ჰქრის ორჩხომელი - პოემა
ჰქრის ორჩხომელი (პოემა) ვუძღვნი ორჩხომელ „ახუნის“ 30 წლის კაპიტან ვალერი კაჭარავას *** წყალს მიაპობს ორჩხომელი, ზღვა უჩნს, მერანს ვითარც ველი... იქნებ ელის ფათერაკი? ელის, ელის. უკან დარჩა „ოდოია“, რიონი და კაპარჭინა, ცრემლი, ქნევა თავსაფრების სულ შორს ბრწყინავს. ...და ჰა, ტალღები შავი ზღვის ღელავს სიმინდის ყანისებრ, გზას მიდის შორს ორჩხომელი, განა აღზევანს, მარილზე. საღამოს სხივთა თამაში რა ღრუბლებს მისდევს, რა ნისლებს, შუქურა ღია მწვანე თვალს ხან ასე ჭუტავს, ხან ისე... მზე ჩაქრა. ცაზე ღაღანი ქნეს შავ და მტრედისფერებმა, დიზელი ბღუის თუ ოთხმოც ზღვაოსნის გულის ძგერება? ჩნდება და ჩნდება ვარსკვლავი, სიბნელეს არ ებევრება. მთვარე ცას ამოაბიჯებს, როგორც დარაჯი დერეფანს. გადავლეს ქვეყნის საზღვარი, „სულიკო“ დააგუგუნეს, ყრმათა, ვაჟკაცთა თვალები მინათებია უკუნეთს, სევდა მშობლიურ მიწაზე ჭრილობას მოგავს უკურნელს, მაგრამ ხმა გაკრთა გემბანზე - „უსმინე, ბიჭო, უყურე...“ ისმის უცხო ორჩხომლიდან - „ნანაია, ნანავ, ნანა, ჰეი, ფიქრო სამშობლოზე, სულის ცეცხლო, გულის დანავ...“ იქ თქვეს, რუსთ ორჩხომელია, ნეტა მათთან წაგვიტანა... -თურქებია, თევზს იჭერენ, აქ თქვა ჩვენმა კაპიტანმა. კაიუტებს მიაშურეს, დაწვა ყველა მეზღვაური, თავის ვახტზე დგას მესაჭე, მოტორისტი, მზარეული. წევს ჭაბუკი კაპიტანი, წამწამს ეკიდება რული, ნანაია, ნანავ, ნანა... ტკბილად იმეორებს ყური. წყალს მიაპობს ორჩხომელი, ზღვა უჩნს, ვითარც მერანს ველი. იქნებ ელის ფათერაკი? ელის, ელის. გათენდა, ნორჩმა სხივებმა ნუკრისებრ იწყეს თამაში, დღეს ეტყობოდა დარობა გამოხედვაში თამამში. მოლას აია - სოფიის, თავბრუდახვეულს ანაშით, წყალზე ეძინა, ეგონა თავი ხან ცაში, ხანაც შინ... განვლეს მხიარული რწევით ბოსფორი და დარდანელი, შერეული პეტრიწონის სიო უბერავდათ ფრფენით, მარცხნივ აზიის კონტინენტს შერეოდა მელნისფერი, მარჯვნივ ევროპას ქარგავდა სილურჯეთა სინორჩენი... ოჰ მედეავ, ჩვენო სულო, უღვთოდ გადასერილო , სალონიკო, პირეოსო, მოყვითალო წერილნო, სად დამალეთ ის ასული, დაჩუტულო დევებო, დგახართ, თითქოს არასოდეს ზვიადად არ გემეფოთ! რას იზამ, თქვენც ისტორიის წაგიჭირათ ყულფებმა, ოჰ, მედავ, დაკარგულო ჩვენო თავისუფლებავ!... მიჰქრის, მიჰქრის ორჩხომელი ათენს ზედ არ უყურებს, შეუყივლებს კრეტის ღრუბლებს, ეგვიპტეს წაუყრუებს, თუმცა ისმის მამელუკთა ცხელი ძვლების ჩხარუნი, მიწაშიაც არ ისვენებს ჟრუანტელი მამულის... მიჰქრის მიჰქრის ორჩხომელი, ვით მერანი თქარუნით, აფრიკას სძრავს მეზღვაურთა ოდელია რანუნი. აფრიკა - ევროპას შუა ზღვა ქანაობს ხმელთაშუა მოთამაშობს მირიადი ზვირთი ლაღი და ტლაშუნა ზოგი ორჩხომელი ბღავის სხვა ჩაგივლის უბრად ჩუმად.. ჰორიზონტზე იტალიის მთებმა აიაბრეშუმა. ლა -ვალეტას ნათურები აცეცებენ თვალს, მიმოდიან ხომალდები აღარა აქვთ თვლა, გადამფრენი მტრედები ვერ ერევიან თავს, და ანძებზე სკუპდებიან, ღუღუნებენ თან. ათი კვანძის სიჩქარით მიჰქრის გემი ფრთამალი, ფოკ-ანძაზე ტკაცუნებს ჩალისფერი ალამი, ჰეი, მაშრიყ - მაღრიბო, გამარჯობა... სალამი... ყიყლიყოო, გვეძახის სარდინიის მამალი. წყალს ასხამენ თქიშინით, უსტვენს ტრალმაისტერი, გემბანს წმენდენ ყოჩაღად და ჰა, გუშინ რომ იყო, აღარა ჩანს ის მტვერი... ბოცმანი სწევს ყალიონს, ვით ბღენძია მისტერი, ყველაფერი კრიალებს... უსტვენს ტრალმაისტერი. ყიყლიყოო, გვეძახის ალჟირული მამალი და თვალები ლოკავენ სივრცეს როგორც ქვამარილს უცებ ძველი ჩანჩალით მხრებში თავის ჩამალვით ჩაივლიან ყვავები როგორც წმინდა მამანი. წყალს მიაპობს ორჩხომელი ზღვა უჩნს ვითარც მერანს ველი... იქნებ ელის ფათერაკი? ელის ელის. აი სკილა და ქარიბდა ანუ მოჩანს გიბრალტარი შეჰღმუილა ორჩხომელმა, - ჩვენმა , - შეუნგრია კარი. ქედი ანდალუზიისა გაიზმორა როგორც მთვრალი და სრუტეზე ჩამოვიდა, უნდა განიბანოს ტანი. მაროკის და როკას კონცხებს მოსწყდა აპლოდისმენტები... ვაშა, ვაშა ატლანტიკავ, დაგილეწავთ ცისფერ ჯებირს ანუ ტალღებს ვით ციკლოპებს, დღე და ღამე ავად მყეფებს, გამოვტაცებთ საუნჯეებს, არ ამაოდ გავირჯებით.. მეათე დღეა , ხომალდი გზას გასდგომია წყლიანსა, ქროლით გავლილმა მილებმა იათასა, არ იასა, ბიჭები დააამხანაგა, თვალს სივრცეები შეასვა, გულს ბრძოლა მოაწყურვილა ტალღების შხუილ - გნიასმა. მესაჭემ საჭე მოჰქაჩა კანარის კუნძულებისკენ და ორჩხომელიც გაცურდა, გულმოცემული მხნე ბიძგით. საღამოვდება, გემბანი ლაღობს მეზღვაურებისგან, ჰორიზონტი მზეს მიირთმევს, როგორც მორწმუნე სებისკვერს. მადეირა მარჯვნივ დარჩა, ტუბკალიდან ბინდი მოჰქრის, ცა საწმისი რამე არის - ვარსკვლავების ჰბოჭა ოქრო. წყლიდან თევზი ხტება, იქნებ ქალწულის ხომლს თვალი მოჰკრას და თამაშობს სიბნელეში წყლის ტრამალი ოღრო - ჩოღრო... უკან წყალი და წინ წყალი და უმატებს წყალი კანკალს, რადიოოპერატორი მორბის და იძახის - „რა ვქნათ, კაპიტანო, შტორმს უჩვენებს ხელსაწყო, ავტეხავ განგაშს...“ შორს გემმა ჩაიბუბუნა, მიცურავდა კასაპლანკას. ჰეი, ყმაწვილნო, იწყება ბრძოლა და მოთმინებანი, გამოცდა კაის სულისა, მოწიოკის და მყეფარის, შევხედოთ ერთი, უნდა თუ აღარ უნდა ცვალება ნირს, უსწორო ბრძოლის ველია ოკეანე და გემბანი. ოცდაცხრა გრადუს განედის და ცამეტი გრადუს გრძედის, კვეთში ჩანდა ორჩხომელი, ხომალდი წყალს სჭრიდა მკერდით, როცა კაპიტანი ადგა, ქუდი მოისროლა ფეტრის, დაიძახა - „ჰე შტურმანო, რა გჭირს, ხომ არ დაგვიბერდი, შეამოწმეთ ყოველივე მოძრავი და მოქანავე, ტვირთი, თუნდა არატვირთი, - საქმე აღარ გვიქნას ავი. მომახსენე ქროლვის ძალი ქარის და, ამასთანავე, მალე მორჩი საქმეს, ჩქარა შენი ვახტი დაიკავე!“ თქვა კაპიტანმა ყოჩაღმა, აქანდა მსწრაფლ ბოგურაზე... ფრთა - ღრუბლებს ცა შეეფოთლა, მძლავრობდა, ვით უსურვაზი, შტორმს ჩასცქეროდა თვალებში მესაჭე მაისურაძე... სად გიმტრობს, ვეღარ გაიგებ ბედი, გიმუხთლებს თუ რაზედ. აიგორგლა, დაიგორგლა ოკეანე დიდად და ორჩხომელს სამხრეთის ქარი ეცა ფლიდი, ჟრუანტელი მოჰგვარა ცხრათავიან ვით დევს, მაგრამ ვეღარ გადადრიკა, ეჯაჯგურა იმდენს... ადის - ჩადის ორჩხომელი ოკეანის ზედაპირზე და გაჰკივის ალბატროსი განწირულად ისე, ისე... წყლის ზედაპირის ვაი და ვიში ფსკერს გამოაფხიზლებს. ჩანს ხომალდი უზარმაზარ მთა ტალღების, გლახ, სამიზნე. აჰ, ბაფორდი უკვე მერვე ბალს უჩვენებს, რეკავს ზარი, ბოცმანი და მეზღვაურნი ვაჟკაცობენ, რეკავს ზარი, რადისტი გაფაციცებით ყურმილს უსმენს, რეკავს ზარი, გაიელვებს ბოგურაზე კაპიტანი, რეკავს ზარი. ტალღა სიმაღლით, თორმეტი, სიგრძით ორასი მეტრია, მესაჭეს ყოველ საათში ცვლიან, გაუძლებს ერთი რას, ორიდან ერთი დიზელი შედგა, რა ყოფა ეტირა... ვა, ყურთასმენა არ არის ზათქების ჯოჯოხეთისგან. შუაღამე გადავიდა, სულ გაგიჟდა ოკეანე, ლამის არის ცა გახვრიტოს და კოსმოსში გაშპეს ბარემ. ღელვა თორმეტი ბალია, ყველა იბრძვის, არ ახანებს და რაც სიგრძე ჰქონდა თითოს, მისცემია ია სიგანე... განთიადის ჟამი იყო, ცხრომა იწყო შავმა ხახამ, აღმოსავლეთით ცისკარმა კრძალვით ამოიზამბახა, დატყვევებულ მომხდურივით, ტალღას მწყობრში მიჰყვა ტალღა, კაპიტანმა სიხარულით „ჰე - ჰე - ჰეი“ დაიძახა. გემი კურსიდან ორმოცი გრადუს გადახრით მიბღავის, ნაბრძოლი, პიროფლიანი, ეული, განარიყალი. დაკრეჭს ბოცმანი ღოჯებს და ამბობს (კეფა მოიფხანა); „ჰაი, ყმაწვილნო, ზაფრისგან ხომ არ ჩაგხდიათ ნიფხავი?!“ ხორხოცის თავი სადა აქვთ, ფეხზე ძლივს დგანან ბიჭები, ხვითქი გადასდით, სველი აქვთ სახე, მხრები და ბეჭები. საჭე კურსისკენ წარმართეს, ჩამოიფერთხეს იჭვები, მერე საქმეებს შუდგნენ ნელა და გულდადინჯებით. ვიშ, დიზელიც აგურგურდა, მოღალატე და ვერაგი, კინაღამ არ აეკიდათ უვარგისი, როგორც ბარგი? სადაურნი, სად მოსულნი კინაღამ სად დაიკარგნენ... სულს აწრთობს და გულს აკაჟებს, კარგი არის ფათერაკი. ძალავ ყოველი ძალისა, საწყისო და დასაბამო, შენ გაგვითენე დილა და შენ დაგვიღამე საღამო... ზღაპარო სასოებათა ანუ ნახევარზღაპარო, ემწე, რაც საოცნებოა და ხეხავს ვირის აბანოს... ამასობაში კამარა მზემ შეჰკრა ჰაეროვანი, ააკაშკაშა სამყარო, უფრო ძალიან - წყლოვანი, ორჩხომელში კი ღვთიური იყო სიმშვიდე მოვანე, უკან რომ ჩამოიტოვეს გრან - კანარიას ოვალი. კაიუტ - კამპანიაში ოფიცრები კარტს უსხედან, არის წკიპურტზე თამაში კოპები ჩნება უწყვეტად. კამბუზში შეფ-მზარეული რიგით მზარეულს უწყრება, - იმდენი ხორცი შესანსლა იმ კაფანდარამ უძღებმა. თერთმეტი კვანძის სიჩქარით ორჩხომელი წყალს მიაპობს, მიქრის ჯიქურ და ყოჩაღად, ნაწამები, როგორც აბო. სენ - ლუიდან მოფრენილი ნეტავ თოლია რას ამბობს? მწვანე კონცხის რესპუბლიკის შორს იახტა მიკიაფობს... ხელს იქნევენ ქალაქები - ბისაუ და ზიგინშორი, კონაკრი და ფრიტაუნი, გზა უძევთო კიდევ შორი, მონროვიამ სალამი და გაუგზავნა გემს ამბორი, პალმასის კონცხს ნისლი შვენის ვით ბალღს ხუჭუჭა ქოჩორი... მზემ თავისი სხივთა ბადე მოახვია დედამიწას და სიცოცხლემ გაიღვიძა, აფრიალდა, ფრთებად იქცა... ნეტარძი თქვენ, ოცნებებო, ასე რამ აგალიცლიცათ?! ბედნიერი არის იგი, გზას ადგის თავისს ვინცა. ეკვატორს მიუახლოვდნენ და აყროყინდა საყვირი, დოლს ბაგა - ბუგი აუტყდა, დაფრთხა ზვიგენთა ნახირი, როდესაც ოკეანიდან ნეპტუნი გაჩნდა აღერილ სამთითათი და თმა-წვერით, სპეტაკად მკერდზე დაღვრილით. უკან ამალა მოსდევდა, გვერდით მეუღლე ღვთაება, გემბანზე, ტახტზე დაბრძანდა სუყველას ენა დაება, შორ - ახლო გაჩნდნენ ჭინკები, ჩანდნენ საზიზღარ - შავებად, მეზღვაურებს ყურს უხვრეტდა იმათი აღავღავება. კვერთხი ასწია მეუფემ, სიჩუმემ დაისადგურა, კაპიტანი წინ მივიდა მორჩილად, არა ხვადგურად, უბოძა სია იმათი ათ თვალად ანუ ათ ყურად ვინც იქცა, ჰკვეთდა ეკვატორს პირველად, იდგა ბატკნურად. ნეპტუნმა კვერთხი ასწია, ატყდა საყვირთა გნიასი, დოლ - დაფდაფები გაგიჟდნენ და დუდუკებმაც იანცეს, მკურნალთა სინჯეს ცამეტი მოყმე და ბოლოს იაზრეს, წასცხეს შავ - შავი წამლები, ყური არ უგდეს ღრიანცელს, მერე წყლით სავსე აუზში, მოსანათლ - განსაბანებლად, გადაუძახეს ტიტველთა ჰოპლით და დაუნანებლად, აუხით ამოტყორცნილი წვეთები ცაში განიბნა, იყო ისეთი ხარხარი, ხომალდმა იწყო ქანება... მერე წამოდგა უფალი, დალოცა გზა ორჩხომლისა, ჩავიდა, მიჰყვა ამალა, ბადალი ვარსკვლავთ ხომლისა, გაუჩინარდნენ. ფრთა დარჩა ოკეანეზე ბოლისა, მე ვით ვთქვა უფლის საქმენი, ჩემმან გონებამ მონისამ!... წყალს მიაპობს ორჩხომელი, ზღვა უჩნს ვითარც მერანს ველი! იქნებ ელის ფათერაკი? ელის, ელის. ორჩხომელმა იყვირა და, პროექციით მერკატორის, დიდის შვებით, დიდის ღელვით გადალახა ეკვატორი. მიდიოდა ტალღათ ჯარის მხედრიონი, ესკადრონი, ირგვლივ ტალღა მძვინვარებდა, მეუფებდა ტალღის ტორი ბელგიის თუ იაპონიის, დანიის თუ საფრანგეთის ორჩხომლებს და ტრაულერებს თვლა არა აქვთ, არის ერთი მიმოსვლა და საყვირებით მისალმება, და ისეთი განცდა, რომ ამ ყიამეთში არ ხარ უცხო და ზედმეტი. აფრიკიდან პასატები ჰქრიან ატლანტიკაზე, გაავებით, დანანებით, მხიარულად , კისკისით.... ხანაც გადიწუილებენ სივერაგით ჭინკასი, ხან კივილით, თითქოს მეფის ასული გაიტაცეს. ლამის არის თვე გავიდა ორჩხომელის წამოსვლიდან, დღემ და ღამემ ერთმანეთი ცვალეს, ვახტი არ მოსწყინდათ, გვინეის ყურე გასტოპეს, ლურჯი ბინდი იყო, სცრიდა, SOS სიგნალი გაიგონეს, წამოხტნენ და ეს თქვეს ცქვიტად- მივეშველოთ, ხომალდს უჭირს, ჩვენია თუ სხვათა არის.... წყალში ნავი ჩაუშვეს და ნავში ჩასვეს მყის მკურნალი, ერთი მეზღვაურიც გაჰყვა, გააქროლა ნავი მალე.... ხომალდიც ჩქარა იპოვეს, ეღობებოდათ თუმც ქარი. პესკა პუერტა სეკუნდა ერქვა ესპანურ ტრაულერს, შუქების სიმრავლისგან ქალს ჰგავდა მოდღესასწაულეს, გამოიხედეს დამხვდურთა, ნავის მოტორის ხმაურზე, შემოეგებნენ, ორჩხომლის და გულის კარი გაუღეს. სარეცელზე ბიჭი იწვა შავთვალა და ჯიშიანი, მკურნალი მას მიეახლა, დამსხვრეოდა ყმაწვილს ძვალი... ფრთხილად წასცხო მალამო და შეუხვია ფეხი მარლით, „ნანაია“, ტკივილისგან წამოსწია ბიჭმა ტანი. მკურნალმა თქვა - „არა უჭირს, მთავარია იწვეს მშვიდად, წამოხტება ერთ კვირაში...“ და კარისკენ წამოვიდა. შედგა, ჰკითხა, - „ვინ არისო, ეგ ყმაწვილი, ან საიდან?“ უპასუხეს, “მეზღვაური ბასკიაო პამპლონიდან“. მოხსნეს ნავი და მოტორიც ახმაურდა, ატყდა ყეფით, მადლობაო, ესპანელებს მკურნალი ცად აჰყავთ ქებით. მიდიოდა სწრაფი ნავი, ეხეთქებოდნენ ტალღები, „ნანაია, ნანაია“ – გული სცემდა გამალებით. დილაადრიან კიჩოზე ალამმა იწყო ფრიალი, დაიწყო დიდი თევზჭერა, ტრალი ჩაუშვეს ჭრიალით, ყურებში თითებს იცობენ, ექოლოტი რომ ძგრიალებს, წამოვა თევზი, ცას სწვდება ხმაური ომახიანი... ფსკერისას და პელოგიურს ტრალს ისვრიან მეტრალენი, ჩახედავ და ოკეანის ფსკერზე ჩანან დიდნი ხენი, მათ შუა სტავრიდები და მიმოჰქრიან ხეკ - სკომბერნი, კარჩხანები, სარდინები, ვეშაპებს სიდინჯე შვენით. ორჩხომელი ზვირთებზე ჩანს, ალპინისტი როგორც მთებზე, ტრიუმებში იფუთება უხვად დაჭერილი თევზი, მერე მოჩანს არაბეთის, იტალიის დახლ - ბაზრებზე, ჩვენთან თავსაყრელად არის, მტვერი დაედო ანკესებს... დღე დღეს მისდევს, მალე ექვსმა თვემაც აიყარა ტანი, გადასერეს, გადმოსერეს და გახედნეს ოკეანე. მეზღვაურნი ბანზე დგანან, მოღიმარნი და თამამნი, „გზა მშვიდობის“ ვუთხრათ, სანამ ხელს დაგვიქნევს კაპიტანი, აი, გემი დაქოქეს და სამშობლოსკენ გზა განაგრძეს, თოლიების ჟრიამული დაეკიდა მაღალ ანძებს, ქროდა ქარი. ქარი თუ აქვს აზრს ტიტანიც ვერ წააქცევს... ჩვენც ამბავი დავასრულოთ ორჩხომელზე, მხნე და კარგზე... წყალს მიაპობს ორჩხომელი, გზა უჩნს, ვითარც მერანს ველი. იქნებ ელის ფათერაკი? ელის, ელის. II მაგრამ, ვაჰმე, დაიკარგა, როგორც ნისლი მარტის ცაზე და არსად ჩანს და არსად ჩანს, აღარ ილანდება არსით. აბა, ნემსი ხომ არ არის ანუ ნიში და ბარკასი, ამოტოლა ორჩხომელი გაქრა, გაგიჟდები კაცი! აქეთ ეცნენ, იქეთ ეცნენ ორჩხომლები ჩვენი, სხვისი, გადასინჯეს წყრთა ალაბი ყოვლი, წყლის და მიწის პირზე. ცისაკენაც აიხედეს, შეამოწმეს ფთილა ნისლის, ფიქრებშიაც ჩაიჭყიტეს, ჩხრიკეს სასო, ეჭვი, შიში. არსად არის ორჩხომელი, არსად არის, არსად არის, „არსად არის“, გაიძახის რადიო და ტელეარხი, „არსად არის“, - წერს გაზეთი, ყვირის ქუჩა, ქუხს ბალახი, და სამყარო იმეორებს - „არსად არის, არსად არის!..“ მაგრამ ცნობა სავალალო ორჩხომელის დაღუპვისა დაავიწყდა უცებ ყველას... დაავიწყდა... ეჰ, რას იზამ! დაავიწყდათ, რადგან ქვეყნად, მათრობელა, როგორც „ხირსა“, დადგა ჟამი წყალდიდობის, თოვლიც მოსქდა, იძრა მიწა. ...სადღაც, ქვის სანაპიროზე, მგონი, პატარა კუნძულის, ხომალდი რამე ჩნდებოდა, დახრილი, გადაკუზული. სიჩუმე სადგურებდა, ქარს მოეკლა ჟინი ზუზუნის, ყუჩდა ყოველი, ისმოდა ოდენ ბოცმანის ბუზღუნი - „ვინ ხარ მაგი, ზურგზე ფეხი ვინ დამაწყო, ვინ გაბედა, გადაიღე ჩქარა, თორემ ეტირება ვინცხას დედა...“ მაგრამ მკვდარი მეზღვაური, ფეხებს როგორ აიღებდა?! და გამოძვრა გვამებიდან, - ბოცმანს ეცა დიდი ელდა. ლოდებიან და ქვიშიან კუნძულის სანაპიროზე, ეყარნენ მეზღვაურები, თითქოს ეძინათ ჭილობზე, აქა - იქ კვნესა ისმოდა, ღრმა, ვით გოდება კიროსის... ბოცმანი მუხლზე დაეცა - „ღმერთო, ო, შენ დაილოცე...“ დაჭრილი და გალახული სულ ოცამდე კაცი დარჩა, დანარჩენმა განუტევა სული წმინდა, რიხი, ვაშა... აითრიეს წელი თვისი, სევდამ გული გაუფხაჭნათ, ფეხიც მძიმედ გადაადგეს, მიიწევდნენ აცა - ბაცა. უცებ საშინელ ღრჭიალით, ანძა გადატყდა ქვა - წყალში და ორჩხომელიც გასწორდა სახიჩარი და საწყალი, კიჩო - გვერდ ჩამოჰლეწოდა, ძარღვ - ბაგირ უჩნდა დამწყდარი, მუნ კაპიტანიც, კოჭლობით, გადმოდგა კუშტი, გამწყრალი. ამ დროს დიდი რამე ხდება - დედამიწამ იწყო კუთვა, რადგან ატომის საჭურველს, როგორც ფაფუკ თოვლის გუნდას, დაუდგება დახლი დიდი, გასტყორცნიან ერთურთს ბუნდრად და ქვეყნები აღიძვრიან მიწაზე, სად იდგნენ მუდამ!... ვაჰ და ვაი, ეშმას ნიჭმა, სხვაზე ბატონობის ნიჭმა დააქცია ეს სოფელი, გადაბუგა... გადმოგლიჯა თავის ფესვებს და უფსკრულში, წყლის უფსკრულში დანთქა, ჯიჯგნა, გადასრისა თავისთავი, სიკეთეზე ვერ ილიზღა. გაუდაბნოვდა, მერე კი წყალმა დაჰფარა ყოველი, მილიონების სისხლ - ცვარი დაშავდა, ჩაქრა ყოილიც... დადგა საათიც ჟამისა, წინ ისწრაფოდა რომელი, პულსი გაჩერდა პლანეტის, არავინა ჩანს მგლოველი... ოჰ, კინაღამ დამავიწყდა კუნძული და კაპიტანი, ეგე, ხედავთ, მეზღვაურებს სახეზე სცემთ ცეცხლის ალი; საღამოა, ცეცხლს უსხედან, უციმციმებთ შავნი თვალნი. ვიღაც ცეკვავს, ტაშს უკრავენ - „აბა, ბიჭო, განი, განი...“ არა უწყიან, მათ გარდა კაცი რო არსად ჭაჭანებს, რომ არც მიწაა სადამე, არც რის კეთება, გარჯანი, რომ მეომარიც არაა, არც მეხრე, არცა ვაჭარი, არ გალობს მაფშალია და ველზე არ დახტის კანჯარი. ეუცნაურათ ცოტაღა, როდესაც დილაადრიან გაიღვიძეს და იხილეს - კუნძული დია ფართეა, ოკეანიდან ამოსულ მიწაზე კლდე და ბარდია, დიდდება იგი მიწა და მზე სხიობს, მთვარე ბადრია. შიმშილით არ დავიხოცოთ, თქვეს გულში მეზღვაურებმა, მსწრაფლ ჩაიჩოქეს, იმედით ზეცისკენ იწყეს ყურება, შეჰბედეს მარად უხილავს შიშით (რა ეფაფხურებათ) და აღავლინეს ლოცვები გადარჩენილთა უვნებლად... „შეისმინე ჩვენი ხვეწნა“...- სულ დაბოლოს ღმერთს შეჰბედეს, ძირს დადრიკეს თავ -კისერი, ყველა ყუჩდა, როგორც ერთი. იდგა ტალღის ჩურჩული და მუხლთან ქვიშა თრთოდა თეთრი, კრთოდა სასოც, ქარისაგან გატაცებულს ჰგავდა მერდინს. უცებად ცა შეარყია მეხმა და გრგვინვამ მაგარმა და ქარიშხალმა ღმუილამ წყლის ზედაპირი აგრაგნა, ხეებიც ააწრიალა, ბუჩქ-ბალახს მოხვდა არგანად, მყის შეწყდა გრგვინვა, ბოხი ხმა, რომ მოსცა ზეცის არკამა - „ჰეი, თქვენ, სასო-კუნძულზე ბეჩავად თავდადრეკილნო, სხვისგან ნუ ელით ნურარას, ჟამს თავად უნდა ერკინოთ, ცოტაზე ტვინს თუ გაანძრევთ, თქვენს ყოფას თუმცა ვერ ჰკვირობთ, გაგიმარჯვდებათ, ხამს სვე-ბედს შეუძახოთ და შეჰკივლოთ“. დღე დღეს მიჰყვა, კვირას კვირა, წლებმაც გადაიშლიგინეს, კვამლ-ბოლავდა სივრცე წყლისა და სამყარო იჯდა დილეგს. მალე წყალმა დაიხია უკან დათმო ხმელთა პირი, გაიშალა უდაბნო და ვერ ნახავდი ნადირ-ფრინველს, ვერცა ბალახსა მწვანოვანს, ვერც წყაროს, ვერცრა სიცოცხლეს, აღარ ისმოდა სიმღერა, მკვდარიყო სიმხნე, სიმორცხვე, სიცხე და ხვატი გამეფდა, ხორშაკთა გადაიფოცხეს, წიდა-მტვრის სახელმწიფოში სიო ახრჩობდა სიოსვე. ამ უდაბურ პლანეტაზე მწვანე წერტილს ჰგავდა მიწა, ოკეანის შუაგულში ფეთქავდა და ვნებით იწვა, სადაც მეზღვაურთა მოდგმა, ფუსფუსებდა არაბილწად - ქოხნი ედგათ, ყანა ჰქონდათ და ბოსტნებში წყვეტდნენ წიწმატს... მაგრამ ის იყო უფრორე ყველაზე გასაოცები, სამ-სამი ცოლი რომ ჰყავდათ, მერე როგორი ცოლები, საიდან - მეთქი, ვიკითხე, გაჩნდნენ ეს ანგელოსები, ვერავინ მითხრა, იქნება ღმერთმა უბოძა ბოძებით.... იქნებ ოკეანის ზვირთებს ან მის ქაფებს მოჰყვნენ ქალნი, იქნებ ყვავილების ბუტკოს გადმოუცდა, როგორც ცვარი, იქნებ სადმე გამოქვაბულს შეყუჟულნი იყვნენ მალვით არა ვიცი, ვიცი, რომ თემს თავკაცობდა კაპიტანი. ჰო, შუბისტარზე მზე იდგა, ბოცმანი ჩელას მღეროდა მისი ფაშფაშა ცოლი კი ხმას აყოლებდა ჩეროდან, მათი პაწაწა ბიჭუნა აჯდა ძველისძველ ჩემოდანს, სიმინდის მარგვლის დრო იდგა, მინდორი ათასფერობდა. ასეა, კაცი იმედით ცოცხლობს, შვილია ხვალისა, იგია წამალთ წამალი სენისა ყოველგვარისა, ვის სიხარულის ცრემლი სდის, ვის აღტაცების ალი წვავს და მიაქანებს საწუთროს მისი ლამაზი ხალიჩა. (1982)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი