გულკეთილი ქვრივი (მოთხრობა)
ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი ღარიბი და ღვთისნიერი ქვრივი. შვილად ჰყავდა ერთი შვიდი წლის ვაჟი. ქვრივი ბოროტისათვის ბოროტს არასდროს არ უზამდა ადამიანს, პირიქით, ცდილობდა, სიკეთე ექმნა და ამ გზით მტერი მოყვარედ გადაქცეოდა. ამ ქვრივს ერთხელ დათესილი ჰქონდა ნახევარ-დღის მიწა სიმინდით და წლის სარჩოს აქედან მოელოდა. მთელი სოფლის არემარეზე სდიოდა მხოლოდ ერთი პატარა რუ. ამით რწყავდნენ სოფლელები რიგრიგობით ბოსტნებსაც, ვენახებსაც და სიმინდებსაც. როცა ქვრივის ჯერი მოვიდა, მერუეებმა მისცეს წყალი მხოლოდ ერთი ღამით სიმინდის მოსარწყავად. ქვრივმა შვილის დახმარებით საღამო ჟამზე სიმინდს წყალი მიუშვა და როცა დაღამდა, შინ დაბრუნდა. იმედი ჰქონდა, რომ იმისი სიმინდი იმ ღამეს მთლიანად მოირწყვებოდა. მაგრამ მეზობელმა, გაიგულა თუ არა ქვრივი, მისი სიმინდიდან წყალი თავის სიმინდში გადაუშვა და მთელი ღამე თავისი სიმინდი რწყა. ქვრივის სიმინდი დარჩა მოურწყავი, გახმა და მოსავალი გაფუჭდა. გავიდა რამდენიმე ხანი. ქვრივის მეზობელს ყმაწვილი ცოლი სახადით ძლიერ ავად გაუხდა. სოფლელებს ეშინოდათ გადამდები ავადმყოფობისა და ყველანი ერიდებოდნენ. ავადმყოფს მომვლელი შინაც არავინ ჰყავდა და ამიტომ მისი მორჩენა ძლიერ ძნელი იყო. ქვრივმა ეს რომ შეიტყო, თავისი ვაჟი ნათესავებში გაგზავნა, ახსენა ღმერთი და მეზობლისას მივიდა ავადმყოფის მოსავლელად. რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვრივი ისე უვლიდა სახადიანს, როგორც ღვიძლი დედა და თავის თავს მოსვენებას არ აძლევდა არც დღე და არც ღამე. ავადმყოფის ქმარს სირცხვილი სწვავდა, სინდისი სტანჯავდა და ქვრივისათვის თვალის გასწორებაც ვერ გაებედნა. ბოლოს, როგორც იყო, ავადმყოფი გამობრუნდა და სახადისაგან სრულიად გათავისუფლდა. როცა ქვრივის მეზობელმა სიმინდი მოსჭრა და გაარჩია, ნახევარი მოსავალი მიუტანა ქვრივს, ბოდიში მოუხადა თავის შეცდომაზე და სთხოვა, სიმინდი მიეღო მისგან. ამ დღიდან მეზობელი ბოროტს ერიდებოდა და ცდილობდა მტრობისათვის მტრობა არ დაეპირისპირებინა, არამედ სიკეთის ქმნით მტერი მეგობრად ექცია.
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი