავრი  ვარ  გადამთიელი...
გთხოვ  შენს  კალთის  ქვეშ  თავშეფარებას  არც  მთლად  აბდალი  და  არცა  ბრძენი.


120.

გვირილისფერი თვალების ნათელს გაუძლებს გული მითხარი რომლის?
გვირილისფერი თვალების გამო არ გაგიკვირდეს დაიწვას რომი...
არ გაგიკვირდეს რომ სახელმწიფო დაიქცეს არა ერთი და ორი,
გვირილისფერი თვალების გამო ატყდეს მესამე მსოფლიო ომი.

უფრთხილდით ყველა, სახიფათოა გვირილისფერი თვალების როლი...
ყოველნაირ ფერს თავისი დრო აქვს... არა ფერები, მეფობენ დრონი.


121.

შენ ჯუთიდან დაგინახავს, ჯიმა, ორბი აფრენილი?
ანდა ნისლი მოწიწებით ჩრდილის ტბაზე განფენილი?
გაგრა-ბზიფის ორწოხები? ჯვარი ტამტრის სუმელასი?
აბოცის ცის სილაჟვარდე? და ქურმუხის ქვაფენილი?

აბა, რაღას გერჩი მაშინ _ სულიწმიდა დაგინახავს!
იბერია დაგინახავს! სიყვარულით ხარ ფენილი!


122.

წვიმებმდინარე ღრუბლები,
მზეები სხივებმჩქეფარე,
გორები ხშირკუზიანი,
ხევები ჩანჩქერმყეფარე...

_ საქართველოა, _ გითხარ და
მთვარისებრ ცას მივეფარე.


123.

ჰე, საქართველოვ, კორიდაზე დაჭრილ ჰგავხარ ხარს,
ვინც მატადორი შეარცხვინა რისხვით ახლახან
და ვის წინაშეც ტაშის ეტლმა ჩაირახრახა!
მკვდარი ჰგონიხართ... დაჩოქილი მუხლზე რახან ხარ...

მერცხლის სულივით გაზაფხულზე შენს ცას მოველტვი...
კვლავ წამოდგები...  წამოხტები, რავარც ყოველთვის!


124.

ათასფერბუმბულოვანნი, ნისკარტანი, ხმაუცხონი,
ალიონზე კეკლუცობენ, სტვენენ სირნი ასჯერ ოცნი,
სასმენლები წარიტაცეს, გულები დაგვიყაჩაღეს...
მათი ყელის სიტკბოსაგან სიხარულით დავიხოცნეთ...

შაშვის გალობისებრ ციურს ვერ მოისმენ მაინც კონცერტს,
ეგერ მანდარინის შტოზე მისი ფეხის მტვერი ვკოცნე!


125.

დედაზღუდერი ქართლისა, საქართველოსი აწვე,
ვისაც მხარ-ბეჭზე ერის მძიმე უღელი აწევს,
ნიშა ხარსა ჰგავს, ხნულში წინ მიმავალს და გამწევს,
ვერვინ წაართმევს ვისაც გვემას, სიხარულს, ღვაწლებს _

თხუთმეტი საუკუნეა მტკვარი Hჰამაკში არწევს,
კოჯრის ნიავი მხცოვან ორთავ უკოცნის ღაწვებს.


126.

სდექ, კუჭო ჩემო, ხევძმარო, ძმაო... ო, არა, მტერ-ძმაო!
ორმოცდაათი წელია შენმა უფსკრობამ შემძრაო...
ვერანაირმა ანკესმა, ეკალმა, ისლმა, ძეძვმაო,
პირი ვერ ამოგიკერა ვერც ნემს-მახათით თერძმაო.

თუ მძლავრობ პირუტყვ - ფრინველზე, ადამიანზე _ ზემძლავრობ...
ასე რად გაგამძვინვარა წუთისოფელმა ბერწმაო?!

127.

ქართულ გვარში შეფარულხარ, როგორც ბუჩქში სირაქლემა!
და, გიწუხებს სულს რაღაცა... ძარღვის აშლა... მუცლის გვრემა...
თუ ხარ, უნდა იყო კიდეც ან ქართველი, ან ვიღაცა,
ღამურობას არ სჯობია, დარჩე პატიოსან კაცად?!

თუ ქართველობ _ იქართველე, იერთგულე, იხალასე...
თვალი ნუღარ გიციმციმებს ხან ისე და ხანაც ასე!


128.

დანაშაულობებით
ჩვენი ჟამი მაბრუებს...
მსგავსი რამე თუ ახსოვთ,
ჰკითხეთ ბებო-ბაბუებს!

ორბი გაქრა... ცა დარჩათ
ჩხიკვებს, ჩხართვებს და ბუებს.


129.

მოდი და ნუ აღშფოთდები, მოდი და ნუ განრისხდები,
გულზეხელდაკრეფილები, ჯიმა, სანამდე ვისხდებით?!
მოდი და ნუ გამძვინდები, მოდი და ნუ გაფიცხდები,
წყენისაგან რომ ვცივდებით, ჯავრისაგან რომ ვსიცხდებით...

დაამცრო ჩემი მამული ინფარქტებმა და გულყრამა, _
გულზეხელდაკრეფილები მტერს სამარეში ვუყვარვართ!..


130.

ხან რომ წკავწკავი ძაღლის და ხანაც
ჭრიალი ისმის ღიპიდან ურმის,
საამურია ჩადის როდესაც
ყელში წანწკარით ჟიპიტაური,

და, უკეთესი _ ცას რომ აჟრჟოლებს
დამპიტაური... დიმპიტაური!..


131.

გახსოვს ბულეისკარი... თხელი-თხელი გოგოები?
მკათათავის მზე, ალუბლის მოქანავე შტოები?
მაღალი ტყე... ჭადარი მდგარი განმარტოებით?
ცხენები, მიმავლები მწვანე ველზე ძოვებით?

მათი კისკის-ტკარცალი... ჩვენი სიცილ-ხარხარი?
,,ნახვამდის!..” სამუდამო... რომ გვეგონა დროებით


132.

კლდე-მთა-გორების გუგუნში
ღელე-ხევების ხველაში,
შენ გაგონდება, მამულო,
და უსმენ მიხა ხელაშვილს,

სამოთხის კორდზე მუხლმოყრილს
და შენზე მლოცველს ხელგაშლილს.


133.

რა მემასხრება! შავ დღეშია ჩემი მამული...
ხითხითებს ჭინკა... აღარა სჩანს სული მამლური!
რა მეხუმრება? საფრთხეშია ჩემი ქვეყანა...
დაგვცინის ქაჯი... გაგვაცურა და ქაჯს ტყვე ვყავარ!

რა მელექსება? თავზე აგურს ვიფშვნი ლიწინით...
ვრბით ჯოჯოხეთში ყველანი სულ სიცილ-სიცილით!


134.

კაცის ცხოვრება შეცდომების არის კასკადი!
წუთისოფელში ჭრელა-ჭრულა თუმც ცვლის კადრს კადრი,
კაცს, ეჰ, კაცისა აღარ ესმის, ვითარც ძაღლს კატის,
არ უხარია, თუნდაც ოქროს ჭედდე დაზგათი,

დიდი გვირაბი გაიყვანო თუნდაც მასკვამდის...
ო, სიყეყეჩევ, მკვდარსა ჰგავხარ! მუდამ მკვდარს ჰგავდი.


135.

წვიმა  იყო,  სეტყვა  იყო,  ახლა  თითქოს  იდარება,
მთვარემავ  გამოიჭყიტა  კეკლუცმა  და  პირმთვარემა,
აშრიალდნენ სიმინდები  ტანწერწეტა - მსხვილტარება,
საქართველოდან  მოკურცხლეს  მტრებმა  და  ვიგინდარებმა.

ყრმებთან  ერთად  ჩაიარეს  შვიდსიმება  გიტარებმა,
და  ჰანგების  ჩირაღდნებმა  წარიტაცეს  ვითარება.


136.

უსამართლობამ, შიმშილმა სახლიდან გამომაქცია!
ხელისუფლების ცვედნობამ ამბოხებულად მაქცია,
ფეხს რკინის ქალამანი და ტანს მრისხანება მაცვია,
ვეღარ გარეცხავს ჩემს რისხვას -- მტკვარი, რიონი და ქცია...

რუსთაველზე და რიყეზე ბობოქრობს ჩვენი აქცია,
მოჯარდა პატიოსნება, აქეთ, ვინც კი და რაც კია!

137.

რომ  არ  ავტირდე,  ვიცინი,  რომ  ბედნიერად  მოვჩანდე!
ჩემი  ნაბიჯის  კვალია  აქედანა  და  სოჭამდე...
ჩემი  სიმღერის  ქარია  რომ  აყანყალებს  ოჩან  დევს,
ჭირიდან  სიხარულამდის  სიბრძნის  ძიების  დრო  ჩავდე,

სიმართლეს  ვთქუამ,  სად  ვიყო  და  რასაც  უნდა  ვროშავდე...
სადღაც,  საწუთროს  ბოლოში  გამარჯვებათა  ხონჩა  დევს.


138.

ასე  მგონია,  შაშვიკო  სხვა  შაშვიკოსთან  აშიკობს,
ტრფობისგან  გონდაკარგული  თავს  სიყვარულის  ალში  ჰყოფს,
ერთს  დავუძახოთ  სახელი  რომანტიული - ლაშიკო!
მეორეს,  სინორჩისათვის,  ასევე,  ნაზი - მაშიკო!

თუ  უყვართ  ერთიმეორე,  ჩვენც  გავიხაროთ  მაშინ,  ხომ?
ღებავს  სიცოცხლეს  დილისას  გალობით  ორი  შაშვიკო.

139.

შეხე,  ადიდებულ  რიონს  მოაქვს  რა  და  რა  და  რაი -
ნაპირიდან  მოპარული  თხმელის  შეშის  ხუხულაი,
საძოვრით  გატაცებული  გოჭი,   ცხვარი  და  ძროხაი,
სარის  საჭრელად  გასული  გვამი  ბედკრულ  კაცისაი...

გვაკლია  ჩვენ  თავში  ცემა?  ცრემლი,  გლოვა,   ვუი,  ვაი?
ამ  საწუთროს  მოველოდი,  ჯიმა,  ვფიცავ,  სულ  სხვანაირს!


140.

ხომ  გვემუქრება  მერმისი  იანკითა  და  სკვითითა?
ზამთარო,  შენც  გვემუქრები  ცივი  სალოკი  თითითა...
ჩიაა  ჩვენი  იმედი  და  ისიც  ხტება  ხიდიდან
ძირს,  სადაც  ღრმაა  მორევი  და  ღლავებია  პირდიდა...

ერთიღა  დაგვრჩა  ნუგეში, - ვინაც  ცოდვები  იტვირთა
ჩემი  და  შენი...  ჰე,  უფლის  სახელი  ქვეყნად  იდიდა!


141.

ჰე,  ტფილისის  და  ქრცხინვალის  სულმდუღარე  მოურავო!
იქნებ  აღსდგე  და  სამშობლოს  შენებურად  მოუარო...
ქაიხოსრო - შადიმანებს  ერი  არ  სცნობს...  დრო  უარობს, -
ფარსადანას  ვინც  თამაშობს,  უტიფარი,  მონურად,  როლს...

საქართველოს  გაბრწყინვება,  ერთხელ  მაინც,  მოუვა,  რო?
მზე  ცოფებს  ჰყრის,  დედამიწას  ლამის  არ  შემოუაროს!


142.

ზამთარია,  მიფრენენ  ცაზე  ვეღარ  ყორნები!
თითქოს  შეჩერებულა  ციფერბლატზე  დრო  ნებით...
არ  ჩანს  მამალიც...  ყელის  დასწყვეტია  ხმოვნები,
ღრუბელიც  შეჰყინვია  ცას,  ჩანს  დანაყოვნები...

წყალზე  დგანან  ნავები,  გადახრილან  ბორნები,
საით  გაქრნენ  თევზები  გულებშენაღონებნი?!


143.

,,ჩემი  ტყუილი  მირჩევნია  სიმართლეს  შენსას!
რადგან  ჩემია!  მირჩევნია  რუსთველის  ლექსსაც...
ჩემი  ბრმა  შვილი  მირჩევნია,  თვალებით  მკვესავ
თქვენს  შვილებს,  რადგან  ოქროდ  მიღირს  იმისი  კვნესაც...

ჩემი  მამული  სჯობს  მსოფლიოს...  რადგან მე ვესავ
მის  გაბრწყინვებას,  ამაღლებას,  სიდიადესაც!


144.

გაფანტულან  ჩემი  თანაკლასელები!
გაფანტულა,  ესე  იგი,  ბავშვობა...
გაქრა  წიგნებ - რვეულები  ჭრელი  ფრთებით,
ყრმობის  მელანს  არ  დასცალდა  გაშრობა...

და  საწუთრომ  ჩაგვითრია  ყმაწვილები,
გემრიელად  არ  გვამღერა  -  ,,რაშოვდა!"


145.

ძველებურად  მწვანობს  ჩვენი  შაშვიანი  ორღობე!
სად  ქარები, ძველებურად,  თარეშობენ,  ოხრობენ...
იდგნენ  ერთხანს  აქ  ხოხობნი,  მაგრამ  ვერ  იხოხობეს,
ყანები  კვლავ  შრიალებენ  და  თოხები  თოხობენ,

დუღს  სოფელი...  თამადები  სვამენ  და  როხროხობენ...
მტრები  მტრობენ  ერთმანეთს  ხან,  და  მოყვრები  მოყვრობენ!


146.

ამლეტია  კარში  იდგა,  კარს  არყევდნენ  ქარები,
ბურთი  ჰქროდა   კარისაკენ  წუილით - გამალებით,
მეკარე  ბურთს  მშვიდად  ხსნიდა  ჰაერშივე,  მთქნარებით,
და  უკანვე  უბრუნებდა  მინდორს  მობურთალების!..

რა  მეკარე  იყო  მაინც!  მერე,  კურს - დამთავრების,
,,ბელარუს"  ტრაქტორს  მართავდა  მთვრალ - ფხიზელი  თვალებით.


147.

ეზოს  გარშემო  გაჭიმული  რკინის  ბადურა --
ო,  მამაჩემის  ოცწლიანი  ნამოღვაწარი...
მწვანედ  ნაღები  ჭიშკარ - ბოძი,  ბოძზე - ნათურა,
და  მავთულებზე  სირ - მერცხლების  ხტუნვა - ცანცარი,

ჰქრის  ჩვენი  ყურშა,  მეოცნებე  და  ყურპანტურა,
მაღლა  კი ცაა..  იგი  არის,  ჯიმა,  რაც  არის!..


148.

-აი,  შენი  სოფელი! -  ციდან  ორბმა  მაჩვენა!-
ეგე,  ბაწარიონი,  სანაპირო  მარჯვენა...
ეგე,  ფურნი,  შობილნი  კაცთა  გადასარჩენად,
ტყისკენ,  ხარნი,  ბალახზე  მიშვებულნი  ამჯერად,

ნაძვები,  აღმართულნი  სატევრებად - ხანჯლებად...
ოთხკუთხედი  სახლები,  თეთრქათქათა - ფანჯრება!


149.

ჩემი  სახლიდან  სკოლის  კარამდე  სქელჩანთიანი  ბავშვობა  დადის!
სტადიონზე  კი,  ხმაურიანი,  ყმაწვილკაცობის  ბურთები  ბარდნის...
რიონის  პირას,  ო,  სისხამ  დილით,  ანკესის  ჯოხი  ქანაობს  ათი,
და  ნელა - ნელა  ევკალიპტების  თავზე  მზის  ცხელი  იშლება  ვარდი...

სიმინდში ცვარი ციმციმებს და ვრცელ ყანას მიმარგლავს ბაბუას ნადი,
და მეც სადილი მიმაქვს კალანჩხით - ცივცივი ღვინო, ლობიო, მჭადი.


150.

ოდეს  ბებია  გარდაიცვალა,  მამიდაჩემმა  ასტეხა:  - ვაიი!
მყის  მეზობლებით  აივსო  ეზო,  მამიდას  აჰყვა  ურიცხვი  ხმაი...
გულგახეთქილმა მოვკურცხლე უკან, დამბიდან მოვრთე ღრიალ - ავაი...
სკოლის ეზოში ფრენბურთაობდნენ, ქარი ისროდა ჩქამს ნაირ - ნაირს,

-სდექ! სირცხვილია! -თქვა გენორმა და, ეტყობა, სველი ჩაჰკიდა თავი.
- არა უშავს რა! -ზალიკომ ხმაჰყო, - ბარემღა მოვრჩეთ, ბიჭებო, ტაიმს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი