სონია


სონია, ქვების სროლია!
ყიჟინით მოგყვებით
თავდაღმართზე ლამის 
სირბილით მიმავალს.
- სონია, ქვების სროლია!
ვიდრე არ მოტრიალდები
და მიწისკენ არ დაიხრები.
არ ვიცი, ვინმეს თუ მოხვედრია 
ნასროლი ქვა, 
არ ვიცი, მართლა გიჟი ხარ,
თუ გაბრალებენ.
მთელი ბავშვობა მინდოდა,
შენს მიერ დახატულ 
მამალს გავეღვიძებინე
და არა საათის ავ ხმას.
ნეტა რას ფიქრობდი ღარიბულ,
თუ ღამეების ქოხს შეფარებული
სოფლის პიკასო,
ნეტა ვინმე თუ გიყვარდა 
მარტოქალას?
ზოგჯერ, როცა მინდა 
მიწისკენ დავიხარო,
რომ აყვირებულ ცხოვრებას 
ქვები დავუშინო,
წამოვიდგენ, როგორ დგახარ
გამოგონილ, ფერად მინდორში
და შემოსეულ ჩიტებს აპურებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი