ქართველი ჯარი როკეტის გზაზე (მეხუთე თავი)
თბილისიდან რომ გამოვიდა ერეკლე, მხოლოდ სამი ზარბაზანი წამოიღო თან, რადგანაც ტოტლებენის ზარბაზნების იმედი ჰქონდა, სამი ზარბაზნით კი აწყურის ციხის აღება ყოვლად შეუძლებელი იყო მოკლე ხანში... ერეკლე საგონებელში ჩავარდა და არ იცოდა, აწყურთან დარჩენილიყო დროებით, თუ წინ წასულიყო ახლავე. ამ დროს მას ჯავახებმა ამბავი მოუტანეს, რომ ოსმალოს ჯარი ასპინძის მოკლე გზით აპირობს მოეშველოს აწყურსაო. აქ საჭიროდ მიგვაჩნია გაუწყოთ, რომ ასპინძისაკენ აწყურიდან ორი გზა მიდიოდა: ერთი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მეორე მარჯვენაზე. პირველი გზა იყო შარა გზა, განიერი და სწორი, მაგრამ ძლიერ გრძელი. მას ერქვა ახალციხის გზა. ამ გზით რომ წასულიყო ერეკლე, ჯერ ახალციხემდის უნდა გაევლო ოცი ვერსი, მერმე ახალციხიდან აღმოსავლეთისაკენ ექმნა პირი, გაეარნა კიდევ ოცდაათი ვერსი და მისულიყო ასპინძასა. მეორე გზა მეტად მოკლე იყო, ასპინძამდის სულ ოცს ვერსს შეადგენდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ვიწრო იყო, ოღროჩოღრო. უმეტესად მთა-მთა მიდიოდა და ძლიერ აბრკოლებდა თავისუფალს მოძრაობასა, სიარულსა. ერეკლემ ეს ძნელი გზა არჩია, რადგანაც მტერი თურმე ამ მოკლე გზით აპირებდა მოშველებოდა აწყურსა. ამ მოკლე გზას როკეტის გზა ერქვა, რადგანაც როკეტის მთაზე გადადიოდა.
წყარო: wikisource.org
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი