დაბანაკება ჩვენი ჯარისა ასპინძის სერებზე (მეშვიდე თავი)


ხოლო მთავარი განსაცდელი ერეკლესი ჯერ წინ იყო. ამ ომს შემდეგ არ გასულიყო რამდენიმე საათი და დაღალულს ჯარს ჯერედ არ დაესვენა, რომ ერეკლეს ამბავი მოუტანეს: შენზე ახალციხიდან მოდის მთავარი ჯარი ოსმალ-ლეკისა, რიცხვით ათი ათასი, და რამდენიმე საათის შემდეგ გამოვა მტკვარსა და თავს დაგესხმებაო. ამ დროს ერეკლეს თანა ჰყავდა სულ ოთხი ათასი მეომარი, დანარჩენი ზოგი სურსათზე იყო წასული, ზოგი უკან იყო დარჩენილი და ზოგიც ჭრილობით და ავადმყოფობით იყო შეპყრობილი. სამწუხაროდ, ეს ოთხი ათასი კაციც მარტო ქართველთაგან როდი იყო შემდგარი. მათში ერია ათასი ბორჩალოელი თათარი, რომელთაც ერეკლე სავსებით ვერ ენდობოდა. ამაზე უფრო გაჭირვებული მდგომარეობა განა ძნელი წარმოსადგენია? სამი ათასი ქართველი უცხო ქვეყანაში უნდა შებრძოლებოდა ათი ათასს მტრის ჯარსა. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, სწორედ ამისთანა უკიდერესს გაჭირვებაში თავს იჩენდა ხოლმე ერეკლეს საოცარი ნიჭი სარდლისა... ერეკლემ კარგად იცოდა, რომ მარჯვე პოზიცია, მოხერხებული საომარი ადგილი ყველაზე მომეტებულად იყო საჭირო გამარჯვებისათვის ამისთანა ძალთა უსწორობაში. და სწორედ ამისთანა პოზიციის ამორჩევას და დაჭერას დაეშურა დაუყოვნებლივ. მეფემ გაიარა იდუმალა და მიმართა ასპინძის მაღლობებსა. ეს მაღლობები ჩამწკრივებული იყო იდუმალასა და ასპინძას შუა მტკვრის მარჯვენა ნაპირასა; მტკვარსა და ამ მაღლობებ შუა სულ ორი ვერსის სიგანე ვაკე იყო დარჩენილი და აი სწორედ ეს სერები აირჩია ერეკლემ საომარ ადგილად და აქ ჩაასაფრა თავისი მცირე ჯარი.

მეფეს ჯარი გაყოფილი ჰყავდა სამ ნაწილად; ერთს ნაწილს თვითონ განაგებდა, მეორეს უწინამძღვრებდა მემკვიდრე საქართველოს ტახტისა გიორგი ბატონიშვილი, უფროსი ვაჟი ერეკლესი, და მესამე ნაწილის უფროსი იყო დავით ორბელიანი. შუა მაღლობები ერეკლემ დაიჭირა თავისი ჯარითა, მარცხენა მაღლობზე გამაგრდა ორბელიანი, მარჯვენაზე — ბატონიშვილი გიორგი, რომლის პოზიცია კარგა მანძილზე იყო მოშორებული. ბატონიშვილს ნაბრძანები ჰქონდა მამისაგან, რომ თავისი ჯარით ომში მონაწილეობა თავდაპირველად არ მიეღო, თავისი ძალღონე შეენახა შემდეგისათვის და გაჭირვების დროს, ან ბოლოს ხანს, დასვენებული ჯარით იერიში მიეტანა მტერზე.

ჯერ ქართველი ჯარი კარგად არ იყო დაბინავებული ასპინძის მაღლობებზე, რომ თათრის ჯარმა დაიწყო გამოსვლა ხიდზედა, რომელიც ასპინძის ზემო მტკვარზე იყო გაკეთებული ჩქარა მთლად აავსო გრძელი და ვიწრო ვაკე და მიუახლოვდა ქართველ ჯარსა. მაგრამ ღამემ უსწრო და ომი შემდეგის დღისათვის იქნა გადადებული.

წყარო: wikisource.org

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი