იუნკრები - პოემა
ეძღვნება დედაქალაქის დამცველთა, უწინარეს ყოვლისა _ იუნკერთა, ნათელ ხსოვნას, რო_ მელთაც თავი დადვეს მამულისათვის. ი უ ნ კ რ ე ბ ი [პოემა] ,, ბოლშევიკები ჩვენს გვამებზე გადაივლიან” {ქართველ იუნკერთა ფიციდან} წინათქმა მძიმედ გადის ათას ცხრაას ოცდაერთის თებერვალი, ქარებს აღარ ეზარებათ სტვენა_სისინ_შებერვანი, შვიდნი რბიან მალესმრბოლნი და მორბიან ეგებ რვანი, და, ცნობები სტკივა ტფილისს, ვით ნაჯაფ ხელს ბებერანი. რბის ბაქოდან თუ განჯიდან, არას ანთხევს შხამის გარდა, მტერი ლორეშიც თარეშობს _ ძველი ნორჩთან შავ ხელს ხლართავს, ცაც ღრუბლიდან წვიმას წველის ერთად გრგვინვა_ქარიშხალთან, საქართველოს ფართო მკერდზე შავი ლანდი გაიშხლართა. სამ წელს იყივლა გულლაღად ღობეზე მამლაყინწამა, ჰფანტა და ჰფანტა სხივები მზის ღონიერმა ფიწალმა, ,,მრავალჟამიერ” იმღერეს ტაბაწყურმა და რიწამა, ძლივს დაიბრუნეს ნათელი მამულის ცამ და მიწამა. ძელში წყალი ჩადგა, გორზე კენტი მოჩანს მონადირე, ძაღლიც ცალყბად იყეფება, ყურს უქავებს ღორს და ირემს, ცელქი სიო დასუნსულებს ბარად, ხანაც გორად ირბენს, და, უღმერთოდ დაატარებს ხმას, ბავშვისგან მონატირებს. XXX ერთიც ვნახოთ, ყოფილობამ თუ უფალმა ასე საჯა _ წითელ ურჩხულს გამოეშვა ჯარი, ქმნილი ეშმა-ქაჯად, რომ დაეპყრო საქართველო თამაშ-თამაშ, აჯა-ბაჯა, ტფილისს ისე შესულიყო ტყვიაც აღარ დაეხარჯა. _მტერი მოდის!_სამრეკლოებს აფიცხებენ მნათეები, _მტერი მოდის!_პარპალებენ გულები, ვით სანთელები, _მტერი მოდის!_ხანდაზმულნი და ბრდღვინავენ მართვეები, _მტერი მოდის!_თოფს და საგზალს ხელს სტაცებენ ქართველები. ვინ, ვინ გვაპატიებდა დამოუკიდებლობას?! ამ სამ წელში ჯარი ფეხზე რად, რად აღარ დგებოდა?! ამას გვეხვეწებოდა, გაიხსენეთ, ევროპა, მასვე ჩამოგვძახოდა ანგელოსი ერდო-ბანს. ბათუმ-ქუთაისიდან, ცხინვალიდან, წნორიდან... ძენი მამულისანი, განა სისხლით მდოვრითა, ქარხნიდან თუ ყანიდან, ტყიდან თუ საძოვრიდან, მოდიოდნენ, უხმობდათ ჟინი, ვით ხარს კორიდა. ეგერ, უნივერსიტეტთან მხნე ორკესტრის გრიალია, გამწკრივებულან მოყმენი, იუნკრები ვისაც ჰქვია, ვინც ამხნევებს აღსაზრდელებს პოლკისთავი ჩხეიძეა, ორკესტრის და ჩხეიძის ხმა ქარებს მაღლა-მაღლა მიაქვთ. დაიძვრება იუნკრების რაზმეული მშვენიერი, ვერის ხიდი უკან დარჩა, რუსთაველზე ხვდება ერი, სათვალიან-ცრემლიანი მისდევს ვასილ ბარნაველი, ვინ გულში და ვინაც ცხადად ლოცვის სიმღერებსა მღერის. ერი აქ რომ უტაშუნებს, მერმისი იქ იმუქრება, აქ რომ გული ნათელია, მთებისკენ ცა იმუქება... შორით _მხნე და უტეხებმა, ახლოს _თვალ და პირნუკრებმა, კოჯრის ფერდა-აღმართები აიმღერეს იუნკრებმა. სანგრები და ტყვიამფრქვევთა სადგომები გათხარეს, მთელი ღამე ირჯებოდნენ, მიმოჭედეს ლარტყანი, მიწურები, სანნაწილი... ღელე ოფლი მათ ღვარეს, ცით უჭვრეტდნენ ვარსკვლავები, ვით მინდვრიდან ცხვარ-თხანი. დედაზღუდერის გარშემო გაჩნდა საგუშაგოები: ლილოსი და მახათასი, ავჭალის და ნაგომევის, შტაბისთავის ბრძანებისა იყვნენ ფხიზლად გამგონენი, მეკავშირეებად რბოდნენ ზაზაძე და მარგოევი. მეშვიდე ათასეული, გვარდიელებიც აჭარის, ვაზიანის გზას ხერგავენ, ყინვაში მსმელნი ხვანჭკარის, დავიწყებიათ ცოლები, მონატრებიათ ხარჭანი... ზონზროხა აეროპლანი გადიფრენს ხვნეშა-ჭანჭყარით... როგორც იქნა მთავარსარდლად დაინიშნა კვინიტაძე, გადალაგდა წყობა ჯარის მთებზე, ველზე, ხევში, გზაზე, შესასვლელნი ტფილისისა გულმოდგინედ გადარაზეს... თავკაცი თუ ჭკვიანი გყავს გაუძლებელშიაც გაძლებ. ტაბახმელა და კოჯორი მოკლე გზაა ტფილისისკენ, და წითლების ზარბაზნების ყუმბარებმაც მთები ძიძგნეს, გააყრუეს ცა და მიწა, შემოტევაც კი გარისკეს, დაავიწყდათ ხიფათები, შიში, ქარი, თოვლის სისქე. ჩხეიძის არწივებმაც ხანი არ დაახანეს, ტყვიამფრქვევებიდან მსწრაფლ გახსნეს ცეცხლის ხახანი, ათასობით გაუშვეს სიკვდილ-ტყვია ხარხარით... გვამებით მოიფინა მთები ახალთ-ახალით. რუსთაველზე, ,,სობოროსთან” დაშვებულა ალამი, ისმის ცხარე ქვითინი, ამოოხვრა მალ-მალი... ლეიტენანტ თოიძეს და პირველ მსხვერპლებს კრძალავენ, ცრემლის და მწუხარების არვინაა მმალავი. ზიზღი დამპყრობლებისადმი არ ჩაქრება, ყრუდ ენთება, შურისგების ფიცი დადეს პირნათელა-სულმტრედება უნივერსიტეტის ტურფა ასულებმა სტუდენტებმა, მოხალისეების რაზმებს მათი ჯგუფიც უერთდება. ყინვისაგან ქვები სკდება, ზამთარს აძაგძაგებს ჟინი, ღრმა სანგრებში მღერიან და ზოგი ცეკვავს მხარგაშლილი, თხელი ლაბადები მოსავთ, გაცივებას რაც ვერ შველის, თავის ფეხით ამოსულა კოჯორს რეზო გაბაშვილი. მტერი მოიწევს ლორედან, არტაანიდან, ცხუმიდან, მამისონიდან, თრუსოდან... ჰერეთს აწ გადაუვლიდა... საჭურველს ეზიდებიან სახედარ-ცხენით, ურმითა, ჰხოცონ და ჰხოცონ ქართველნი, სიძულვილით და ურიდად. რად არის რომ ქვეყნის ხვედრი ხშირადა ჰგავს ავზნიან შვილს? ჰგავს ოცნებებს ტუსაღისას ნაცარ-ტუტად ბანზე აშლილს... მოდის ცნობა: ჯარმრავალი მტერი ჩადგა ვაზიანში! დღე და ღამე მოსვენება აღარა აქვს მაზნიაშვილს. მომხდური ცოფს ჰყრის...ურიცხვი ჯარით მოდის და მობრდღვინავს, არ დაგიდევს ქართველთ სანგრებს, ბომბებს უშენს ქარს და ყინვას, ლოჭინის ხევს გადმოლახავს, სოფლებს აქცევს ფარატინად, ისნამდე დინგს გამოიშვერს, რიყე ეგულვება ბინად. ღამემ უსწრო, მტერი შედგა, გულს ედგა ბაგა-ბუგი, გამარჯვების უგალობდა ღოროტოტო და ბუკი, ოცნებებს უხანგრძლივებდა დილის ნისლი ფაფუკი, რომ ქართველთა კონტრშეტევა მოსკდა, როგორც ქარბუქი! დევნეს მტერი, ჩეხეს მტერი, არ მოუშვეს ტფილისამდე, ღამემდე წინ მიუძღოდათ ხმამჭექარე კვინიტაძე, ვინ თოვლშია ჩაყინული, ვინ წყალში ზის, ვინ მიწად წევს... ცად ნამგალა მთვარე მოჰგავს თამადის ყანწს ღვინით სავსეს. დილით ურიცხვი რუსი ტყვე რუსთველზე გამოატარეს, სულ მუჟიკების შვილები, ხან კრავნი, ხანაც აფთარნი, ეს მეთერთმეტე არმიის ნაწყვეტი, კვამლის სადარი, შიშისგან მიმომხედველნი, როგორც ჩირგვიდან კატანი. გამძვინდა მტერი ვერაგი: _ აგერ ჩვენა და ეგერ ის, ეს რა დაგვმართეს ქართველთა, ხვალ რანაირი დღე გველის? ჟლობა მაჯას სჭამს, აწყნარებს მთავარსარდალი ჰეკერი, მონატრებიათ ტფილისი, ვითარცა შვლის ნუკრს ნეკერი. მტერი სადაც არ გამოჩნდა, სუყველგან იუნკრებია... არც მტერს ზოგავენ, არც თავსა სიკვდილით იმუქრებიან, ,,მამულს დიდება!” _ ამგვარი შეძახილით მტერს ხვდებიან, ,,დიდება უფალს!” _ გალობით და სიხარულით კვდებიან. გვარდია და ჯარი გმინავს: _ გაიგეთ, რომ გვცივა, გვშია, გაყინული მებრძოლები ჩვენი ჰოსპიტლებში ჰყრიან, ცეცხლი არ გვაქვს...სველები ვართ... ქარი გვირტყამს, როგორც ტყვია, თავი სადღა შევაფაროთ, ირგვლივ თოვლის გორებია. დედაზღუდერში მოვიდა უწყება სიმძიმილისა, მტრის ყუმბარებმა სიკვდილის თესეს და თესეს თილისმა, ათამდე იუნკერი და იმსხვერპლეს მწე ექიმისა თვალმშვენიერი ასული პოეტის მაყაშვილისა. მსხვერპლები საყდრის ეზოში დაკრძალეს ცრემლით, ნაღველით, ურიცხვნი შეკრებილიყვნენ, პაშტა რამ ჰქონდათ საღელვი, ფალიაშვილი კოტეს ყურს ეტყვის ხან სულთქმით, ხან ხველით: _ ,,დაისის” გმირ ქალს დავარქვი შენი ასულის სახელი!” წიგნი ტავარიშჩ ძნელაძეს მოეწერა: _,, ხო, ესეა, სვე-ბედი სოცდეკებისა ახლა შენზე, ნოეზეა, სახელოვნად რომ გაქციეთ... ჟამს საქმე წამოეწია, რაღაც უხიმანე ქართველთ, დრო უსაჩქაროესია! ვერ მოვდივართ ტფილისისკენ, არ გვითმობენ გოჯს და არშინს, ბუზღუნია სალდათების, ყველანი გვმტრობს, არა ვართ შინ, შიმშილისგან ვიხოცებით, ქათმებს დავსდევთ გურჯაანში, სიცივემ ბოლო მოგვიღო, პანიკაა წითელ ჯარში!” დღე ღამეს ჰგავს,უწყვეტ დავლურს უვლის ქარი აშარი, ავის მოლოდინშია ჰორიზონტი თვალშავი, მოკლეს მიხა ჭკადუა, კვნესის გრიგოლ კვაშალი... თოვლის ველზე მკვდრები სჩანან, ვით ნაფოტნი შავ-შავნი. ქართულ ათასეულებში ათასიდან ათი დარჩა ჯარისკაცი...ვინც ელის და პური და ჰილზები არ ჩანს, ტფილელთ ესიზმრებათ, მტერი უკან იხევს თითქოს ლაჩრად, რომ ჩვენები მწვადებს ღეჭვენ, თოვლი ათბობთ, როგორც ფარჩა. უკანდახევა_გაქცევას მართლა ლამობდნენ წითლები, არ სურდათ ჩხუბი ჩვენებთან, არა და არასდიდებით, ,,ნუ წახვალთ!_ ასე ეუწყათ, _კვლავ ერთხელ დასცხეთ სკვითებრი სიცოფით...ტფილისს აიღებთ და გამარჯვებას გპირდებით!” _მტრის კავალერისტები შემოვლით გზით მოდიან! შტაბმა იგრძნო ღალატის სუნი... არ უშფოთია, ჯარიც შუაღამეში ბილიკს გაჰყვა კბოდიანს... თუკი წყობა დაერღვა, ფრონტი რაღა ფრონტია. ...და პირცოვი, პაპიროსის შუქში ხელს აიწევს, გაშავებულს ჭუჭყით: _ სალდატუშკი, ბრავო რებიატუშკი, პადნიმაიტე გალავი ი უშკი, სააბშილი, ბეგუტ გრუზინუშკი, ზავადიტე ეშო რაზოკ პუშკი... ჩტობ ბეგალი ატ ნას დნიომ ი ნოჩიუ სტრახი ნაში _ სტარენკიე სუჩკი... სალდატუშკი, ურა, რებიატუშკი! ბათუმისკენ წავიდა ჩვენი ჯარის ნაკადი... ტფილისს შემოლასლასდნენ წითლები, ვით ყარყატნი... სოცდეკები ტაშით შეხვდნენ { უხ, დედ-მამა მაგათი! }, რომ ეჯიჯგნათ მამული იმთავიდან აქამდის. ოდეს სული მოითქვეს, გრძელქუდძაბრიანები დედაზღუდერს მოედვნენ ხიშტებით და დანებით, ძარცვეს_ ააწიოკეს ერი არდანანებით, კუდიანთა რქოსანთა ქაჯთა იყვნენ მგვანები. არსენალს რომ მიეახლნენ_ სავსე იყო არსენალი! რა მსუქანი კუპატები, ძეხვი, ლორი, ხორცი მშრალი... რა სქელთბილი მატყლის წინდა, ჩექმა_პალტო_ლაბადანი... წითლებს ენა დაებათ და გაუშტერდათ დიდხანს თვალი. უკანდახეულ ჯარებში ცოტანი _ იუნკრებია, გული სავსე აქვთ ცრემლებით, ჯავრს აღარ ილუკმებიან, გვამი სავსე აქვთ ცეცხლებით, უქმეს არ იუქმებიან... ევროპაშიაც სიმუხთლე, როგორც აქ, იქ უნგრევიათ. XXX ჰე, მკითხველო, უნდა გითხრა, რომ გავაღე ვითამ პირი, გადარჩენის ერთადერთის_ ღმერთის გზაა პირდაპირი! თუ მოუხმობ, ღმერთიც გწყალობს, მისგანა ხარ გმირთაგმირი, მაშინ მაგრობს შენი ხმალი, ხელცული და ბირდაბირი. თვარა ეშმას ჩვენ რას ვუზამთ, მასთან ვჩანვართ გლახანი, მიწყივ მოწუწუნენი და ლბილნი, როგორც ჭარხალნი, ღმერთს მივენდოთ, ვით დედამტრედს ხუნდნი, თავის ხანხალით... ხოლო ეშმა ღმრთის წინა თრთის _ ჩვარი ნატალახარი. __________________________________________ გრიგოლ რუხაია, იოსებ გრიშაშვილის პრემიის ლაურეატი. ___________________________________________
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი