ტოტლებენის ბოლო. ერეკლესა და სოლომონ მეფეთა ბრწყინვალე ლაშქრობა ოსმალეთში (თავი მეთერთმეტე)
ტოტლებენმა მალე შეიტყო ერეკლეს ბრწყინვალე გამარჯვება და საჩქაროთ დაბრუნება თბილისში, და დიდს საგონებელში ჩავარდა: ვაითუ მეფემ ღალატისათვის სამაგიერო გადამიხადოს, თავისი ჯარით გზა შემიკრას რუსეთისაკენ, დამატყვევოს და სასჯელს მიმცესო, შიშობდა იგი. ეს შიში მასში მით უფრო ძლიერი იყო, რომ არა ერთი და ორი რუსი ოფიცერი ხმამაღლა ჰკიცხავდა თავის უფროსის უღირსს საქციელსა. რათა ხიფათი აეცილებინა თავიდან, ტოტლებენი აიყარა თავისი ჯარით სურამიდან და სწრაფად გასწია დუშეთისაკენ. იარა კავკასიის ქედის ძირამდინ და დაბინავდა ანანურში, სადაც მაშინ მაგარი ციხე იყო. ახლა მას რუსეთისაკენ გზას ვეღარავინ შეუკრავდა და ამიტომ ისევ სიბრიყვეზე შედგა. გარეშე სოფლების მცხოვრებლებს ძალას ატანდა — უარყავით თქვენი მეფე ერეკლე და დაიფიცეთ რუსეთის ხელმწიფის ერთგულებაზეო. ვინც უარს ამბობდა, არბევდა, სცემდა და სტანჯავდა. თანაც ტოტლებენი სწერდა რუსეთის მთავრობას პეტერბურგში, ცოტაოდენი ჯარი კიდევ მომაშველეთ, მეფე ერეკლეს დავატყვევებ, რუსეთში გამოვგზავნი და საქართველოს რუსეთს შემოვუერთებო. მაგრამ უმაღლესი მთავრობისაგან უარი მოუვიდა: საქართველო ძლიერ დაშორებულია რუსეთზე, გზებიც მეტად ძნელი სავალია, საქართველოსა და რუსეთს შუა ბევრი მთიული ხალხია დაუმორჩილებელი და ამიტომ ჯერჯერობით მაგ ქვეყნის შემოერთება უხერხულიაო. ერეკლე მეფემ ეს ამბავი სავსებით არ იცოდა, იმპერატრიცა ეკატერინესიც დიდი ხათრი ჰქონდა და ამიტომ ტოტლებენს აპატია ყველა მისი სიბრიყვე და კარგი გული უჩვენა. რაკი ტოტლებენი დარწმუნდა, რომ ერეკლე მას მტრულად არ მოექცეოდა და არას დაუშავებდა, თავისი ჯარით გასწია იმერეთისაკენ სოლომონ მეფის მისაშველებლად, როგორც ეს ნაბრძანები ჰქონდა ეკატერინესაგან. სოლომონ მეფე ებრძოდა ერთი მხრივ ოსმალებსა, რომელთაც ეჭირათ ყველა სიმაგრე მისს სამფლობელოში, და მეორე მხრივ გურიის და სამეგრელოს მთავრებსა. მაგრამ ტოტლებენის მიშველებას არ მიშველება სჯობდა. თუმცა ციხეებში ოსმალებს ოცი-ორმოცი ჯარისკაცის მეტი არა ჰყავდათ, მაგრამ ტოტლებენი ვერ ახერხებდა მათ აღებას და მთელი თვეობით იდგა მათ გარეშემო ყარყუმივით. როცა ციხე ბოლოს სიმშილის გამო დამორჩილდებოდა ხოლმე, ტოტლებენი უწყალოდ სცარცვამდა თვით ადგილობრივს მცხოვრებლებსაც. ამის გამო ყველამ შეიძულა იგი. გაძარცვის შიშით ციხეები აღარ ემორჩილებოდნენ და იბრძოდნენ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე. ტოტლებენის აღთქმას და ფიცს აღარავინ იჯერებდა. მაშინ მიმართა მან სოლომონ მეფის მეუღლეს, დედოფალს მარიამსა, და სთხოვა თავდებობა ეკისრა. ეს დედოფალი იყო ყოვლად ღირსეული გვირგვინოსანი და მას ყველა იმერი უსაზღვროდ ენდობოდა. ამიტომ საცა კი თავდებობა მან იკისრა, იქ ადვილად დამორჩილდნენ ტოტლებენს მეციხოვნენი. ეს აბეზარი გენერალი სოლომონ მეფესთანაც ვერ მოეწყო, რის გამოც რუსთა ჯარი ცალკე ეომებოდა ოსმალებსა და იმერთა ჯარი კიდევ ცალკე. ერთხელ, როდესაც ფოთის გარშემო იდგა ტოტლებენი თავისი ჯარით, ოსმალთა ჯარი შეუმჩნევლად მიუახლოვდა მას და სრულიად ამოჟლეტავდა რუსებსა, თუ სოლომონ მეფეს არ მიესწრო და უკუ არ ექცია მტერი. თვით საკუთარს ჯარს ძლიერ ცუდად ექცეოდა, მეტისმეტი ანგარების გამო საწყალ სალდათებს ჰხოცდა შიმშილით და უტანისამოსოდ. თითქმის მთელი ჯარი დაავადებული იყო და ჭერეხივით ეყარა. ბევრმა რუსის სალდათმა დალია სული აქ და მიებარა ცივს სამარეს უცხო, შორეულს ქვეყანაში. ბოლოს სიმართლემ მიაღწია პეტერბურგამდინ, და იმპერატრიცა ეკატერინემ გამოსცვალა ტოტლებენი და მის ნაცვლად გამოგზავნა რუსეთიდან გენერალი სუხოტინი. მაგრამ ვერც ეს გამოდგა ღირსეული წინამძღოლი ჯარისა, და მალე იქმნა დაბარებული რუსეთში თავის ჯარითურთ. ეს მოხდა 1772 წელს. დარჩა ამ სახით აღმოსავლეთისა და დასავლეთის საქართველო თავისთა ძალთა ამარა ძლიერის მტრის წინააღმდეგ. ბევრი ჩვენებური ჩავარდა საგონებელსა და შიშში. მაგრამ ეს შიში მალე გაიფანტა მთლად. ქართველმა მეფეებმა — ერეკლემ და სოლომონმა — მოახერხეს შეკავშირება, შეუერთეს იმერთა და ამერთა ჯარები ერთმანეთსა და შეესივნენ ოსმალეთსა ახალციხის მხრივ. ციხეების აღებას თავი დაანებეს, ქვეყნების დაპყრობას შეუდგნენ და ბრწყინვალე გამარჯვებით იარეს თვით აზრუმამდინ. მაგრამ სწორედ ამ დროს ზავი და მშვიდობა ჩამოვარდა რუსეთსა და ოსმალეთს შორის და ქართველი მეფენი იძულებულნი შეიქმნენ შეეიწყვიტათ ლაშქრობა და დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, რაიცა მოხდა 1774 წელს. ერეკლესა და სოლომონს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სამშვიდობო ტრაქტატის შეკვრის დროს რუსეთსა და ოსმალეთს შორის, მათ დაუბრუნდებოდათ ის კუთხეები საქართველოსი, რომელნიც ოსმალეთს ეჭირა. საუბედუროდ, ეს იმედი მათ არ აუცხადდათ, ოსმალეთმა შეირჩინა წინათ დაპყრობილი ქართული ქვეყნები და ქართველ მეფეებს მხოლოდ მცირე რამ დაუთმო. სამაგიეროდ რუსეთმა ბევრი რამ მიიღო ოსმალეთისაგან და თავის საზღვრები გააგანიერა სამხრეთის მხრივ.
წყარო: wikisource.org
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი