კოხტა ბელადის მოკვლა ერეკლეს მიერ და საშინელი განადგურება მტრისა (მეცხრე თავი)
უცებ დაიძრა მტრის ჯარიდან ათასი ცხენოსანი ლეკი და ხმალამოღებული ნიავსავით გამოექანა ქართველი ჯარისაკენ იერიშის მოსატანად. მას წინ მოუძღოდა, მოჰქროლავდა ახოვანი ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე მჯდომი, კოხტა ბელადი, პირველ მეომრად ცნობილი მთელს დაღისტანში. კოხტა მისმა ბედაურმა კარგა მანძილზე დააწინაურა. ჩვენი მხრიდანაც ისკუპა ცეცხლსავით სწრაფმა მერანმა და გაექანა კოხტასაკენ. ამ მერანზე იჯდა მშვენიერი შუატანის და შუახნის ვაჟკაცი, ცოტა ბეჭებში მოხრილი, არწივისებურის თვალების პატრონი, მდიდარს ტანისამოსში გამოწყობილი; ამ ვაჟკაცს ყველა მოძრაობაში ეტყობოდა საოცარი სისწრაფე და სიმარჯვე... ეს იყო ერეკლე მეფე, რომელიც ხმალამოღებული მიისწრაფებოდა გამოქანებულის მტრისკენ. ერეკლეს ხმალამოღებულივე მოსდევდნენ შვიდნი წინათ ხსენებულნი სახელოვანნი ხევსურნი და სხვა ცხენოსანნი. დადგა საშინელი წამი. ჩქარა ორივე ბედაურნი თითქმის ერთმანეთს შეეხალნენ. ერეკლესა და კოხტას ხმალმა ერთსა და იმავე წამს გაიელვა ჰაერში. დამიზნებული ხმალი კოხტასი ერეკლემ მარჯვედ აიცდინა და თავისი ბასრი ხმალი დასთხლიშა საკვირველი სისწრაფით მტერს თავზე. კოხტას მზე დაბნელდა ბასრი მახვილით თავგაპობილი და თქრიალა სისხლში მოსვრილი, იგი მოსწყდა თავის მერანსა და დედამიწაზე ზღართა მოიღო. მაშინვე გაისმა ლომებრივი და მტრის სიკვდილის მომასწავებელი ხმა ერეკლესი: ხმალი ამ წუნკალებსაო! ქართველი ცხენოსანი ჯარი, აღტაცებაში მოყვანილი მეფის საოცარი მამაცობით და სიმარჯვით მიესია მტერსა და დაუწყო უწყალოდ ჩეხა. კოხტას მოკვლამ, საზარელმა ჭიხვინმა მისი ბედაურისამ, რომელიც უპატრონოდ გადარეული დარბოდა ოსმალ-ლეკების წინა, საშინელი თავზარი დასცა მტერსა, მოადუნა, დააუძლურა და ბრძოლის ძალა წაართვა მთლად. ჩვენი ქვევითი ჯარიც მიესია თავზარდასხმულს ოსმალ-ლეკების ლაშქარსა და სულ მუსრი გაავლო. მტერი სწრაფად იწევდა უკან და მას მხოლოდ ცოტათი ამხნევებდა ის იმედი, რომ ხიდამდის მივაღწევ, მტკვრის იქითა ნაპირს გავალ და გაქცევით თავს ვუშველიო. გარნა უბედურმა მტერმა არ იცოდა, რომ შორსმჭვრეტელი ერეკლე ამისთანა წინდაუხედაობას თავის დღეში არ ჩაიდენდა. უცებ მოისმა საცოდავი ხმაურობა მტრის უკანა ჯარში, როცა იგი ხიდს მიუახლოვდა. ამ ხმაურობამ ჩქარა უწია წინა ჯარამდის. რა ხმაურობა და ჟრიამული იყო ესა? ეს ხმაურობა ჰფენდა მტრის ჯარში საზარელს ამბავს — ხიდის ჩაშლას მტკვარზე. ადვილად მიხვდებით, რომ ხიდი ქართველებისაგან უნდა ყოფილიყო გაფუჭებული. და ასეც იყო. თავდაპირველადვე ერეკლეს სრული იმედი ჰქონდა მტერზე გამარჯვებისა და უნდოდა გასაქცევი გზა შეეკრა იმისთვის. ამიტომ წინაღამეს უბრძანა სამს რჩეულს ვაჟკაცს — ჩუმად წაესხათ რამდენიმე ჯარის კაცი, შეუმჩნევლად მიპარულიყვნენ ხიდთან და გაეფუჭებინათ. ეს ვაჟკაცნი იყვნენ: აღაბაბ ერისთავი, სვიმონ მუხრან-ბატონი და ხუდია ბორჩალოელი. ამათ ისე ოსტატურად და სწრაფად შეასრულეს ღამის სიბნელეში მეფის ბრძანება, რომ მტერს სრულიად არაფერი შეუტყვია. მეორე დღესაც ოსმალ-ლეკთათვის ეს გარემოება შეუმჩნეველი დარჩა, რადგანაც ხიდი ჩაფუშული როდი იყო, არამედ გადახერხილი ქონდა თავხეები. რაწამს პირველი რიგი გაქცეული თათრის ჯარისა შესდგა ხიდზე, თავხეები ჩაიმტვრა, ხიდი ჩაიშალა და თან ჩაიტანა უბედურნი... ხიდის ჩაშლის ამბავმა მტრის ჯარს მთლად წაართვა ძალა, გარდააქცია მხდალ ცხვრის ფარად და მისცა სასოწარკვეთილებასა. ქართველები კი მეფის სამაგალითო გამარჯვებამ და საოცარმა ვაჟკაცობამ სიმამაცით აავსო და ლომებად აქცია. და, აბა, მშიშარა ცხვრები რაღას გააწყობდნენ გააფთრებული ლომების წინააღმდეგ. სხვა გზა რომ აღარა ჰქონდათ, ოსმალ-ლეკები ცვივოდნენ მტკვარში იმ იმედით, ეგები როგორმე იქით ნაპირს გავაღწიოთო. მაგრამ ტყუილად. მაშინ აპრილი იდგა, წყალდიდობა იყო, მტკვარი აზვირთებული მოქუხდა და ამიტომ მასში გასვლა ძლიერ ძნელი იყო. და ან როგორ შეეძლოთ გაეღწიათ იქით, როდესაც ერთმანეთს ელალებოდნენ, პირველს რიგს, ჩაცვივნულს მტკვარში, მეორე რიგი ზემოდან ეცემოდა, მეორეს მესამე და ერთმანეთს აძირვინებდნენ მტკვარსა, ირჩობოდნენ, იღუპებოდნენ. ერთი მხრივ მტერი იჟლიტებოდა ქართველთა ხმლითა და ხანჯლითა, მერე მხრივ ადიდებული მტკვარი ნთქავდა მას თავის ზვირთებში. მტკვარი ისე გაივსო დამრჩვალი ოსმალ-ლეკებითა, რომ ბევრს ადგილს ნაპირებიდან გადმოვიდა. ამასთან მთელი მდინარე წითლად შეიღება ნაკადულებად დაღვრილი სისხლისაგან. იმდენი ჯარი ოსმალ-ლეკებისა თითქმის მთლად დაიღუპა. სამი ათასი კაცი შეიქმნა მსხვერპლი ქართველთა იარაღისა და მოჰფინა ბრძოლის ველი. სხვანი ჩანთქა მტკვრის ზვირთებმა. მხოლოდ ორმოცამდე კაცი გადარჩა. ესენი ადრიანად შეცვივდნენ ბედაური ცხენებით მტკვარში, რის ვაი-ვაგლახით გააღწიეს იქითა ნაპირასა და გაქცევით უშველეს თავსა. სამოცამდე მეომარი ტყვედ ჩაუვარდათ ქართველებს ხელში. ბევრი წარჩინებული მტერი და მრავალი საუკეთესო ვაჟკაცი, ოსმალო თუ ლეკი, გამოესალმა წუთისოფელსა. ოსმალთა მხრივ აქ მოკლულ იქმნა გოლა-ფაშა და სრულიად ამოსწყდა მთელი ბეგობა ახალციხის საფაშოსი. ლეკთაგან, გარდა კოხტა ბელადისა, აქ დაიხოცნენ სამნი წარჩინებულნი ბელადნი, მთელს დაღისტანში ცნობილნი საუკეთესო ვაჟკაცებად, და ათასამდე რჩეულნი ცხენოსანნი. მთელი საომარი იარაღი, ზარბაზნები, ფული, თვალმარგალიტი, ცხენები და სხვა სიმდიდრე მტრისა ქართველებს ჩაუვარდათ ხელში. ქართველებს როგორღა დაუჯდათ ეს სახელოვანი გამარჯვება: ძვირად, თუ იაფად? ძალიან იაფად, ისე იაფად, რომ კაცი ძნელად დაიჯერებს, თუ კარგად არ იცის ამ ომის ამბავი და ერეკლე მეფის უმთავრესი ღირსება. მოიკლა ასპინძის ომში მხოლოდ ოცდაათი ქართველი და ასიოდე დაჭრილი იქმნა. მოკლულებში არც ერთი გამოჩენილი გვამი არ მოიპოვებოდა; მხოლოდ დაჭრილებში ერია ორი სახელოვანი სარდალი: ჯარის ერთი უფროსთაგანი ალექსანდრე ციციშვილი და იასე ერისთავი. მაგრამ განა მარტო ასპინძის გამარჯვება დაისვა ასე იაფად პატარა კახმა? არა, იგი ყოველს მოგებულს ომში ჰკარგავდა მხოლოდ მცირეოდენს ჯარსა, დიდს გამარჯვებას პატარა მსხვერპლით ახერხებდა, მრავალს მტერს მცირეოდენი ძალით ამარცხებდა, პატარა ღონისძიებით ბრწყინვალე წადილს ეწეოდა და სწორედ ამაში მდგომარეობს უზენაესი ღირსება სარდლისა. ეს ღირსება მეტადრე საჭირო იყო იმისთანა პატარა ქვეყნისათვის, როგორიც იყო და არის საქართველო. ოსმალოს ჯარის ამოჟლეტის შემდეგ ერეკლეს გზა სრულიად გახსნილი ჰქონდა ახალციხისკენ და ამ ქალაქის აღება მას სრულიადაც არ გაუჭირდებოდა. მაგრამ ერთმა გარემოებამ ხელი სრულიად მოუცარა. საქმე ის არის, რომ ქართლიდან ამბავი მოუვიდა: ტოტლებენი მოწადინებულია თბილისში ჩავიდეს თავისი ჯარით, გააუქმოს ბაგრატიონთა მეფობა, შეუერთოს საქართველო რუსეთსა, დააფიცოს ქართველობა რუსთა იმპერატორის ერთგულებაზე და თავისი თავი საქართველოს მთავარ მმართველად გამოაცხადოსო. “გამართლდა, სავსებით გამართლდა ჩემი ეჭვი”, — სთქვა ერეკლემა და თავისი ჯარით დაუყონებლივ გამოეშურა თავისი სატახტო ქალაქისაკენ, პირდაპირი გზით ჯავახეთზე...
წყარო: wikisource.org
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი