სირცხვილის აშორება (მოთხრობა)
შუადღე იყო, ძალიან ცხელოდა. პატარა სანდრო მინდვრიდან შინ ბრუნდებოდა. შიმშილიც ძლიერ აწუხებდა და წყურვილიც. გზაზე, მეზობლის ვენახში ღობესთან დაინახა წითლად დაკუნწლული ვაშლი. თვალი ზედ დარჩა, პირზე ნერწყვი მოადგა და კბილებმა კაწკაწი დაუწყო. ვაშლები თითქოს უცონოდნენ სანდროს, იწვევდნენ და ეუბნებოდნენ: ამოხტი, მოგვწყვიტე, ჩაგვკბიჩე და პირი ჩაიტკბარუნეო. სანდრო ყოყმანობდა: ქურდულად სხვისი ვაშლის მოკრეფა ეძნელებოდა, ეთაკილებოდა. ცხოვრებაში არაფერი მოეპარა. მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა, სულმა წასძლია, ახტა ღობეზე, მოწია ტოტი და ოთხი წითლად დაბრაწული ვაშლი მოწყვიტა. მიდის შინისაკენ სანდრო, ჭამს ვაშლს, მაგრამ რაღაც ჯავრს გრძნობს, თითქოს გულში ვიღაც უზის და ეუბნება: „ეგ ხომ ქურდობა ჩაიდინეო“. შხამად ეჩვენება ვაშლი საწყალ ბავშვს, სწუხს თავის სულწასულობაზე, მაგრამ რა ჰქნას? ვაშლებს ხომ ვეღარ მიაბამს ხეზე. მიდის ასე შეწუხებული. უცებ სანდრო გაჩერდა. რაღაც აზრი მოუვიდა, სახე გაუნათდა. სანდრომ მოჰკურცხლა ვენახის პატრონის სახლისაკენ, მიირბინა კარებზე და დაიძახა: - ნათლიდედ, ერთი გარეთ გამობრძანდი! - შენა ხარ, სანდრო? რა გინდა, ჩემო კარგო? - ჰკითხა შინიდანვე დიასახლისმა. - ნათლიდედ, გეთაყვა, ნუ გეწყინება: თვენს ვენახში განაპირა ხეზე ოთხი ვაშლი მოვწყვიტე პირის გასასველებლად და სამაგიერო სიკეთეს გადაგიხდი! - შეგარგოს ღმერთმა! - უთხრა კეთილმა დიასახლისმა. სანდრო დაბრუნდა შინ სინდისდამშვიდებული და ტკბილად შეირგო წითელი ვაშლები.
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი