ქართველი ჯარის განსაცდელი იდუმალასან (მეექვსე თავი)


ერეკლემ აჰყარა ალყა აწყურს. დასძრა თავისი ჯარი და გაუძღვა როკეტის გზაზე. ჩვენი ჯარი ძლიერ ნელა მიდიოდა ცუდ და უცნობი გზის გამო. შეიტყო თუ არა ალყის აყრა აწყურის ციხეში მყოფმა მტრის ჯარმა, იგი, უმეტეს ნაწილად, გამოვიდა სიმაგრიდან, უფრო მოკლე გზა აირჩია, გაუსწრო წინ ჩვენ ჯარსა, წინ უყელა, შეუერთდა თავიანთ ჯარს, ასპინძის ახლო მყოფსა, შეადგინა ორი ათასი ლაშქარი და უცებ თავს დაესხა ქართველ წინა ჯარსა იდუმალას მახლობლად. ბლომა ნაწილი ჩვენი ჯარისა უკან იყო დარჩენილი, წინა ჯარსაც მტერმა მოასწრო უხერხულს ალაგს, მოულოდნელად მიიტანა მასზე იერიში და ამიტომ ჩვენი ჯარი აირია, შეძრწუნდა და ზურგი აქცია მტერსა. საშინელი დამარცხება ვერ ასცდებოდა ქართველთა ჯარსა, თუ რომ მეფის სამაგალითო გულადობას არ ეხსნა იგი დიდის განსაცდელისაგან. ერეკლე პირადად გაექანა “რაოდენიმე ჩინებულითა და შინა ყმითა თვისითა და შვიდით ხევსურითა, განსწირა თავი თვისი და ეკვეთა ფიცხლად, ვიდრე სიკვდილამდე”... გამოქცეული ჩვენი ჯარი, როცა მან თავისი უსაყვარლესი მეფე განსაცდელში დაინახა, გონზე მოვიდა, ისევ აივსო მამაცური გამბედაობით, მიუბრუნდა მტერსა, დაესხა თავსა და საშინლად დაამარცხა. მტრის ორი ათასი კაციდან ათასმა ძლივს უშველა თავსა გაქცევითა. ნახევარი ჯარი ოსმალ-ლეკებისა ბრძოლის ველზე დარჩა დახოცილი და დაჭრილი.

ამ შემთხვევაში ერეკლე უნებლიედ მოგაგონებთ იულიუს კეისარსა, პირველს სარდალს ძველის დროისას. როცა ისპანიაში პომპეუსის შვილების ჯარმა ზურგი აქნევინა კეისარის ჯარსა და გამოაქცია, ეს სწრაფად მოაჯდა თავის ცხენსა, მჭეხარი ხმით შესძახა: “განა ამ ბალღებს უნდა დავემარცხებინოთო!” და იერიში თვითონ მიიტანა მტერზე. გაქცეულმა ჯარმა რომ თავისი უძვირფასესი წინამძღოლი დაინახა საშინელს ხიფათში, მობრუნდა, მამაცურად შეება მტერსა და საშინლად დაამარცხა.

წყარო: wikisource.org

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი