ნაყოფი ტოტლებენის ღალატისა (მეოთხე თავი)
რუსთა ჯარის უკან მოქცევამ ძლიერ ცუდად იმოქმედა ქართველებზე. ესენი ისე გაბრაზდნენ, რომ კინაღამ საშინელი საცოდაობა არ დატრიალდა. ერეკლესთან შუაკაცად გამოგზავნილი იყო რუსეთიდან თავადი მოურავოვი, გარუსებული ქართველი, შვილი რუსეთში გადასახლებული ქართველისა. ეს მოურავოვი დაიბადა რუსეთში, იქ აღიზარდა და სამსახურშიაც იქვე შევიდა. მან რუსულის ენის გარდა ქართულიც იცოდა და ამიტომ კარგათ შეეძლო შუაკაცობა გაეწია რუსეთსა და საქართველოს შორის. ამ მოურავოვს თან ახლდნენ რუსის მოსამსახურენი და რამდენიმე კაზაკი. და აი გულმოსულნი ქართველნი ჯარისკაცნი მიესივნენ ამ რუსებსა და მათზე უნდა ეყარნათ ტოტლებენის ჯავრი. მაგრამ ერეკლემ და სხვებმა ჯარს აუხსნეს, რომ ტოტლებენი ჩამომავლობით რუსი არ არის, რომ იმან წინეთ რუსეთსაც უღალატა, რის გულისათვის კინაღამ დახვრიტეს, რომ რუსეთის აფიცრები და ჯარისკაცნი თვითონაც ძლიერ გულმოსულნი არიან თავის წინამძღოლზე, მაგრამ უნდა მორჩილობა გაუწიონ, როგორც თავის უფროსსაო. ძლივ-ძლივობით დააშოშმინეს ჯარი. ტოტლებენის მოულოდნელმა საქციელმა სხვა შედეგიც დაბადა. ქართველი ჯარი საგონებელში ჩავარდა. ეტყობა, ოსმალოს დიდი ჯარი ჰყოლია, რომ ტოტლებენს შეეშინდა, ზურგი მტრისკენა ჰქნა და ქართლისაკენ გასწიაო. ამ შეძრწუნებით ისარგებლეს ოსმალებმა, უცებ გამოვიდნენ ციხიდან, დაესხნენ თავს ქართველებსა და თუმცა ბრძოლის შემდეგ უკუქცეული იქნენ, მაგრამ ოთხმოცამდე ქართველი ტყვედ შეიტაცეს ციხეში. მდგომარეობა ძლიერ გაჭირვებული იყო. ხოლო სწორედ ამისთანა გაჭირვებულ შემთხვევაში გამობრწყინდებოდა ხოლმე ერეკლეს საოცარი გავლენა ჯარზე. რამდენიმე მარჯვე სიტყვით ერეკლე ყოველ თავის ჯარისკაცში სრულიად გააქრობდა ხოლმე შიშსა და ჩაჰბერავდა ვაჟკაცობის და მამაცობის სულსა, მხდლებსაც კი გმირებად გადააქცევდა ხოლმე... მეფემ დაუარა თავის ჯარსა, მოაგონა, რომ ქართველებს თავისი საკუთარი ძალ-ღონით და ვაჟკაცობით მრავალჯერ დაუმარცხებიათ ათჯერ და ოცჯერ მათზე მეტი მტერი, და ბოლოს უთხრა: ჩვენ ან უნდა გავიმარჯოთ მტერზე, ან მთლად დავიხოცნეთ აქა. ისე დაბრუნება კი სამშობლოში ჩვენთვის თავზე ლაფის დასხმა იქნება. რა უნდა ვუთხრად ჩვენს დედებს, ჩვენს ცოლებს, ჩვენს დებსა, მთელს ქართველობას, როცა ხელცარიელნი მივალთ შინა. განა ამისთანა ლაჩრობა ქართველებს შეჰფერის? არა, ძმებო, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც წინეთ მოვქცეულვართ, როგორც შეჰფერის ქართველთა მამაცობას და ვაჟკაცობას. წინ და არა უკან...
წყარო: wikisource.org
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი