ასპინძის ომი (ისტორიული მოთხრობა)
ასპინძის ომი ავტორი: იაკობ გოგებაშვილი ვიკიციტატა «მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს, დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს. » გრ. ორბელიანი 1. შესავალი მშვენიერი სანახავია მოწმენდილი ცა განთიადის წინ. ლაჟვარდის ფერი გაუზომელი გუმბათი მოჭედილია ბრწყინვალე ვარსკვლავებითა და ესენი განუწყვეტლივ ებრძვიან ღამის სიბნელესა და ჰფენენ დაუსრულებელს სივრცეში სინათლესა და ლხენასა. ამ სასიქადულო ქვეყნის სამსახურში ყველაზე მეტად დაწინაურებულია ორი მნათობი: ცისკარი და ხარისთვალა. ესენი ჩვენს დედამიწას ისე უხვად უგზავნიან სინათლესა, რომ ბნელს ღამეს ამსგავსებენ ნათელს დღესა. ქება და დიდება ცის მნათობებსა და უპირველესად ყოვლისა მათ შემოქმედსა. ასეთსავე საოცარს სამზერს წარმოადგენს სამოცდახუთის წლის მეფობა წარსულს საუკუნეში ერეკლე მეორისა, ანუ “პატარა კახისა”. იგი დაუსრულებელი ბრძოლაა სინათლისა სიბნელესთან, თავისუფლებისა მონობასთან, ბრძოლა, სავსე საოცარი ვაჟკაცობით, მრავალის ბრწყინვალე გამარჯვებათ შორის ორი კაშკაშებს განსაკუთრებული შუქითა. ერევნისა და ასპინძის ომი — აი ხარისთვალა და ცისკარი ერეკლეს სამხედრო მოქმედებაში. პირველს — ერევნის — ომში ჩვენი სახელოვანი მეფე სამი ათასი კაცით შეებრძოლა თვრამეტ ათას სპარსელს ჯარსა, თავისი ხელით მოუკლა მას ერთი საუკეთესო წინამძღოლთაგანი, შიშის ზარი დასცა მტერსა, სძლია იგი, დააყრევინა ბევრი ზარბაზანი, წაართვა მრავალი სიმდიდრე და საშინლად დამარცხებული გააქცია. მეორე — ასპინძის — ომში ისე იჩინა თავი, ისეთი საოცარი ვაჟკაცობა და სამხედრო ხელოვნება გამოიჩინა, რომ მთელი ევროპა გააცვიფრა, აღტაცებაში მოიყვანა თვით ფრიდრიხ დიდი, პრუსიის უძლეველი მეფე, და სახელად დაერქვა “ასპინძის გმირი”. ქება და დიდება ერეკლე მეფის სახელსა და დღეგრძელობა მის დამბადებელს და აღმზრდელს ქვეყანასა! 2. იმპერატრიცა ეკატერინე და ერეკლე მეფე მე ამ ჟამად მწადია მოგითხროდ ამბავი მხოლოდ ასპინძის ომისა. 1769 წელსა რუსეთის იმპერატრიცამ ეკატერინე მეორემ ომი გამოუცხადა ოსმალეთსა. ამავე დროს მისწერა ქრისტიან ხალხებს, რომელნიც შავ ზღვას იქით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, რომ ისინიც შეიარაღებულიყვნენ, რუსეთისათვის მხარი დაეჭირათ და გალაშქრებულიყვნენ ოსმალეთზე, ამ ქრისტიანობის მტერზედა. ესევე მოსწერა იმერეთის მეფეს სოლომონსა და ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლესა. ბერძნებს, ჩერნოგორელებს, სერბიელებს, ბოლგარელებს და სხვა ხალხებს ბალკანეთის ნახევარკუნძულისას ეშინოდათ ოსმალეთისა და ყური მოიყრუეს, ომში მონაწილეობა არ მიიღეს. სრულიად სხვარიგად მოიქცა ერეკლე მეფე. მაშინვე შეუდგა სალაშქრო მზადებას და ომიც გამოუცხადა ოსმალეთსა. ესე მოიქცა ჯერ იმიტომ, რომ უნდოდა ეამებინა ეკატერინესათვის და რუსეთთან კავშირი განემტკიცებინა, და მეორე იმიტომ, რომ ამ ომიდან ის თავისი სამეფოსათვის დიდს სიკეთეს მოელოდა. ჯავახეთი და ახალციხის მხარე, ქართველი ტომით დასახლებული, უძველესი დროიდან საქართველოს ეკუთვნოდნენ; მაგრამ იმის წინა საუკუნეში ოსმალეთმა ისარგებლა საქართველოს სისუსტით, ეს ქვეყნები გამოჰგლიჯა ხელიდან და დაისაკუთრა. და აი, ერეკლეს ეწადა რუსეთის ჯარის დახმარებით წაერთმია ეს ორი მხარე ოსმალეთისათვის და შემოეერთებინა საქართველოსთანა. უფრო კიდევ მომეტებული სიამოვნებით მიემხრო რუსეთს სოლომონ მეფე, რომელიც უამისოდაც ებრძოდა ოსმალეთსა.
წყარო: wikisource.org
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი