გიორგი დიდი სააკაძე - პოემა


გ ი ო რ გ ი   დ ი დ ი, ს ა ა კ ა ძ ე

                   { პ ო ე მ ა}



ვინ გავბედავთ ენის დაძვრას
და, გიორგი სააკაძის,
ქებათ-ქებას, თუკი თავზე
ოფოფები აღარ გვაზის?!
ამ საძნელო საქმისათვის
ჩალად არ ღირს ნიჭი კაცის,
სასო ნუ გვაქვს მელნის ფერის,
ნურც ბატის ფრთის სიმამაცის!
მხოლოდ ღმერთი , ერთადერთი,
თუ ინებებს, არის მწეი
ღვთაებრივი სიტყვისა და
სიხარულის გვასვას წვენი,
და რაც უნდა ვიყოყოჩოთ,
გრძელი გამოვუშვათ წვერი,
დიდი-დიდი, გამოვდივართ
ღმრთის წყალობის გადამწერი...
ჩვენც ვეცადოთ, სამსახური
სხვა რაიმე რადგან არ გვაქვს,
და ვქცეულვართ წუთისოფლის
და კომლისა ჩვენის ბარგად,
სამათხოვრო-საღიჭინოდ
სხვათებრ ვეღარ ვივლით გარ-გარ,
ვირაღაცოთ, კალამს ვუთხრათ,
უქმად დება აღარ ვარგა!

1

შენ სულის გამოცდა ინდომე
იქ, სადაც ცისკარი ღაღანებს,
განფინე მახვილი ინდოეთს,
განფინე მახვილი ავღანეთს,
მზე ძლივსღა იხსენებს იმ დროებს,
და მთვარე ცრემლოობს ღამ-ღამე,
წარსულში, აბა, ჯავრს ვინ ტოვებს,
თან გდევს და ძაღლივით ღავღავებს.

2

ჯარი ისვენებდა საღამოს ბინდ-ბუნდში,
აქა-იქ ისმოდა ცხენების ფრუტუნი,
ჯორ-აქლემების ეჟვნების წკარუნი...
ციცინათელობდა ხშირ-ხშირად თუთუნი,
სცვიოდა სიტყვები: ქართული, ფარსული,
არაბულ-ლურიულ-ბელუჯურ-ქურთული...

სამასი ათასი კაცი ჰყავს აბას-შაჰს,
მილიონს აჭარბებს ჯარები მოგოლთა, _
კაციჭამიები, ქაჯები ურიცხვი...
ზარბაზან-თოფებით მათ ცხვირწინ მოგროვდა,
ხუთიათასამდე მთასავით სპილო ჰყავთ!..
მსტოვრები სტირიან: -- მოგველის გოლგოთა!

აბასა წამოხტა: - დაჰხოცეთ მსტოვრები!
არავინ გაიგოს მაგათი შიში!..
ყარჩიხა იძახის: - ვხედავ გამოსავალს
მე ვეღარ...ვწუხვარ და წყალი მაქვს პირში!
სდუმან ამირგუნა, ფეიქარ, იმამყულ...
მაშ, გამოაცხადა მეტოქემ ქიში!

-- მე ორი ათასი ქართველით წინ წავალ,
მამლების მეორე ყივილის მერე! –
წამოდგა გიორგი კარავში შაჰისა,
განაგრძობს, -- ცხვარივით გავლალო მტერი!
--ჯარი კი... -- მიმართავს აბასას ფელელი,
გამოგვყვეს დაფდაფით, ყიჟინით,მღერით...

--როგორღა,-- კოტიტა თითებს შლის აბას შაჰ,--
ბნელში გავარჩიოთ შენი თუ სხვისი?!
--მახვილის და შუბის საქმეა ეგენი,
და, პირველ რიგში კი, უფლისა... ცისი!
ჰყუჩან ყველანი და თავნი ჩაუქინდრავთ,--
,,ეჰეი, გიორგი, გულში რა გიზის?!“

სხვა გზა არ ჩანს...მიენდონ და
კვალში მიჰყვნენ მოურავ-ხანს,
ერთ-ორს სწადის, მაგრამ შიში
არ ანებებს რჩევა-ყაყანს,
გასცქერიან თავიანთ შაჰს,
ვინაც ჰხატავს გულში რაყამს,

ფერნაცვალი ,,მსოფლიოს მზე“
ქედმაღლობას გადალახავს,
ბრძანებს: -- მიჰყეთ ღრიანცელით,
შაჰაკაძე თქუამს რახან,
მეც მოგყვებით ნელა-ნელა,
გამარჯვებულთ ბოლოს გნახავთ!

ავთანდილ თქუამს: --მამილო,
გულმა გირჩია რა სჯანი,
რომ მივალთ, მივალთ საითა?
არ გაგიმტყუვნდეს გარჯანი!..
თქუამენ, ჯარი მოგოლთა
მალია, როგორც კანჯარი,

მათ, ეშმაურთა, საქმეა
ბილწებანი და ხვანჯვანი,
არ ჩაგვეფუშოს შეტევა,
არ დაგვეღუპოს ან ჯარი,
ირეჭ-მახეს არ გვიგებდეს
წუთისოფელი არჯალი.

--ჰე, ძეო ჩემო, პირმშოო,
ღმრთის გარე არ მისროლია
ისარი, არ მიქნევია
ხმალიც კი, აგრე მგონია,
ჩვენ გზას ვადგევართ მიწყივად
ქარიანსა თუ თოვლიანს,

ჩვენ გზას ვადგევართ ღმრთისასა,
ეშმანი ვერ გვიპოვნიან...
ასე თუ ისე, ამაღამ
გამოსავალი ორი არს:
მოვკვდებით... ან მოვერევით,
როგორც დავითი გოლიათს.

გორის ძირას დგას კარავი,
უზარმაზარი, ნათელი,
გრძელ ჩირაღების ალთაგან
ჩრდილებსა ვხედავთ გათელილთ,
მუთაქაზე ზის ჯეჰანგირ,
თვალნი უბწყინავს ფართენი,

ირგვლივ უსხედან სარდლები,
როგორც რო არწივს მართვენი,
თქუამს: -- გადავჯეგთ ხვალ ფარსებს,
გავსრესთ... არ დაგვრჩეს სათრევი,
არარაობდეს იქ სული
რა ტკეპნილის და რა მთელის...

ძველებურად მიგვიძღოდეს
მეხთატეხა სპილოების,
მერე ჯარი მოგოლების
საშინელად რისხვის მყეფის,
ყანდაარის მთა-ველების
ვიყოთ კვლავ მტრის სისხლით მღები,

ჩვენი დიადი ჯარების
თიქროს-ევფრათს მისწვდეს ტერფი,
კლდენი მოსწყდნენ ჩვენი შიშით,
წყლად და ქვიშად იქცნენ ქვები...
დაველოდოთ გათენებას...
მზის პირველი აღჩნდეს ღველფი.

წამოგორდნენ ხალიჩებზე,
არ დასჭირდათ ხიცი-ხიცი,
გაიზმორეს, ჩაეძინათ,
არ ერიდნენ ალთა ციმციმს...
სპილოები სიზმრის ზღვაში
ვეღარ იკავებდნენ სიცილს,

უზარმაზარ ჯარს ეძინა,
შიში ჰქონდა არაფრისი,
ცეცხლებს უსხდნენ ღამის მცველნი,
ვარსკვლავს ჭვრეტდნენ ჰერათის ცის...
სვიანია, ვერ იტყვი, თუ
კაცის ბოლო არა იცი.

მეხი გასკდა თითქოს ასი,
თუ მუზარადს მოხვდა ხვედა,
აღჩნდნენ კაცნი ზედ ცხვირზედა,
უფრო სწორედ -- ხორთუმს ზედა...
ხელკოცონმოქანავენი,
თავდამსხმელნი ზედი-ზედა,

არგაგონილ ღრიანცელით
ბაგა-ბუგით...ჭყლეტად...ჯგლეთად...
სპილოთ ჯარი პირს იბრუნებს,
ცეცხლისგან რბის...ვერრას ჰხედავს...
მათ ფერხთაქვეშ მიწა იძვრის,
კივილია, მოთქმა, ბნედა!..

ვინ სად გარბის, არვინ უწყის,
ვის გაუსკდა თავი, ცხვირი...
ვინ ვის ჰხოცავს უბრალებლად,
ვისი ტირის გუდასტვირი,
ჭკუიდან ვინ შეიშალა,
ვინ მღერის და ვინა ჰყვირის,

ბნელში ხმალს და ვინ შუბს იქნევს,
ვინ ვის ეჭიდება გმირი,
ჰაშრუთის წყალს მიაქვს, ბევრი
გდია მიჭყლეტ-მოჭყლეტილი,
ქვეტისკენ ჯორს მიაჭენებს
ფადიშაჰი ჯეჰანგირი.

სპილოებმა ჯარი ჯარზე,
კაცი კაცზე აღძრეს მოკვლად!..
ვის ფიწალი უთავაზეს,
ვის დაამხეს თავზე კოკა,
ზოგსაც წყენა გაახსენდა,
თვისტომს მიახტა-შებორკა,

განწირულად ჰყივის ზოგი,
ზოგის გული კიდევ ტოკავს,
ერთი ჯარის ერთი ტომი
მეორეს ჰსწყლავს, ჰკლავს და როკავს...
ბნელმა ღამემ სისხლის რუში
ენა მაძღრად გაილოკა.

აჰა, ესერა, მოგოლთა
უზარმაზარი ჯარები
წაიქცნენ, გადაიგლისნენ
სპილოთგან ნაშიშარები,
სხვათა დაპყრობის მწადენი
დაფუკდნენ, გახდნენ ჩვარები,

{იმ ადგილს ახლაც გარს უვლის
თურმე მწირი და ყარიბი}
ხოლო აბასას ლაშქარი
უკუმოიქცა ხარებით,
ისპაჰანს, მათ შესახვედრად,
გახსნეს სუყველა კარები.

დიდ მოურავს ხომ ებოძა
მაზანდერანში მამული,
თქვეს, გილანსა და ხორასანს
მისცეს მიწანი და რუნი,
ხარნი და ფურნი... ბაგებში
ისმის თივათა ხრამუნი...

მგოსანთა უძღვნეს ლექსები,
რუბაია და რანუნი.
ცხენებიც...მხიარულება
მათი დოღით და მარულით...
ჰო, მაგრამ სახე გიორგის
უგავდა ჭმუნვით გამურვილს.

--ვუწყი, რა არის, მამილო,
ამ შენი ურვის საგანი...
სხვანი ხარობენ, არ ჰყოფნით
ლხინისგან სიგრძე და განი,
ტკბილია მათი ოცნება,
სიმწიფეში რო გარგარი,

ღვინოს სმენ, თარზე გალობენ,
თვალი უელავთ ანგარი,
მათთვის ცხოვრება იქ არის,
სადაც სავსეა ლანგარი...
უსამშობლობა შენთვის ჩანს,
როგორც ყმისათვის არგანი.

--მართლ იტყვი, ჩემო ავთანდილ,
სამშობლო დიდი განძია,
მუხა და ნაძვი შენი მხრის
მარტო მუხა და ნაძვია?!
სხვათ მიწის, ოქროს მთებისა...
არაფრის მისაბაძია.

სად არა უნდა წარხვიდე,
შენ ქართველობა გაცვია,
გულმა გიმუხთლოს აღარა,
სიხარბე დია ანცია,
ხან ღმრთისმშობელი არ გტოვებს,
და, მეთვალყურედ,ხან ძეა.

აწ ნაღვლის ჩემის მიზეზი
სხვა არის...მოკლეს ლუარსაბ!
მეფე ღმრთისაგან ცხებული,
ადრე ჩამდგარი ჭკუასა...
-- მაგან ხო გიმტრო, თავადებს
არღა ეტყოდა უარსა

შენი დასჯისთვის, გიყრიდა
წავკისში ხომ სატყუარსა!
--ეჰ, ძეო, ეგე ღმრთით იყო...
ერთს ვინ ჰკითხავს კაცს, თუ რვასა?!
მეფით ღმრთის ნება ვუწყით და
მისთვის უგვანი სთქუ არსად!

--კი, მაგრამა, საქართველოს
შენ სჭირდები უფრო აღარ?
--ჰო, ყმაწვილო, მაგრამ ღმერთმა
აქ მაბრძოლა არა გლახად,
ჩანს, მის ნებას მივყვებოდი,
ამდენი რომ მავაგლახა,

საიდან სად წამოსრული
მალომა და არ მაძაღლა,
ჩვენს მამულს და განგებასაც
აქ ვწადოდი ბეგად, აღად,
ეშმა მოკვდა კიდევ ერთხელ,
შიშმა გადაირახრახა.

3

შენ სულის გამოცდა ასურვე
უფალს და მიანდე არა -- ბედს...
განფინე მახვილი ასურეთს,
განფინე მახვილი არაბეთს!
მზე ძლივსღა იხსენებს ავ სულებს
და მთვარე გინათებს ქარაფებს,
ჯავრს აღარ იტოვებს წარსული,
ჯავრი გდევს სიკვდილის კარამდე!

4

ხანი გამოხდა, შეიშრო
სისხლ-ოფლი შუბმა და ხმალმა,
ფრთები დაჰკეცეს -- ყიჟინამ,
ვაშამ, უხმა და ახამა...
არ მოისვენა ქაჯმა და
ხმაჰყო უნასმა ახალმა --

ბაბილონს ჭია თავისი
ოსმალმა თურმე ახარა,
ჰხოცა ჩვილნი და დედანი,
მამრნი -- მოყმე და ჭაღარა,
მოჭრილ თავების მთა დადგა,
სისხლის წვიმები დაღვარა.

ქერმანშადან ბაღდათისკენ
რომ დაიძრა ფარსთა ჯარი,
ბილიკს ხან აქ, ხან იქ ჰკვეთდა
ჯიქი, ტურა თუ აფთარი,
ხანები წინ მიუძღოდნენ
რაზმებს, სახით უძინარით...

მოურავ-ხან ცრემლოობდა,
ასველებდა ცხელი ცვარი,
ქეთევანის შეეტყო მას
წამებანი, ხვედრი მწარი,
არდაგდება რწმენისა და
თმენანი გაუგონარი.

--თუმც ვევედრე, ქრისტეს მაინც
არ დავთმობო, დედუფალმა!..
შაჰსაც ვთხოვე პატიება...
მოჰკალიო, მითხრა, მალ-მალ!..—
იმამ-ყულ ეტყოდა ნოსტელს,
თანაც თრთოდა, როგორც პალმა,--

--ჩვენ, მამაცებს, ვით გვაჯობა
ხანდაზმულმა კახის ქალმა,
შეგვირცხვინა ტუჩ-ბაგეზე
ულვაში და თავზე ჩალმა,
გულზე მალვით დაკიდული
ჯვარი მრჩება ნუგეშ-წამლად.

გიორგი არას თქუამდა...
ამინდი იღუშებოდა,
გონები ჰქროდნენ იქ-აქა,
სისხლს მათი ფრთები სწვდებოდა,
რად მწარობს წუთისოფელი...
ხან გემო დაჰკრავს ერბოთა,

ხან მარილივით მწკლარტეა,
ხანაც თაფლუჭის გემო რთავს?..
სიყვარულია თურმე მწე,
სჩანდე, თუ გწადის, ნებროთად,
კაცი ხარ,თუ სულს ატარებ,
უბეში, პაპა-ბებოთა.

ჯეზირე-შუამდინარის
ნისლშია მინდორ-ქედები,
ნისლშია ძველი ბაღდათის
კოშკები, მინარეთები,
ბურუსის გამო ფირუზ ცას
არ ახატია გედები.

ადიდებული თიქროსი
ნაპირს აწყდება ფეთებით,
და, ბურუსიან სამყაროს
ცხვირზე ჩამოსდის ზეთები.
ბაღდათის კართან მისულან
ფარსები ურო-ხვედებით.

სჯიან: -- გვეწადა მშვიდობა,
მეზობლობა და მზე -- ფარად,
მაგრამ არა ჰქნეს ოსმალთა
უღმრთობა ჩვენ დაგვებრალა...
დაგვცინეს, გვიმტრეს, დაგვხოცეს,
და ჭირმა თავი ვერ მალა,

სალოცავად ვართ მიმსვლელნი,
კი არ გვეთოხნა-გვებარა,
ვეღარა ვხედავთ ნეჯაფს და
მოგვნატრებია ქერბალაჰ,
ოდესღაც ჩვენ ამ საფლავთა
გასაღებები გვებარა.

თუკი ახლოს მივაჩოჩებთ
მაშინ მძლავრობს ზარბაზანი,
შეანგრევს მკვიდრ ლოდებისგან
შემოზღუდულ კართა კარნიზს,
მაგრამ როგორ... ქონგურებზე
ზარბაზნისვე მოჩანს ტანი,

ახლოს მიხვალ, აგაფეთქებს
ოსმალთ ჭურვი კვამლიანი...
სხედან ფარსთა ბეგ-ხანები,
დაისერეს თავნი ფხანით,
--დაცალეწეთ! -- შიკრიკთ მოაქვთ
აბასას ხმა ისპაჰანით.

წყალ-საჭმელი აქვთ, გულმშვიდად
გახლავან ბაღდათელები,
დღისით ვაჭრობენ, საღამოს
ყავისგან უწითთ ყელები,
აბუ-ჰანიფას მეჩეთზე
სხივნი ჭკნებიან ცხელები,

ყრმანი ცელქობენ, ჩიბუხებს
აპლაკუნებენ ძველები,
ფარსებს დასცქერის ზღუდიდან
სულეიმან ალ-ჩელები,
თიქროსიც მიიზვირთება,
შუა ქალაქში, ხველებით.

--ჩვენ ამ ზღუდერს ვერ ავიღებთ! –
რჩევას თქუამს სააკაძე, --
კართა მტვრევით...ტანი განზე
და დაგვრჩება თავი განზე...
ხერხი ვცადოთ, ჩრდილოეთით
ხომ ყველანი ჰხედავთ ნაძვებს,

მოვჭრით, შევკრავთ და ტივებზე
მწოლარენი ზვირთ-ზვირთ გავწევთ,
უგრძნეულად შევალთ ბაღდათს
და შევუსევთ ხმლოსან რაზმებს
ზღუდის მცველებს... მოვთხრით ქალაქს,
ხელში ვიგდებთ ლარ-საგანძეთ!..

მოსაღამოვდა, გაგზავნეს
რაზმები ტივის ძელთათვის...
ძმა თვისი მოდის ფელელთან,
დათუნა, ფარსებრ -- ფერჰადდინ,
თქუამს, კაცი დგას მინდორში,
პირველ მეგონა მე დათვი,

შენა გკითხულობს, მამლუქი
ვარო, არა ვარ ძე თათრის,
ვიცოდი, ბაღდათს მოსრულხართ,
მეც ჯარი მახლავს, გხედავდით,
მოყვრულად მოველ, და ხლებას
სხვაფრივ მე ვით გავბედავდი.

გიორგი ზეზე წამოდგა
ხმალ-შუბის ჩხარა-ჩხურითა,
ფეხი გამართა, წარვიდა
მინდვრისკენ ჯიქურ, ურიდად,
კაცი იპოვა, გაჰხედა,
ჰკითხა: -- გმსახურო თუ რითა?

--შენზე შაირებს იტყვიან,
გიორგი, ყურან-სურიდან,
ყრმა მაქაიძე გახლავარ
სოფლიდან ჭიათურიდან,
ნავაჭრ-გაზრდილი ქაიროს
აწ სულით მამლუქურითა.

ჩემი ჯარი ელ-ფალუჯთან
დგას, ქუშ-არსლან-ბეი მქვია,
ვუწყი, მოდის სულთნის ჯარი,
ბაღდათის შველა სწადია,
მაგრა ოსმალთ დავაბრკოლებთ,
უმჯობეს-ა საფლავთ თხრიან,

მანამდისინ ციხეს მოშლით,
ადრე როგორც მოგიშლიათ...
ერთს გთხოვ, ხანო, მცირე ოქრო,
ქისაში რო მიგროვია,
დედაჩემს რო მიაწვდინო,
პაშტა ცრემლი დაუღვრია.

-- კაცო, როგორ არ მივაწვდენ!--
მოურავ-ხანს გაეცინა,
ჰაერშივე დაიჭირა
ქისა, ბინა მიუჩინა,
მერე ერთურთს ჩაეხვივნენ,
მხარზე დაჰკრეს ხელნი მცინრად...

ამ დროს მთვარეც ამოვიდა,
ოქროსფერი მიმოჰფინა,
გულებშიაც ოქრო ღვარა,
არა ცოტა, პინა-პინა,
ნათქვამია, სათნო კაცის
დედა-მშობელს ტკბილად სძინავს.

ასე გაშორდნენ ერთმანეთს
მზე-საქართველოს შვილები,
თავთავის გზაზე წავიდნენ,
გაჰყვნენ მთვარისგან ჩრდილები,
თვალებს ცრემლები ეკიდათ,
განა ცალ-ცალნი... წყვილები,

განა წვრილ-წვრილნი, ცხელები
და მთვარესავით მსხვილები,
და, მათთან ერთად სტიროდნენ
მათი ახალუხ-ღილები,
პაჭიჭები და ქუდები,
ფარები და მახვილები.

ქართველებმა ასი ტივით
ღამით თავნი შეაპარეს,
ნიავივით მიეახლნენ,
ქონგურიდან მცველნი ჰყარეს,
ომი ვეღარ აიცდინეს,
სანამ გააღებდნენ კარებს,

ორასი თუ მოცაუკლეს,
მეტი დაჭრეს, ულახვარეს,
ძირითადი ჯარი მოსქდა,
ლაწი უყვეს არემარეს,
ტყვე-ჰყვეს თურქთა ასკერები,
გაუყენეს ფარსთა მხარეს.

ოდეს ოფლი მოიწურვეს,
გათენება იწყო ბუნდად,
მოიკითხეს ერთმანეთი,
მკვდარ-დაჭრილი ეწყო გუნდად,
მუხლთან დაეჭრათ ავთანდილ,
იცინოდა, არა დუმდა.

ძმა ეძება მოურავმა,
მუხლი თრთოდა, შუბლი ხურდა,
განგმირული ნახა წყლისპირ,
დიდი ძარღვი ჩასწყდა გულთან...
მკვდრის არა ჰხამს გაცოცხლება,
გაცოცხლება ცოცხალს უნდა.

გათხარეს საძმო ფავნისი
ბაღდათის აღმოსავლეთით,
სად ტირიფნარი ხევია,
კამკამა და მალ-მალე დის,
ცრემლები ღვარეს ცხელები,
სიტყვები თქვეს არაერთი,

გულნი ატირეს წარსულით
და გაიმხნევეს ხვალეთი,
თვალნი მუშტებით გაიშრეს,
დასტოვეს არემარეთი,
მზე შუბის ტარზე რომ იდგა
სოფელს გამოსცდნენ ალ-ეთ-დინს.

ციხიონი ბაღდათს დარჩა,
ჯარი მიდის ელ-ფალუჯას,
ელ-ჰაპანით მოუარეს,
ზურგში დასცხეს უცებ თურქთ ჯარს,
ევფრათის წყალმა წაიღო
მკვდრები,ვინაც იქცა მუნჯად,

ვინც გაიქცა, გზად სტოვებდა
ქუდს, ხმალს, მშვილდს,ფარს ბღუჯა-ბღუჯა...
ალაფი მამლუქებს მისცეს --
მხიარულნი პირნი უჩანთ,
თავთავის გზით გაეშურნენ...
გაისარჯნენ არა ფუჭად.

დღესასწაულობს მაღალი
და ლურჯი ცა ისპაჰანის,
სავსეა ,,მაიდანე შაჰ“,
ჯარს ეგებება თავყანით,
ასი ათასი ხმა სახელს
ადიდებს მოურავ-ხანის,

აქლემები და ჯორები...
ჰყვირიან მათნი აღანი,
ალიე-ყაფუს სასახლის
უკრავს და უკრავს არღანი...
ურიცხვნი დაფარფატებენ
ტრედნი, თეთრნი და ახალნი.

თქუამენ, რომ შური არის
უხნოვანეს კაენისა,
ზოგი თქუამს, დაცემული
ანგელოსის არის ხნისა,
ვინ არს იგი, გადაურჩა
ვინც მის წვერშხამიან ისარს?!

შაჰის გულსაც მიეახლა,
სიბრძნის ჩიტებს უყო სისრა,
,,თაჯ-ბიუკებს“ საიდუმლოდ
ეთათბირა...ოღონდ ღირსად,
უყარყაშოდ, მოშორება
თავიდან მოურავისა.

ერთხელაც, ნორჩ გამთენიას
შაჰის ბაღში სეირნობდა
მარტოდმარტოდ გიორგი და
ვარდის ცვარზე სხივი კრთოდა,
არსად იყო ჩამიჩუმი,
ფოთოლიც კი არ იძროდა,

სად იყო და გაჩნდა როგორ,
ყურთ შეესმა ღრენა-ბოდვა
ნადირისა...შემობრუნდა, --
ნახა, მისკენ ლომი რბოდა,
პირღია და თვალელვარე,
დაგორებულად სჩნდა ლოდად...

უმალ ქუდი მოიშვლიპა,
ნადირს ხახაში ჩასჩარა...
ყურთ ჩაესმა კვალად ღრენა --
ლომს შეეკრა სხვას კამარა!
გვერდზე გახტა, სატევარი
კისერს ამოსწვადა მძლავრად,

ამან სისხლის ნაკადული,
ბროწეულისფერი, ღვარა,
წინარე კი გაიგუდა
ქუდისაგან, ვერ ამთქნარა...
ერთი -- აქეთ, მეორე -- იქ,
ლომი ეგდო ჰაიჰარად.

წამოიმართა გიორგი,
სატევარი ლომს გაუსვა,
გასწმინდა საჭურველი და
ქარქაშში დინჯად ჩაუშვა,
გაიხედ-გამოიხედა,
ყური მიუგდო ხმაურსა,

ვერრა იპოვა საეჭვო,
ბაღს მიჰყვა გადამწვანულსა...
კოშკში დამალულ კაცების
პირნი იტყოდნენ ,,აუსა“,
განცვიფრებულნი დიაცნი
ხმობდნენ ,,ფეჰლევანდ ჩაუშად“.

ბეგუმ-ხანუმ ეს შეიტყო,
აბას-შაჰის პირველ ცოლმა,
ქმარს გაუწყრა:--  რად დაკარგე
გონი, გქონდა რაიც ბლომად?
ეგ ერთი გყავს, ვეჭვ, თუ სხვათა,
მგელ-ტურებმა, ვერ ილომა!

მიულოცე...შეადარე
ალისა და არა ომარს,
ერთი-ორი, დასანახად
დასაჯე, თქვი, თუ რატომაც...
გურჯისტანზე დაგავიწყდა
საბოლოო, ეჰ, მიხდომა?!
5
ძირფესვიანად გაჟლიტა...
კახეთი გააჩანაგა,
ტყვეები გადაასახლა
ირანს სხვადასხვა ალაგას,
კახთა სისხლით და ცრემლებით
კლდე-ველ-ხევები დალაქა.

კურდღელი თუ გაირბენდა
შიშით ხან იქა, ხან აქა...
აწ  ქართლის მოსრვა მოუნდა,
გადაშენება-ალაგმვა,
შაჰის რჩეულმა ლაშქარმა
მარტყოფში დაიბანაკა.

ფარსთ მოურავიც იახლეს
მამულის ასაოხრებლად,
ამოსაძირკვად, სათხრელად...
არ საძმოდ-დასამოყვრებლად,                                         
ფარსეთში გადასარეკად,
დასასახლ-დასაქოხებლად,

სხვის მიწაზე და სხვის კარზე
დასაჩოქებლად-მღოღებლად,
სარწმუნოების დამგდებად,
სულის საცემად, მჯოხებლად,
სხვა თესლთა ჩამოსადენად,
მათი ხმის დასაბოხებლად.

ღმერთმა აღარ მიატოვა,
დაიფარა მტრისგან ქართლი,
მოურავის პირით ძეებს
მამულისას უთხრა მათი
ჭირისაგან დასახსნელი
გზა-ბილიკი-მარიფათი,

სააკაძის გონების და
სააკაძის მხარ-ბეჭ-ფართის
და, ასევე, სხვა ვაჟკაცთა
რიხისა და ბრძოლის, მართლის,
ველად იქცა, ხარება დღეს,
მარტყოფი და მთა ვეძათი.

ჰე, მკითხველო, აღარ დაგღლი,
უწყი,იქ რაც დატრიალდა,
ამოხეთქა ქართველების
ჯავრმა, წყენამ...სულმა მარდმა,
ოდეს შაჰის მზაკვრობებს და
აეხადა მიზნებს ფარდა, --

მავნე მოსრეს მტერი, თუმცა
ჯარი ხუთჯერ მეტი ჰყავდა...
კახეთივით, ქართლის მიწა
ვერ დაფარა ეკალ-ბარდმა,
ქვეყნის ყოფა, ფარვანასებრ
თამაშსა ჰგავს ცეცხლის ალთან.

აბას რა სცნა შიკრიკთაგან
საშინელი იგი მარცხი,
სულ უკუღმა ჰყარა მწარედ
უცებ მოხვდა ხელში რაც კი,
მალემსრბოლნი, სამთავენი
ჩამოჰკიდა ძელზე ცაცხვის.

შესაკავებელი იქნა
კაცისაგან, ასე, რვა-ცხრის,
წამალი ვერ მოიხელთა
სიცოფისა გასაქარწყლი,
შემოეხვივნენ ცოლები,
ჩაჰკიოდნენ: -- დაცხრი...დაცხრი!..

,,ოცი წელია სირცხვილი
მსგავსი არ მიჭამია რა!
მოურავისგან გულზე მაქვს
უზარმაზარი იარა,
საიდანაც სულ სისხლი ჩქეფს
კოკ-კოკად, განა ფიალად,

ჯიში ვერ მოვსპე ქართველთა
გლეხიან-თავადიანა,
აბასას გული გამიტყდა?
ხმამაღლა მაინც ვთქვი: -- არა!
მოგწყვეტთ, ამოგთხრით იბერნო,
ვიქადი არ ჰაიჰარად“.

შეუდგა დიად სამზადისს,
ყოვლგნით მოიხმო ძალები,
საიდან აღარ მოზიდეს
თოფები-ზარბაზანები,
პაშტა მოიხმეს რაზმები,
სახელგანთქმული ხანები,

სამი ათასი ურემი
ბარგები და ბარხანები,
ურიცხვი ტაიჭ-ცხენები,
ხმლები-მუზარად- ფარები,
მებრძოლთ ვინ დათვლის, იძვრიან
მათგან მთები და ბარები.

ბანაკი დასცა, დაადგრა,
მტერი ჩამოხდა მარაბდას.
ქართველთა წავკისს გამართეს
თათბირი, მთის ტყე ჰფარავდათ,
გიორგი მოცდას ურჩევდა,
შემოტყუებას თანდათან

ხევ-იწროებში ფარსელთა,
მიწაზე გეგმას ღარავდა,
ბევრს არ მოსწონდა, იძახდნენ
დავკრათ ქალაქსო კარავთა,
მარტყოფი გახსოვთ? ვამსგავსოთ
მომხდურნი ცხვრისა ფარათა.

ვიღამ დაგეგმა-გააწყო,
ან ვინ იღელვა საღელვი,
აწ არღა ახსოვთ, მარტყოფი
რა ძალით იქმნა, რა ხელით,
ენებს ხმალივით იქნევენ,
კბილების ღობეს ახევენ...

იჯდა ფელელი, სიბრიყვეთ
მსმენელი, მგრძნობი, მნახველი...
გაღიარებენ, მაგრამ შურს
ძირმაგარას შობს სახელი,
სახელს დიდება მოჰყვება,
არანაკლებად -- მახენი.

იჯდა ნოსტელი, თავადთა
გულს ყინჩობანი ლახვრიდა,
უმეტესები იქ მყოფთა
გმირის წვეთ ცრემლად არ ღირდა,
თეიმურაზიც ჭკუათხელთ
ეთანხმებოდა, თავს ხრიდა,

სიტყვას კვლავ თქუამს გიორგი: --
ქვეითთ ბარში ნუ გავყრითა,
ვეცადოთ, შემოვიტყუოთ
მტერი ხან თოფით, ხან ხმლითა,
გორდაგორ ჩვენ მოვერევით,
ტყედატყე ნისლით თალხითა,

არა ჰქნეს... და უთენია
თავს დაესხნენ ფარსთა წყებებს,
--ჰკა მაგასა! --თეიმურაზ
მიუძღოდა ლაშქარს მეფე,
წამსვე ფარსთა თოფებმა და
ზარბაზნებმა შემოჰყეფეს,

შეამეჩხრეს ქართველების
რიგები და წითლად ჰღებეს,
წამითაც კი აღარ შედრკნენ
საქართველოს ძე-შვილები,
შეესივნენ მტრის ჯარ-ბანაკს,
ბრაზითა და გამგელებით.

ატყდა მწარე ჩეხვა-ლეწვა,
ქართულ-ფარსულ გინებანი,
აქ თუ ხმლები ელვარებენ,
იქით ცხენის ბრწყინავს ნალი,
ქართველებმა გადაჯეგეს
მეთოფეთა რიგ-წყებანი,

არ ჩერდება, ავადა ჰქრის
მათგან მონაბერი ქარი,
სააკაძე იქ გაჩნდება,
სადაც შეჭირვება არის,
მტერი ლამის დაამარცხეს,
რომ მაშველი გაჩნდა ჯარი.

ცხენოსნები უკუიქცნენ,
ფეხოსნები დარჩნენ ველად,
შემჭიდროვდნენ ჯგუფ-ჯგუფებად
არსაიდან ჩანდა შველა,
ვისაც შესწვდნენ, არ ახარეს,
რისხვა ჰქონდათ იმოდენა,

ვითარც გმირი, გლეხკაცობა
იქ დაეცა ბოლოს ყველა...
ცაზე ავის მახარობლად
წვრილმა ელვამ გაიელვა,
გასუსული მარაბდიდან
შავმა სიომ დაუბერა.

კვლავ ილომკაცა გიორგიმ,
მტერს მოსვენება არ მისცა,
შეკრიბა რაზმი, ხმალი და
არ გააცივა ფარიცა,
ხან აქ დაეცა, ხან იქა,
ძალა უძღოდა ჯავრისა,

ჰკაფა და ჰკაფა მომხდური,
მათი მხნეობა არ იცნა,
სხვანიცა აჰყვნენ გმირები,
მუსრი გაავლეს გარეწართ,
თეიმურაზი იმერეთს,
რავარც ყოველთვის, გაიქცა.

ფელელი თავის რაზმებით
ახალციხისკენ წავიდა,
ციხეებიდან ფარსები
გააპანღურა-გაჰრიდა,
იქ ჩასხა ოსმალთ ჯარები,
ხმობილნი არტაანიდან.

შემდეგ ეახლა იმერთა
მეფეს, ეგრისშიც ავიდა,
სრულიად საქართველოსი
ერთობა სწადდა...აჰ, ვითარც,
მაღალი ღმრთისგან ცხებულმა
ააღორძინა დავითმა.

ქართლში მობრუნდა, ეუწყა
თავადთა კვლავ მიქარვანი,
თურმე შეეკვრნენ ფარსელებს,
ლუკმა არჩიეს არამი,
ცოლისძმა ზურაბ მიუდგა
თეიმურაზ მეფეს ალამით,

აბასას ცდებით გაერთდნენ...
გაიორმაგეს ძალანი,
ეგ შენი საქართველოი
თურმე სჭირდება არავის...
აწ ბაზალეთის ბრძოლაზე,
ვძრწი...ვაწრიპინო კალამი.

თუმც სათქმელი რაღა არის,
სირცხვილისგან თვალს ვერ ვახელ,
მეფემ მოკვლა იწადინა
იმ კაცისა, რომლის სახელს
ევრაზიის ბრძოლის ველზე
ვერ იტყოდა ვერვინ მჭახედ,

არ მაშრიყით, არ მაღრიბით...
ეჰ, დაცინვა ბედის ნახეთ,
თვის მამულში დალახვრა სურთ...
რა ლოდი გაუძლებს, რა ხე,
სახურავი ვით დადგება,
მოირყევა თუკი თავხე.

იძულებულ იქნა გმირი,
შესულიყო იმ ბრძოლაში,
ოდეს არ გწადს ქარქაშიდან
ასხლეტა ხმლის, დაძვრა რაშის,
შენს სისხლს და ხორცს შუბი რომ სცე
მხეცი უნდა იყო მაშინ,

ვით გულზღარბი ერისთავი
ზურაბ, მკვლელი ძმისა ფშავში.
დგა ნოსტელი, უმზერდა ომს
და ყლაპავდა ცრემლებს მლაშეს,
ოდეს ქართველს ჰკლავს ქართველი...
გული გაქვს თუ, მითხარ, კაჟი?!

წვიმდა ძლიერად, გიორგი
გამოჩნდა თვალნაღვლიანი,
რომ ნახა,მეფე მოიჭრა
ცხენდაცხენ ხმლისა ტრიალით,
გაურბი-გამოურბინა
რიხით და თვალთა ბრიალით,

მოვარდა ახლოს და მკლავი
გამოიქნია ხმლიანი,
ნოსტელმა ფარი უფარა,
ხმალი დავარდა ჟღრიალით,
თავზე დაადგა და ლახტი
ზურგს დაჰკრა მათრახიანი.

უთხრა: -- სიკვდილი გერგება
ჩემგან არა და არაო,
მეფედ ცხებულხარ ღმრთისაგან,
ეშმამ ვით გაგამწარაო,
აჰა, ვრბი, ვტოვებ ბრძოლის ველს,
გულის ცეცხლისგან ვქანაობ,

შენი თუ ზურაბისთანას
გავსრეს არა ერთს, არა ორს...
დაგიხსნა ხელმწიფობამა,
უფალმა დაგიფარაო,
ჩემი ღვაწლი და ბრძოლები,
ვაი, ყოფილა ამაო.

6

შენ სულის გამოცდის მოსვლამდე
ათას კლდეს შეასკდი, ათას გორს,
განფინე მახვილი ოსმალეთს,
განფინე მახვილი დამასკოს,
მზე კოჭლობს, ძლივს გადის ორ-სამ მეტრს,
და მთვარე ცრემლის რუს განა სპობს,
წარსულ ჯავრს სასო ვით ჰმოსავდეს,
ლამის ქედ-კისერი განასკვოს.

7

გმირი თავის რაზმთან ერთად
გადავიდა, დადგა სამცხეს,
მოიზამთრა, გაზაფხულზე
ჩაუარა ტაოს ცაცხვებს,
დიოდა და ჰრიდდა ფრთხილად
ჟამთასვლის და თიხის ხნარცვებს,

დღე მტრედივით ქათქათებდა,
ღამე კიდევ ჰგავდა შავ ცხენს,
და ერთი თვის მიწურულზე,
ზღვის ხილვისას, ტაში დასცხეს,
ისტანბულიც გალათიით
ხელს უწვდიდა მარჯვენს, მარცხენს!

ოდეს შეხვდა თხუთმეტი წლის
ცხვირპაჭუა მურად სულთანს,
იგრძნო, აქ, ამ ქვეყანაში
დოღი იდგა ზაკვა-შურთა,
ვითარც ქართლში და კახეთში,
და ფარსეთშიც... ყველას სურდა

ოქრო-ვერცხლი... ზნეობა ხომ
ითვლებოდა არცა ხურდად,
სულთან-ვეზირთ ჯარი სთხოვა,
გაუჭირდა თუმცა სუნთქვა,
მიუგეს, თუ გიცნობთ ლომად,
ახლოსა ხარ გულთან, სულთან.

ოღონდ ბაღდათში ფარსელთა
შენ ჯავრი არ შეგვაჭამო,
დავეცეთ, გავაპანღუროთ
გავძახოთ: -- ჰეი, აჯამნო,
სადაც რა დაგიკვეხნიათ,
ჩვენიც თქვით, არ ვართ საჯაბნო...

ჰა, ოქროები...გვიბრძანე,
საქმისთვის რა სჯობს, რა ჭარბობს...
ომისთვის არ გვენანებით
ხარჯებო და ხარაჯანო,
თქვენ, მორავ-ბეგის, გადიდებთ --
გულო, მკლავნო და მაჯანო!

ქოსემ სულთანათ, ამატებს,
ხონთქრის მურადის დედაო:
--გვიშველე, ბეგო და ფაშავ,
სიტყვას ხონთქრისებრს ვბედავო,
შეურაცხყოფებს განვიცდით
ფარსთაგან ზედიზედაო,

ძალიც არა გვაქვს, წყეულებს
ვეჭიდაოთ და ვედაოთ,
იქით თუ ფარსი დაგვცინის,
აქეთ შინაურს ვხედავ ომს,
რადგან არზრუმის პატრონი
გურჯი აბაზა მხნედ ავობს.

ყარამანის ვილაიეთს
შენ გჩუქნით და იყოს შენი,
კაფუჯი-ბაშ ხომ ბრძანდები,
არაფრის ვართ მონანენი,
შენს ამალას, ვინცა გახლავს,
ჰქონდეთ რაც სურთ, სიმდიდრენი,

ოღონდ ბაღდათს გვისაშველეთ,
არაერთი ვცდილობთ, წელი,
დავიბრუნოთ წართმეული,
დაცინვა გვკლავს ფარსთა, მწველი...
გაგვიმრავლდა მტერ-მომხდურნი,
შემოგვაკლდა, ვაი, მწენი.

აი, მერმე, ოდეს ბაღდათს,
გმირო,ჩვენად დავიგულებთ,
ჯარს მოგცემთ და საჭურველსაც,--
თოფ-ზარბაზანს ახალს, ულევს,
წაიღე და წაიყვანე,
ვცნათ თუ რული არ ირულე,

შენი ქვეყნის მავნე კაცთა
დასჯა გულით აისრულე,
ისე მოეწყოს ყოველი,
არ გაეგოს არსად ყურებს,
სიხარულის სიცილისგან
მოგიკვდეს, ვერ გაძლოს ჰუნემ.

ენიჩარ-ბაშს უბრძანეს და
გაეშურნენ ვილაიეთს,
მისცეს სრანი-სასახლენი,
კარებს ფრთხილად ჰკეტდნენ ღიებს,
მიმოეწყვნენ ქართველები,
თუთუნ-გლარჯაც კი მოსწიეს.

საჯინიბოში ცხენები
ახალ თივას მიესივნენ,
მსახურებმაც ახალ ფაშას
გვიანამდე კუდში სდიეს,
დადგა ღამე... შრიალებდა
ეშილ-დერეს ზვირთი მღვრიე.

ალეპოსთან, საბრძოლველად
ემზადება თურქთა ჯარი,
საიდან სჯობს შეუტიონ,
ელ-ფაქრით თუ ურუმშარით?
ორ ხეობას ფლობენ ფარსნი,
აღჭურვილნი ზარბაზანით,

ბაღდათის გზებს დღედაღამე
იცავენ და აფრთხობთ ქარიც...
ხალილ-ფაშა გიორგისგან
რჩევას ისმენს, მორთხმით მჯდარი,
დიდ რუქაზე თავდახრილთა
გვიანამდე ისმის სჯანი.

გადაწყვიტეს, რვა დღის მერმე
დაესხმიან ურუმშარას
ცრუ თავდასხმით... ძირითადი
ჯარი ფაქრს შეუტევს მძლავრად,
გორა-გორა, კიდე-კიდე
ფარსელთ ჩაუკაფვენ კარავთ,

ფეხოსნები დაურჩებათ
მხოლოდღა ღვთის ანაბარა...
მზვერავები გააგზავნეს,
სასურველი მისცეს ფარა,
ჯარის წურთა განაგრძეს და
ოფლი სდინდა ნიაღვარად.

8

ელ-ასის პირ, სადაც ტყვეთა
ბაზარია ჭრელა-ჭრულა,
ელ-ბაბის და ალეპოზე
ორჯერ უფრო დიდი სულაც,
მორავ-ბეგი მიდი-მოდის,
აცქერდება ყოველ ხულას,

გურჯისტანით ტაცებულთა
იქნებ სიტყვა მოეყურა,
ერთ დღეს თორმეტი ყრმა ჰპოვა,
გამხდარი და თვალფახულა,
ბატონთაგან გაყიდული
კლდეკარს, ქრცხინვალს, ტბისს და სურამს.

ტფილელ ვაჭარ იჩიაშვილს
ოქრო მისცა წინასწარი:
--ჰა, ყმაწვილნი მომიცია,
ქუცნავ, მქონდეს შენი ვალი,
რომ ჩამოხვალ, იმდენს მოგცემ,
რომ გაბრწყინდეს შენი გვარი,

მროველ მღვდელმთავარს მიუსხი,
შენც სცნობ იმას... უთხრა არვის,
ჩემზე უთხარ მეუფეს, რომ
კაფუჯი-ბაშ თურქთა არის,
ბაღდათს მიდის საბრძოლველად
საჯავახიანოს ხარი.

გმირმა თავის ამალიდან
გააგზავნა რვა-რვა კაცი
ყველგან, ტყვეთა ბაზრობებზე;
--ყურადღება იყოს მკაცრი,
თუკი სადმე გასაყიდად
ყრმა გაჩნდება თუ დიაცი,

შეისყიდეთ მეყსეულად...
იუაროთ არრა ფასი,
მსრაფლ შეჰკრიბეთ, დააპურეთ,
თქვენში არ იყოს ზარმაცი,
სამშობლოს გზას გაუყენეთ
ცხენ-მხედრობით ანუ დაცვით.

გიორგისთან დარჩნენ სამნი,--
ავთანდილი და იასე
და ბატონი მუხრანელი,
კაცი იმედებით სავსე,
ხუმარა და ენამჭევრი,
ნარდის მშვენი მოთამაშე,

თამადა, ვინც როგორც ქართლში,
აქაც ფსკრამდე სცლიდა თასებს,
თავის სკორეში დახრჩობა
ვინც შეიტყო აბასასი,
იმღერა და გამოსცალა
ყანწი შხლიპი-შხლუპის ხმაზე.

მესამე დღეს მალემსრბოლი
მოვარდა და ელჩიც მოჰყვა,
--მიატოვეთ ასურეთი,
გაეშურეთ გურჯი-ბოღაზს,
აბაზა-ბეგ თავს გავიდა,
ირქინება როგორც ძროხა,

მისი შიშით ისტანბულში
ნაზირ-ვეზირები ვხოხავთ,
ხამს ალაგმოთ შფოთისთავი,
ჯანმრთელად თუ შეუძლოთ ხართ,
დღეღამ სტირის სულთნის დედა,
ყრმა მურადიც შიშით ოხრავს.

ათასი ტბის ქვეყანა და
მარცხნივ დასტოვეს ქალაქი,
ელაზიკეად ცნობილი,
ლაზების ძველი სანახი,
მივიდნენ- მიუახლოვდნენ,
მინდორში დასცეს ბანაკი,

არზრუმის ციხე-სიმაგრით
კვამლი დიოდა ცად ლაღი,
აბაზა-ბეგ შიგ მაგრობდა,
ვინც ჰყავდათ აწ გასალახი,
იდგა სიმშვიდე სამოთხის
და ბიბინებდა ბალახი.

ბეგთან შიკრიკი მივიდა,
თხელი მიართვა გრაგნილი,
ეწერა: --,, სააკაძე გწერ,
ქართლიდან გადმობარგილი,
აწ ხალილ-ფაშას მრჩეველი,
ქართველი, თურქად თარგმნილი.

ვუწყი, რომ შენც ქართველი ხარ,
გონიერ კაცად ხარ ქმნილი
შენთან შეხვედრა მწადიან,
არა ხმლით, არცა მარგილით,
გული მაქვს შენდა მცხუნვარე,
ერთსისხლობისთვის, არ გრილი...”

მეორე დღეს, მარტოხესთან
ოდეს შეხვდნენ ბეგ-ფაშები,
თვალით ერთურთი გაზომეს,
გულმა შეუტოკათ მხრები,
გიორგიმ თქვა: -- ძმობით მოველ,
ოთხსავე შვილს გეფიცები,

შევავედრებ შენს თავს ხონთქარს,
ვინძლო უმალ შევთანხმდებით...
--არა, ნუღარ იქამ ამას,
მჯერა შენი, არ ვართ მტრები,
შენ ჯერ ამათ არ კი იცნობ...
ცრუებია ოსმალები.

--ჰე, ბეგლარბეგო არზრუმის,
ისმინე მოურავისა,
კვლავ გეტყვი, საძმოდ გეახელ,
არა ვარ მონა არ ვისა,
წავალ, მოგიტან ფიცის წიგნს,
შევრდომის, არა დავისა,

სამ-ოთხი კვირა იცადე,
სასო მიმიძღვის თავისა,
ხონთქარს ჯერ კიდევ ვჭირდები,
ჯერ ჟამი უდგას ვაისა,
ის დამიჯერებს, რადგან სწამს,
რო სხვებზე უკეთ დავიცავ.

მალე მოვიდა უსტარი
არზრუმის ბეგის ხარების,
მოსწერეს, არა გიწყრებით
იმ შენგან ნაიარევით,
ბოსნიეთს გგზავნით ბეგ-ფაშად,
კომლით და ცხენ-ამალებით,

შენს ლაშქარს ვგზავნით ასურეთს
აღჭურვილობით, კარვებით,
რათა დაიცვას ღირსება
მხნე ოსმალეთის ჯარების...
ჭკუით იგება სიმაგრე,
უჭკვობით ჩნდება ბზარები.

დარ-ბაქირს ქურთნი აჯანყდნენ,
ფარსთაგან ნაჩუჩხურევნი,--
არა გვწადს თურქთა უღელი,
არავისი ვართ მდგმურები...
ენიჩარების გვამებით
სტანბულს გაგზავნეს ურემნი,

ციხე გატეხეს, იშოვეს
ცხენები და საჭურველნი,
სანოვაგენი, სიმდიდრე
და სატრაბახო ულევი, --
თუ მოვლენ, აქ ვართ, განაღა
ჩამოგვიყრია ყურები.

მორავ-ბეგი ცხენს მოახტა,
ქურთისტანში გაჰყვა ჯარი,
არემარე გადაბუგეს,
ცად ავარდა ყველგან ალი,
მიარბიეს, მოარბიეს
ალ-ქამიშლი... ალ-პინარი...

ხმა დაჰყარეს, ისპაჰანში
მივალთ, მიგვაქვს ქარიშხალი,
ხუსრევ-ფაშა მოგვივიდა
ახალი მხედართმთავარი,
ჩვენი ჯარი სადაც ჩნდება,
ილეწება ყველა კარი.

კაფუჯი-ბაშ მორავ-ბეგის
მზეს ჰფიცავენ ასკერები,
ჰქუხს სახელი ჭაღაროსნის,
იხარებენ, ცალყბად, მტრებიც,
ქოსემის და, ფატმა, წერილს
ქმარს,ხუსრევს, წერს არა ქებითს:

,,გმირობანი შენ აღმითქვი...
დავიკრიბო უნდა ქვები
და გადავხტე ზღვაში, რადგან
ხმები მოდის გამარჯვების
ვიღაც გურჯის...სირცხვილისგან
ძლივსღა ვსუნთქავ, ვწყდები...ვკვდები...“

მარდინით ჯარი ოსმალთა
უახლოვდება სირიას,
შემოაღამდათ, ბანაკი
დასცეს, სად ბუსაირია,
სად ღამ-ღამობით ტყეებში
ტურის ლეკვები სტირიან,

და დილაობით აფთართა
ღრენა და ჩხუბი ხშირია...
საალყოდ ბაღდათს გადასვლა
არა ღირს, ზამთრისპირია,
გეგმაც არა აქვთ...უგეგმოდ
ყოველი საქმე ძვირია.

სჯად დასხდებიან ბეგები,
თავებს იფხანენ ფაშანი,
რა ვქნათ და რა მოვუხერხოთ,
ბაღდათს აცვია ჯავშანი,
როდის იქნება მივუხტეთ,
დავძახოთ ,,ურა-ვაშანი’,

და მისი ზღუდე-კედელი
ვნახოთ ქვიშისებრ ნაშალი,
დევს გადაშლილი რუქა და
ხუსრევს წაუკრავს თავშალი,
სახელ-დიდება სწყურია,
გარეთ ქარი ჰქრის აშარი.

ამასობაში გიორგი
ოქროებს სძღვნიდა ამალას,
ისინიც დიდ ბაზრობებზე
დაძრწოდნენ სულ წარამარა,
მსწრაფლ ყიდულობდნენ ყმაწვილებს
ცალთვალა ბედის ამარათ,

მიჰყვებოდნენ და ხუცესებს
ანდობდნენ, როგორც ამანათს,
ყველანი მიმოძრაობდნენ
ბაზრებზე, გემზე... და მარად
სამი მათგანი თან ახლდა
გმირს, ნუგეშად და წამალად.

ამინდმა გამოიკეთა
სამი კვირა რომ გავიდა,
აზამ-ხუსრევი ნოსტელთან
მოვიდა არა პარვითა,
გიორგიც გამოსულიყო,
ცას ასცქეროდა კარვიდან,

--მორავ-ბეგ, ჯარი გვიწყრება,
ამ ზამთარს ვერ გადავიტანთ, --
უთხრა, -- ნეტავ რა ვიღონოთ...
ლოდი არ მწყდება თავიდან!
მიუგო გმირმა: -- აწ გეტყვი,
რა, როგორ ანუ რა, ვითა...

სოლეიმან აღა ვიცან,
იგი არის უმდიდრესი
კაცი სრულად ბაღდათისა,
სამნი ძენი თან ახლავს და
ნაყიდი აქვს ბაზრად მიწა,

რაზეც დამასკოში უდგას
პაშტა ხულა, ნამაზს იცავს...
ის სამი ძე შევიპყრათ და
მერმე ვუთხრათ გულლაციცად,
რომ გაგვიღოს ბაღდათს კარი
ღამით, აღმოსავლეთისა!..

რადგან ცივა, იქ ციხისთავს
გულს ექნება ასრე ბჭობა: --
აწ არ მოვლენ ოსმალები,
რადგან ყინვა მათ დაცოფავს,
თან შიმშილიც შეაწუხებთ,
ეყოლებათ მტერი ორფა... –

მოუცვთებათ მათ სიფხიზლე,
ელით ტურფებთან ლაღობა!“
მოეწონა სიტყვები და
გონიერი საქმის მბობა,
მოისმინა რა ეს რჩევა,
ხუსრევ გმირს დაემშვიდობა.

,,რა მელაა, რა ტურაა,
ეს რა მოუგონებია?!
არადა სულ ადვილია,
ოღონდ იყოს კარი ღია...
შევვარდები შიგ ბაღდათში,
ცოცხალს არ დავტოვებ ნიავს,

არცთუ ვინმე სულიერს და
რასაცა რო მტერი ჰქვია,
აწ უნდა რამე ვიღონო,
მოვიცილო გურჯი ჭია,
ხონთქრის კარზე მაღიარონ,
სთქვან: -- დიადი ვეზირია!“

ხუსრევთან საუბრის ბოლოს
ფელელმა უთხრა ავთანდილს:
--წა, მიეშველე მსყიდველებს,
სამშობლოს გზებზე გადადი,
რეები ხდება, გაიგე,
ქართლს რა სენი სწყლავს, რა დარდი!..

მიუგო ძემან: -- მამილო,
მე არ გტოვებდი აქამდინ,
აწვეა ვეღარ დაგაგდებ,
ნუ მდევნი, მართლა გათათრდი?
აჰ, რა ახლოა შენამდე,
და, რა შორია ქართლამდის...

ნოსტელს მწარედ გაეღიმა,
არა სთქვა რა არაფერი,
ცას აჰხედა კვლავ და ჟრჟოლამ
შეარყია მძლავრი ძგერით,
მალე შიკრიკიც ეახლა:
--სერობად გთხოვს სერასკერი!

პური სჭამეს ბეგებთან და
ღვინო ხვრიპეს ალისფერი,
თენებამდე გაისმოდა
ხუმრობა და ჰერი-ჰერი...
პაპისაგან გამიგია:
--მღერის ის, ვინც ბოლოს მღერის!

9

გონს რომ მოეგო, გაჰხედა,
გვერდიგვერდ იწვნენ ყველანი,
იასე, მუხრანბატონიც,
შვილს ფერი ედო მელანის...
არცა ვინ სჩანდა გარშემო,
ღრუბლებზე ხტოდნენ ელვანი.

ჯარიც არ იდგა, კარავთა
არ კრთოდნენ კარაველანი...
,,რა ხანი არი აქ ვწევართ?
დღენი ორნი თუ დღე რვანი?“
იდგა სიჩუმე... მხოლოდღა
შორს ჭიხვინებდა მერანი.

მკლავი გამართა ფელელმა,
ძეს ხელი ხელში ჩასჭიდა,
ეთბო და გულს მოეფონა...
მაინც რა იყო, რა სჭირდათ?
გასძახა:--შვილო, ავთანდილ,
მაშვრალო ბრძოლა-გარჯითა,

ხმა გამეც, რა დაგვემართა,
არ დავუჭრივართ დაჭრითა,
ტკივილით არა მტკივა რა,
სისხლი არა გვდის ნაჭრიდან...
არცა სად წავუყვანივართ,
ვერცა ვინ ვერ გვივაჭრიდა!

--აქ... შუბლი მელმის, მამილო,
თითქოსდა მძიმე ლოდია!..—
წართქვა მოყმემ და დადუმდა...
ჩქამი ამოსხლტა კბოდიანს,
ხუცესი ცხენით ჩამოხდა:
--ვაი!.. აქა ვარ...მოვდივარ!..—

თქვა და ბალახზე მწოლებთან
მივიდა შიშით-ბოდვითა:
--გიორგი, შენ ხარ, ბატონო?!
ვაჰ, მე დაცემულს, ცოდვიანს,
ეს რანაირ დღეს მოვესწარ?..
რა სიხარულით ვრბოდი აქ!

ჯერ მამა-შვილი გასინჯა,
დანით გაუჭრა ძარღვები,
გამოსულ სისხლს დააცქერდა,
ძალით არა თქვა ,,ახები“,
სხვა ორნი გარდაცვლილიყვნენ,
შავად ეძინათ დაღვრემილთ.

,,მოუწამლიათ ბეგ-ფაშებს!..
აყრილან კარავ-სახლებით,
ნეტავ სად გადაპარულან
ის უმადური ძაღლები?..
მამა-ძე გასძლებს ვეღარა...
ვერ ვმწეობ ვერც ბალახებით!“

მერე უცებ გონს მოეგო,
დაუძახა ყრმას პატარას...
--აი, ჩემო მოურავო,
ეს მოგგვარე, შიში ჰზარავს,
ლაზი არის, თურქისაგან
შევისყიდე ოქროს ფარად...

აქვე, ზემოთ, ყაფურ-ხევის
კლდის ქვაბები საყდარს ჰფარავს,
იქ მამათა სავანეა...
იმათ მივგვრი, მე კი ჩქარა
მოვბრუნდები, გისაშველოთ,
გიმკურნალოთ გულით...წყნარად.“

--არა, ხუცეს, ყური მიგდე,
ახლა უნდა უმკურნალო
ჩემს სულს ანუ გადამნათლო,
ჩვენებურად და ამყარო
ის ბორკილი, რაც მაწუხებს
და რისთვისაც ძლიერ ვმწარობ!...

მიხვდა ხუცი, რაც ეწადა
გმირს და თავი მოხსნა ჯვალოს,
ჯვარ-სანთელი ამოიღო,
დაიჩოქა, ლოცვას ჩქარობს,
სიტყვები ცად აღავლინა,
ცრემლიანი...სამალმალო.

აგრძნა გმირმა, მოსქდა სულში
ცეცხლი ცხელი და დიადი,
თითქოს კვალად დაიბადა,
თითქოს ცის კიბეზე ადის...
ლოცვას მორჩა, აზიარა
ხუცმა მოურავი ქართლის

და მისი ძეც... ცხენზე შესვა
ყრმა და დაიძახა: --ჰადე!..
სწრაფად მთისკენ გაეშურა,
შემკრთალი გიორგის დარდით...
,,იქნებ განდეგილებს რამე
ბალახი აქვთ, კვირტი, ვარდი...“
10
--ჰე, მამილო, მახსოვს, ადრეც
გკითხე,--წართქვა ავთანდილმა,--
შენ ხომ უფლის კაცი იყავ,
რად გესხმოდა შურის წვიმა?!
მამულისთვის გაჩენილი
ბედმა სად არ გარბენინა...

--შვილო, როგორც ყველას, ჯვარი
ჩემეული მე ჩემი მაქვს,
ჭირს ყოველგვარს, შენ მოწმე ხარ,                                                  
მე ვხვდებოდი სიცილ-მღიმარ,
სიყვარული მამულისა
შემიჭამა ვერრა ჩრჩილმა...

--ფარსეთს რადღა გადაგკარგა,
შენ ხომ მამულს სჭირდებოდი?
--ვით შევატყვე ღმრთის განგებას,
მიმავლინა იქ, სად შფოთი
ბნელთა ძალთა იწყებოდა...
მეც საომრად მათთან ვრბოდი,

მივყვებოდი უფლის ნებას,
საკუთარ თავს არა ვფლობდი...
--დიდი საქართველო გწადდა...
ერის ერთობაზე ბჭობდი...
თავის ჯამში მაცქერალთა
არ ინდომეს, ძეთა ცოდვის!

--ეგეც უფლისაგან არის!..
გაგიკვირდეს არ ავთანდილ,
დავით და თამარის მერმე,
ოდეს იეფობდა ყანდი,
და კუჭ-გვამი ხალისობდა,
და, ვარდებს ისხამდა ბარდი,

მეყსეულად დადგა ღამე,
უუმუქეს თოვდა მანდილს,
რადგან ღმერთი დაავიწყდათ,
ხორცს და სიძვას სცემდნენ პატივს,
ბნელში ისხდნენ, ნეტარებდნენ,
არცა სწადდათ განთიადი!

--ჰო, მამილო, მაგრამ ჩვენი
დრო რითაა უკეთესი?
ერი მწარედ იგვემება,
ერისკაცთა ,,ვაი“ მესმის...
--ისევ ჩვენდა სასიკეთოდ...
ვინც თავსა სდებს ანუ კვნესის,

მისი სული, განწმენდილი,
სასუფეველს ადის, წესით!
და რაც მეტნი ვიგვემებით,
ლოცვა გვწადს და არა ხემსი,
მრავლობს და ბრწყინდება ცაში
დიდი საქართველოს თესლი!

ავთანდილ ჩაცხრა, ეამა,
არ აწუხებდა კითხვები,
ცას ჰმზერდა, თვალით ცრემლების
ჩამოსდიოდა ვირთხები,
მამისა სამადლობელად
არა ჰყოფნიდა სიტყვები.

ეჩვენა: --ნოსტე, სიაუშ
პაპა ჯოხით და წინ თხებით,
ღელისპირ ბორცვნი ქვიშისა
დათუნას შენათითხნები,
სახლები მეზობლებისა,
სახურავები, წირთხლები...

ფელელი კი განაგრძობდა,
თვალდახუჭულ, სიტყვას მეფის:
--არა ჩვენი, ჩვენი ერის
ჩვენ ვიცხოვრეთ ოცნებებით,
ერი ჭირში, მხოლოდ ჭირში
იწრთობ-გამოიხურვების...

და მივედი იმ სიბრძნემდე...
ნუღა ისმენ გაკვირვებით,
ჰე, ავთანდილ, შრომისათვის,
ღვაწლისათვის თურმე ვჩნდებით,
და, ჰა, კიდევ - ლოცვისათვის,
ლოცვისათვის მუხლზე ვდგებით!

ჩემმა ცხენებმა დალახეს
აზიის მინდორ-შარები,
დილით თუ ვიყავ მდიდარი,
საღამოს გახლდი ღარიბი...
მიწა გვატირებს, ზეცაა
წყარო მარადი ხარების!..

შენს ქოხსა ვხედავ, ავთანდილ,
ცაში სულ ოქროს კარებით!
პაატას მეზობელი ხარ...
სხვებისაც მოჩანს კარვები...
კაცურად მოიხადენით
თქვენ თქვენი წილი ვალები.

ოდეს დაუმდა, გიორგიმ
მსწრაფლ თვისი გვამი იხილა,
ავთანდილს, მდუმარს,სიოსგან
უთრთოდა ულვაშ-ღინღილა,
დუმდა თვით მუხრან-ბატონი,
კაცი ხუმარა, ღიღინა,

იასეს ამოსჩაჩოდა
ახალუხი სულ ღილ-ღილად...
სამშობლოსათვის შობილნი,
რა უნდათ, აქ რად მიყრილან?!
ტყით ტურამ დაიწკმუტუნა,
ციდან ყორანმა იყივლა.

გამოიქცნენ სავანიდან
წინამძღვარი, მორჩილები,
ყაფურ-ხევი გადმოლახეს,
იყვნენ თმააქოჩრილები,
შეაშინეს ხევში დიდი
და პატარა ქორჭილები.

გადმოახტნენ,ჭიგოები
გზად ეყარა მოჭრილები,
აღმართ-აღმართ ამოვიდნენ
სულთქმით, ძალის მომჭირნებით,
ციდან ყვავები უმზერდნენ
ღრუბლით მიჯრილ-მოჯრილები.

სწრაფად შეჰკრეს საკაცენი,
სავანისკენ გააქანეს,
გვამნი ძეთა სოფლისათა,
გაიარეს ველნი მწვანე,
შე-წყალ-ვიდნენ, ნელა ვლიდნენ,
რათა ზვირთთა არა ავნეს,

გამოვიდნენ, მოიწურვეს
კაბით წყალნი, გასცდნენ ყანებს,
სად კლდე იყო გამოჭრილი
გვამნი გვერდ-გვერდ დააბრძანეს,
იქ აუგეს წესი, სულნი
მათნი უფალს შეანანეს...

--ჰე, ღმერთო,-- წართქვა ხუცესმა,
რა მოიწმინდა ცრემლები,--
ვინ უპატრონებს ჩვენს მამულს,
სადღა არიან მცველები,
გიორგის დარი რჩეულნი
შენგნით აღმონაცენები...

რად მიგვატოვე ყრუები,
რად გაგვწირე-ყე ელმები?..
--ჰე, გმირნო, მამულიშვილნო,
დამოკლდა თქვენი ცერები,
დაგემსხვრათ სატევრები და
გაიქცნენ თქვენი ცხენები!..

ამას იქით ეგ საწუთრო
მწუხარებას ვეღარ მოგგვრით,
თქვენი სული ცად მიფრინავს,
აქ, მიწაზე სტოვებთ ბორკილთ,
დაიძინეთ, ქართველებო,
ვნებათაგან ნუღა ჰბორგით!..

დააწერეს კლდის ნაპრალზე
ზოგი კირით, ცარცით ზოგიც: --
,,ავთანდილი“, ,,ქაიხოსრო:“,
,,იესეი“ და ,,გიორგი“...
იდგა ჟამი შემოდგომის.
გარდასული იყო დრო რგვის.

11

შენ სულის გამოცდა იწადე,
ღმერთს ჰკითხე, თავისთავს არ ენდე,
განფინე მახვილი შვიდ ცამდე,
განფინე მახვილი განედებს...
დაე, ერს ლოცვისთვის ჰღვიძავდეს,
ჯავრს ქარის ატანდეს კარეტებს, --
წარსულში შენს სახელს ვფიცავდეთ...
მერმისში არვისთან არ ვრევდეთ!

12

კალამ-ქაღალდის მინდორზე,
გასრულდა გმირის ცხოვრება,
რომელიც დაგვიწერიეს
წრფელ გულთა ასაჩქროლებლად,
ცხელ მკერდზე მჯიღთა საცემრად,
ღაწვებზე ცრემლთა გორვებად,

გიორგი დიდის სახელის
და ძეგლის საამბორებლად,
მოგითხრეთ ჩემთა ხილვათა
ლექსებში განმეორებად,
დიადთა მამულიშვილთა
სახსოვრად და საცხოვნებლად.

{გ. რუხაია}







„

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი