ვლიან ჟამნი - ექვსაიები - 301-450
301. თუმცა დილას და შუადღეს პირზე ცეცხლები ჰფენია, ვთქუამ: პატიოსანთათვის ესე სოფელი ბნელია! უმწიკვლოდ განვლო რომელმა სოფლის ღრენი და კლდენია, თუნდ ერთხელ, მოყვასისათვის მწარედ არ შეუღრენია? უკეთო - კეთილთა შორის რომ ჰქუხს, უფსკერო ღელეა... სხვის ტკივილს ვითღა გაიგებ, შენი თუ არა გტკენია?! 302. მე არსად მიმეჩქარება, ვგონებ, არცა შენ - არსად! ვართ ამ პლანეტის მგზავრები, ვსხედვართ და ვაბღერთ თვალსა... ზოგი აქ ჩადის, ზოგი იქ, სხვა - ჩაჰყავს განგებასა! ტრიალებს დედამიწა და სხვებიც ბრუნავენ სხვა ცად - იუპიტერად, მარიხად, ვენერადა და მარსად... ღმერთო, იმრიგად ჩამომსვი, არ ვამძიმებდე ცასა! 303. ერთხელ, ალბათ, მგლის ნამცხვარი მიჩერჩეტობს ველად ცხვარი... მაგრამ... მაგრამ თუ გაცხარდა, ვაი, არის თურმე ცხარი! თუმცა არავის უნახავს გამწყრალ - ცოფებგანაყარი, გულში თუ ქუხს? გარეგნულად ანგელოზებრ არის წყნარი... ბუზზე უფრო აბეზარებს ვიგერიებ შიშებს ხარი: - ეჰ, მამულო, აწ ცხვარი ხარ, ნუთუ, ნალომ - ნავეფხვარი? 304. შენ, სულელო ჩემო თავო, სანამ უნდა მაბურთავო? შენ ვინ გკითხავს რა სჭირს შაორს, ან წარსულთან ვინ რას დაობს? ჭკუით, ნუღარ ყელყელაობ, ნუ ჰყვირი, ნუ საცოდაობ, ნურავისთან ნუღარ ზვაობ, ხმა გაკმინდე, ნუ ბოთაობ, ნუღარას სწერ, ნუ შოთაობ... ეს საწუთრო ხომ ჰგავს ჭაობს? არა ერთს და ორს რა უქნეს, გახსოვს? ფრთხილად, ძმაო! 305. ზოგთათვის ესე სოფელი გართობა - სპექტაკლებია! მაცდური, ვით კრავს აფთარი, ჩვენს ხალისს შეტაკებია... უცხონი დაგრიალებენ, ჩვენ თითქოს სექტანტები ვართ, სხვაგან თუ დაბინძურობენ, ჩვენსკენ რა, სპეტაკდებიან?! თქუამენ იმას ნექტარად სიტკბო თუ ნექტარს ჰკლებია? - რა არი ჩვენი სიცოცხლე... კინოს ჰგავს ბნელკადრებიანს. 306. ყველას ჩვენ - ჩვენი გვყავს ოფოფები, ჯიმა! ზოგი ლოთია, ზოგსაც ნერვები სჭიმავს, წელში მოდრიკა ზოგი, ეხ, გასაჭირმა, ზოგიც {შორს ჩვენგან} გადაქცეულა ჯინად... წუთისოფელმა ზოგი არც აჯეჯილა... წუთისოფელი... მამაძაღლია, ჯიმა. 307. დედამიწას ვამძიმებ ოთხმოცამდე კილოთი, მე - უფრთებო ფრინველი და უსაჭო პილოტი! ხან ამაოდ ვიფხიზლე, ხან ამაოდ ვილოთე, ამაოდ ვხარხარებდი, ხან ამაოდ ვტიროდი... ეჰ, გამძიმებ, მამულო {ადრე ფრენას ვცდილობდი}, სამოცი და ათჩვიდმეტ უსარგებლო კილოთი. 308. უტიფრობათა, სიცრუეთა, თვალთმაქცობათა... დაპირებათა ხუხულები დაგვრჩა ნობათად! ქაჯნი, ქცეულნი ათას ბანდად, განა ორ ბანდად, აწ ღვთის წინაშე კანკალებენ, მგვანნი ღორ - ბატთა... რვა წელიწადი გაშპა... თქუა ჟამმა ,,ჰოპა" და სულბინძურები ჯოჯოხეთში მიჰფანტ - მოჰფანტა. 309. ჩემი გული, ცხელი გული, დაიბრიყვა რამ? - ო, თვალები, შემკრთალები, ძლიერ მიყვარან! სულის ნისლი რომ გაჰფანტა, მოჰყარ - მიჰყარა, ამ თვალებმა სხვა თვალები, შორს გარიყა, რვა... ჯამ - სამსალა მომტაცა და გადამიღვარა, შავარდენად ამაფრინა, არ მაჭილყვავა. 310. ჩვენთან მოფრინდნენ დედები... თეთრი ღაბუა მტრედები და მათი ღუღუნისაგან აივანზე გვაქვს ედემი! - ჰეი, თქვენ, უცხო ფრთოსნებო, სულ ცისკენ რომ იხედებით, როცა ყურს გიგდებთ, ვყუჩდებით, თითქოს არც ვიყოთ ყბედები, ხომ უფალს ეღუღუნებით? ამით მალამოდ გვედებით და ოცნებების, ტურფად სჩანს, გადაბუგული ხედები. 311. მიღრენს, დამსდევს აღმა - დაღმით შმაგი წუთისოფლის ძაღლი,- მისული ვარ პირას დაღლის, გრძნობა აღარ შემრჩა საღი, არ მაჩერებს სოფელ - სახლით, ფოთოლივით კლდე - ღრეს მახლის, ნამეტანი მამაძაღლი ყურს ჩამტირის, როგორც ბალღი... შემწეობის ელი ძახილს ჩემგან? ეხ, წყალს ვგავარ დაღვრილს... სიხარული თუ არ ახლავს, იფრიალებს ბაირაღი?! 312. ოცნების ციხე - სიმაგრეს ერთი ასული მიზისო, არა იციან დევებმა, ვგონებ, არც ღმერთმა იცისო, სატრფოა სულმშვენიერი, არარა უწყის ბიწისო, მზის სხივებს ეთამაშება, უკეთესია ვისისო... ჰე, ღმერთო, ერთო, შენს გარდა, სასო მაქვს არავისისო, იმ ასულს ნურვინ მომტაცებს, წერა რომ გავხდე ბრმის სვისო. 313. ახლაცა დგას იქ, ბულვართან... საღამოს ჰგავს მურიანს, სკამი, სადაც ფულს ითვლიდა დანიელა ურია. იქვე ხეა, რომლის ტოტზე შერჩენილი ბუდეც კი დაგვიმოწმებს - გალაკტიონს აქ ხატავდა ჩუდეცკი. აქვე, ძვირად ქმრისგან სხვისი {ელდა გელის თუ გელის!} რომ იყიდა ცოლი, იყო პრინცი ოლდენბურგელი. 314. შეკითხვების ხეივანში აჭი-გაჭით ვრბი: _ რატომ უფრო არ ისწრაფვი? რატომ ითრევ ფეხს? რატომ არის რომ წყლულები ისევ ხსნიან პირს? რატომ აღარ ჰყეფ ძაღლივით? თავს არ უშვერ მეხს? რატომ, რატომ არ აიღებ ხელთ მახვილს და ხიშტს?.. _ აქამომდე ვეღარ გემწე... ეხ, მამულო, ეხ!.. 315. ეს ჩემი წუთისოფელი თუმც მიხრიკინებს გლახურად, ცხოვრებას მიმშვენიერებს წვეთმოციმციმე კრახუნა... თუკი სადილად მწვადი მაქვს, თან ჩემი ბოსტნის ტარხუნა, ჩანს, რომ ღმერთმა არ დამტოვა, ეშმასგან არ გავლახულვარ, არის საკენკი ურიცხვი, ქმნილი ხელით თუ ქარხნულად, თოვლივით მიქათქათებდეს, მწადს, სული, არ ტალახურად! 316. დედა ხომ აღარ გვეღალატება, სამშობლოც აღარ გაგვეწირება! ხან თითქოს მოვკვდით უკანასკნელად, ხან გვღვიძავს თითქოს, ხან გვეძინება, შეურაცხყოფის გადაგვიარეს დინოზავრებმა დაბრეცილებმა, მოდი და ნუღარ აგეტირება, მოდი და ნუღარ გაგეცინება - ხელში ჩაიგდეს ერის სადავე მიზან და გრძნობა ჩალეწილებმა! იქნებ დრო არი გამოიღვიძონ ორბებმა გრძელფრთებდაკეცილებმა? 317. მეც მომცელავს ერთხელაც, როგორც წასულ მეგობრებს, როგორც ბალახს ყანაში, ის მჭლე კაცი, მეკობრე... დრო გასულა თვალებით ვეღარ მისაწვდენარი... მაინც სდუღან ვნებანი, მაინც დაუდეგრობენ!... დრო მოსულა, ცოდვათა ცრემლებდასადინარი... გულთა მალბილებელი... მენორჩე და მექორფე! 318. ეს ცხოვრება წურთა არის სულისათვის, ბრძენი თქუამს! წუთიც, წამიც... წურთისათვის აღარ გეტყვის, ჯიმა, უარს... მხოლოდ გვემას, ცრემლებს, თმენას მოაქვს სათანადო ჭკუა, გული მიეც ჩრდილოეთს და, ოქრო-ვერცხლი, თუგინდ ბღუარს, არსად არი კაცის შვება, ღვთის გარეგან სულს არ უამს... შეგვიბრალე, შეგვიწყალე, ძეო ღმრთისავ, იეშუა! 319. შვილი რომ ვეღარ გადაიხდის დედ-მამის ამაგს, ეს სიტყვა ძალზე ძველი არის სიბრძნის წვერივით, ო, შენ უკვე ხარ, ღვთის რჩეულო, დედა ან მამა, და, ღამენათევს მზე დაგხედავს ამოწვერილი შვილის აკვანთან? დაივიწყებ ნურასდროს ამას _ საიქიოში მიგვაქვს ყველას ვალის წერილი. 320. ქარიშხალის მოლოდინში ვირწევით, ვით ლერწამნი, თუ უკვე გადაიარა? გაიხედე ერთ წამით! რად ვყანყალებთ ასე ძლიერ, რატომ ვკარგავთ ფერს წამით, რად გაისმის შტორმის ღრენა, ზღვათა მიმომლეწავის?! დაამთავრა ჩვენს თავებზე დრომ ხომ წლების რეწვანი? თუ მეორედ მოდის ქრისტე, პირველად რომ ვერ ვცანით?! 321. ყოველდღიური სტუმრები ვართ უფლისა სიკვდილამდე! გავჩნდით, რათა ვთესოთ, ვთოხნოთ, ვბაროთ, დავრგათ, ვკრიფოთ, გვწამდეს... ვიგალობოთ ქვეყნად ყოფნის თუნდ სულ ბოლო წამის დამდეგს!.. 322. ვფორიაქობ და სასოებს ვხოცავ: _ რატომ არ ესმის ღმერთს ჩემი ლოცვა?! ჰკითხეთ დოლიძეს და ჰკითხეთ მოცარტს... მუსიკა მათი ღმერთთან მიცოცავს! ჰკითხეთ რუსთველს და გალაკტიონსაც, ცეცხლ-სიტყვა მათი ასცდება ოც ცას! 323. ,,ქართველობა ძნელია, თუმც აუცილებელი,”_ ბრძანებს წმიდა მამა, დროც ამისაა მყეფელი! აწმყოს ვრცელ გამზირებზე კოჭლობს შიში ბებერი და ურიკის ხრჭიალით ქარებს ჰყიდის თებერვლის... ფოთოლს მისდევს ფოთოლი, ვით უდედო ბელს ბელი... და თვალი იჭყიტება მტრის, დაუძინებელი. 324. მიგორავს საღამოსაკენ მზის მეწამული ბორბალი, გაურბი-გამოურბიან ღრუბელთა ცხვრები ზორბანი, ზოგნი შავ-შავნი, ზოგიცა ყვითელი, ვითარც ხორბალი, სხვანი გვამდამძიმებულნი, სხვანი _ თეთრნი და ქორფანი... ლეღვზე ყმაწვილი ქანაობს, ცას სწვდება მისი ხმობანი: _ მეგობარს არა სჯობია არასდროს ნამეგობრალი! 325. როგორ არ გითხრა საყვედური? ეხ, ადამ, ადამ! იმ აკრძალული ხილისათვის, ევა რომ სჭამდა, და შენც ჩაკბიჩე... რისი ჭამაც არა, არ ჰხამდა! სხვა საყვედური არ გეკუთვნის, ამ ერთის გარდა... ამ გულუბრყვილო ცთომის გამო, საიდან სადა?! აღვირახსნილა პლანეტაზე ეშმათა ბანდა. 326. შინ ჩასვლისას გახსენებას, ყრმობის სურათების, ვლამობ, მამა აღარ თოხნის ყანას, დედა არ გვის კარ-მიდამოს, ბებია არ წველის ძროხას და ბაბუა არ წნავს კალათს, ყურშა არ გამოქანდება, არ წამაქცევს ძალის-ძალად, არ ჩანს ჩემი ბურთი, რითაც ვაშინებდი შაშვ-ბეღურებს... ტყემალიღა მხვდება ძველი, მცნობს და აცქვეტს ფოთლის ყურებს. 327. ეს ქვეყანა, ჯიმა, ისე მოწყობილა, თუკი შეგხვდა, დიდი-დიდი ... ორცხობილა! ძეხვიც გვერგო... ო, ასეთი დროც ყოფილა, უფრო მეტიც – “ციცქამ” ყელი მორწყო რბილად... ახლა ჟამი საეჭვოდ გამოწყობილა, - ცხოვრობს ვინ და, ქე მიხვდები, ცოცხლობს ვინა. 328. კაცი ვეღარ და გვალვებმა, ყანები და მოწამლეს მთა... კაცი პატიოსნებიდან და, იწყება დრო წამიდან! წმიდა მამის შიშით უღმრთო მოსვლას, აქ ვერ მოცაბედავს,_ სიკეთე და უკეთობა ვეღარ სძოვენ ორ წამს ერთად. ამიტომაც ღმრთის ნათელი უხვად ათოვს მოწამეთას... წყალწითელას წყალი მიხტის შორის მთათა მომწვანეთა. 329. წარსულის გადმონაშთი ვარ, გორგასლის დროის თუნდაც, ან აიეტის მოლაშქრე, რაღაცა მახსოვს ბუნდად, ან მითრიდატეს პონტოში მეციხოვნე ვარ, გულდა, ან ტრაპეზუნტის დამპყრობელს თავის უბეში ვგუდავ... აბა, რა ვიცი ვინა ვარ, უკუდო ვარ თუ კუდა... ეს დედამიწა ქალამნად და ცა არ მიჩანს ქუდად. 330. სანამ პირში სული მიდგას და ძარღვებში სისხლი დარბის, სანამ გულში სიმართლე ზის მეფედ, ვნებათა ჯარს არბევს, და მზის ყოველ ამოსვლაზე მითამაშებს ყრმისებრ წარბი, სანამ მერცხლის გაქროლება მიხალისებს კიდევ ძვალ - რბილს, მითხარ, ვინმე ოქროს მთების საჩუქარით დამახარბებს? ან დავუთმობ ერთ წამუკას საწუთროს დავიდარაბებს?! 331. არა შველის! კლდედ დადექ, გინდა ფარი უფარე - შეურაცხყოფს, სწყლავს და ჰგვემს - მას, ვინც უყვარს უფალი! დამპი - დიმპიტაური... ცერზე დგანან სუფრანი, გულს ძიძგნიან ვნებები, მგლისებრ შენაჯგუფარნი... ჩემი თავი ღმერთს უყვარს!.. წყალში - თევზს ფრთა დუმფარის, მაღლა - ცას თვითმფრინავი, ბაღში - ყრმას ალუბალი. 332. მენატრება საჯარო, წიგნებთან მუსაიფი! შეჩვეული სკამები და ოცნებების ზვავები... ნაცნობნი და უცხონი დროს, წლებს შენაზავები, ერთი გოგოს თვალები... კინაღამ რომ გავები... გამოცდებიც, ვითარცა თვალბრიალა სვავები... ეჰ, უჩემოდ შთენილა საჯაროსკენ გზა იგი. 333. არვინ უწვის კალმის წვერი მეყ - წამში რას დაწერს, რას შობს! ზოგი სიტყვა კვიცად მიხტის, ზოგი ტორს სცემს ცას და რაშობს... ზოგი ცხვრისებრ მისძოვს ბალახს, სხვა ქარს ეჭიდება, ახშობს, სხვა ზედ არ დასცქერის კალამს, ქედმაღლობს, უშნოდ პარპაშობს, სხვაც კალმოსანს დასცინის და საქმეს უხდის საყარყაშოს... პირველ სიტყვა „ღმერთი“ იყო... ის ჩვენშია, არ თამაშობს. 350. რესტორანში, ხშირად ხდება, სად ხორაგის მთებია, ნათურასებრ, სად თვალების ბრწყინვა - კაშკაშებია, სად ყოველი მამაკაცი უგვირგვინო მეფეა... საქართველოს სადღეგრძელოს, რეჩიტატივ - რეპიანს, რომ ისვრიან თოფებივით, თან მწვადებით ძღებიან, მათხოვარს რომ ვერ იტანენ, ტაბლის ვაჟკაცებია. 335. უტიფარი უნიჭობა ბახა - ბუხობს სცენაზე! სიტყვებს ისვრის... თვალები აქვს ლამის გადმოცვენაზე... რავარც ყველგან, რა გამოლევს ამ დარბაზში ენაგრძელს: - აშრობს... მარა რა გააშრობს ივრის სიგრძე ენას, სველს? - ლექსი უწუხს... თვარა კია, მოჩვენებით, ენამზე!... - რესტორანი გველოდება, არ გაგვიგონ... ელანძე. 336. წინათ ერქვა საქართველო, ახლა ჯოჯოხეთია! ლომი ბრდღვინავს ზოოპარკში: -ჯოჯოხეთზე მეტია... -ვაი! - მოთქვამს აზნაური... - უი! - ჰგოდებს ტეტია, თავადი ცას ევედრება: - ღმერთო, მეტისმეტია!.. გაიღვიძე, გენაცვალე, ეშმასგან გვჭირს რეტია, დღეში ასჯერ გვილაწუნებს... ერთხელ მოგვხვდეს კეტია! 337. გაზაფხულო, გაზაფხულო, მოდი ჩქარა, მოდი ჩქარა! ზამთარი და ნაძირალათ ,,მოძრაობა" კმარა, კმარა... მოლოდინიც დაიღალა, თვალებს აჭყეტს წარამარა, ეს ამდენი ჭინკაკანა აღარ გვინდა, არა, არა! ჰეი, მზეო, თვალღადარავ, აღჩნდი ჩვენდა გასახარად... ჰოი, იმედების კარად ერი ცრემლს ძოვს ფარა - ფარა! 338. - გამარჯობათ! სირბილაძეს სად ვიპოვი, ილარიონს? - გაგიმარჯოს! იქ ნაძვებთან... კაცები რო ზილარიენ... თიბათვეა, სიო დაძრწის, დღეს გვთავაზობს დილა, იოლს, მშვიდობაა ქვეყნად, არ ჩანს ყაჩაღი და ფირალიო. - გამარჯობათ! რომელი ხართ? სახით ვერ ვცნობ ილარიონს... - გაგიმარჯოს! ეგე მოჩანს... სათევზაოდ მივა რიონს! 339. მივტოპავდი შეკითხვების ზღვაში და ბედს ვატოპებდი! უკან მდევდა შეკითხვებით სავსე ნავი ათორმეტი... შეკითხვების ჯარი იდგა პონტოდან ანატორემდი, სანთლები გზას მინათებდნენ გარეჯის და ვათოპედის... და რა მოხდა? ნავნი ვლენან კვლავ ციმციმზე ანდრომედის, მე სიზმრებში დავიმალე, ზღვამ დაახრჩო მარტო ბედი. 340. სიკეთე თუ ერთ წელს მეფობს, უკეთობა - ასი წელი! იგი არის მტარვალი და ყველა ავის მასპინძელი... ყალბისმქნელი, გაიძვერა, მატყუარა და მსიძველი, ნიღბიანი, იღბლიანი, კეთილ საქმეთ არ იწველის... „სიკეთე სულ იგვიანებს“ - თქუამს ლუკა ასიზელი. ერთს მას ძალუძს, თუ ღმერთს ნებავს, ამოუსვას მაცილს ცელი! 341. რად მათამაშებ სოფელო, რადა მდევ, ვითარც ნადირი? ჩემნი ნათელნი ზრახვანი დააღამე, არ ადილე... ვრბიოდი, წინ დამიყარე, რა ფიცარი და რა დირე, ფეხი დამიდე, გამშხლართე და კვნესა გამიადვილე, ბოლოს, ჭიანი კბილებით მისაუზმ - მიმისადილე... დავჭმუნდი, დავგლახაკავდი... მე ამის დედა ვატირე. 342. ასე რად იგვიანებ ჭიჭეფუთის ნიავო? ხომ იცი რომ შენ გელი, სარკმელი მაქვს ღიაო... მარტის სულს გამოჰყევი, მოჰქრის, რია - რიაობს, ან აპრილზე შეჯექი, ეგე კნავის: - მიაოო... ბოლო - ბოლო, მაისი გყავს, ძველი ძამიაო! მოდი, ჩემი ლოდინი გეტრფის... ვარდობს... იაობს. 343. შენ რომ უკრავ გოგო შოპენს... აღტაცებას მიჰფენ - მოჰფენ! თითები რომ არ შიშობენ, თეთრ მინდორზე თარეშობენ, გულისნადებს ღვთისას ჰშობენ, და ათრობენ ჰანგით სოფელს! აქ ფრინველნი რომ ხარობენ, იქ პირუტყვნი ოცნებობენ, საღამოა, ქალნი - კაცნი ოცნებებში სეირნობენ... ბრუნვა შეუჩერებია დედამიწას, მთვარის სწორფერს! 344. მოთმინებას სწავლა უნდა, ჯიმა, თურმე ვით გაკვეთილს! ამ სწავლაში ვერ ისწრაფებ, მიუმატო წვეთს, ჰხამს წვეთი... ჰაი, თურმე სიყვარულსაც, პირველი რომ წავა რეტი, კვლავ თავიდან სწადს ანთება, კვლავ ცეცხლები ზედი - ზედი... სასოებაც... თუ მის უღელს აღარ მოუხარე ქედი, გაგექცევა, ციდან ვეღარ გიპატივებს შემოქმედი! 345. მისრიალებს ორჩხომელი ზედაპირზე ზღვისა! საღამოა და ხოფების პირი წყალს ჭრის მქისად... ლაზი მამა და ძეები, სულიც დიდი ხნისა, მიილტვიან სათევზაოდ... სხვა ნავებიც... ვინ, სად... და ცისკრამდე გალობანი მოაქვს ზღვიდან ბრიზსა, „ამსერ სოიშა მიოზაქვანქ, სისა, ტურა, სისა!“ 346. აჰა, მიფრინავს კალათისაკენ სამქულიანი სროლა! ფანცქალი არი, ჰოი, შენს გულში, მეტოქისაში - ძრწოლა... კალათბურთი ჰგავს ოდნავ კორიდას, ტრიბუნის სული ბოლავს, ხან ღრიანცელად გარდაიქმნება, ხანაც ცრემლებად ჟონავს... აქვე დარჩება ვნებათა ჯახი, მყვირალ ნიღბად და როლად: თუკი მოიგე - შენა ხარ მეფე, თუკი წააგე - მონა! 347. ბალახებში თავკომბალა ორი ლეკვი გორაობს! თვალკეთილი, ბურთუკელა, რუხი, ცხვირკოკორაო... შვიდნი იყვნენ, გაუყიდეს ძმები, ეჰ, უმორალოდ, ბღლარძუნობენ, თამაშობენ ლაღნი... ერთი - ორაო, ამ ორთაგან ერთს წაიყვან ხვალ, საითკენ, ბორანო? ითამაშეთ, საყვარლებო, სანამ კიდევ დროაო! 347. მიჰქრის ველზე თავგანწირვით თვალბრიალა ბედაური! ნესტოები დაჰბერვია, გზას გასცქერის რისხვით, მდურვით... ოფლიანი მკერდი მიჰკვეთს ქარის ჯებირს სვლით ლაღურით, მისი ფლოქვების ხმისაგან დასძაბვია ტყე - ღრეს ყური, მხედრადა ჰყავს ერისთავი ქუჯი, რაინდების რჯულის, ჰქრიან ორნი, ქარზე სწრაფნი, წინ მიუძღვით თქარა - თქური! 349. არაო, სთქვეს, მაგრამა კვლავ მეფობენ დრონი! სულის, სისხლის მყინავნი, არა საგმირონი... ვინ ვის ჰპარავს ან ძარცვავს - უკეთობის მდომი? მთავარია ზაკვანი, და ბარგია - გონი.. დღევანდელი დღის, თვალებს, აბრიალებს ქორი... მშვიდად ჰყუდავს ლოდინი, ვით წევაძის ლომი! 350. სანამ მზე ამობრწყინდება, მისი ცეცხლის იძვრის ქარი, გულის ამაჩქარებელი, როგორცა რო ტურფა ქალი... ხბოს რომ ახლა ამოუდის, ხანდაზმულ ხარს სცვივა რქანი, უწყი, ძველს ახალი ცვლის და მღერის-ტირის ჟამის ქნარი... ერთხელ, ლხინში, აბოცის ბეგს, გოგორიშვილს უთქვამს, ქარიმს: - დასტაქარსაც, თუ მისჭირდა, ვერ უშველის დასტაქარი. 352. ჰე, ილიავ, აღსდექ! შენი მამული რა დღეშია!.. დიაცები ცრემლოობენ, მამაცები ხვნეშიან... სიმართლენი ჩვენ, ბეჩავებს, ქვე გვწყურია, ქვე გვშია, მაგრამა რა, ჩაურეცხავთ, ჩაწიხლ - ჩაუხრეშიათ... აღსდექ, ზვიად! საქართველო ბაცილების ხელშია... უხეშობენ! სიკეთეზე რავარც უუხეშიათ. 352. ეზოდან რომ გამოვედი გარეთ, მოკამკამე მომესალმა მთვარე, ოღრო-ჩოღრო გზაა... არა უშავს, ჩრდილებივით მივალთ მე და ყურშა. ჩამქრალია შუქი ყველგან. სძინავთ. ვით მედეას დროს ჭრიჭინა ჭვრინავს. 353. ვითომცდა თავისუფალად, ვითომცდა უდარდუბალოდ, თეთრ ცხენზე ამხედრებული უმახვილოდ და უფაროდ, ავთანდილივით, ცა - მიწის მშვენიერებას ვუგალობ, ვიბერიელობ გულლაღად ვითომ, ვკოლხობ და ვთუბალობ, ვით მზის გარეშე არ - რაა მთვარე და სხვანიც, უბრალოდ, მე, შენს გარეშე, მელექსეც, არარაი ვარ, უფალო! 354. მიჯავრდება მომავალი, პირი გაუმეხებია... ხელი რაა, გონითაც კი, ვფიცავ, აღარ შევხებივარ! სიბნელიდან მახვილს იქნევს ელვებიანს, მეხებიანს... გული გლახას მესიტყვება, მებორკება ფეხები, ვაჰ?! თვალი მოვკარ სასოს, - მერმისს კარი ოდნავ შეჰღებია... სასომ მზერა ამარიდა... ცრემლნი წვერზე მეხევიან. 355. ცოდვის სამოსი გამხადა, სინანულისაი მმოსა! როცა აღდგა მუხლმოყრილი, ცრემლი მოიწმინდა როცა, გარეშემო ციმციმებდა მისი ღაღადება - ლოცვა... ხელი ჩამომართვა მტკიცედ, როგორც კაცს და როგორც მგოსანს, - გწამდეს ღმრთისა და მამულის! არ განუდგე ამ გზას ორსა! სანამ მიეფარებოდა, ასე მითხრა ანგელოსმა. 356. ღამით ფიჭვზე ფხაჭუნებდა, არ მაცალა ციყვმა რული, თავის ჩამოხრჩობა სურდა, ალბათ, სწვავდა სიყვარული!.. ვაი, თქვა და იქნებ ,,ვაის" მწუთხე ცრემლთა მიჰყვა რუნი, სტანჯა სატრფომ, ან დასცინა, ანდა გააბრიყვა ურვით... მარგალიტი ვერა ვპოვე, ქვა ამოვყარ - მივყარ ურნით, ციყვმა ამაფორიაქა, ამიტომაც ვთქვი ყვავური. 357. ,,ჩხაკუნებს ჩემი ფანდური დილიდან საღამომდინა, ადრე ვიცინოდ, აწ ცრემლი ჩამამდის კაკლის ოდენა, ვაი და ვუი მოვა და წავა, დელია - ოდელა... აღზევანს ვიყავ მარილზედ და ტვირთიანი მოვდივარ, გზა - გზა მდედრებსაც შავხედამ, კაცი ვარ, განა ლოდი ვარ... ჩხაკუნებს ჩემი ფანდური პონტოდან ინგილომდინა". 358. ცხოვრებამ თითქოს სულ ახლო, ზურსუკან ჩაირახრახა! გემოზე აღარ მაცალა დაბლა ფარცხვა და აღმა ხვნა... არადა, მახსოვს ბავშვი ბურთს თითქოს დავდევდი ახლახან, და ცხვირწინ გადამირბინა წელმა, სამოცმა, ახმახმა. აკიღა, სულ მპირდებოდა: - მოვა, სიკეთეს აქ ნახავ! - მოვა კი? - წეღან ვიკითხე, ყვავს გაეცინა: - ახა - ხა! 359. არავის შეეცოდები, ჯიმა, საწუთრო ომია! პაშტა - ბრძოლაში დაეცა, ცოტა - ჯერ ფეხზე მდგომია... ჩხუბი უცდიათ ათასებს, სულით და მკლავით ღონიანს, გამარჯვებული იმასთან ჯერ არვის გაუგონია, ჩვენთან ჭიდილში ის მოჩანს, ვით წრუწუნასთან ლომია, უხილავია საწუთრო, არც არსად გასაძრომი აქვს. 360. სანამ მძორში ვარ მარყევენ, მაჯანჯღარებენ ვნებანი, აღარ მაკლია გოდება - გვემანი, გამეტებანი. იდუმალია საწუთრო, მეტია - გაუგებარი, ხომალდს ზღვა ყლაპავს მღელვარე, ცაში მიფრინავს გემბანი, ზოგჯერ რომ მწარედ ვფართხალებ, როგორც ნაპირზე კეფალი, ზოგჯერა მეცხრე ცას წვდება ჩემი ძაღლური ყეფანი. 361. არაფერია ქვეყანაზე სამიდღემჩიო! არა თავისთავს, აუტეხავს სულ სხვას, ლენჩი, ომს... და ამ ბრძოლაში დამარცხება უნდა ერჩივნოს მის საცოდავ სულს, თუ სწადს კვალი რომ არ ემჩნიოს ყოყოჩობისა... როდის იყო ჩრჩილს არ ეჩრჩილოს?! -სდექ, ყოყოჩობავ! შეშლილო და თმაგაჩეჩილო! 362. ნახშირწერტილთვალებავ, გამარჯობა წიწილო! ყვითელი ახალუხი ქვევით გწადს ჩაიწიო? ქანაობ, ვერ დადიხარ, რაცხას იწილ - ბიწილობ, უკან ვეღარ მიდიხარ, ვაი, ვეღარც წინ - წინობ, დადექ, ეჰ, თუ კაცი ხარ, არავინ გაიცინოს... შენს ყურებში კვერცხული ჯერ ხომ ხსოვნა ღრიწინობს?! 363. მომჯართა წუთისოფელმა, შემდრიკა, გამაფრიაკა! სიყრმითვე ვბუმბერაზობდი, სიხუცეს შევრჩი ჩიაღა... დაღმა გამექცა ნახირი, ვერა და ვეღარ იაღმა, ადრე თუ ჩემ დანახვაზე ,,ვაი" იძახა ნიანგმა, აწ ზღარბებს ვემსახურები, ბატონს ვუძახი ღრიანკალს, რათ არის, დღემდე რომ ვაღებ და ვეღარ ვაღებ ღია კარს?! 364. ენა არის ნაირფერი სიგრძისა და ჯილაგ - ჯიშის! ზოგი მზეს თოვს, ვარდს გაყნოსებს, სიხარულით თრობა იცის, ზოგი ჩხვლეტს და ზოგი, დაჭრილს, შეუდგება არგნად ისი, ზოგი მეფეს დააგლახებს, თავზე ლაფს დაასხამს ცივ - ცივს, ვერ მოთოკეს... თუმც ეცადნენ ბრძენნი მისრეთ - მაღრიბისნი... რასაც გიზამს ენა შენი, არასოდეს არავისი. 365. ამას გამცნებ, მეგობარო, სულის, ნათლის ძე თუ ხარო - აღტაცებას არ ვუარობ, მზის ამოსვლით შენც, მეც ვხარობთ... მაგრამ იცი რატომ ვცხარობ და ხანდახან ენავმწარობ? შენ რომ გიზის ცოლად ცარო და ხშირ - ხშირად მოცინარობ, რად არ მეტყვი შენ, მდიდარო: - მზად ვარ, ძმაო, დაგეხმარო, ჰა, შენ ლარი, უდოლაროვ, მოიყვანე ცოლად მარო! 366. ჯანმრთელობა ერთია და სნეულება ათასი! სენი მოძრწის ყველა მხრიდან, პირი უჩანს თეთრი... მეგობარი არი ტაბლის, ხან გმირია ანდაზის, ხან ყვანჩალა ყვავია და, ხან მახვილი მხედრის... ჯანმრთლობა ქალწულსა ჰგავს, სიწითლე რომ გადასდის... სნეულება ათასია, ჯანმრთელობა - ერთი! 367. ხელს თავში ვიშენთ, მოვთქვამთ, თუმცა ცოტა გვრცხვენია!.. ხომ გესმით? ჩვენი გოდებანი ღრმა და ცხელია! და რომ წანწკარებს, რომ დგაფუნებს _ ცრემლის ხევია... და რომ ჩანჩქერობს, რომ ჩხრიალებს _ სისხლის ხევია... უფალო, გვემწე!.. მტერი სისხლს გვწოვს გულარხეინად... ეჰ, საქართველოს გველეშაპი შემოჰხვევია. 368. მოწანწკარებს ევფრათი, მითავცემობს თიქროსი... ბედზე საქართველოსი მსჯელობს ეს და ფიქრობს ის! ქშუის ფსოუს წყალი და მობუტბუტებს რიონი, მიხტი-მოხტის ჭოროხი, მიიღვრება იორი, მტკვარი მოიზვირთება, მილივლივებს ღალიში... მამულს ღმერთს ავედრებენ მდინარენი ხალისით! 369. ამოვყოფდი ქეციან თავს ხან ზღაპარში, ხან იგავში, მხმობდნენ ნაცარქექიასა, მხარ-თეძოზე მეძინა მე, მტერი თავს რომ დაგვესხმოდა, სულს ვითქვამდი კლდე-დარანში, ლხინში ყანწს ვატრიალებდი, მსმელი ვიყავ მეწინავე! ახლა პარლამენტში ვზივარ, მაქვს ბიზნესის შანსი-მანსი... რასაც პრეზიდენტი იტყვის, ვიმეორებ მეც იმავეს! 370. დაიკო ჩემი თუ ჩემი ძმა ხარ _ სულის სინედლე დაჰკარგო აღარ! გიცდის საყდარი... თვარა ჯოჯოხეთს არ დაუხურავს, ღია აქვს ხახა... ისე მალია წუთისოფელი, მიმოიხედავ... ხარ, და, ეჰ, არ ხარ! 371. გზაზე კაცი წაიქცევა, წამოდგება, არა უშავს! ჯოხს მოძებნის, გზას განაგრძობს... სოფელს მიდის ან აულსა... ჰყეფენ ძაღლნი, ასცქერიან მთვარეს, ღამის ყარაულსა, გვიანია მგზავრი იგი, მაშვრალია, განა უსვამს... მის აბგაში სძინავს პურს, ყველს, ლექსებსა და სალამურსა... შეთე არის? მოჰგავს უფრო ბეწინტურს ხარანაულსა!.. 372. ძველი ავტოსადგური ფოთის, ჯიმა, გახსოვს? სამტრედიის? მოხარშულს რომ გთავაზობდნენ კვახსო... ხობის ავტოსადგური, ქარიანი? სანაკის? ქუთაისის? ფურნესთან ამოსული ბალახი? დრო გამუქდა, ჟამი მოჰგავს ნათურქალს თუ ნასომხარს... ძველო ავტოსადგურებო, მიყვარხართ და მახსოვხართ! 373. მწადდა ბრძოლა-გულადობა, აქეთ ვეცი, იქეთ ვეცი, საითკენაც გავიქეცი, ფუჰ, სუყველგან წავიქეცი! ვაყენებდი დაჩოქილს და აღვმართავდი გადაღრეცილს, - იცის მიწამ, შობიდანვე სასოება რომ მაქვს მე ცის! ვუგალობდი წაქცევამდე... მშვენიერთა მწვავდა პეწი... საითკენაც გავიქეცი, დამხვდა მხეცი... ჩავიკეცი. 374. ძლივს ჭიკჭიკებს: _დროო, მიმდის ფერ-ფური, რად დამიჭნე სინორჩე_სიქორფენი?! ეს ცხოვრება, ბრიყვებისგან ქებული, მერცხალსა ჰგავს, უდროო დროს მოფრენილს... უსასრულო ფაცი-ფუცთა კრებული _ აი, ჯიმა, ჩვენი წუთისოფელი. 375. ვრბი დაღმართზე... კაცისათვის განა პაშტა აღმართია?! სასო კვებავს დღე - დღე, წელ - წელ, სვეს კაცისას ნაღმავს ღიად... მე მაწოდებს ვერმიშელის ღერის ნატეხს და სხვას ხმიადს, საწუთროს გზებს მაძუნძულებს, არ ნათელს და არ ხათრიანს, ამ ძუნძულში მო - ცა - ვხუცდი, თავს მხცე - თოვლი დამბარდნია... აწ რა უნდა დამემართოს, რაც სხვას აღარ დამართნია?! 376. ალუბალზე გვეგონა და ტყემლის ძელზე ვსხედვართ თურმე! მასპინძლებს ვგავდით გვეგონა... გვამგვანებენ მაინც სტუმრებს... ციდანა ვართ? სარეისო ჩამოვყევით მართლა ურემს? თუ მიწაზე ვხმაურობდით, ცად მავალნიც ვიხმაურებთ? ეს საწუთრო, რავარც ხდება, გაგვყრის ყველას, ვითარც მდგმურებს? -ღმერთს მიენდე! - თქვა წმიდანმა, - სასოებით დაგაპურებს! 377. ჩვენ გვეგონა, რომ რაღაცას ვქმნიდით _ ვიქნებოდით პოეტები დიდი! ვაქუხებდით, ო, ლექსების ფინდიხს, ცა_მიწაზე გაქრებოდა ბინდი... ვის რად უნდა, თურმე, შენი ლექსი?! ვზივართ... ხიდთან მზესუმზირას ვყიდით. 378. ჯოხარგოლას მაღალ ცაზე ორბები წრეს უვლიან... კავკასიონის მეფეებს არც ჰშიათ, არც სწყურიათ, მათი მზერა ხარბადა სვამს მთა-ველს ვაინახების, სისხლით მორწყულ სანგარ-თხრილებს,სიღრმეს მათი ხახების, ნანგრევებს და აფეთქებულ იმედებს, შავ-მურიანს... ჯოხარგოლას ნათელ ცაზე ორბები წრეს უვლიან. 379. აჰ, მზეს წითლად შეუღებავს თმები, ნაწნავები მიფრინავენ მთა-ბარ, მინდორ-ნოხით აფრენილან მწყემსნი, მიჩეჩავენ ცხვრების ფაფუკ ბამბას, ცისარტყელას ფარშევანგი უკრავს თავის ბოლოს ჭრელა-ჭრულა არფას, წყალვარდნილის საქანელაზე ზის და ქარ-ნიავს უფრიალებს კაბა... ვაჟკაცები რომ იკვნეტენ ტუჩ-პირს და ხელები მათი ეძებს ხმალ-ფარს _ ჯიმა, აბა, რა მხარეა იგი, თუ მიხვდები... თუ მიხვდები, აბა? 380. იქით თბილისი, აქეთ ზაჰესი, ცაში მზე _ ჩრდილი უზენაესის! რარიგად მწადდა მხნედ სიარული _ ჰაუ, რამდენჯერ მწარედ დავეცი... წყალი მწყუროდა, ღვინო მჟავე ვსვი და ჩემი ,,ვაი” გაქრა Hჰაერში. 381. ბებო იტყვის: „ქალ-დედანი არ წავიდნენ სამუშაოდ თურქეთს; რადგან იქ სწადიათ სამეძაო - სამრუშაოდ! ხშირად ხდება, გენაცვალე, ლარს არ იხდის, ანუ შაურს! ის ჰასანა... ჰგოდებს მერე ნატაშა ან ანუშაო!“ ეს გოდება რომ არ გესმის, ყრუო, ყრუო და სულშავო, ყურო ხელისუფლებისავ, რამე არ გეხამუშაო? 382. ბალახ - ბალახ, ფოთოლ - ფოთოლ შემოდგომა მოცოცავს! გასაქცევად, ჩემოდანი ჩაუწყვია კოღოსაც... გადამფრენი ფრინველები ცად მიჰქრიან ოც - ოცად... ლხინი უნდათ? იქ, სოფელი ხმაურიან ღორს ხოცავს... ახალ ღვინოს დოქში ასხამს, ტაბლაზე დგამს ორ - ორ ცალს, სათამადოდ ეძახიან ჩვენებიანთ ბოცოსა. 383. თვალმშვენიერი ხბო მიიძოვს მინდორში ბალახს! მწვანეზე ჯოგი გაფანტულა, გვერდს უქცევს ტალახს, სწოვს მიწას ძუძუს, იღებს მისგან სიცოცხლის ძალას ფურს აწვდის რძეს და ცხენის ძალებს უმატებს ხარლაღს... ზის მენახირე ჩრდილში, პურ - ყველს აყოლებს არაყს. „ნეტავ ამინდი ასეთივე იქნება ხვალაც?“ 384. მოვხუცდი თუ ძლიერ დამოკლდნენ დღეები? მზეც სწრაფად მიცურავს ღრუბელთა ხევებით... ჰეიჰე! -ხმა ისმის და ამგვარ „ჰეებით“ – სავსეა საწუთროს ზღვები და ტყეები... მოკლეა? გრძელია? ღვაწლით და შენებით, ჯინაზე დავტკბები სიცოცხლის მშვენებით! 385. კი გათენდა, მაგრამ ნისლებს ტკბილად სძინავთ კოლხას ზღვაზე! სანაპირო გორაკები ნისლეულით არის სავსე.. - ადე ნური, შვილო, ჩქარა დღეს გავტეხოთ იქნებ ნავსი, ადრე შევაცუროთ ნავი... აეწია თევზებს ფასი!.. თევზები კი შვილს და მამას, მოელიან კეთილ ლაზებს... რომ ბადეში შეუცურდნენ, გაახარონ ამით კაცი. 386. „ძველი მილიციელი, ამირინდო, ჩვენი! ისე დადის, ქრთამისთვის აღარ ეხლოს ხელი... ვინმე არ დაეჩაგროს უსამართლო დევნით, დაებეზღოს არავინ, როგორც ქვეყნის მტერი... არ ეცემოს მავანი, წიხლით საშინელით... დადის გაღიმებული, ვითომც არაფერი!.. 387. დაღამდა!.. ეს დღეც, ო, ჩაბარდა ჟამთასვლის არქივს! დღე - მშვენიერი, მიეფარა თვალს ჭრელი ბარგით - ჟივილ - ხივილით, იმედებით მერმისზე მაგრით, სავსე სიცოცხლით, სიყვარულით და ფორიაქით... მშვიდობით, დღეო, ღამის ტყეში შენ დაიკარგე... ჩემი და შენი, სუყველასი წაიღე ხარკი. 388. თვითმფრინავმა პლანეტა მთლად დააპატარავა! მანაც სწრაფად დაიწყო ბრუნვა დაუფარავად... თუ ადამიანები, ღმრთის, მწყემსისთვის, ფარა ვართ, ასე ჩქარა სად მივალთ, თუ „სეკრეტი“ არაა?! „სეკრეტია!“ ჩემი სიბრძნე ხეზე მაღლა არ ავა... რა, რისი ხე? ვეღარ ასცდა ბალახების ქარავანს. 389. აქ თუ ამერხევი, იქეთ - იმერხევია! წყალნი მათნი ლურჯ - თეთრნი სჩქეფენ, მიირხევიან... წყალნი მათნი კლდე - გორებს სარტყლად შემოჰხვევიან, მოკამკამე ზვირთები ჯერ არ აუმღვრევიათ ო, შმაგ ვნებებს ამ ხევთა, მიწისძვრიანს, რყევიანს, სამშობლოზე ფიქრიდან არ გადაუხვევიათ. 390. უსაზღვროა, უსასრულო შემოქმედის ლოდინი, ბრძოლაშია! შესვენება არ სწამს ცოტაოდენიც!.. რუსთველისებრ არის წევრი რაინდების ორდენის, თუმცა ათას ჭირს და ვარამს, როგორც მახეს, დრო სტენის... ხმლით და კალმით დარდის ჯარებს მიდენის და მოდენის, და დღე - ღამ დგას ყალყზე ვაჟა ვარდენის ძე ჩორდელი. 391. ჰე, მამულო, შენ შენს სახელს თვით უფალთან მირითმებდი! და იმედებს, ვით მანანას ცისას, ისე მივირთმევდი... რომ, აჰ, ფეხზე დადგებოდი - ოცნებას ვაჯირითებდი, თვალს ორბებრ ვატრიალებდი, ფეხს არასდროს მივითრევდი, თავზე სხივი მაცვივოდა ელვისებრი, ქვირითებრი... შენთვის მქონდა და მექნება: სული - წმიდა, პირი - თეთრი! 392. დადგენილია ღმრთისგან რადგან ქმარი მეისრედ _ ვაი დედაკაცს, ვინც ქმრის სიტყვებს აღარ შეისმენს! ხან ქმრის ჯინაზე, შეხედე, არ გავა დღე ისე, აღარ მიჰქაროს დედაკაცმა ხან, ქმრის სეირზე... ნეტავ, დედანო თქვენ, მავალნო ქმრის სიტყვისაებრ! რადგან ეს სიტყვა ღმრთისაა და ხარობს თქვენი მზე. 393. წამი ხარ საუკუნეთა მდინარებაში, ქროლაში და უადგილო ნამცეცი მტვერისა უჩინარისა... მორბელაძე ხარ საწყალი? შენ რას მოგიცდის დრო _ რაში, დროს ელვა-მეხი სჭირდება, შენ მჭადი გსურს და წყნარი ცა. შამბნარში ვეფხს ერკინები, არ გწადს, ტარიელ, წოლა შინ? მაინც მტვერი ხარ... არ იცი, გაგაწიოკებს ქარი სად! 394. ზენაარო, გევედრები, დამიფარე გლახაკი. ამიღირავს თავი?_ არა, დამიღია ხახა? _ კი! შეხე, ისტორია მერმისს და დროს, განა ჭარხალს, მკის, მეშინია საწუთროსი... ძველად _არა, ახლა _ კი, ძველი მთვარე, ახალი მზე, რა ვქნა, სასოს აღარ მგვრის... ზენაარო, გევედრები, დამიფარე გლახაკი. 395. მშვიდი _ ფულიანი კაცი! ცოფი _ ღატაკ-ღარიბი... ლოყა ერთზე _ გაბუშტული, მეორეზე _ ღარები... თუკი ერთი თავს იწონებს ,,ჰონდა” ჯიპის ჰარემით, ჩანს მეორე გუთნეულით, ჩელა-ბუსქა ხარებით... ასე იყო ოდითგანვე, ძულებით თუ ყვარებით, მოჭრიალებს ეს სოფელი, ღმერთით და სახარებით. 396. _ მაფშალიავ, მითხარი სიხარულის, რაიმე! _ ო, დრო, როგორც ქურციკი გამოივლის, გაივლის და მალე დაიმსხვრევა ბოლო გაცი-გაიმი... ილხენს მცხეთა, ახალი იერუშალაიმი! _ ჰოდა, არსად მივდივარ, მაგ წამს დაველოდები, შენი თვალის არეში ფიცარზე ვზი აივნის! 397. გაძღომით, ჯიმა, ვეღარ გაძღები! დრო კუჭისათვის განა მოგეცა! მიიღებ ყველა ჯილდოს ორკეცად თუ მოწვავ, რად გაქვს რაცხა-რაცხები. და თუ გაძღები, კუჭით გაძღები,_ ვაიმე, გლახათ დაენარცხები! 398. დაიწყო გულ-პირისწყალის უღმერთოდ გაიაფება, გაჰყიდეს ჩემი მამული ანნებმა, კაიაფებმა... ფერად-ფერადნი მომრავლდნენ ჩინელებ-ინდოელები, იყიდეს-მიისაჩუქრეს ტყეები, მინდორ-ველები, ღმერთო, კვლავ ერთხელ მიშველე, გული, ეჰ, დიდი ვერა მაქვს, მამულის მტერი დავფუკო მოყმემა პირშიშველამა! 399. შურმა თქვა: _წინ რა დამიდგეს, ვერც ფარ-შუბ, ვერცა ხმალია, კაცთა გული და გონები, სუყველა ჩემი ყმანია, თუ ვინმე ღმრთისა გამოსჩნდის, რჩეული, არ ახვარია, იგიც ვაოტი... გამოღმა, ჭმუნვიდეს, თუ გაღმანია!.. ძალი მაქვს ჭინკა-ქაჯისა, არ დავახანო ხანია, პარლამენტში თუ მეჯლისში ყველამ მე მომცეს ხმანია. 400. თუმც უბადრუკით, ხომ ვცურავ კამკამა წყალში მხარულით, იგუდებიან სიცილით მურწა, ღორჯო და ხრამული... თან განაგრძობენ ბალახთა ძოვნას ხარბად და ხრამუნით. 401. დიდ თუ მცირე გაქანების, ისვენებენ მანქანები, ქუჩა-ქუჩა თვლემენ, ჰყუჩან, ვითარც მთვრალი დაქალები, წყდება, ცვივა და იფრქვევა ციდან ნისლის მაქმანები, სძინავს ქალაქს, გარემოა კორპუს-სარკმელ-ჩამქრალები, ტყვექმნილან თუ გარდაცვლილან სიოები და ქარები... მტკვრის ზვირთებიც მიბნედილან... კისერს ვეღარ აქანებენ 402. პიროს, ისე, მიქაელ, სტეფანე...სვლით თამამით, ისიდორე, იოსებ... ვლიან მხნენი მამანი! ანტონ, დავით, აბიბოს... უძღვით სიო ფრთამალი, შიო, ზენონ, თადეოზ... საქართველოს წამალნი! იოანე მიუძღვით ხელმოჩრდილვით მალ-მალით... მცხეთას ეშურებიან ასურელნი მამანი. 403. ჰოი, რა გრძელია საწუთრო მლიქვნელი!.. თუმც სტკივა ძარღვები და ელმის თირკმელი, ამოდის კიბეზე სვიმეონ მიმრქმელი... ხელს იშვერს ჩვილი და მზე ხარობს პირქველი! ამოდის კიბეზე სვიმეონ მიმრქმელი და სულიწმიდისა ქარი ჰქრის იქ, ნელი. 404. ღმერთს მინდობილა საქართველო დაბადებითვე, როგორც ცას მერცხლის ფრთები, ჯიმა, გაიგე რით ვერ? ღვთის სახლი ელის შენს ხმა-სიტყვას, ვითარცა მზითევს, მადლობა მაინც რომ შეჰკადრო... შენ კი ფეხს ითრევ... ღვთის სიხარულნი, დედამიწის არ ვგავართ ტვირთებს, და დიდებანი ღვთისანი ვთქვათ სიხარულითვე. 405. თვალი შორავს როდესაც, თურმე გულიც შორავს, შარიშურობს საწუთრო, შუქის უჭირს შოვნა, ჩაილური დალია მარიფათმა, შნომა, ყველა გზა რომ იქ მიდის, საპირფარეშოა... სიხარული დამალა ნისლის კაპიშონმა, სიყვარული არა ჩანს, ამაოა შრომა. 406. გაცივდა თბილისი... ახველებს ხმამაღლა! ყვავი იცხინკვება მახათას გორიდან, მეც კვანტი დამიდო და სურდომ გამლახა, ძირს დამცა, მამსგავსა გლახას და მორიდალს... ვწევარ - მესიზმრება: მე, როგორც ხარლაღმა, მივლეწე, მოვლეწე მადრიდის კორიდა! 407. სანამ ბედი ცალთვალა რამე გლახას მიზამდეს, სანამ კრთომა ჯურღმულის მომეჩვენოს ცისად მე, სანამ ტკბილი ღიმილის შუქით გონს მინისლავდეს, სანამ გამოწვდილი აქვს სატყუარა, ქისა, დევს... მხოლოდ შენს მოწყალებას ვენდობოდე, ვფიცავდე... ჰე, სიტყვაო ღმრთისაო, ჰგიე უკუნისამდე! 408. მიმოშრიალებს პონტო ევქსინის, ძველი სახელით ზღვაი კოლხეთის... შვიდჯერ ფერს იცვლის დღეში, ლექსივით, ო, ჰალდეს წყალი... მასახის კლდე... წვიმა, ო, ხეთის! დაიფარება სასოება ხვალ და ზეგ სილით, შემწედ ერისა შენის, ღმერთო, თუ არ მოხვედი! 409. ერთხელ მოვედი ამქვეყნად და მოსვლა იგი მაწვალებს! ვერ გადავიხდი ვერასდროს ბეჭზე დამედო რაც ვალი: - უფლისა და მამულისა, მეუღლისა თუ წაწალის... მტერ - მოყვარისა, მშობლისა, ცოდვისა, რაც მაწანწალებს... ნეტავ რა ბანკი მიშველის, სპონსორი ან სხვა, რაც არის? ისევ თქვენ, ცათა შინანო, მიშველეთ, თქვენ გენაცვალეთ! 410. სინანულით თურმე დიდს და მცირე ცოდვებს ჰხოცავ! ყოყოჩობაც იკურნება... შველის ცრემლით ლოცვა, სიმაღლეზე ვერ აძვრები, ჰაერში ვინ ცოცავს? სახელს ტაში არა შველის, არც კრახუნით ბოცა, კაცს ესევა ოცნებები მშვენიც... ურიგოცა... თავი საზამთრო მეგონა... არა ვჩანვარ მოცვად. 411. ორი არ კმარა, ამ ჩემს თავს საცემად უნდა ხუთ ქვამდე! ცოდვებს რომ აცამტვერებდეს, ცეცხლში ჰყრიდეს და თუთქავდეს... გარეგან, არაფერია, ჯიმა, ტარიელს თუნდ ვგავდეთ, მთავარი სხვისთვის ღვაწლია, სულის გზა რომ გაუკვდავდეს!.. უწყიან გონიერებმა, განაღა ვინმეს უთქვამს დღეს -- ნეტავ ღმერთს ჩვენი ცხოვრება სთნდეს ბოლო ამოსუნთქვამდე! 412. ბორბლებზე მდგარი მატარებელი მიქრის წვიმაში, თოვლში და ქარში! აგერ, ჰა, ავტო, ბორბლის ბზრიალით ისე რბის...რისი ცხენი და რაში... ველოსიპედიც, დიდი ბორბლებით, გულს გვიფანცქალებს, გვაყენებს არც შინ, მოჩხარაჩხურებს, აგერა, ეტლი, ხელს გვიქნევს სტვენით ათამდე ბავშვი, შეხე, გიგოლას ურემი ბორბლებს მიაჭრიალებს,გზად აპნევს ნახშირს... და, რომ თქვენ არა, ჰეი, ბორბლებო, გაჩერდებოდა მსოფლიო მაშინ! 413. კუდიგრძელაო, რიკარდო, გლახა არ უნდა იკადრო!.. სულ აღარ ვღირდე რიკად რო, მამულის ვარ ტარიგადო, ყოველი დრკუ განზრახვისთვის გექიშპო... გებარიკადო! 414. თანამდებობანი, რითაც დაგიმძიმდათ დუნდულები, ჰეი, კუჭის ყმაწვილებო, გულს ჩაგიკრავთ რუდუნებით... ღიპებიდან კვლავ გამოგდით ბანები მოგუდულები... მთხოვნელები თქვენს კარებთან ძვრას ლამობენ ურდულების... თვარა, სხვაფრივ, ძველებურად ცას სერავენ გუგულები, მტკვრის ზვირთებიც კვლავ იმავეს, ვით ტატოს დროს, დუდუნებენ. 415. როგორც ჩვენთან მოვა ქარად გაზმორება მთათა შორთა, ზოგს ხითხითი დაცალეწავს, ზოგი უცებ ღრიალს მორთავს, მართ ასევე სიხარული იზომება პურად შოთად, ხანაც მარტის წყალდიდობად... ჰკითხეთ, გეტყვით ხევი თორთლა, ხანაც გულთა საიდუმლოდ, რომ სწვავს ნორჩთა ყრმათა ორთა... ,,არ-საქმნელი არ იქმნების!" -- თქუამს დიდი პაპა შოთა. 416. ბრძოლის ველია სოფელი, მგელივით დაუნდობელი! და მეც მგელივით ვყმუი... ვარ სოლისტი მკაცრი ოპერის... არ გააჩნია ნამუსი, არც საზღვარი და ღობენი, მეტ-ნაკლებ ყველა მტერია, ძერას ჰგავს მძორზე მოფრენილს... ვარამისათვის, იცოცხლე, ბედმა მიბოძა დრო ბევრი... სოფელი ჰმონებს მას, ვინაც ღმრთისაა უარმყოფელი. 417. სნეულებამ, მე მაგისი... გამანახევარკაცა! ჩემი ჩონჩხი გამოდგება აღარ, რამის კარკასად... არც სვეტსა და, მით უმეტეს, არ წავადგე არკასა, ხორცს ვერავინ უპოვის ჩემს კუნთს, ბეჭს და ბარკალსა... ჩემი ფიქრი არც მიწა-წყლად, უფრორე - არ ვარგა ცად... არაფერი მქონებია, არცრა დამიკარგავსა! 418. თქვენ ვარდი გეფინოთ, მომკვდარა მძულვარი, ერის სიხარულით სავსეა ბულვარი! ქუხს კალიფორნია, კისკისებს ურალი, ხარობს აბესალომ და გლოვობს მურმანი... დაღრეჯილობანი, გამქრალან ურვანი, ივსება ყანწები... მეფე შლის პურ-მარილს!.. 419. მამულის მიწავ, სანამ რბილად დამეხურები და სანამ სჩანან ჩემი ბოლო ნაფეხურები, ჩემთვის გალობდნენ, გთხოვ, შაშვები და ბეღურები, სანამ სულ თოთო, ბოლო ჩქამებს სვამენ ყურები, _შენც ხომ მიწა ხარ? _ სანახევროდ გამეხუმრები... მამულის მიწავ, სანამ სუმთლად დამეხურები. 420. სასახლეები გარდასულთა საუკუნეთა არც წაქცეულნი, არცა მდგარნი აღარ არიან... გადმოვარდნილა საქართველო ჟამის ჰუნედან, უსასოობის ბალახ - ბულახს დაუფარია! ჭინკა გვაბრუნვებს ციბრუტივით, ვით გვაბრუნვებდა, სალოკ თითზე და დაგვხარხარებს და უხარია. 421. ისერეს, პური განტეხეს, ღვინოც გასინჯეს წითელი ცხენებს მოახტნენ, გაქუსლეს, ცხოვრება ედოთ წინ მთელი... წინიდან სხივი ბჟუტავდა ვარსკვლავის პაწაწკინტელის, მიჰქროდნენ ვნებათ მხედრები, შორი - შორ გადამწიტელნი... და ჩვენ , მათი გზის მჭვრეტელნი, სიხარულს წლიდან წლით ველით... - საწუთრო მოთმინებაა!- ანდრია თქუამს, კრიტელი. 422. სერიალებით ტყუილნაჭამ ადამიანებს სენი სჭირთ - სანამ დაწვებიან, წერენ რვიანებს... სხვისი ცხოვრების ყარტა - ყურტა ემოცია ვნებს - ო, ჯოჯოხეთის კარს მრავალმილიონიანი აწვება რიგი... კარს იქით კი ისმის ღრიალი... სამოთხის გზაზე სამ -ოთხს... ვხედავ, სულებს ჭკვიანებს. 423 ჯვარზე გაკრულო, წამებულო, დიდება შენდა! ხუთათეული წელიწადი ვიარე ყბედად, უკეთურ ძალთა სახითხითოდ, ამო საჭვრეტად, საწუთისოფლო ვიხრჩობოდი ტალახში მე, და, ოდეს მიხილე, ხელი მომეც, ვითარც შვილს დედამ... ამიერიდან შენს მგალობელ ნიბლიად მხედავ! 424. ეჰ, გულო ჩემო, გაჩრილხარ ნეკნებში, როგორც ტუსაღი, ვიყო მე ხანი ყარჩიხა მეცვას წითელი თუ წაღი. ეს ჩემი გულის სოფელი უდაბურია, უსახლი, რად არ ჩანს ჩემი ყამარი, დღისით და ღამით ვუძახი, არა და არას მომიგებს, მოლოდინის, ეჰ, ყრუ ძაღლი, ჩემს გარეშემო დამუნჯდა კეთილიც და ყურუმსაღიც. 425. ზევით ცერა გზებია გორ-გორ გარდამავალი... ქვევითკენ ხევებია უწყლონი... წყალმრავალიც!.. ხომ ვიცხოვრე? არ მესმის ყოფნის ავან-ჩავანი. 426. რქები უნდა მოტყდეს მრავალ ყოყოჩს... მოხდა რავარც! ამიტომაც მოგვისია ღმერთმა ქაჯთა ლავა... _ კიდევ დარჩა მოსატეხი? _ ბლომად... აპა, რავა! 427. ყველაფერზე როცა ხელი ჩავიქნიე მტირალმა, წუთისოფელს მივაწიტე, ვინაც გამატირანა, გული გამიფუტუროვა და გამომატვინა მან, მეგობრები გამიქცია, სული გამიტიალა, ჯოჯოხეთში ჩამაგდო და შავად დამატრიალა... ქაჯი დამხვდა იქ და შუბი მცა... დამარეტიანა. 428. ,,ჭამე! ყლაპე! - ეს საწუთრო სხვა რა გამოსადეგია! რაზე ითხრი თვალებს წერით, დაფხაკურობ, წვები გვიან... გულს აყოლებ, ალბათ, თვარა წიგნებში რა ოქრო გდია, წიგნმა არ გამოაშტერა დონ კიხოტა, გადარია? ისე, კაცი დაიბადა რიღასთვის? ვერ გამიგია! - მესიტყვება მეზობელი, ონისიმე ვისაც ჰქვია. 429. ქვაკუთხედია ვინც სამყაროსი ანუ ვინც არის ანი და Hოე... ის ესიზმრება ყველა გულნათელს... გლეხს, მონადირეს, მწყემსსა და პოეტს... შორიახლო დგას ჭინკა და გიხმობს: _ ჩემთან თუ მოხვალ, გრანტს მოგცემ, ოე! 430. თიხის სამოსს გავიხდი და მელის ცასთან ჩახუტება... შემიშალონ ხელი ვეღარ მტრის ფარ-შუბ-ხმალ-ჩაფხუტებმა! თუმც სულ-გული დამისერეს ბოლო დროის, ჩანს, ხუნტებმა. 431. როგორ ჩამოჰკიდებიხარ ხურჯინივით ამ მთებს, ზვავო! შენ იანვარს და ფიფქთა ჯარს იხუტებ და ნათესაობ... ან შენ რაღას ჰყუდიხარ და ცდაში ღამეს ათევ, სვავო? საკბილო გწადს? ალაზანზე რად არ მიხვალ სათევზაოდ? თუ სამრეკლოს სითეთრეში დასარეკად მნათედ მზაობ, ან იხსენებ მოწიწებით მახარებელ მათესაო?! 432. მუხა ეკითხება თელას, რტონორჩსა და ქათქათელას: -მოჩანს ვინმე იბერიის სამეგობროდ ან მაშველად? თელას ფრიად გაუკვირდა, ფოთლები აალმაცერა: -მუხა პაპა, ხომ თქვი, რომ ჭირს გაუსწორდე თავად ჯერ არს?! -მართლა? ჰოდა, სწორე მითქვამს, შვილო, წყნარად, ნუღა ღელავ!.. ეჰ, კაცი რომ მიხრწნილდება, თავისიც არ ესმის ხველა! 433. ღმერთმა მომცა და ღმერთმა წამართვა, ვით ბარგი ფუჭი, რწმენა წარმართთა. ღმერთმა წამართვა და წინაპართა ჩამტყდარი ხიდი ჟამმა გამართა. ერს გაეღვიძა და მზე წამალთა _ ქრისტეს გზა, მეტად ვიწრო, სწამა თან! 434. შუაღამეა, მიჭრიალებს... ეჰ, საცხი არა აქვს წასმული ურემს, დაავიწყდა, ან ცოტა წაუსვა, ეტყობა, შეჰყვა მეურმე ურვებს, თუმცა უხდება ჭრიალი ღამეს ... სოფლის სიმშვიდეს ის აღარ ურევს, გულს დედასავით ესალბუნება და გულს ძილშიაც ამხიარულებს... ღიღინებს კიდეც მეურმე ჩუმად, სულის საუნჯეს რა გამოულევს, სიცოცხლითაა ღიღინი სავსე, ის არ შეიცავს დარდებს და მდურვებს. 435. ძერა - სვავნი შესევიან საქართველოს წალკოტს! ოქროს, ნავთს ეძებენ, ბილწავენ ჩვენს წყალ - კორდს... კორტნიან ჩვენი მამულის გულ - ღვიძლს, ხშირად ნაკორტნს, სურთ მოესწრონ იმის ბოლო ამოსუნთქვა - აკორდს... არა! წმინდა გიორგისი შუბი საარაკო გასრესს და აასხმარტალებს ყველანაირ დრაკონს! 436. სხაპასხუპით მეტყველებმა ყვავებმა ,,ყვა-ყვა-ყვა” ჰფანტეს, გორხორკლება, ველბრტყელება სივრცე გადაიფარფატეს, და გოგია მეტყევემაც _ ჰეი! _ შეუძახა ფლატეს. 437. ჯიმა, შენ იცი, არ დავთმობ _ მამულს, ენას და ქრისტესა! კეთილი იმან მოიმკო ამათთან ერთად ვინც სთესა... ვერრა ძალა ვერ აჩერებს წამ-წუთებს მოუთმენარსა... ყველაფერს დავთმობ, არასდროს _ მამულს, ქრისტეს და ენასა! ხედავ, მაცდურის ხრიკებმა თუმც ჭირის კლდეს მიმალურსმნა, სანამდე ვსუნთქავ, არ დავთმობ _ ქრისტეს, ენას და მამულსა 438. ო, ეს ფეხები აწ რომელთაც დავცქერი მაღლით, პირველ ბიჯიდან დაწყებული რომ დამძრეს ბალღი, ჯერ ხომ ეზოში მაბანცალეს, კუდს მჩრიდა ძაღლი, მერე სრბად მომცეს საქართველო, რუსეთიც თალხი, ჭყუმპალაობენ ახლა ტაშტში, არ ჰგვანან დაღლილთ, ყველა გზის მერე ბრუნდებიან შინ... უყვართ სახლი. 439. მეთხუთმეტეს, მშვილდისრიანს, ვხედავ, ჯიმა, საუკუნეს! მეჩვიდმეტე, შუბოსანი, დააგელვებს მაღალ ჰუნეს... მეთვრამეტე ავს რამეს გრძნობს, თუმც ხმალს იქნევს, სულ წუწუნებს, მეცხრამეტე მეფეს ჰკარგავს, და მომავალს შესტრფის უვნებს. „ჩემო კარგო ქვეყანათი“, მეოცე ცას შეჰღუღუნებს... ნეტავი ოცდამეერთე იდედლებს თუ იგუგუნებს? 440. სარმას როდის გამომკრავს, ვაი, წუთისოფელი? სააქაოს დამრჩება ძმა, შვილები, სწორფერი... აი, ანგელოსი ღმრთის, მიწყივ ჩემთან მყოფელი, აი, ქაჯი, შხამიან ნემსის გულზე მსობელი... მოჰქრის ციდან! ტრედივით არის მიმფრენ - მომფრენი, სული - სამოთხელია, მე - ჯერხნობით ხობელი. 441. სასო მრჩება მტვრისოდენი... გაჯეჯილდნენ ყველგან დევნი... გეკითხები კვლავ ათასჯერ: - საულ, საულ, რათა მდევნი?! მდინარეთა ისმის ჩქამი, ცრემლისა და სისხლის დენის... ხომ ხედავ რომ არა ვჩანვარ: - საულ, საულ, რათა მდევნი?! შორის სხვათა, ქართველობის იბილწება უღვთოდ გენი! ჩურჩულითაც ვერ გიბედავ: - საულ, საულ, რათა მდევნი?! 442. გაჰხედე, ჯიმა, წასულან დღეები სიყმაწვილისა! ვეღარ შევატყვე ძვალი სად, ანუ დამალეს ლბილი სად... შეხედე, ჯიმა, დასტოვა კვალი ვერ, ფერმა ღვინისა, დღეებმა ვაჟკაცობისა, შუბად ცად გაფრენილისამ... მოხედე, ჯიმა, დღეები სიბრძნისა ჟამმა მინისლა... და სჩანან დღენი ხუცობის, ყრმათაგან დასაცინისა. 443. მიდის, მისჩქეფს, მიირწევა ძია ნოეს კიდობანი! ურარტუს მთას მიადგება, აღარ უნდა გიდობანი... ზღვა არის თუ ოკეანე, შვენის ზვირთთა დიდობანი, ირგვლივ ქართა მარულაა, ნიავთა ჯირითობანი... იქნებ სადმე დარჩენილხარ და ქარს უთხრა, ჩიტო, ბანი? არსად ლანდი არაფრისა, ჟამიც - ღმრთისა მიმნდობარი! 444. თავახალამოწეული მზის წინწკლებით შეფერილი ცამეტკომლიანი დაბა მთის წვერზეა შეფენილი... და დილიდან მაფშალია ზის და უსტვენს რეფერივით. 445. ჰყივის მამალი! ვით პეტრეს დროს ერუსალიმში!.. ჰყივის მამალი და აწუხებს თბილისის ყურებს... გზად მიირწევა ფეხშიშველა გლახო, ღმრთის ჯიშის, და მიტროპოლიტ თადეოზთან, თონის ცხელ პურებს ჩახუტებული ის აიტანს ღელვით და შიშით - აი, ეს გლახო - სიყვარულის მოსამსახურე! 446. ან ,,კი" ვარ, ჯიმა, ანდა ,,არა" ვარ! არ შემიძლია სხვაფრიფ! ვერა, ვერ გავხდი, და არც მიცდია, დედოფალა რამ ,,ბარბი"... წარმოიდგინე შენ ორჩხომელი, აბა, გარეშე აფრის... ანდა თავისი ეკალ - შუბების არმქონე, ვთქვათ და, ზღარბი, ან, მოუხდება, მწვანე ბალახი არ ამშვენებდეს აპრილს? ან ,,კი" ვარ, ჯიმა, ანდა ,,არა" ვარ! დღემდე ამ ქარით დავრბი! 447. სათქმელად არის ადვილი, თვარა საწუთრო ძნელია! კამეჩზე უფრო მძიმეა, სპილოზე უფრო სქელია... არადა, მილიონები რა სასოებით ელიან - გეგმების გორებს აგებენ, იმედების რძეს წველიან! მაგრამ ღმერთს ყურს ვინც არ უგდებს, გაბრიელს დაუწერია, იმას მაცდური გასწირავს, უწვეროსა და წვერიანს. 448. გაილია ეს საწუთრო... ჰა, ეშვება ფარდა! რიგი იდგა მოლოდინის გრძელი, თვალის კართან, ტირილ - ტირილ, სიცილ - სიცილ სულ... წუწუნის გარდა, ბედმა მღილთან მომცა ბინა, არ დამაბა ხართან... შენ როგორღა გიშველიდი, მამულო, ვძრწი დარდად, მუხად? - არა! ნაძვად? - არა! გავჩნდი ეკალ - ბარდად. 449. მაშასადამე, წითს კვირტები ყველგან ატამის! ვაშლის კვირტებსღა დარჩათ ფიფქი გამოსატანი... ყურშა არა ჩანს... თათს გვიქნევენ ციცა-კატანი, რომ ამირანი, თავდახსნილი, მორბის ტანტალით... უკან მოსდევენ სამოთხიდან ევაც, ადამიც... მეორედ მოსვლის კვირტიც იძრა, მაშასადამე. 450. აჰხედე ცას! მის იდუმალ და ჭვირვალე ზვირთთა თრთოლას! გადაწოლას ღრუბლებისას, ცისვე პლაჟზე გადმოწოლას, თვალუწვდენელ ცის გუმბათზე შეყვარებულ ორბის სრბოლას, ოცნებათა თეთრ მტრედების ფარფატსა და მიმოქროლას, თბილი და ცივი ქარების ხვევნა - ბღლარძუნს, ხანაც ბრძოლას... და სთქვი, ჯიმა, რომ სიცოცხლედ ღირდა ამის ხილვა, ყოვლად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი