სამშობლოო - გამჩხრიკეს
სამშობლოო - გამჩხრიკეს და ვერსად მიპოვეს სამშობლო. აი, ასე ვარ - ერთმანეთში მერევა ფრენის, ცურვის და სიარულის წესები, დარჩენა ჯობს, მაგრამ წაუსვლელობაც არ იქნება. წარმოვიდგენ - კედელთან მიდგმულ მაგიდასთან ვზივარ, ან მწვანე ბალახზე, ვიდრე მებაღის უგულობა გადაბუგავს. ზოგჯერ ისე ახლოა, თითქოს აია-სოფიას ტაძრიდან სულთან აჰმედის მეჩეთამდე გადამერბინოს, ზოგჯერ კი მთელი საჰარაა გასავლელი. ჩემი თავის ექიმი უნდა გამოვიდეო - სამი წლის ნინამ, ჰოდა, მეც ვიქნები ჩემი თავის სამშობლო, მინდა გავაციმბირებ, მინდა ციებას ავარიდებ. ეზოს ჭინჭრებს ვაქებ, უდაბნოს სილაში ამოსულ ქვებს. ერთ ბოძს მაინც დავრგავ, ხმელტოტებას, იდგეს, ხეებს ბაძავდეს! არსად ნახსენებ ბიძაჩემს გავიხსენებ, დედამისს რომ მზესავით არასდროს ჩამოუტარებია, არ ყოფილა ვარსკვლავ ბიჭუნა. ყვითელ წიწილას, თავწაწყვეტილს, ვიტყვი - სიყვარულით ვერ გააცოცხლებ, სიყვარულით შეიძლება ამოჩიჩქნო ქვიანი მიწა და ფრთხილად, ფრთხილად ჩაასვენო პირველი მკვდარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი