ჯავრი - (ანტიპოემა)


ჯავრი
(ანტიპოემა)


,,შეინანა დაბადებაი
კაცისაი დამბადებელმან...”

გრიგოლ ხანძთელი


I

აი,საქართველო, ქვეყანა წრფელი –
სად მიმოჰყარა ათასი ფერი
უფალმან ჩვენმან!
ბოსფორიიდან გალენჯიხამდე
და ურ-ართიდან ქურმუხის წყლამდე
იბერიელთა
სისხლი
სცემს
ჩქერად!

II

ეჰ, სახიერო,
არ არის შუღლი
ეგ საუკუნის შვიდის,
რვის ან ცხრის...
ძველითვე მოსდევს
და ყეფით უღრენს
მამულს
მსოფლიო
ნაგაზი ანჩხლი!

III

ვრცელი მიწები
ქართველებითურთ
ბიჩეს - შესანსლეს
მეწამულთა
კბილთა სატანის...
ხოლო აწ გარქუ
და გაცრემლო
ბოლო ხედებით
შინაითგამცემლობისათანით...

IV

მოგიხმობ, განაღა სათევზაოდ-
ისმინე , იბერთა ნათესავო...

V

რუსთა და რუსეთუმეთა
ხროვები გვაყრის ბომბებს,
ანტი- და არაქართველთა
ჩირქი გვესხმება თავს...
დაგვიცავს ?
ჩვენ ვეფარებით
სიმართლისაღა ღობეს
სასოებაღა გვიწვდის
გაძვალტყავებულ თათს!

VI

ასე არ უნდა მოცდაო,
აღარ გვაწყობსო მარცხი...
ქრისტესშობისთვის ოცდაორს
ლენინისტებმა დაგვცხეს,
ჰბილწეს და გაათახსირეს
გვიოცნებია რაცკი.

VII

ქურქი დემოკრატიული
ჩაუცვიათ კომუნისტებს
და, თქვენი მოწონებული,
გაუმართავთ ხორუმ - ტვისტი...
სამშობლოსთვის?
არა-მტრისთვის!

VIII

პერსპექტივა არა სჩანს კეთილსინდისიერი!
პროსპექტებზე დადიან კუჭგამხმარი ლანდები.
ასპექტები, იცოცხლე , ფუტკარივით ირევა
რესპექტაბელური და ყრუ ბიჭების ჩანთებში.

ტყუილების ლოყები აღაჟღაჟებულია,
ატყორცნილა მამულში შადიმანის ძეგლუკა,
ტყუილკოტრიანცების ჰყვავის ვაკხანალია...
ტყვე ვართ სიყვარულისა შენ, ყაშა, და
მე, კურკა.

ჰაუ, ბიჭო, რამდენი მიწაში წევს გულადი,
ჰაუბიცის ბათქა-ბუთქს შეეპუა ვინც აღარ...
ჰა, ბებიაც საფლავზე გდია შვილიშვილისა,
ჰაბოსავით, მიწყალე, ღმერთო!-ვინაც იძახა.

ბოგინობენ სიამით საოცნებო მხარეში
ბოგანო და ფელდშერი, მპარავი და მეხაშე...
აბორიგენებისთვის საქმე წაგებულია...
და, ვგოდებთ და ვსტირივართ შენ - კურკა, და
მე, ყაშა.

IX

სინდის-ნამუსს თუ აწიტავ
სულერთია, ჯიგარ, თურმე:
_ ურემი ხარ თუ მეურმე,
რუსი ხარ თუ რუსეთუმე.

X

თუკი გახსოვთ ჰერელები, ლორელები, ასევე
ჯიქელები , პანღურით როგორ გამოაძევეს.
და ამაში პირველი ფერშლის დამსახურება
კი... ხომ გახსოვთ?
თუ ვტყუოდე მომკლას სახად-ხურვებამ.

გუშინ ქართლელ-აფხაზები... რაღა დააძინებდათ,
სულ წიხლებით გამოჰყარეს ოსებ-აფასინებმა.
აქაც (როგორ ხლაფორთობდა კვალი რომ წაეშალა?!)
უმთავრესი გახლდათ უკვე ნომერ ორი ფერშალი.

ქართველებო, დაიხსომეთ მეთქი, თქვენი კვნესამე,
თუ დაგვღუპავს საბოლოოდ, ო, ფერშალი მესამე!

XI

მტრის თვითმფრინავი
მშობლიურ ცაძე
სრიალებს როგორც უხსენებელი...
შინაითგამცემლების ჯინაზე
მჯიღს მკერდზე იცემს
ჯავრი, ბებერი...
ეგე თქო, კაცო,
საქართველოს გაყიდულ ცაზე,
მტრის თვითმფრინავი
სკორეს ტოვებს
,,ელიტარების" სიხარულის
გამოსაკვებად
რიგი დგა
გრძელი.

XII

შესევია დასავლეთს
,,მხედრიონის" ურდო...
_ რა დარჩენიათ აქეთ?
_ ან რა დოზანა სურთო?

ნაბრძანები აქვს წარმართს _
მისცხეთ, ჰხოცეთ და ჰქელეთ,
სადაც მიგიწვდეთ ტყვია
და ბეჭდიანი ხელი!

გვარდია რაღასა იქმს,
ტანკიანი და რისხვა?...
ისიც ბომბავს და არბევს
ღამით და დილასისხამ...

მერე მოდიან სიმღერით
ნაძარცვი ბარგი _ ბარხანის...
მა, ხელფასს ხომ არ მისცემს
მავნე _ ჰავი და ჰახვარი?!

XIII

ხუნტავიზია ლამობს,
ხუნტავიზია გვირჩევს...
ძალიან უნდა ბალი
რომ გამოგვავლოს პირში.

რადიოსუკი რჩეობს,
რადიოსუკი მღერის...
სურს გამოგვავლოს პირში
სვეკრულმა, ჩალის ღერი.

ვიძახი: _ იბერია
იყო, იქნება მუდამ!
_ არაო! _ ჩხავის ჭინკის
ჩექმის მლოკველი ხუნტა.

XIV

კუჭიტარების პარპაში
კვლავ 70 წელიწადს?
შინაითგამცემლებია
თავი რომ მოაქვთ ელიტად?!
ვაიმე, ამერ _ იმერნო
მათ ხელში თქვენ რომ გელითა...

XV

ვისთვის ერთიც ზედმეტია,
არ ვუსურვებ მეორე თავს,
ხან მაძღრებთან სჩნდება მგლებთან,
ხანაც მთლად დამშეულებთან...
შენ იკითხე, დედოფალავ,
შეითანთა მეურვეთავ,
თვარა ზვიად , წმიდანივით
უკვდავებას შეუერთდა!

XVI

მეძილშორისე და დაგინახე
შაოსანებში იჯექ ინახით,
იდგნენ გარშემო თავმოდრეკილად
და მხნედ _ ქართველნი და ვაინახნი...
და, ქანაობდა
და ქანაობდა
მწვანე შტოები
პაწაწინა ხის...

XVII

ვაგლახ, მერამდენედ წაბილწა
ცვედანმა კოლხეთის წყალ-მიწა!

მას მეგობარი ჰყოლია პაშტა
კოლხეთში თურმე...
თუმცა რავიცი... რაღა გამოლევს
მურმანს და მურმნებს...

კეთილთან გონჯმა ვერ იწაწლა...
ხუნტა ღრღნის კოლხეთის მიწა-წყალს.

XVIII

გმირო, შენ არაფრის გეშინის,
ჯიში ხარ იბერთა ამაყთა,
შეხედე _ ყვარყვარეს რეჟიმი
დამყაყდა...დამყაყდა...დამყაყდა...

ხომ გესმის _ ხითხითებს უვიცი...
არ გშვენის მოთმენა კურდღელის...
მიუხდი და მაცილს გულღვიძლი
მოსწყვიდე...წაჰგლიჯე...უბრდღვენი...

ხომ ხედავ _ უარყვეს ღმერთი და
მუხლი მოუყრიათ ბაყაყთან...
აღსდექი, ყვარყვარეს რეჟიმი
დამყაყდა...დამყაყდა...დამყაყდა...

XIX

შინაურმა თუ გარეშემ
აღარ გვაცალა რეგვენმა,
გვეშენებინა მამული,
თავისუფლება გვეგემნა,
და სასო მამა-პაპისა
გადაგვერჩინა ეგება.

XX

ენა პაშტაა ამქვეყნად,
მთავარი _ მშობლიურია,
შენ მცირე რიცხვის ერი ხარ,
მრავალრიცხოვანს _ შური აქვს!
ეხლა კი რა ხარ?
რა ხარ, და,
წკმუტუნებ როგორც მურია.

XXI

მარტო გიორგი?
ოდენ ბახვა?
მხოლოდ მარია?
მთელი საქართველო
პოლიტიკური პატიმარია!
განაღა ცხუმი?
ან ცხინვალი?
სხვაც დევს შებმია...
საკანში სხედან _
პოლიტიკური პატიმრებია.

XXII

რაც ,,პარლამენტი", ის  _ ,,პრეზიდენტი",
რაც ,,პრეზიდენტი", ის _ ,,პარლამენტი"!
ხან სიყეყეჩე ძალიან ცეტი
ხან ,,ელიტარის" ხმა _ ექსკრემენტი!

ხან პანღურები _ ზომაზე მეტი,
ნანინასავით _ გინება დედის!
რაც ,,პრეზიდენტი", ის _ ,,პარლამენტი"
რაც ,,პარლამენტი", ის _ ,,პრეზიდენტი".

სჩანან _ ღაბაბნი, მუცელნი _ ტრეტნი,
ღალატისათვის _ ფულების მხვეტნი...
რაც ,,პარლამენტი", ის _ ,,პრეზიდენტი"
რაც ,,პრეზიდენტი", ის _ ,,პარლამენტი".

იტყვი მართალს და , ქეჩოზე _ კეტი,
წამება...
ციხე...
სიმღერა გედის!
რაც ,,პრეზიდენტი", ის _ ,,პარლამენტი"
რაც ,,პარლამენტი", ის _ ,,პრეზიდენტი".

დამყაყდა არე...
არავინ გეტყვის:
_ აღსდექ, ქართველო,
აბნელე დღე მტრის!
რაც ,,პარლამენტი", ის _ ,,პრეზიდენტი",
რაც რო ყვარყვარე, ის _ ყვარყვარენტი!

XXIII

ავსებული აქვთ ფულით ტაშტები
და აღარ ასდით ღაწვზე ალმური...
ორლარიანზე _ ,,თვალი" მამონის...
ტელეეკრანზეც _ ,,თვალნი" პაშტანი!
მიმდინარეობს ყვლეფა მამულის
არგაგონილი დღემდე მასშტაბით...

XXIV

,,ახალი ქართველები"
ჰქვია ახლა მძარცველებს _
ჰყიდულობენ...ჰყიდიან
ხან ქარხნებს და ხან წვერებს...
და მამულიშვილებით
ახარებენ... კარცერებს.

XXV

,,გიხაროდენ"... სიმღერა დაიწყო ჰურიამ...
,,გიხაროდენ"... აჰყვნენ ,,ჩვენი" ჩერჩეტები...
ვინ რა მოიგო და ვის რა გაუხარდა _
ამაზე აქ აღარ შევჩერდები.

XXVI

მოსულან ნორჩი ეშმაკუნები
და მათი მოსვლა მოითხოვს ზვარაკს...
შინა და გარე დევებთან ბრძოლა
ილიასი და ზვიადის გზაა.

თავისუფლება ქართული გენის
შინა და გარე მაქციებს ზარავთ!
და ამიტომაც ჩაახშვეს სისხლში
ოცნება ჩვენი _ უკვდავი მარად!

შინა და გარე ჭინკებთან ბრძოლა
ილიასი და ზვიადის გზაა!

XXVII

ამოუვიდათ სასოებს წვერი _
გავიდა ხუნტის მეოთხე წელი.

მამრი _ მპარავი,
მდედრი _ მეძავი...
აი, ღალატის შედეგი ავი.

მრავალდებიან სისხლის ზღვად წრენი,
შემოდის ბილწი მეხუთე წელი.

_ ბაყბაყა როდის წაიღებს წერილს?
ხუცს ჰკითხავს მრწემი.

XXVIII

საქართველო დააქციეს
კუჭის გამო ლაქუცათა,
სხვა რაი გწადს _
მახინჯსა და,
მკრეხელსა და,
ავგულსა და...
მესიამ კი სამშვინველი
შენი, მისი
აქო...წვართა...
მაგრამ მაინც
ექვსთავიან
დევისაგან დაქუცმაცდა,
და... გმირობის
სულხანძარი
გაქცეულა ქაქუცასთან.

XXIX

ო, დიდრუსობის ორასი წელი!
ო, ფანტელებად
დაცვენილი _
ცრუობანი,
ბეზღობანი,
გამცემლობანი...
ო, მინიკაცთა ხითხითობანი!

XXX

როგორ სწადთ ნახონ_იხილონ
ჩასული ოთხსა ფიცარსა _
ჯავრსა სჭამს საქართველოი,
შინა და გარე მტრისასა...

და მაინც არ ათქმევინებს
დრკუ შვილთა მიმართ
პირს ავსა!

XXXI

მოსკოვში გზავნიდნენ დეპეშებს,
ყუმბარებს იღებდენენ პენზიდან...
და საქართველოს წინაშე,
სამარეს უთხრიდნენ პრეზიდენტს.

ახლა კი კივილი ყანჩისა
უწიწკნით ყურთ თანდათანობით...
ხუნტელნი სწვევიან ანჩისხატს...
იქნება მართლა-ყე ნანობენ?!

იქნება...იქნება...იქნება...
ღმერთმა აპატიოს მლიქვნელთა!


XXXII

დასულა ერი სულის ხუთვაზე...
მკითხველო, ნუღარ მეტყვი ონავარს...
რვა-ათიოდე ჰგონებს უფალზე,
დანარჩენი კი კუჭის მონაა!

მთავრობა?
ღრეჯით ბრბო რომ ეძახის,
ხროვაა მგელთა ურიცხვკბილება!
თუ შემოაკლდათ მწვადი ერცახე _
ისმის ქვითინი, წყევა, გინება...

მაცხოვარივით ძელს მიმალურსმნეთ,
აღარ დამინდოთ მეთქი ოდნავად!..
სამი თუ ოთხი კვნესის მამულზე...
დანარჩენი კი ქაჯის მონაა.

XXXIII

ნორჩ-ნორჩი
ჩნდება
წითელი
ჩქერი...
აი, საქართველო _
ქვეყანა წრფელი.

1995წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი