ვლიან ჟამნი - ექვსაიები - 151-300
151. მიდის, მიბრდღვინავს, მიერეკება მატარებელი ,,თბილისი - ფოთი"! მიაქვს ასობით ბიოგრაფია, ათეულობით ჩამქრალი შფოთი... ზოგს სძინავს წყნარად თავს იმძინარებს ზოგი თვალების ხუჭვის მეთოდით, იქით ყმაწვილი წამოიტირებს, და იგინება აქეთკენ ლოთი... ჩვენი საწუთროც მატარებელს ჰგავს, გაჩერებებზე ჩამოგვსვამს ოდეს, ზოგს ანგელოზი ცაში აიყვანს, ზოგს ელოდება უფსკრულის ლოდი. 152. სამოცდამერვე სამხედრო ნაწილს, რომლის კარებთან იზრდება ანწლი, რომლის კუტიკარს გაუდის ლაწი დღისით და ღამით, კვლავ ახსოვს ყმაწვილს გოგონას ლანდი, ატმისფერ ღაწვით, ვინც იქ მიცდიდა ჯარისკაცს ტანწვრილს. 153. ,,ზელიონები" მოვედით, აქ კი დაგვხვდნენ ,,დედები", ძალიან უტიფრები და ძალიან თავხედები! აქ წესია: ხამს ჰმონებდეს ძველებს ახალბედები! თავში გვხვდება არაერთხელ მათი მუშტის ხვედები, ჩვენგანაც აქვთ საჩუქრებად დალეწილი გვერდები... ალბათ, ძილში ისვენებენ ვეღარ, ჩვენი დედები! 154. ვოლოდიმირ სტეპოვენკოს მოსწონს მედდა მარია! ეს კუდრაჭაც დაჰქრის, როგორც ბოლოთეთრა ვარია... -გრიგორი, დრუგ, ეი სკაჟი, ჩტო... რომ მიყვარს ძალიან! მაგის გამო ,,ნარიადში" ხშირად მიწანწალია... მარიას რომ მივუტანე სტეპკას გულის ალია, აკისკისდა: -პუსტ სამ სკაჟეტ, კა მნე პრიდიოტ ვ ნარიად! 155. პაემანის გოგოები ჩვენს კა-პე-პეს მოსევიან! და ჩვენი ჯარისკაცების გარეთ გასვლის დროს ელიან... ეს დროც დადგა, გაიკრიფნენ, ღამე მათი ბოსელია, მორიგე ვარ, კნაჭა გოგო ცახცახებს... ვითომ სველია? -შენ ვის ელი?.. - ვეკითხები, - არცვის! აგერ, შჩორსელი ვარ... შემომიშვი, ვითომ შენთან პაემანზე მომსვლელი ვარ! 156. ,,მარშ - ბრასოკზე" გარბის ჩვენი მრავალრიცხოვანი როტა... ირპენის ხიდს ვახრიგინებთ, ქუხს სიდენკო: - ბოდრა! ბოდრა! სძინავს ხუტორს, ყინვაა და იცრიცება ნისლი ოდნავ, ფეხი ოფლში ჭყუმპალაობს, ძაღლი გვიყეფს კამიონთან, ვრბით და ჩემს წინ ,,პარტიანკა" ამოსჩაჩვია სქელ გონტარს... ვრბით და დაღლას ვეღარა ვგრძნობთ, თვალხილულებს გვძინავს ცოტა. 157. ცხრაასსამოცდათოთხმეტის ცივი იანვარია! კიევში თოვლი მოშვავდა და ისეთი ქარია, ძელებსა გლეჯს, შიფერების ქუჩებში ფრიალია... შველა უნდა დედაქალაქს ჩქარა, და თან ძალიან! -პადიომ, რაზ! სალდათებო... ი, დვა! აბა, ვ ნარიად! ,,კრაზი" უკვე ათუხთუხდა, ნიჩბებიც მზად არიან! 158. ,,ხოჩეშ შაჰ-მატ?" - მკითხა ქერა გერმანელმა ოფიცერმა! რვა ხელი ისე წავაგე, რვავეშივე თითქოს მცემა... ,,ჰაინც ზავუტ!" - თვალებიდან სიხარულმა უწყო ცვენა, ხელი მაგრა ჩამომართვა, წაბრძანდა, ვით ავიცენა. გასართობი სხვა არა სჩანს, მეორდება, ეჰ, უცვლელად - მხიარული - ჰაინცი და, მე - მწუხარე... ერთი სცენა! 159. მიილია ვადა... მომცეს ზურგჩანთა და შინელი! ბორისპოლის სასტუმროში შინელს უმზერს ჩინელი... პილოტის ტყავის ქურთუკი მომცა ახალ - მბზინველი -- -დავაი! - შინელს ხელი სტაცა სისწრაფით საშინელით... თვითმფრინავში ვზივარ, ვმსჯელობ: - მამაჩემი შინ მელის, ქურთუკი გაუხარდება!.. თან ძილში ვარ მფშვინველი. 160. ყვირის მონადირე ტყიდან, ან მეთევზე, სტვენაა ლერწმიდან გნოლის, ან დურაჯის!.. იქნებ გუგულია ანუ ,,კაფე - თესე" ? მოულოდნელია ამ დღის ანტურაჟი... ისინი ვინც ცვლიდნენ მამულს კანფეტებზე, ახლა მოძვრებიან ლიტერატურაში. 161. - სამი დღეა პური აღარ გამიღეჭია... სანაგვეში ვერ-რას ვნახავ, ხვალაც, ეჭვი მაქვს! -რკინის მილი ვნახე გუშინ... ჯართს ჩავაბარე, ფული მომცეს, ძეხვი ვჭამე, გემო? ზღაპარი! -მე კაფესთან გადმოფერთხილ ვკრებდი ნამცეცებს! სხედან სკამზე მოხუცები. მზე თვალს აცეცებს. 162. რადგან, ჯიმა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს - გზად ვიპოვო ფულის ქისა... თვალი გამიჭროღდეს! ფეხთან მყოფი ყოყოჩობა თავზე ამიღოღდეს, ამის გამო, ხმაწლიკვინა, უცებ ავროხროხდე, და, სულაც, დავემშვიდობო სიმშვიდეებს, კოხტებს... არ მწადს! დაე, სიხარბის ქვა სხვა ვიღაცას მოხვდეს! 163. ,,შენდობით მომიხსენებდეთ... ვარ სამარეში მწოლი მე, ცოლი დედისებრ მივლიდა და სისხლს მიშრობდა ცოლივე, მეც კაი ოხერი ვიყავ... ახლა აქ ვწევართ ორივე.” 164. ცხვირი გარეთ გამიყვია ვეღარ! დედაკაცი მექიშპება: - ხე ხარ!.. ერთი ძარცვავს, მეორე კი ჰპარავს, და, მესამე მომიტინგეს ხერხავს... მე სიმართლეს ვეძრახები: - არა, არ ხარ, ჯიმა, ქვეყანაზე... ვერ ხარ! 165. სიკვდილის ჟამს რად გასცქერის საქათმეს მელაკუდა! იქნებ ცოდვებს ინანიებს აურაცხელს, საკუთარს?.. ახსენდება, იქ რამდენჯერ შეცანცარ-შერაკუნდა და მძინარე ვარიკელა მიიხუტა - გაგუდა? ახლა, როცა დაჩიავდა, გადაფერდდა, დაკუტდა, სინანულის მწარე სიმი სულში აუჩხაკუნდა?! 166. ერთი წამი წყვეტს ხშირად ყველაფერს, სიცოცხლის საკითხს, სიკვდილის საკითხს, მიხვალ მთის გზაზე, შენს ფერხთაქვეშე მატლი მიცოცავს ჭრელი რუკზაკით... და თუ გასრისე ის საცოდავი, შეიღებება გზა მწვანე ლაქით... ადამიანო, იყავი ფრთხილად, შენს უკან მორბის გიჟმაჟი ზაქი, არ დაგეჯახოს, თორემ უფსკრულში ვეღარ დაგიჭერს ნისლის ჰამაკი... სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე მიხვალთ – შენ,ანგელოზი და ფათერაკი. 167. ღმერთშემოსილნო მამანო, სიტყვა არა მწადს დავმალო! ვინც ჰგიებს ცად უსამანოდ, და ცათა შინა კამარობს, ანგელოსებით ამალობს და არის სულთა მალამო, ვისკენ ყველანი ვფრთამალობთ უსაჭურვლოდ – უალამოდ, ვის წინაშეც არ ვზარალობთ და აღარ ვკუკუმალაობთ – ვეთაყვანებით და ვლამობთ გული მოვულბოთ მალ – მალო! 168. - ვაიმე, ომს ვაგებთ!.. ძალები გვეწურვის! მტერს არ ეპუება ასიოდ ხევსური. -ჩვენი ფხა მთაჩია... ძალ გვიდგას მხეცური! ბარისკენ ნუ ჩახოლთ.. . იქ ფეხი გვეცურვის! ჰკივიან, წივიან ისრები ბერძული... მიჰკაფავს, მოჰკაფავს შატილელთ ხელცული. 169. ილიას რომ ეჩვენე, მომავალო, სადა ხარ? აიწიე ცისკენ და სისხლის რუებს გადახვალ... საქართველო მოგელის, დრო ქცევია არტახად, აწმყო უზის კალთაში და მძიმედ ავადა ჰყავს... იქნებ ხმალი გაგიტყდა და ხელთ შეგრჩა ვადაღა, - გამოქანდი, გვიშველე, სული გვიდგას... ჰა და ჰა! 170. ბნელ და ნათელ წუთებს შორის მიძუნძულებს ეს ცხოვრება! გარდაცვლილი, ზოგიერთი, ცოცხლობს... ჩვენდა სასოდ ჩნდება, მისი ხსოვნა გვახალისებს, მისი საქმე მიგვიძღვება... აგერ, კაცი ცოცხალია და ყურს ფხაჭნის მისი ყეფა, მიდი-მოდის... მისი ყოფნა წუთისოფელს შავად ღებავს, კი თქუამენ, მაგრამ ყველა როდი არის ღვთის ხატება! 171. თუ შენ ბრძანდები კარგარეთელი, ჯიმა, მე ხომ ვარ კარშინაური? შენ კატასავით მიდი-მოდიხარ, ჩვენს საუნჯეებს აუვლ-ჩაუვლი, აღგაფრთოვანებს ჩემი მამულის ზვირთებელვარე ხევთა ხმაური, ტუჩს გაილოკავ, მოგეწონება ხინკალი ფართო, ცხელი, ფშაური, თვალებს მიგტაცებს ცეკვა ქართული, ჭიდაობაში - გარეკაური... მაგრამ პავლედ ვერ გადაიქცევი, ვერა! იქნები მიწყივ საული! 172. ზოგი ღვინით არის მთვრალი, ჯიმა, ზოგი სიყვარულით! ზოგი კიდევ მწუხარებით... ზოგნი სხვისთვის დარჩნენ ყრუნი... ადამიანს გარეშემო სუნთქვა ქარიშხლისა უვლის, - კაკანათის ათასგვარის: გრძნობის, მიზნის, მდედრის, ფულის... დაჭყეტილი გქონდეს თვალი, აცქვეტილი დაგრჩეს ყური... ვინც დაითმენს ჭირს და ვარამს, სასუფეველშია რგული. 173. კუდამოძუებული რბის სიმართლე, ფინია, გაკვირვებით ასცქერის თვალთმაქცობას, ბინიანს! დასუნსულებს, დღედაღამ ღობე-ყორეს ედება, მყუდრო ვერ უპოვია ჩერო და ეხეტება... ხდება, დაიწკმუტუნებს... სადღაც დაუღრინია... დაძრწის დასაბამიდან, დაწანწალებს ფინია. 174. ,,მძიმედ აღჭურვილი და შავ ღრუბლების არმია აღმოსავლეთისაკენ ავად მიიგრაგნება, ფრთების მოსმა - გაქნევა განა დიდი რამეა, მაინც დაგიბრკოლდება მამრ არწივს გზის გაგნება... მე ამათი დედაცა... ყვავ - ყორანმა ამრია, - შავ ღრუბლებში ცვივიან და... შავი აქვთ გაგება". 175. მიკიკინებს თხა ფერდაზე წვერით ფილოსოფოსის! მის რქაზე კი ხარაბუზა ცოტა უხერხულად ზის... ბალახების სულ ახალი აფენია ნოხი ძირს, ო, რა დღეა! კაცი კაცზე არა, აღარ იტყვის ძვირს, სიხარული მარტო ცაში? გულშიც ხვავრიელად ცრის... გულისსწორი და საცოლე დღეს შეხვდება, ნეტავ, ვის? 176. ყოფილა წუთისოფელი, შავი და თეთრი, ორფერი! აწ თეთრი აორთქლებულა, დავრჩი ღამეში მყოფელი... იქით, სინათლე რომ მოჩანს, მაღალნი დგანან ღობენი, აქეთ მგელ-ძაღლნი მიღრენენ, საშიშია და მცოფელი, გულს მიკაწრავენ შიშები ეჭვიან-მეორჭოფენი... ცხვირწინ ამწაპნეს სასო, ვით მამულს საყდარი ქობერის! 177. საქართველო მგზავრი არის ხომალდ ,,კავკასიონის"... - ეგე, კახეთს ხომ უხდება სარტყლად ლურჯი იორი? - რავა, იმერეთს ნაკლებად შვენის წელზე რიონი?! - აი, მტკვარი... სატარებლად ქართლისთვის სჩანს იოლი... - შენ რადღა გაჩუმებულხარ? სიტყვა ერთი... თქვი, ორი! - კრთის ჰალისი, ვით ჭანეთის ცრემლის ზოლი, ფიორი. 178. გოგო ვნახე იმ დღეს, ჯიმა, გულმა იწყო ბაგა - ბუგი... ყველა სენი ერთად გაქრა, გაიმართა მრუდე ზურგი! თვალებში მზე აკიაფდა და ჭაღარა გახდა მუქი, სული ჩემი სიო იყო, ამღელვარდა ვით ქარბუქი... გონს მოვეგე დროზე და ვთქვი: - სდექ, მოხუცო, დადე ბუკი, რომელი მე არსენა ვარ, რომელი ბაშიაჩუკი?! 179. ო, შემოდგომის დაფრინავენ მძაფრი ფოტონი... აგერ, ნეკერჩხალს ყვითელ - მქრქალი სცვივა ფოთოლი, ღვინობისთვის ზურგს შინდისფერი შვენის გოდორი, სავსე რქაწითლით, სიმღერებით სულ სალოთონით, ჯიხვის ყანწებით და შოთების ცხელი კოტორით... ო, სიხარულის ღუღუნებენ ღოროტოტონი. 180. აი, მთვარე ბიძია, ღამეების მაშუქარი, საქართველოს ბნელში ყოფნა თუ უხარის, მას უხარის! ღრუბლებთან ჩანს ნაბრძოლევი, შენალეწი, ნაშუღლარი, ხან მიბობღავს ძლივს და, ხანაც, მიაქროლებს აჩუ ქარის, სანატრელი გახდა, ჰოი, დრო ნაბაშიაჩუკარი... - ხა-ხა! - ხარობს ძია მთვარე, ნაპოხი და ნასუქარი. 181. მზე ჯერ არ ჩანს, ორკესტრობენ დილიდანვე ეს შაშვები... გზაზე უცხო მდედრი მზერით მათრობს... ფერი ფერსა შვენის! რომ იცოდეს ჩემმა ცოლმა? სახლში არ ვარ შესაშვები. 182. უმზერ შეფრფინვით, თითქოსადა მშვენი კაცია, თავად, ახოვანს, ვაჟკაცობა თითქოს აცვია, მიაქვს და მოაქვს მძლე ბეჭებით სამყაროს ბჭენი, და ხილვა მისი გულს გაუთბობს ყველა მაცივარს... და, ხშირად ხდება, რომ გაჩნდება საქმე საერო, კაცი?.. ეჰ, კაცის აღმოჩნდება პროვოკაცია. 183. მესხი და დვალი, _ გადმოდიან გზაზე შალვანი, მოხითხითებენ, გახსნილი აქვთ თუმცა შარვალი... ხომალდი ზღვაზე, ავტოები ჰქრიან ხმელეთზე, და, ცხადია, ცის გახსნილია ყველგან შარანი... მოხითხითებენ მოხუცური თავდავიწყებით ახალციხელის სეხნიები მხნენი, შალვანი. 184. კაჭკაჭს არ დაესიზმრება, იგეთი გრძელი ბოლო გაქვს! ენაც არა გაქვს ნაკლები, ტყუილებს მილოკ - მოლოკავ... გრაფი არა ხარ, არცრა ხარ, ასახიერებ პორნო გრაფს, ჭინკასაც კი გააცურებ, დისკოთეკაში რომ როკავს... მაინც საიდან გამოტყვრი? ნეტავ მაგისი ზორო მქნა! ის არა სჯობდა, ქინძად ან ამოსულიყავ ბოლოკად?! 185. ცნობილია ძველთაგან _ რა ხმალი და რა ფარი, თქუამს ,,ქართლის ცხოვრება” და არ არის ზღაპარი... ღმერთს უსმენდნენ რადგანაც, ღმერთიც ამით ხარობდა, ღაღადებდნენ, გალობდნენ ჩვენი მამა-პაპანი! ჟამი იდგა შენების სულის სიმაღლეების... თევზების სიმრავლისგან მაღლობდნენ ღელეები! 186. ხელები ცისკენ მაქვს საშვერი... სულის ყველა უჯრედს წყლული აქვს... ზეგ, ალბათ, იქნება საშველი, ცხოვრება მე კი დღეს მწყურია! სასოს ხე რომ დავრგე, დავშვერი... სვე-ბედს კვლავ... ეჰ, დავუწუნივარ. 187. პატიოსანი საქართველო მათხოვრად იქცა _ საქართველოსვე სადღეგრძელოს ყანწით სვამს ციცქას! ჯიპზე ამხტარა საქართველო უპატიოსნო _ და, მოცუნდრუკე, თავყანსა სცემს ჯეკსონს თუ ჯონსონს! კაცი გერქვას და მათხოვარი, _ რაი გწადს აწი, ჰეი, ძმობილო, _ თუ მდიდარი და არაკაცი? 188. ჯიმა, თითქოსდა მძიმე ჯაჭვებით ხელფეხშეკრულვარ უფულობისგან! არ შველის ამას წყევა-გინება, ხელების შლა და შუბლზე კოპისკვრა... ხომ არა მწყალობს ჩვენი პლანეტა, თვალი მარიდა უცხო მერკურმაც, დამჩხავის ყვავი სიღატაკისა, ამირანივით ხელფეხშეკრულვარ! რუბლს არ მიგზავნის არცერთს პუტინი, ცენტი რა არის, არცერთს ობამა, გამადიადა პატიოსნებამ, დამაჩიავა უფულობამა. 189. მაინც რამდენი შეგიძლია ქედო ხარისა! გუთანს ეწევი, მძიმე ურემს მიაჭრიალებ, თივა ჩამოგაქვს გორიდან თუ მორს ეზიდები, არ მახსოვს შენი კბილთა ხრჭიალი... მე კი ქვეყანას ვაქცევ, ვბღავი... ნემსი რომ მჩხვლიტოს კოღომ, ნამცეცამ, სიფრიფანამ და გამჭვირვალემ! 190. ვეჩრდილები წუთისოფელს, ისიც ძლივს მიმაჩანჩალებს! რაც არ უნდა ვეჩურჩულო, რჩეულებში ის არ ჩამრევს... ამიტომაც ჩანჩურებში ვზივარ, გვეძახიან ,,ჩარლებს", თავმომწონე, ყინჩი კაცი დავემგვანე ყარაჩაელს... ეჰა, ჩალის ქუდო, ჩაო!.. გვახურავენ მალე ჩალმებს... რა ვქნა, ამ ერთ სიცოცხლესაც ჩავაძაღლებ, ჩირად ჩავლევ! 191. მამულო, შენ რომ გყავს მსგავსი არსად არი _ შადიმანი, ქაიხოსრო, ფარსადანი! ჰე, რამდენი გყავდა... გადაშავდი ლამის _ ქაიხოსრო, ფარსადანი, შადიმანი! გეყოლება... ნეტავ ყველა წარიხოცოს _ ფარსადანი, შადიმანი, ქაიხოსრო!.. 192. როგორც მდიდარს სძულს ღატაკი, და ღატაკს, როგორც მდიდარი, ზარმაცს სძულს შრომისმოყვარე... ზნეი აქვს ეგევითარი! შუაღამეს სძულს შუადღე, მთვარეს მზე, თუმცა მზით არის... ციცას ძაღლი, მუნჯს მეტყველი, ჩიას _ სხეულით ტიტანი... მაშინ რაღაა საწუთრო, რაიც ვერ და ვერ იდარებს? ჯიმა, საწუთრო ნისლია მთებს შორის განაკიდარი. 193. ვარსკვლავისგან ძირს ნათურის ბჟუტავს აბრევიატურა, ღმუის საჭამიასერი, ქარი არბევს ჭიათურას, ხონი გადასანსლეს მგლებმა, ზესტაფონი მიაქვს ტურას!.. 194. ქვეწარმავლები ზეწარმავლობენ! უშნოა მათი კუდის ქიცინი... მჭახეა მათი ყვავებრ გალობა... შავია მათი ხანგრძლივ სიცილი... ბოლო არ უჩანს მათ ტანც - გალოპებს, მწუთხეა მათი თამაშ - ღინცილი!.. 195. _ მარქუ, მოძღვარ, გავჩენილვარ ამ სოფელში სალაღობოდ? _ შრომისათვის, ლოცვისათვის ამ სოფელში, შვილო, მყოფობ! _ კი, მაგრამა, მწადს ხანდახან ლხინი მამა-პაპურ წესით!.. _ ილხინე და იჰარალე!.. ღმერთის სადღეგრძელოც შესვი! _ ვიგინები და სიბრაზეს ვერ ვერევი, მამა შიო... _ მეცა ვბრაზობ... ხდება ხოლმე... ვინანიებ მერე, შვილო! 196. საწყალი ჩვენი ცოლები, ჩვენი ცხოვრების მძღოლები! ჩვენი კომლის და შვილების მცველები, ვითარც ქორები... მამულის, პატიოსნების ფარები, ხმლები, თორები, ხან სიმწრით აკივლებულნი, ხშირად კი ცრემლით სოვლები... ჩვენ ვინები ვართ, მამრები, ზარმაცები და მცონრები, ხან თანამგრძნობი ქმრები თუ უფრორე სისხლისმწოვლები? 197. ფართხალებენ იმედები, სარეცხები როგორც ქარში - გადავრჩებით შიმშილობას ამ დეკემბერ - თებერვალში? - თვალთმაქცობა არ მასწავლე, მამი, როცა ვიყავ ბავშვი!.. -სამუშაოს ვიშოვიდით!.. ავავსებდით ჭინკებს ტაშით... მსაყვედურობენ ძეები, დამნაშავე ვდგავარ მათში... კი არ ვდგავარ, მოვკუნტულვარ, მეგობრული როგორც შარჟი. 198. ჯიმა, თუ გატყუებდე წამით, დედას ვფიცავარ! მასზე მეტი ვინა მყავს, მითხარ, დასაფიცარად? -- სასომ სულ დაიძინა, სასომ არ იმღვიძარა... გაგოგმანდა წარსული, გაკრთა, გაიციცარა... წელი შეურაცხყოფის რავა გაიცრიცა, რვა?! ო, რამდენი მართალი შეჰკრა ოთხმა ფიცარმა! 199. სამოთხის სირნო, ზეცისა პირნო, რომელნიცა სცხებთ წყალ - გორებს მირონს, თქვენის გალობით ნუგეშინი გვცემს სულიწმიდისა და არა ვჭირობთ! მსწრაფლ გაანათებთ აკვნესებულ გულს, სალამურობთ და ქნარობთ და ლირობთ, სოფლიდან სოფლად დაეხეტებით, ვით უვერცხლონი, კურნავთ და მწირობთ, თქვენი სულია მიწიდან ცამდე გალაღებული და უნაპირო... შაშვნო, შეშლილნო მამულისათვის, საქართველოსი ფარულო გმირნო! 200. მოწყვეტილა ვინაც მამულს, ლუკმა არი იგი მგლისა! ანუ იგი ნაფოტია მღელვარე ოკეანისა... გიმზერთ გზებზე - სტამბულისა, ათენისა, მადრიდისა... ჰე, და-ძმანო, მენანებით, ვინც მათხოვრად ჩანხართ სხვისას, სამშობლოდან გაგაძევათ ვერაგობამ მზაკვარისამ!.. სულ გახსოვდეთ, რომ მიყვარხართ, ბოლო ამოსუნთქვას ვფიცავ! 201. დღესასწაულობს უსამართლობა! უსამართლობა ბედნიერია... უსამართლობას უყვარს დათრობა და მისი ძენი ლაღად მღერიან. შენ კი თავს იფხან, გახსოვს თათრობა, სპარს - არაბობა... ჩანხარ ბღვერია. 202. როგორც ყოველთვის - ვჩქარობ, როგორც ყოველთვის - ვწვალობ... როგორც ყოველთვის - ვსტირი... და არასოდეს - ვგალობ! ო, ნუღარ მიმზერ ასე, თვალებციმციმა ქალო, ნუღა ედრები ფატმანს, კლეოპატრას და მანონს... გარშემო არ ხართ ვინმე? ვნების ბადეში ვარო... გრძნობა მიმათრევს ძალით სუნამოიან სალონს! 203. ალუბალი, ბალ - გარგარი აპრილს უცდის! თოხი, ბარი ელოდება ბუბუნს ქარის, ბაღჩა - ბაღის მეგობარი! ეჰ, ჯიმა, სხვაგან სად არი, ქარ - ნიავთა ჩვენთა დარი, სათარეშო ქარიშხალის იქით მთები, აქეთ ბარი... აგერ, გაზაფხული... სრბანი თებერვლის ხმლის, მარტის ფარის... პირველამოკვირტებანი - დიდ ხანძართა მომდებარი! 204. გესმის ბორბლის ჭრიალი? მზე კორტოხზე გორდება და ღრუბელთა ფარები მოწიწებით შორდება! - ფრთხილად! არ მოგატყუონ ვენახებმა, კორდებმა, მზეო, პირდაბჩენილი ქვევით ზღვა გელოდება! პლაჟი შიშველ-ტიტველი, ცხელი, ათასშორტება, გაყოფილი ლიფებად, ტრუსებად და ზორტებად! 205. ვის მივმართო, სხვა რა გამოვიგონო? ლამის არი სენმა გადამიყოლოს... ფრთები მომწვეს, აბა, როგორ ვიქროლო... შემეწიე, ო, მამაო ნიკოლოზ ღვთის წინაშე, სულმა ჩემმა იგლოვოს, შეინანოს, ცოდვები ჩამიქოლოს! 206. მამაკაცები სტირიან ჩუმად... თავისთვის, ყრუდ და მწარედ! მკურნალნი ვეღარ შველიან რამეს, არარა ძალუძთ წამლებს... დედაკაცებო, მამაკაცების ნუგეშისათვის ღვარეთ ცხელი ცრემლები, ილოცეთ მათთვის საყდარში, შინ და გარეთ... სიხარულებო, დახშული ნუ გაქვთ, მამაკაცთათვის კარი!.. მამაკაცები სტირიან ჩუმად... წუხილო, წარვედ! წარვედ! 207. რეკენ, რეკენ უწყვეტად სალოცავთა ზარები! მიიძოვენ ცის მინდორს ღრუბელთ დინოზავრები... აღსარებს და ცრემლოობს... გულში უწუხს რა ნეტავ? ოხვრით, ვაი-ვაგლახით ბრუნავს ჩვენი პლანეტა. ღმრთის მოსვლის მოლოდინში ჰყუჩან სასახლეები, თრთიან წლები, თვეები, ღამეები, დღეები... 208. თუმცა პაშტა ვიწვალე - ჭკუა ვეღარ ვისწავლე! შავზე ვთქუამ - შავია, მწვანეს ვუქებ სიმწვანეს... თუმც ამგვარმა სიმართლემ ყოფა წამიბილწა მე, მრავლისგან მხვდა ცხელ - ცხელი ტყვია საპირისწამლე... ვინმეს ხელს რომ ვუწვდიდი, ვაღმერთებდი იმ წამებს... შური ვეღარ ვისწავლე, ვცადე... ვეღარ ვიწამე! 209. მზეო, როდის ამოხვალ და როდის ჩახვალ, მთვარეო? შეურაცხყოფანი ჩვენი უღმრთოდ მიმდინარეობს! წადი, თავი დამანებე, სირცხვილო, გზის ამრევო... დღისით, მზისით, სულს რომ ჰყიდის, ვერა ხედავ ბარე ორს?! ვერარაფერს ვეღარ გშველი ცა - ფირუზის მხარეო! საქართველოს ძარცვა-გლეჯა ისევ მიმდინარეობს. 210. დედასავით მკაცრი, ბებოსავით ტკბილი არი წუთისოფელი, მსვლელი სიცილ - ტირილ... არა მყოფნის ბრძოლის ფხა, არცა ჭკუა - ტვინი, მკბენს და მაცუცურაკებს, რავარც სხეულს ტილი! ბებო კვდება... ჯაჭვია თითქოს გაწყვეტილი... მიაქვს ჩვენი ბავშვობა, ვით ქარიშხალს ტივი!... 211. შერცხვენილები, მეტად გლახები, გარდაიცვალნენ ჩემი ზრახვები! სარკეში თავს ვით დავენახვები, მწარე განცდები მომკლავს ახლები... დაბჩენილი აქვთ თუმცა ხახები, მსდევენ სირცხვილის ყველგან მაყრები, ყურზე დამაჭრეს ბლომად ხახვები, შიშებისაგან ვარ შენაყეფი... -ერთხელაც მაგრა გაილახები! - მემუქრებიან გულის ბაღები,- ეჭვად დაჰბადე, და ხელაღებით, მამულზე ძლევა მამაძაღლების?! 212. ,,იქნებ ხვალე უკეთესი დილა გათენდეს, ვიდრე იყო აქამდე და იყო თუნდაც დღეს!" ამ იმედით ცოცხლობს კაცი, ზე ასცქერის ღმერთს, დაბლა - მიწას, წინ - მომავლის ფრთაფარფატა გედს... ხან ამინდის მომდურეა, ხან უჩივის ბედს... ხან მტერს ეძებს აქეთ-იქით, ხდება - ცოლსაც სცემს. 213. ექვსი ათეული წელი ქედზე მადევს, ვითარც შეშა, ვით ტომარა ქვებით სავსე, ანუ ცრემლი, ანუ ხვნეშა... მსურს თუ არ მსურს, სიხუცისას ვაჟღარუნებ მწარე ეჟვანს, კაი ხანი არის, რაც რომ, აღარ ვუსმენ სასოს, ეშმას... ამა სოფლის გამგებელმა ისე მგვემა, ისე მჟეჟა, ვერაფრით ვერ მომაღორებს დრო-მეძავი, დრო ქვეშ-ქვეშა! 214. ქვიან კორდზე შრიალებს მუხა, შტომხიარული! მიარღვევს ზეცის ლურჯ ოკეანეს ორბი მხარულით... წყაროსპირ, ასულს, მოყმე უმზერს მზერით ყვარულით, წყაროს არ სძინავს... რა? რისი ძილი ანუ რა რული - სადღაც, ხევიდან ცხენების ფლოქვთა ისმის თქარუნი. მირბი-მორბიან ქარ-ნიავები გრილი მარულით. 215. მთელი ცხოვრება ველოდები სიმართლის მოსვლას! დავდექ კიბეზე, ავძვერ ძელზე, ავცდი ფოთოლსაც... ვეკიდე ტოტზე, საუკუნეს ველოდი ორ-სამს, იქნებ გამოჩნდეს? გზას ვუცქერდი, ვკარგავდი გონსა, ის არ გამოჩნდა! წვერიანი და აღარც ქოსა... მე ძელზე შევრჩი, ტოტად ვიქეც, ფოთლები მმოსავს. 216. ის მეგობარი არ ყოფილა არასდროს ჩემი! შუბლს შეიკრავდა და მიცქერდა ხანგრძლივად ღვრემით... მაგრამ ხანდახან არც მიცქერდა, ვითომდა მთვლემი, ვგრძნობდი, რომ ვძულდი, გულში გლახას მითხზავდა ტერმინს, ხანაც მიღრენდა, კბილებს ლესდა ერთურთზე ცემით... შოთიას ძაღლი, ჩვენს ყურშაზე ცოტათი მრწემი. 217. გაველდა და გამინდორდა ცხვარი თავრეტიანი! არა, მწყემსად რა მინდოდა, ბედი არ მაქვს ტიალი... ყრმობისას რო რაინდობდა გულის ცეცხლი ბრიალით, საწუთრო არ დაინდობდა, რა იცოდა, მტრიანი... ამინდი არ ამინდობს და ცხვარიც, ეჰ, გულმტკივანი, ფარეხშიაც წავიდოდა... მურა რომ არ... ტირანი! 218. ზღვა აღიძრა, ზვირთები, როგორც ჯარისკაცები, ყოჩაღ რაზმეულებად, მხნეები, მამაცები, მთვარის სხივებდაყრილნი, ნათელნი და ბაცები, „ვაშა-ვაშას“ ძახილით ჩვენსკენ მობარბაცებენ... ჩვენ კი ვწევართ ნაპირზე, ერთმანეთს შენაწებნი, ცხელი ქვიშის საწოლში, ტრფობით განატაცები. 219. „მშვიდობით საქართველოვ! ეჰ, მშვიდობით, მშვიდობით... ალბათ ღირსი არა ვარ!... ან დაგედე, ვით ობი... მივალ უცხო ქვეყანას, ცრემლები მდის ლიტრობით, ეშმაკებმა სამშობლო დამიხანჯლ- დამითოფეს, ალბათ, შორს ჩავძაღლდები... მიმაქვს მიწა ციდობით... მშვიდობით, საყვარელო საქართველოვ, მშვიდობით!“ 220. ღარიბები - მხატვრები, ქუჩის გამოფენებით, ტილო - ქანდაკებებით... სჩანან გობელენებით... აგერ, მუსიკოსები, ღატაკები... გენებით თვით დავით მეფსალმუნის ძმები, ჰანგის მშვენებით... სად გაქრნენ პოეტები, - მათხოვრები, ბრძენები, ცხოვრებისგან კინწისკვრით, ურცხვად განაძევები?! 221. კაცს კაცისთვის იცი რად არ სცალია? იცი, რად ვართ მოუცლელნი ძალიან? ეს იმიტომ, რომ... ალია - ბალია, სამოცდაათ წელს ვართ... ო, დრო მალია, ვფაცი-ვფუცობთ, როგორც თაგვი გალიას... ეს საწუთრო გადარბენა - რალია! 222 ქართველები სხედან ახლა ტაბლასთან და მღერიან, ვით ყოველთვის: - ღმერთს დიდება, მომავალი ჩვენია!.. დედამიწა ელოდება, ოცჯერ ასი წელია, მესიის ჩამობრძანებას და, ენუქს და ელიას! ღმერთი მოვა, მერე წავა, როგორც წიგნში სწერია... ჩვენ, მთვრალები, ვერც გავიგებთ... ოდელია-დელია! 223. კოკამ წყალი თუკი არ მოიტანა, სიმი გაწყდა და არ უკრავს გიტარა, თუკი სულ წვიმს და არ გამოიდარა, ანუ შეშა ვერ გამოგვაქვს ტყიდანა, - გულზე ხელი დავიკრიფოთ, ვითამა?! ყანწი აღარ მივიტანოთ პირთანა? 224. ჰე, მაცხოვარ, ქვეყნად დადის შენი წმინდა სახელი! შენს ხატის წინ მორჩილებით ბრწყინდებიან სახენი... შენს საყდრის წინ, შეჭირვებულთ, უკან რჩებათ საღელვი, ნუგეშინისმცემელია შენი ხელი... სხვა ხელი! და ეს ხელი დედამიწას იცავს სათნო, სალხენი... ჰე მაცხოვარ, დაბრძანდება ქვეყნად შენი სახელი! 225. ფეხის მტვერი ვარ კაცთა, რომელთაც არ აუღიათ სხვისი კუთვნილი! მონა ვარ მათი, რომელთაც არ თქვეს „არას“ დროს „ჰო“ და დარჩნენ ვით გმირნი, მგალობელი ვარ მისი, ვინც უფლის წინ სინანულის დააგდო ჭირი, ვარ მადლობელი, ვინაც შრომაში ათენ - აღამებს და მღერის დვრინით... მლოცველი ვხდები, ვის სხვის საქმეში არ ჩაუყვია ჯერხნობით ცხვირი... დიდება თქვენდა, ძმანო და დანო, თქვენ ხართ მამულის სახე და ნირი! 226. გახდნენ ჩიტები, ზოგი გაშპა ემიგრაციას! ზოგიერთ მათგანს ძალზე თხელი ბუნტყლი აცვია... - აღარ გაცივდეთ, იქ ზამთარი, ვაი, მკაცრია, ჰეი, თქვენ, ბოლოქანქარებო, ბედი ანცია, იქ, რა თქმა უნდა, კი იპოვით, საკვებს მარცვლიანს... ვაი, რომ თქვენაც ლტოლვილებად ჟამმა გაქციათ! 227. მსხვერპლი... მსხვერპლი... კიდევ მსხვერპლი, კიდევ რაღაც მსხვერპლისებრი... აღარ გეყო, ჭინკავ, სისხლი? იმდენია ცრემლი, ფერფლი ქართველების, არა სხვისი _ ხან სცურავ, ხან იბან ხელ-პირს. 228. სანაპიროზე ზღვა, ზვირთთა რქებით, მძლავრ ეტაკება ხმელეთის ჯებირს და ფესვებს უთხრის... ხეთა რიგები ვარდებიან ზღვის ხახაში ნებით!.. ქოხიც შეყლაპა!... ვიღაცის კეპი ეკიდა კართან, ჩანდა ჩექმები. 229. აღარ მიყვარს მოთქმა და აღარ მიყვარს კრუსუნი! თუმცა ძველი ეჭვები უკან მდევენ სუნსულით... ეჰ, ხშირად სიხარულმა ჩამიქროლა ზუზუნით, წამით არ გამიჩერდა, დამტოვა გასუსული, - ზედაც აღარ შეხედა ჩემს ოცნებას თუ სურვილს... მწუხარების ხის ჯვარზე დღემდე ვარ მილურსმნული. 230. მოდრეიფე ხომალდებს და ორჩხომლებს დიდებს თავნი ჩაუკიდიათ... ძილი უნდათ მშვიდი! დაისია. მზე ჩასცდა ჰორიზონტის კიდეს და საღამო მოათრევს სიბნელის გრძელ გიდელს... აციმციმდა შუქურა, ზღვის მინდვრების გიდი, სამყაროს ეფინება ნისლის თხელი ჩითი. 231. ზოგი მგლის ნიღბით მიმოდის, ზოგის ნიღაბი ცხვრისია! ზოგებს ნიღბები არც უნდათ, თვალებით ზიზღებს ისვრიან... ზოგი დაეძებს მეგობარს, სულისკვეთებით მისისნს, ავი ავისკენ ისწრაფვის... გაწყდეს მაგათი სინსილა... კაცი ხარ, თუ გულს გიკოდავს სხვისი ,,უი" და სხვისი ,,ვაჰ"... გულმა რომ გული გაიცნოს წამები საკმარისია. 232. მე, თუ გინდა ტაკუბოკუ, ვიყო, ჯიმა, ისიკავა, გაზმორებას ვერ მოასწრებ, ეს ცხოვრება ისე გავა!.. გინდა ტყვირი, გინდა ხმალი, ვერ გაიგებ ვის ეკავა, დრო მზად არის თითქოსდა შენს გასაწირად, მისაკლავად, ჟამთასვლის თუ დილანდელი ჩვენც დაგვფარავს ნისლი კვლავაც, ეჰ, რას იქამ, ქარმა... წვიმამ ჩვენს თავ-შუბლზე იციგავა 233. რისი „მაგნიტის მიზიდულობა“? ან „დედამიწის მიზიდულობა“? ჭვრეტ ოდეს ქალის ცეცხლოვან გრძნობას, ვნებას, წამლეკავს, დამპყრობს და ქორფას, ვინ, ვინ გაუძლებს ათასჯერ ორმაგ ხანძრიან გულის ქარიშხალობას?! 234. ვაი, შენს მინჯეს, უი შენს პატრონს! შენ კი არადა, გლეჯენ თვით ატომს... ჩაგაყუდებენ საკანში მარტოს... მაშინ ნუ იტყვი: - რატომ? ჰა, რატომ? რამდენი ცოდვა ქედს გიღრღნის ამ დროს! რამდენი შენსას მიხრჩობას ნატრობს! 235. ადამიანი როდესაც კვდება, ადამიანი როდესაც კვდება, - იხსნება კარი ცისა და მისკენ ჩამოდის ნათელ ანგელოსთ კრება!.. სჩანან ჭინკებიც... სულის მერმისზე მათთან, ო აღარ მართავენ დებატს ანგელოსები და გარდაცვლილის იწყება კეთილ საქმეთა კრეფა... და მერე, ოდეს უცხო გალობით, ცად აჰყავთ სულის პატიოსნება, მთელი დღე ისმის ცის ძალთა ჰანგი, რანიც უკრავენ ბარბითს და ებანს! 236. შენ თუ მეშეხთა გზა-ბილიკს, ო, მე ვიხსენებ აქადს, ჰურს, ღმრთის განდიდებას მზემოსილს, წინაპართაგან დაქადნულს... ხდება, - ბუ ჰყივის დრო - ჟამის, სასოსი ჩნდება კაკადუ, და უგალობენ ორნივე წარსულის დამშრალ ნაკადულს... ეჰ, წარსული კი ქანაობს, ჩქამი იქაც და აქაც დუმს, ,,პერპეტუმ მობილესავით" ვეღარ უჩერებს თავს კანტურს. 237. ფული რომ მქონდეს, ავაშენებ მშვენიერ ოდებს! მწვანე ეზოთი, ხეხილ - ბოსტნებს - რიწის ტბის ოდენს... და დავურიგებ უსახლკაროთ, მიდღემჩი მგოდებთ, თავისი ხარით, კამეჩებით... არვინ ტიროდეს!... რა ბედნიერი ვიქნებოდით სიხუცის დრომდე! გავახარებდი, ჯიმა, რამდენს? ფული რომ მქონდეს. 238. ასე ბრძანა ბნელში კრულმა, ყველა ფეხზე დაიკიდეთ! დაიკიდეთ და დასცინეთ: - უი ჭამეთ! ვაი კვნიტეთ! გაიხარეთ, იდეებმა ჩემმან ყველგან გაიკვირტეს, რომ პაიკით მოკლულ მეფეს ჩაანაცვლებთ პაიკითვე... უჩანს რქა და გრძელი კუდი, არ სჭირდება პარიკი დევს, არ მგონია, ჩვენი შიშით გაიქცეს და გარიკინდეს. 239. ო, მეზობლიანთ მოხუცებულ კაცის წუწუნი! ხველა, ხმამაღლა საყვედური წამდაუწუმი... ხან მრისხანება, ხან, წამწამზე, ცრემლის კუნწული, ხან მდუმარება, ხან ფხაკური თითქოს წრუწუნის... რაა სიხუცე? ემატება ირგვლივ წუნს წუნი... ოხრავ, ბუზღუნებ, და ჩამოგდის ოფლი წურწურით!... 240. ძველი ბაზრის წინ ხშირად დგას ხოლმე ერთი ჩხირივით გამხდარი კაცი! ჰყიდის ძველ წიგნებს ძლიერ იაფად, ვითომ არ იცის იმათი ფასი? სტენდიდან გვიმზერს „რაბლე“ და „დანტე“ და „დოსტოევსკი“ - ფოტოდან მკაცრი,- „ფოლკნერი“, „აბე“, „შექსპირი“, „დოდე“ და „მოთხრობები“ დევს გაბრიაძის... თითი ერთ ლარად! ორ - სამს თუ ყიდის, არ იყიდება, ვაი, რომ არც ის... მაშინ მოუწევს ძილი კვლავ მშიერს... ანუ შემოსვა ტკივილის ძაძით. 241. ცისკრიდან სირი რომ გალობს და თავს აფარებს წიფლიანს, ხაყანი ბულბულს ეძახის, ქართულად ჰქვია ნიბლია, ბალი სავსე მაქვს, ჩემს ბაღში კბილი ვერ ნახავს რბილ ბიას... ყმაწვილებს გაუკრეფიათ, აქა - იქ შტოებს ვთვლი ბლიანს, -- ბილიკზე ფეხის ხმა ისმის, ახლაც ჩემ შიშით მირბიან! ზიმზიმებს ჩემი წალკოტი, როგორცა რომა ბიბლია. 242. ქართველ მოყმეთა ბაწარ - ძარღვებში ვეფხისტყაოსნის სისხლი მიშხუის! დღეაქამომდე გულს ამღელვარებს ხმა მარტყოფული... მეხი ქვიშხური!.. სწადდათ, არ სწადდათ, ო, წინაპრებმა სისხლის წვიმების ზღვები ისხურეს, იდგნენ კლდესავით თუ მტერს სთიბავდნენ, მისი აჭამეს ვერაგ ჯიშს ყური... ხან სინანულის, ხან სიხარულის ცრემლნი მცვივიან მუშტის სისხონი, -- მომლოდინეა ჩვენი მამული ჯახის ახალის და ქარიშხლურის. 243. ნეტავ როდისღა შეწყდება ქიშპობა - ყარყაშობანი, ვნებათა სუნ - მყრალობანი, კაცობრიობის მგმობარი? - არა თქო, ჯიმა, ამ საქმეს არ შველის კონდაკ - ტროპარი, არც პაატასი თავი და არც ცისკარასი კომბალი... შეწყდება... დნობას დაიწყებს როდესაც თოვლი მონბლანის, რომ გაჩერდება პლანეტის ღერძის დაღლილი ბორბალი! 244. ჩალისფერი ფრიალებით მიდის ჯარი ქართული! საყვირები ამხნევებენ ცისაკენ აღმართულნი... მოლაშქრე ხარ? მარქვი, ჯიმა, არ ყაჩაღი, არ თული? მაშ, ომშიგან გაგიმარჯოს, სული გედგას აფთრული! შენგან რბოდეს ცეცხლის ალი სპარსული და თათრული... ,,ღმერთს დიდება!" - გალობით შორს მიდის ჯარი ქართული. 245. - კაცხის სვეტზე ლოცულობ თუ, ვთქვათ და, მეტეორას გორზე, მთავარია რომ ილოცო ცრემლით, და მოეგო გონზე! - მითხრა მამა გრიგოლმა და განაგრძო, - დგას ანგელოზი შენს გვერდით და, როგორი გაქვს, ის ამოწმებს: - გული, შნო, ზნე... არ გჭირდება ალფაბეტი, პერგამენტი და არც მორზე, ღმერთთან შენი საუბარი მიდის, შვილო, ერთი - ორზე! 246. ამოვიდეს დღეს თუ არა, მზეა გაურკვევლობაში! სიყვარული რადგანაც აქვს ჯერ მამლის და მერე შაშვის, და წრფელ ადამიანების, ის ეხვევა ცეცხლის ალში, აგორდება წითელ ბურთად... ცა - მთა - ტყე - ზღვა ხვდება ტაშით... გონიერნი ჰმადლობენ ღმერთს, კვლავ ერთი დღის ჩუქებაში, უგუნურნი ხაშსა ხვრეპენ, ტკარცალებენ, ვითარც ბავშვნი! 247. როგორც ცეცხლი სამოთხესი მზე გაგვათბობს სამ - ოთხ დღეში... ერთ ასულს ვეჩურჩულები: - სიცოცხლეა, წამო, ტყეში! თუ არადა, რა საქმე მაქვს, არაყისგან გამოვტყვრე შინ, ნაბახუსევს, რავარც ხდება, ღვიძლის სენის გამო ვხვნეში. ცოლი მიბღვერს: - მუხას ჰგევხარ , ნამეხარს და ჩამოთხლეშილს!.. ცოდვათ გამო ტალახიდან ამოფორთხვას ვლამობ ღმეჭით. 248. სადღაც, წინამძღვრიანთკარის ცაზე ორბის მართვე სჩანდა! ზურგზე გადაკიდებული ჰქონდა, ვგონებ, სკოლის ჩანთა... ისწრაფოდა, არ აგდებდა ის არაფრად იმ ხეს, ამ მთას, არც ღრუბელთა ფერად ფარას, არც ზაფხულს და არცა ზამთარს... შიოდა და შინ მიჰქროდა ალბათ, ნერწყვი ნისკარტს ჰბანდა, კავკასიონზე ელოდა ხორციც, დედაც... დარიალთან. 249. აჰ, ღვინობისთვის თექვსმეტში ფრთხილად... ცოტნემ აიდგა ფეხი! ისე გაიარ - გამოიარა მზე ყოფილიყოს ქვეყნის... პირველ გავლაზე რომ ჩამეხუტა, აღარ ვუშვებდი მე ხელს, მესმოდა მისი გულისძგერანი და სიხარულის მეხი... კვლავ ფრთა გაშალა, ვითარცა ბარტყმა, არ დააყოვნა წამიც, წინ-წინ წავიდა... მფარველ ანგელოსს მისდევს ფეხდაფეხ კვალში! 250. ავტომატები ჭახჭახებენ შაშვების ნაცვლად! შიშითშემოსილ დედაზღუდერს შიშივე ძარცვავს... სადაც არა სჯობს, ვაჟკაცისგან სჯობია გაცლა, მაგრამ სად წახვალ? სხვის მხარეში რაი ხარ? - არცრა! ხამს რომ სიმართლე დაიმალოს! ხოლო ის მკაცრად ტყვიას მკერდს უშვერს... სისხლისაგან ნებულობს დაცლას. 251. ,, გადავჯეგეთ იმერეთი, გადავბუგეთ სამეგრელო! ბატკან მოსახლეობაზე ხან ვლომობთ და ხანაც ვმგელობთ და სამშობლოს მცველებს ვხვრეტთ და ხან ვმთიელობთ, ხან ვბარელობთ, ვკლავთ და ვძარცვავთ... ოქრო - ვერცხლი ჩვენია, არ ვმარჩიელობთ... ართუ კაცი, ჩვენი შიშით არ ჭაჭანებს ცაში წერო, გზა - გზა მწვადებს ვაშიშხინებთ და ვბღავივართ: - ჰერი, ჰერო!" 252. ეჰ, ვერაფერს შეგპირდები, ჩემო ნატალია! ის სოფელი, სად ყრმობისას შენ გიტანტალია, მტერს აჩუქა შეითანის ხელმა, მართალია, მაგრამ მოვა დრო და ნახავ ახალ დარტანიანს, უფრო - ახალ სააკაძეს! ოქროს ხმალტარიანს... ნატალიავ, საქართველო, ბევრის ამტანია! 253. შენ გულანშაროს სახლობდი, დროს ქოხი ედგა არაბეთს! შენ ათძალს ახმიანებდი, ის შეჰგალობდა ქარაფებს, შენ ხსნიდი ცათა კარ - ბჭეებს, ის კიდევ ხშავდა დარაბებს, შენ თუ გულისსწორს უძღვნიდი არა იგავებს, არამედ თვალ - მარგალიტებს სულისას, არ იშურებდი არაფერს, რუსთველო, დრო აწ ვერ არის შენთან მოდავიდარაბე! 254. ძვირფასო, რამდენი რამე მაქვს სათქმელი, – ვარდსურნელოვანი, ქარნიავნათელი! მიბოძა დღემან და წამართვა ღამემან ის სული, რომლითაც იწვოდა შავთელი, დამტოვეს გრძნობებმაც და სითამამემაც... ცრემლები... ო, მაგრად... რა მაგრად დავთვერი! 255. აბა, რა უნდა კეთილ საქმეს, აბა, რა უნდა! ის არ ჩერდება არცერთ ბოძთან და შლაგბაუმთან, იგი არბილებს ყველა ქვა - ლოდს და გულს გაუმტარს, იგია ახლო ნათესავი დელა - რანუნთა... იგი, ხომ გახსოვს, თვით პილატეს წამით დაუდნა... ჩვენდა წყალობად ის უფალმა ივარაუდა. 256. ისე გაკადნიერდა ბოლოციცქნა ბეღურა, რომ ზაფხულში სარკმელებს მისი შიშით ვერ ვხურავ! დავხშავ? კაკუნს ასტეხავს არა ფრთხილად, მეხურად, ნისკარტს არა ჰზოგავს და თავს არ გრძნობს უხერხულად... საკენკს ხომ ვუყრი... ვუყრი ბლომად - ბლომად, ბეღლურად, - ჯიგარი ხარ! - ერთხელაც წასცდა... თუ მომეყურა?! 257. კინაღამ ფეხი ბალახებში კუს დავაბიჯე... - კაცო, რას მერჩი, ერთი მითხარ, ძმობას გაფიცებ! - ამომძახა და მოუჩქარა მერე ნაბიჯებს, სად ტაბლა ჰქონდათ გაშლილი მის, ალბათ, ძმაბიჭებს, სად სხივი მზისა ეღვრებოდა ნაძვებს და ფიჭვებს, სად ფუტკარი წვენს ყვავილებში ხვრეპდა საფიჭედ. 258. ჩაჩას მოდგმის ერია... უდრეკობენ ჩაჩანი, სასაცილოდ არ ჰყოფნით ჩვენი სიბრძნე ქაჩალი, უფალს რადგან არ მოსწონს პირმოთნე და ლაჩარი, ცაში დაფენილი აქვს გმირებისთვის ფარჩანი!.. ჩვენ კი რა ვქნათ, ბრძენნი ვართ, ხან ყავას ვსვამთ, ხან ჩაის, გვირჩევნია ცად ქროლას ქვეყანაზე ჩანჩალი. 259. „გამარჯობა-გაგიმარჯოს” ქვეყანაში, სხვანაირად სად ჰყვავის და მწიფობს ვაშლი, სად სხვაფრივ ჰქრის ატეხილი ველად რაში, სხვა წადილით იხვრიპება სადაც ხაში, სად სიშმაგეს სიყვარული უდგას კვალში... რაცხაფერად გამოაჩენს ღმერთი საშველს! 260. ზოგს რომ თავზე გადასდის, ზოგი ნატრობს წყალს წლობით, ზოგი ხარობს მიწა-წყლით, ზოგი უმიწაწყლობით, ზოგი კვდება შიმშილით, ზოგი კიდევ – გაძღომით, ადგილს ტკეპნის ზოგი და, სხვა, წინ მიდის ჩაწყობით, ვით ყოველი ხე, ცაცხვიც იბუზება გაწყრომით, მე და შენ კი, დარია, ვსუფევთ რაცხა – რაცხობით. 261. გაჩენიდან თან დაგვდევენ მოყვრობანი, მტერობანი, საწუთროა რადგან ომი, თანაც _ მრავალფეროვანი, თავდასხმათა მოგერების უნდა იყო ხელოვანი, მიწყივ ხმალს ატრიალებდე, ფარის გედგას ჩეროვანი, მაგრამ უღმრთოდ ვეღარას იქმ, მღვდელი ხარ თუ ეროვანი, თევზი ხარ თუ მხეცი ხარ თუ ფრინველი ჰაეროვანი. 262. ჰე, წარსულო, ჭრელა-ჭრულავ, მერმისო, გზაკენჭიანო, საქართველოს სვე და ხვედრზე ვსტირი, მოვთქვამ, ვეჭვიანობ... აწმყოვ, ვაი!.. შენს მარჯვენას ჭრიან, ჭრიან... ვერ ჭრიანო! 263. დღე და ღამე ქარს აგელვებს, ზამთრის მგელი ავად ყმუის, _ვაი! _ძაგძაგებენ მთები და წკმუტუნებს ბარი: _უი! ყინვისაგან შებოჭილა სიბრძნე... დახლი უდგას ტყუილს, ზაფხულის ხედს ხატავს ბრმაი, ოპერეტას გვიწერს ყრუი... ზედმეტია დღეს გონება, ჭკუა, თავი, ცხვირი, ყური... და ხითხითებს სამარეში აღა_მაჰმად_იმამ_ყული! 264. ცა ქუდადა გიჩნს, ძმობილო, და დედამიწა ქალამნად, ამ შენი ჯიპის კვამლისა დაგვახრჩო ქარ-გრიგალამა, შენი პარტიის წაგვბილწა ნიშანმა, _ თავის ქალამა. 265. სიხარულის ცა დაბინდულია, ვლენან ღრუბელნი, წვიმით მაკენი, თავზე ხელს იშენს, ო, ლელთ ღუნია: _კაცნო, რას სჩადით!.. კაცნო, რა ჰქენით?! ყმუის და ყმუის გორზე მურია: _დავგლახაკენით... დავგლახაკენით!.. 266. ერთი თუ ასრე ჭიკჭიკებს, მეორე სხვაფრივ უბერავს, მესამე ჟანგს აცლის სიბრძნეს, მეოთხე ოქროსფრად ჰფერავს, მეხუთე ჯორზე ჩაქჩაქებს, მეექვსე აგელვებს მერანს, მერვე, მეცხრე და შემდეგნი ფრენენ - ორბად, გვრიტად, ძერად... ცის კიბეზე ადის ჩვენი - სიტყვა, გრძნობა, ძალა, ბგერა... ღმრთის მოშიშო - მჯერა შენი, უღმერთოო, შენი - ვერა! 267. თვალ და ხელს შუა, რიხით თუ რწევით, სამოცდაერთი გავიდა წელი. იმდენჯერ მშხვლიპეს ამქვეყნად წკნელი, თვალებში სიმწრის მივლიან წრენი... მაინც მხნედა ვარ, მეზრდება წვერი, ხან ყანას ვთოხნი, ხან ძროხას ვწველი... 268. ღრუბლის პიჯაკი აცვია ზეცას და მზის სომბრერო ახურავს თავზე, ელვის ჰალსტუხი უმშვენებს კისერს, შინდისფერი და ქუხილით სავსე... ცხოვრება მიდის, ასე თუ ისე, უკან და უკან, ისე თუ ასე. 269. შეთენდა... აღჩნდნენ შორ ალვათა კენწეროები! პაწაწინები ჩვენ, ცვრები, კვლავ ფოთლებს მოვებით, მხნე ასულები ცის და მიწის უსაზღვროების... დღეს აქ ვართ და ხვალ მგზავრები ვართ ღრუბელთ ბრბოების, დირიჟაბლების, დარად მსვლელნი სჩანან, მსტოვრების... უკვდავები ვართ... თუმც ჩენილნი ვჩანვართ დროებით! 270. ქალი ხარ თუ ასული ხარ _ გულზე ცეცხლის მიყრა ხარ... ნეტავ იმას ვისაც ეტყვი სიყვარულით: _ მიყვარხარ! რა დედამ გშვა ასეთი და გინანავა ბებიამ, გეცელქა და გეთამაშა, პაპამ გაგაბრიყვა ხან... შენს ხილვაზე სნეულებიც უმალ ფეხზე დგებიან... ჩემი გულიც აცანცარდა... ეხ, ექიმთან მიმყავს ხვალ! 271. ვლიან ჟამნი ბორძიკ-ბორძიკ, არ კაცისნი, სამაჩვენი... სრბასა ლამობს ბედაური დაამშვენოს შარა ჭენით, ხან ცხენი სჩანს გზაზე, ხანაც ილანდება ლამანჩელი, ქარის წისქვილიც გაკრთება, სანჩოცა და დანარჩენიც... ჟამო, მაინც სად მიგათრევს ძალა უცხო, არა ჩვენი, ვის გამოაქვს შენთვის ასე საქილიკო განაჩენი?! 272. უცნაურია თუ საცნაური - უცხოთა თესლთა ისმის ხმაური ... ძირს დაკვეთილი მუხა ბრძანდები, მამულო, ეშმას გარეკაურით. დის ქარავანი... მე ვიყეფები, ვითარც ძაღლიკა ხიმიკაური. 273. ყუმბარებს შურისას ისვრიან თვალები! დაგიდევთ არაფერს, არა სურთ ალიბი... მათგან ირღვევიან კლდეები სალები, მეტობენ ქარიშხალს ცეცხლოვან-ალებრივს და თვით ისტორიას მათი სწყლავს ბრჭყალები... - ო, თვალებს ცოფი სჭირთ! - იტყოდა ავლიპი. 274. ადამიანი ყოველთვის ღელავს! მშვიდი რომ მოჩანს, მაშინაც ღელავს... და ღელვის ზვირთი შეუმჩნეველად, ჩვენს განცდებს კვალში მისდევს - მიცელავს... თვით ბუნებასაც, გაურკვეველად რაღაც ფარული გადასდის ელვა, სულის კი, ცაში რომ ადის წრფელად, ფეთქავს და ფეთქავს ციცინათელა, სიცოცხლისაკენ მიილტვის ყველა, სიცოცხლეშია ლხენა და შველა... რადგანაც გაჩნდა გრძნობების მძევლად, ადამიანი ყოველთვის ღელავს. 275. მოხუცდები როდესაც და სულ მარტო დარჩები, ე, მაშინღა მიხვდები სოფლის ამაოებას... ტანს კონკები შეგრჩება, ერთ დროს ატლას-ფარჩები, ვერასდროს გაიხსენებ ვაშლს ვაშლი თუ რკო ება... ო, როცა მძორს დააგდებ, სული ილხენს რა შვებით!-- მყის ცას დაუბრუნდება ღვთიურ უსაზღვროებას! 276. ყმაწვილ კაცს და ტურფა ასულს რამდენი აქვთ სასაუბრო! მიჰყვებიან ბილიკს, მაგრამ ორივესი ენა უბრობს... ატმის კვირტი თვალებს აჭყეტს, ცა ციალებს, არა ქუფრობს, სულს ცეცხლი აქვს, გულის გრდემლზე უროსა სცემს, ხელისუფლობს... მზე კი ისვრის გამალებით აურაცხელ ალმასს თუ ბროლს... ყრმამ ვერ გასძლო, მოეხვია ასულს... უფრო... უფრო... უფრო!.. 277. განმკაფა ვნებებისაგან შიშმა ღმრთისამან, ნათელმა! მანამდე სულმა რამდენი იწრიალ - იკამათელა... ვის არ მიადგა რჩევისთვის, რა ბილიკები არ თელა, რუსთველი ხომ შეაწუხა, ვგონებ, მიიღო შავთელმაც... თუ რჩევა - სწავლა არა აქვს რა მუხამ გასძლოს, რა თელამ, გონიერ - დარბაისლური ერთი ენა სჯობს ათ ენას! 278. ჩემისთანა დოყლაპია ვის უნახავს, ვისა? მე რომ ჩემს თავს ავუტეხე, რვა მტერი არ იზამს... რომ დავიწყე, არსენასებრ, დაცვა სიმართლისა! დონ კიხოტს რა, არ ვიცოდი, რაც რო უქნეს? მტრისას! დაბეგვილი ძეძვში ვგდივარ, მესიზმრება ხიზანს: წაქცეული კოშკი არშას, წასაქცევი - პიზას. 279. რა საოცარი რამ არის კარი? კარით შიგნიდან გადიხარ გარეთ! გახვალ და ჰხედავ, უკვე ღიაა შენი მამულის მზის და ცის კარი... ვერსად შეხვალ და გამოხვალ ვერსად, კარი თუ არა გხვდება ნარნარით ვერ გახვალ კედელს, თუ უკაროა, რომც ეჯაჯგურო, გშველოდეს ხარი, თვით სამოთხესაც ერთი კარი აქვს, ნეტავ ვინ შევა სულის კანკალით... ყველა ნამდვილი ადამიანი, კარია სხვისთვის, და კუტიკარი. 280. ურიცხვჯერ მეხი გამსკდარა, ურიცხვჯერ ცას უელვია! ჯიმა, ურიცხვჯერ ქათამი გაუტაცნია მელიას და წაულალავს ცხვარ - ძროხა ქურდს, უწვეროს და წვერიანს... მითხარ, წყალობის ბოძება რად უჭირს, ვისაც ბევრი აქვს? რად ყველა ხელში გიცქერის, ჯილდო - ქრთამუკას ელიან?! წართმევა არის ადვილი, მიცემა მაგრა ძნელია. 281. სჩქეფდა წყალი არაგვისა იწროებში დარიალის! ვახტანგ განვლო კარნი კლდეთა, ეპყრა ვიგრის ტყავის ფარი... იქ, ხევისპირ, ველთა ზედა ბრძოლად იდგა ოვსთა ჯარი, გამოვიდა მათგან გმირი, ვინმე მძლე თარხან ხაზარი!.. ჰკრა ჰოროლი მეფემ, მოჰკლა, მფარველობდა ქრისტეს ჯვარი... თექვსმეტისა იყო მხოლოდ, არწივისა ჰქონდა თვალი. 282. სპარსს რომ ჰკვეთდა ერთი ხმალით, მეორეთი ბიზანტიელს! იგი სცნობდა, იგი გრძნობდა ორივე მტერს, რავარც ცბიერს... რაღა ექნა? ერთმორწმუნის ენდობოდა უფრო იერს, სწუხდა გუბაზ... ლაზიკისთვის ეძიებდა გზას თვინიერს... ცხენზე იჯდა და ეძინა, ხმალს ბღუჯავდა წუთ - წამიერ... მამულის არცერთ გოჯ მიწას, არ უთმობდა, გადამთიელთ! 283. კლარჯეთის მთები, ხორკლიანი კლარჯეთის მთები! რომელთაც ახლაც ფეხებს ჰკბენენ ხევები ყეფით... ნარინჯისფერად შეღებილნი დაისის ღველფით, მხოლოდ და მხოლოდ ორბნი სადაც კვერცხებსა სდებენ, ცას ასცქერიან, უფლის ხილვას იიმედებენ!... ეპუებიან არასოდეს ქარიშხლებს ბებერთ. 284. აი, მცირე აზია, საბრძანისი ჰურ - ზანთა! მასახა თუ მესხეთი, ცეცხლი ჟამთა უძრავთა... ჟამი, რამაც ჩვენს დარდებს დღევანდლამდე უზამთრა... ჟამი, რაც დღევანდლამდე არ იხურავს მუზარადს! აი, აგერ ქალაქი, ზანზალაკთა თუ ზართა, ურფა - ჰური - აბრამი წარსულს რომ გაუზარდა! 285. აქეთ კოლხა - არტაანის მწვანე სანახებია! კლდეებზე რომ მიცოცავენ მთასვლელ - ბალახებია... ჯაჯგური აქვს საწუთროსთან ხევებს არტახებიანს, ხე დგას, მზეს რომ არასოდეს აღარ დანახებია. დგას საყდარიც, ვისაც სასო ღვთისგან განახლებია... აქ უცხო თესლს ჩვენი დარდი აუტალახებია! 286. ჯვარს იწერს მეფე ბაგრატ მეოთხე, ბრწყინავს სანთლებით ბანა! გვირგვინი შვენის ნეფე - დედოფალს, ღვთის ანგელოსებს გვანან... ღვთის შუქი ადგას თორთუმის გორებს, ოლთისის ცას და ნარმანს, არტანუჯიდან ბუკის ხმა ისმის, არტაანიდან - „ნანა“... ნაპერწკლებს ისვრის ბანას ხევი, მას არ უხარია განა?... ჰოი, აჩრდილნო წარსულისანო, მაფორიაქებთ სანამ?! 287. ისპირის საყდრებს, შავშეთის ტყეებს და იმერხევის ნიავთა ჯოგებს, მზეგაუმტარი ნისლები ჰბურავს, და ვერა ძალა ვერ ააბორგებს... ღვინობისთვეა, ფერდებზე სძინავთ უმშვენიერეს ყვავილთა ქოლგებს, სახლებს და ბოსლებს და თივის ზვინებს, მრავალრიცხოვან ხიდებს და ბოგებს, აქ ისტორიას სძინავს ღრმა ძილით, ამოხვრინვაც რომ ვერ გაატოკებს... გრძელია ძილის წარსული... ნეტავ გაღვიძების დრო იქნება მოკლე? 288. შეთქმულთა ბილწი გეგმები ვაგლახად არივ - დარია... ბააკა ხერხეულიძე გიორგის მეგობარია! შაჰის უნდილი ზრახვები ჭაობ - ტალახში გარია... გიორგი სააკაძე ხომ სამშობლოს მეომარია! მომრევი საქართველოსი არც არასოდეს არვინ არს... ორნივე, ბეგთაროსნები, ახლა უფალთან არიან! 289. ბაყათარის ისრისაგან კვდება ცხენი ვახტანგისი! ახსენდება მტკვრის ჭალების ბალახი და მთებზე ნისლი... აქეთ ბაყათარი ღაფავს სულს გმირისას, კვდება ისიც, ცხელი ცრემლი ჩასდის წვერზე, მამაცების ცრემლთა ღირსი. ხოლო ველად ჩახა - ჩუხი ისმის ხმალთა, ვინ ქვას ისვრის... ყურთასმენა დაუფარავს ქარში ჰოროლების სისინს. 290. ჰასან ბიჭი ლოდზე ზის და თხებს ადევნებს თვალებს ჭკვიანს!... ლოდთან წყარო მოჩუხჩუხებს... ქრისტემდეც უჩუხჩუხია... ჯოხით ხელში, შუადღისას, აქ ხუც გრიგოლს ჩაუვლია, ცოტათი შეჩერებულა, წყალი წვერზე შეუსხია, გვერდით მამა ეპიფანე მიჰყვებოდა, ტანად ჩია, ხახულისკენ მიდიოდნენ, გამოსულან ხანძთით გვიან. 291. ხევისპირას გაუშლიათ ტაბლა ტაოს ყმაწვილ მთავართ - ქვაბულიძეს, დოლენჯიშვილს, კავკასიძეს, და აქვთ დავა, ლაზურ ღვინოს შავშური სჯობს?... მწვადი პირში დნება თავად... ციციშვილი ლაზურს არჩევს და პოულობს გამოსავალს! მეთხუთმეტე საუკუნე დაწყებულა არ მთლად ავად. ფანასკერტი. შაბათი დღე. მზეს ჯერ კიდევ უჩანს გავა. 292. ოლთის ციხეს ნათელი თოვს, მზისა და სასოებისა! დავით კურაპალატისი ფხას უსინჯავს პაპის ისარს... ხოლო გზაზე ცხენთა ფლოქვთა თქარუნია ჰამო ხმისა, იოანე მარუშის ძე გულში უფლის ნებას ჰფიცავს, მეწინავე ცხენზე ზის და ცხენიც დიდრონ თვალებს ყვიცავს... საქართველოს ბედის ზარი რეკს და მართლა ჰგავს ბედის ზარს! 293. საღამოა მშვენიერი, ზღვის ნაპირთან ლაზნი სხედან: - მოდით, ჯიმა, შენდობა ვთქვათ, ვინც გასულა ზღვასა ზედა, ბნელ - სისხამზე ბადის გაშლა ვაჟკაცურად ვინც გაბედა... მაგრამ ღელვამ მოუსწრო და, მოეხვია ზღვა, ვით დედა... ყველას ვიღაც აგონდება, როგორც ცოცხალს ისე ხედავს... მებადურნი ღვინოსა სმენ, ცრემლის წვეთი ყანწში წვეთავს! 294. დღეს, ისპირის რაბათთან ბაზრობაა დიდი! იმოტოლა ბაზარია კაცს სჭირდება დიდი... იყიდება აქლემი... ჭრელა - ჭრულა ჩიტიც... ძე სპილოსი ბუნჩულა, ხორთუმმოკლე, მშვიდი, ვერცხლის ნაკეთობანი, ხილი, ყველი, შვინდი... მზე თვალებს ჭყეტს, ღრუბელზე წევს, აღარსაით მიდის! 295. ჭანეთის ფაშა ალი ვარ, უფალი სამთა სანჯაყთა! თურქთა შიშისგან ჭანეთი არა და არ აჯაყჯაყდა... მითრიდატე ვარ ახალი, ხელი მაქვს ხმალთან, ნაჯახთან, ხვანთქარი ფეხზე მკიდია, მისი აქ ძალა, ხმა წახდა... აქ მეტვრამეტე ასწლეულს კეთილი ავზე აჯანყდა, ტრაბზონის იმპერიაში მტრის ყველა ზრახვა ჩაძაღლდა. 296. ქვებს თლიან ტაოხნი... დღეა თბილმზიანი: - ჭაპანი გასჭიმე!.. აახრეშიანე! ძელები აადგი! მჭიდა იგვიანებს!.. ზღუდეი ასწიე!.. წინისწინ იარე!.. ხარაჩოზე არბის... ჩამორბის ნიავი... შენდება, მშვენდება ხანძთა... თვალს მიამებს! 297. ,,შაჰ აბასას ჯაშუში ვარ, შადიმანა მქვიაო, ჯოჯოხეთის ლაფში ვხოხავ, ვსტირი - ვკნავი: - მიაოო!.. მამულს ვცვლიდი ხალათებზე, ჩოხა აღარც მცმიაო, ქისა ოქრო თავს მერჩივნა, დიდი, არა ჩიაო, ხორცსა მგლეჯენ, სისხლში ვცურავ, ვბღავი და ავვყიაობ... თუნდაც ერთხელ... დამიქროლე ჩემი ქართლის ნიავო!" 298. მელოდიები კვლავ მოაქვთ ძველ ნიავებს აქადური -- პიანინოს კლავიშებზე ხტიან, როგორც კაკადუნი, ხან ჭიკჭიკში მერცხლის და ხან მწყრის ხმაშია ჩახატული, ხან თრთის შაშვის გალობაში, ხან ჩხრიალში ნაკადულის, ციმციმებენ კისკისებში პრინცესასი და ხათუნის... ვით წარსულში, იქ არა ყუჩს, არც აპირებს აქა დუმილს! 299. გაჭრელაჭრულდა სოფელი... აცეცხლებულან ხურმები, იწვიან ბროწეულები მზე - მთვარის ცეცხლთა ყურებით, ცეცხლი ჰკიდია სამყაროს ფერების საცეცხლურების, ცეცხლი ჰკიდია ფოთლებს და ამ ხანძარს ნუ ეხუმრებით... ფრინველთა ხმა - ცეცხლებისგან დაგვგრძელებია ყურები, ცეცხლებსა ვგევართ ყველანი, ჩვენ, დედამიწის მდგმურები. 300. არავის ეცოდება თავადების წოდება! არის წყევა - გოდება და მათ მიმართ ბოდება... ჩანს ეს, ო, გალოთებად, უკეთურ მიდ - მოდებად... ასე რაღამ მოთიბა ზნე ჩვენი, მზისფოთლება? ღმრთისაგან იწოდება და კრთის ოქროს ზოდებად, თავადების წოდება - არა, არ იოტება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი